„თავისუფლება“ (Freiheit) ასე ჰქვია გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის მემუარებს, რომლებიც წიგნის მაღაზიებში 26 ნოემბერს გამოჩნდება. გაზეთმა Die Zeit-მა გამოაქვეყნა ნაწყვეტები ამ წიგნიდან, რომელიც ეხება რუსეთთან ურთიერთობას, ნატოს და ტრამპს.
წიგნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა გერმანიის მთავრობის პოლიტიკა რუსეთის მიმართ, რომელსაც მერკელი ხელმძღვანელობდა 16 წლის განმავლობაში. დღეს ამ კურსს აკრიტიკებენ ყოფილი კანცლერის პარტიაში, ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირშიც კი. ზოგი მერკელს მოსკოვის დამშვიდების მცდელობაში ადანაშაულებს და ვარაუდობს, რომ 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში თავიდან აცილებული იქნებოდა, თუ უკრაინა და საქართველო 2008 წელს მიიღებდნენ ნატოში კანდიდატის ოფიციალურ სტატუსს.
რატომ იყო მერკელი წინააღმდეგი უკრაინის ნატოს კანდიდატის სტატუსის შესახებ?
2008 წელს გერმანიამ მხარი არ დაუჭირა საქართველოსა და უკრაინის ნატოში კანდიდატის სტატუსის მინიჭების იდეას. ანგელა მერკელი თავის მოგონებებში ღიად საუბრობს თუ რატომ გააკეთა ეს და მიაჩნია, რომ არასწორი გადაწყვეტილება არ მიუღია.
იგი ხაზს უსვამს, რომ მას ესმოდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სურვილი, რაც შეიძლება მალე გაწევრიანებულიყვნენ ნატოში: „ბოლოს და ბოლოს, ცივი ომის დასრულების შემდეგ მათ სურდათ ყოფილიყვნენ დასავლური საზოგადოების ნაწილი. თუმცა, ყოველი ახალი გაფართოებით, ნატო-ს და მის წევრებს სჭირდებოდათ შეეფასებინათ მისი გავლენა ალიანსზე - მისი უსაფრთხოება, სტაბილურობა და მოქმედების უნარი. ახალი წევრის მიღება უფრო მეტ უსაფრთხოებას უნდა ნიშნავდეს არა მხოლოდ მისთვის, არამედ ნატოსთვისაც“, - განმარტავს პოლიტიკოსი.
„უკრაინის შემთხვევაში იყო განსაკუთრებული გარემოება - ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყოფნა. გარდა ამისა, იმ დროს უკრაინის მოსახლეობაში მხოლოდ უმცირესობა იყო ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მომხრე“, - იხსენებს მერკელი. მას „ილუზიად“ მიაჩნსა, რომ ნატოს კანდიდატის სტატუსი დაიცავდა უკრაინასა და საქართველოს პუტინის აგრესიისგან. ამავდროულად, ის ფაქტი, რომ საქართველოსა და უკრაინას დაჰპირდნენ საყოველთაო შეთანხმებას ნატოში გაწევრიანებაზე მომავალში, პუტინმა აღიქვა, როგორც „შეთანხმება ორივე ქვეყნის ნატოში გაწევრიანებაზე“, როგორც ბრძოლის გამოწვევა, წერს მერკელი.
ანგელა მერკელი ვლადიმერ პუტინის შესახებ
ანგელა მერკელი კრიტიკულად საუბრობს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე, რომელსაც რამდენჯერმე შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერობის დროს. მისი თქმით, პუტინი „ყოველთვის ფხიზლად იყო, გამუდმებით ეშინოდა, რომ მას ცუდად მოექცეოდნენ და ყოველთვის მზად იყო დისკომფორტი შეექმნა, მათ შორის ძალის ჩვენებითაც კი“, - წერს ყოფილი კანცლერი.
ანგელა მერკელი დონალდ ტრამპის შესახებ
მერკელი ასევე კრიტიკულად საუბრობს აშშ-ს ყოფილ და აწ ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე, რომელიც ამერიკის სახელმწიფოს მეთაურის მეორე ვადას დაიწყებს 2025 წლის 20 იანვარს. „ჩვენ ვისაუბრეთ ორ განსხვავებულ დონეზე: ტრამპი ემოციურ დონეზე, მე კი ბიზნეს დონეზე“, იხსენებს მერკელი ტრამპთან მის პირველ შეხვედრას, რომელიც შედგა თეთრ სახლში 2017 წელს.
წიგნში ასევე აღწერილია მერკელის პირველი ნაბიჯები პოლიტიკაში. ასევე აღწერილია მისი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო მოღვაწეებთან.