"ვინც აჭმევს, რაღაცას გადაუგდებს, იქეთ გარბიან.."
"ხალხი რომ ვარგოდეს, უფრო წესიერ მთავრობას მოიყვანდა."
"საზოგადოებას პერიოდულად ბრბოს ფსიქოლოგია სძლევს, მათ მაცხოვარი გააკრეს ჯვარზე და ბარაბა გაათავისუფლეს!.. (ჯერ რომ ზარ-ზეიმით მიიღეს და მერე, ძალიან მალე, ჯვარზე გააკრეს) ესეთია ქართველი საზოგადოების თვისებაც. თუმცა ეს ყველაფერი დაკავშირებულია მაინც მმართველთან და მის ზნეობასთან!.." - ამბობს ცნობილი მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი, რომელსაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ვთხოვეთ ინტერვიუ...
- რომელ ხალხზე მეკითხებით აზრს, ხან ერთ მხარეს რომ არის, ხან - მეორეს... და ვერ გაუგიათ - ვინ ვინ არის!? თავის აზრი არა აქვთ ხალხს და რაზე უნდა ვილაპარაკო?! ვინც აჭმევს, რაღაცას გადაუგდებს, იქეთ გარბიან.. არც ახალი მთავრობა ვარგა და არც ძველი ვარგოდა, ეს ხომ ისედაც ცხადია. რატომ? იმიტომ რომ ხალხი არ ვარგა!.. ხალხი რომ ვარგოდეს, უფრო წესიერ მთავრობას მოიყვანდა. ყველას სურს სხვისი ხელით ნარის გლეჯა, ეს არის მთავარი უბედურება. სხვამ უნდა მისცეს სამსახური, დააპუროს, დააწყნაროს... სხვამ უნდა იზრუნოს მასზე. თვითონ არაფრის გამკეთებლები არ არიან. დღეს ის საქართველო აღარ არის, რაც იყო ერთ დროს.. გაივსო ტელევზიები თურქული სერიალებით და ლაზღანდარობით. მთელი დღე სხვადასხვა არხზე საჭმელს აკეთებენ, იქვე ჭამენ, იცინიან და ეს არის ჩვენი ცხოვრება?!... დღეს აღარაფერი მიკვირს... საზოგადოებას პერიოდულად ბრბოს ფსიქოლოგია სძლევს, მათ მაცხოვარი გააკრეს ჯვარზე და ბარაბა გაათავისუფლეს!.. (ჯერ რომ ზარ-ზეიმით მიიღეს და მერე, ძალიან მალე, ჯვარზე გააკრეს) ესეთია საზოგადოების თვისება. თუმცა ეს ყველაფერი დაკავშირებულია მაინც მმართველთან და მის ზნეობასთან!..
რა, ქართველმა, საქართველომ არ მოკლა ილია?! მერე გამოვა ვიღაც და უტიფრად გეტყვის, მე მართალი ვარო... არადა, იცის, რომ კაცის მკვლელია.
- რამ გადააგვარა ხალხი?
- ხალხი ურწმუნოებამ გადააგვარა! ვიცი, ძალიან დიდი მონდომებით ელიან მორიგ 17 მაისის აქციას, რაც ჩვენი ერისთვის შეიძლება დაღუპვის ტოლფასად იქცეს: ამორალურობისა და უზნეობის ქადაგება არ შეიძლება.ამაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უნდა იყოს და არ უნდა დაუპირისპირო ერთმანეთს ეს ხალხი... არავინ ერჩის იმ ადამიანებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი ცხოვრების წესი მისაბაძი გახდეს ჩვენი მომავალი თაობებისთვის. არ სჭირდება მათი ცხოვრების წესს დემონსტრირება! და თუ ევროკავშირი, დასავლეთი მოგვიწოდებს, რომ ერთსქესიანთა ცხოვრება ჩვენი ცხოვრების წესად იქცეს, მაშინ გვინდა კი ასეთი ევროკავშირი?!... თუმცა, რატომღაც მეეჭვება, ეს იყოს ევროკავშირში მიღების ერთი-ერთი ძირითადი პირობა, რომ ჩვენში მამაკაცებმა აუცილებლად უნდა იქორწინონ, თორემ ისე ჩვენ ევროპელები ვერ გავხდებით?! იქნებ, ეს ყველაფერი "ნაციონალების" დაგებული ხაფანგია და ნუ გავებმებით ამ ხაფანგში, დაფიქრება გვმართებს! სიბრძნე და დაფიქრება!