უკრაინული მხარე მკაფიოდ განმარტავს, რომ კიევი არ დათანხმდება მოსკოვთან არანაირ შეთანხმებას ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ ეს ნიშნავს მილიონობით ადამიანის დატოვებას აგრესორის ხელში, რაც გამოიწვევს გენოციდს, წამებასა და ჩაგვრას.
„უკრაინა არ მიიღებს რაიმე წინადადებას, რომელიც მოიცავს კომპრომისს ჩვენს სუვერენიტეტთან ან ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, არ მივიღებთ ჩვენი მონაწილეობის გარეშე შემუშავებულ არანაირ ინიციატივას, არ მივიღებთ შეთანხმებას - მიწა მშვიდობის სანაცვლოდ. ეს არის დაშოშმინება და არ მშვიდობა. დაშოშმინება წარსულში არასდროს მუშაობდა და არც ახლა იმუშავებს“, - განაცხადა მან.
რუსეთის თქმით კი, დასავლური ქვეყნები იწყებენ იმის გაგებას, რომ უკრაინისგან მხოლოდ ნაწილი დარჩება. მისი თქმით, ეს ყველაფერი დასავლეთის მხრიდან „კონფრონტაციული ლოგიკაა“.
„როდესაც ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, მათ დაიწყეს საუბარი: „უკრაინა ნატო-ში უნდა მიგვეღო, მაშინ რუსეთი მას თავს არ დაესხმებოდა“, - ეს იყო მათი გზავნილი. ახლა კი სიტუაციის განვითარების ეს სცენარისტები იწყებენ იმის გაგებას, რომ უკრაინისგან მხოლოდ რაღაც ნაწილი დარჩება და ამბობენ: „მოდით, ახლავე გავჩერდეთ და მივიღოთ ეს ნაწილი ნატო-ში“. სხვები კი ამბობენ: „არ შეიძლება გაჩერება, პუტინი უნდა დავასრულოთ, რადგან თუ ის არ დამთავრდება, ყველას თავს დაესხმება“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია ყურადღებას გაამახვილებს რუსეთ-უკრაინის ომზე და ეს ომი უნდა შეწყდეს. მან მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ომში ადამიანები იღუპებიან, „იქნებიან ისინი ჯარისკაცები, თუ ადამიანები, რომლებიც ქალაქებში იმყოფებიან“.
„ვაპირებთ ძალიან ბევრი ვიმუშაოთ რუსეთსა და უკრაინაზე. ეს უნდა შეწყდეს. რუსეთი და უკრაინა უნდა შეჩერდნენ“, - განაცხადა ტრამპმა ფლორიდაში გამართულ ღონისძიებაზე.
ექსპერტის სამხედრო საკითხებში, ამირან სალუქვაძის თქმით, მიუხედავად ტრამპის დაპირებისა, რომ მისი პრეზიდენტობის პირობებში, უკრაინა-რუსეთის ომს დაასრულებს, რთულია პროგნოზირება ამ პერიოდის განმავლობაში რა მოხდება და რა მდგომარეობა იქნება ორ თვეში:
„ტრამპი არც მალავს და ამბობს, რომ დიდი თანხები იხარჯება და ეს თანხები უნდა მოხმარდეს ამერიკელ ხალხს. არის ამერიკის ინტერესები, რომლებსაც, როგორც წესი, ახალი ადმინისტრაციები ძალიან სერიოზულად ვერ ცვლიან ხოლმე. რაღაც იცვლება თითქოს, მაგრამ ამერიკა მაინც აგრძელებს სვლას ისე, როგორც მიდიოდა. ვფიქრობ, რომ ამერიკა მაინც იქითკენ გააგრძელებს გზას, საითკენაც მიდიოდა, მაგრამ ტრამპი შეეცდება თავის დაპირებები შეასრულოს და პირველ რიგში, მშვიდობა უზრუნველყოს - ფაქტია, რომ ამის გაკეთება მოუწევს. საარჩევნო დაპირებების ასე მოქნევა არ ხდება.
საინტერესოა რა ფონი დახვდება ტრამპს 20 იანვრისთვის - ფონი, რომელიც საარჩევნო პერიოდში იყო, სხვაა, დღეს კიდევ სხვა მდგომარეობაა და ორ თვეში შესაძლოა, მეტად დაძაბული ვითარება ვიხილოთ. შეიძლება სწორედ ამ დაძაბული ფონის განმუხტვა მოუწიოს მას, რასაც ან მოახერხებს ან ვერა. უკრაინის მაქსიმალური ინტერესია, რომ დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები მთლიანად, რუსეთის მინიმუმი ინტერესია, რომ არაფერი დათმოს. ბევრი საკითხი იქნება მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს არ იქნება მარტივი მოსალაპარაკებელი, მით უმეტეს, ტრამპის ხასიათიდან გამომდინარე და იმ მიდგომიდან გამომდინარე, რასაც ის ახმოვანებს.
როგორც ვხედავთ, რუსეთს აქვს კიდევ იმის რესურსი, რომ 1-2 წელი კიდევ იომოს, შეიძლება მეტიც, მაგრამ უკრაინას მეტად არ დაეხმარებიან, ვხედავთ, რომ რუსეთი ნელ-ნელა მიიწევს წინ. რაღაც სერიოზული გარღვევების მოლოდინი დიდად არ მაქვს, მაგრამ მცდელობა იქნება ძალიან სერიოზული, რომ მშვიდობა დაამყაროს ტრამპმა, უბრალოდ ვერ ვხდვები 24 საათში ეს როგორ უნდა მოხდეს.
მაინც მაქვს იმის იმედი, რომ რუსეთს რაღაც დათმობებზე დაიყოლიებენ და რაღაცაზე შეთანხმდებიან - მშვიდობა დამყარდება. არათანაბარ პირობებშია ომი და ხალხი იღუპება - უკრაინას ვგულისხმობ, ნაკლები ტექნიკით, ნაკლები ავიაციით, ნაკლები ადამიანური რესურსებით და ნაკლები ჭურვებით“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.