„ღარიბაშვილის კამათს ბორელთან სახელმძღვანელოებშიც შევიტანდი, ეს იყო მასტერკლასი, როცა მოსულ გადამთიელს დაუმტკიცა, რომ არამკითხე მოამბეებს აქ არაფერი ესაქმებათ“

„ღარიბაშვილის კამათს ბორელთან სახელმძღვანელოებშიც შევიტანდი, ეს იყო მასტერკლასი, როცა მოსულ გადამთიელს დაუმტკიცა, რომ არამკითხე მოამბეებს აქ არაფერი ესაქმებათ“

ვინ იქნება ის ქართველი პატრიოტი, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებასაც ქართული ოცნების გუნდი უახლოეს პერიოდში აპირებს?!

ამ ეტაპზე რჩეული ქართველის ვინაობა უცნობია, ვიცით მხოლოდ მისი ერთი დამახასიათებელი შტრიხი, რომ ის იქნება ქართველი პატრიოტი. ყოველ შემთხვევაში, ასეთნაირად გვაცნობს მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

ცნობილია ისიც, რომ პრეზიდენტის არჩევნები პარლამენტის სხდომათა დაბაში ჩატარდება და მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციაც საკანონმდებლო ორგანოში გაიმართება.

ეს იქნება ქართველი პატრიოტი. ეს არის, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მთავარი კრიტერიუმი. პატრიოტიზმი ეს არ არის მხოლოდ გულში მჯიღის ცემა. ეს არის საკუთარი სამშობლოს და სახლის წინაშე პასუხისმგებლობის გააზრება, რომელიც აღმოვაჩინეთ, რომ წინა პრეზიდენტებს არ ჰქონდათ, განსაკუთრებით, მოქმედს, რომელიც ვერ შედგა ქართველად, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა და დააანონსა, რომ, პირველ რიგში, დასახელდება არჩევნების თარიღი და შემდეგ უკვე ქართველ ხალხს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარეეც ადასტურებს, რომ გუნდის შიგნით ბევრი კანდიდატურის შესახებ უმსჯელიათ, მაგრამ რჩეულის ვინაობა მალე გახდება ცნობილი. მისი თქმით, შევეცდებით, სერიოზული ხარვეზი აღმოვფხვრათ და პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, მანაც არ გაამართლოს.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან საუბრისას პრეზიდენტობის სასურველ კანდიდატურას ასახელებს და ამბობს, რომ იმ სპექტრიდან, ვინც დღეს არის, სასურველია, პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს ირაკლი ღარიბაშვილი, ვინაიდან მან თავისი მოღვაწეობით დაამტკიცა, რომ საქართველოს მომავლისათვის უკომპრომისო მებრძოლია.

უპირველეს ყოვლისა, მე, როგორც ისტორიკოსი, გავიხსენებ ირაკლი ღარიბაშვილის ჯანსაღ კამათს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის თავმჯდომარესთან - ბორელთან, რომელიც თბილისში იყო ჩამოსული. მეტიც, სახელმძღვანელოებშიც შევიტანდი მის საუბარს ბორელთან. ეს იყო მასტერკლასი, მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, თუ როგორ იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ირაკლი ღარიბაშვილის კამათი ბორელთან მინდა შევადარო მეექვსე საუკუნეში ორ ქართველ კოლხ დიდებულ - აიეტსა და ფარტაძის შორის გამართულ კამათს გუბაზ მეფის მკვლელობის დროს. ირაკლი ღარიბაშვილმაც მოსულ გადამთიელს დაუმტკიცა, რომ საქართველო არის სახელმწიფო ოდითგანვე და დარჩება სახელმწიფოდ, არამკითხე მოამბეებს კი ამ ქვეყანაში არაფერი ესაქმებათ. ფაქტობრივად, ღარიბაშვილმა ეს უთხრა ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის წარმომადგენელს და ამით გააკეთა განაცხადი, რომ საქართველო არის თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.

მისივე განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილი იქნება პრეზიდენტი, თუ ნებისმიერი სხვა, ქართული ოცნების პირობებში, ის ხალხისგან დაშორებული ვერ იქნება, ვინაიდან ის ხმოსნები, ვინც პრეზიდენტი უნდა აირჩიოს, ხალხის მხრიდან არჩეული ხმოსნებია. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე გამოცდილება პრეზიდენტებთან მიმართებით, განსაკუთრებით, ბოლო სამ პრეზიდენტთან მიმართებით - სააკაშვილი, მარგველაშვილი, ზურაბიშვილი, რომლებიც იყვნენ არა პრეზიდენტები, არამედ რეზიდენტები. ბოლოს და ბოლოს, საქართველოს, ამ ძალიან დიდი კულტურისა და ტრადიციების მქონე ქვეყანას, უნდა ეღირსოს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც მოემსახურება საკუთარი ქვეყნის ინტერესებს და არა ფონ ლაიენების, კუბილიუსების, ფოტიგების და ასეთი ათასგვარი გზასაცდენილი ხალხის ინტერესებს... ვისაც ფეხი აუცდებოდა, ყველა მათგანი ბრახვანს საქართველოში მოადენდა.

ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში პრეზიდენტობის ინსტიტუტი ჩვენში გადაიქცა დამნაშავეების დედა ტერეზებად. რაც საქართველოში სისხლის სამართლის დამნაშავეები და ნარკომანები გვყავდა, მარგველაშვილმა გამოუშვა. დაიჭერდა ჩვენი პოლიცია, მარგველაშვილი ათავისუფლებდა, მეტი საქმე არაფერი ჰქონდა. ანალოგიურ სიტუაციაში იყო ზურაბიშვილი, მაგრამ ამასაც ვაპატიებდით, რომ მას აშკარად ქვეყნის ინტერესების გაყიდვა არ დაეწყო უცხოელებთან.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას, ედიშერ გვენეტაძის აზრით, ბიძინა ივანიშვილს ის როლი აქვს საქართველოს ისტორიაში, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობასთან შედარებით ბევრად მაღალია პოლიტიკური, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

ბიძინა ივანიშვილი არის კაცი, რომელიც ქვეყანას უფალმა მოუვლინა. ამის დამადასტურებელია მშვიდობიანი საქართველო. ის, რაც ხდება უკრაინაში, ჩაიხედოს მავანმა საკუთარ გულში და მიხვდეს, რას გადაგვარჩინა ბიძინა ივანიშვილმა და მის მიერ შექმნილმა ქართულმა ოცნებამ, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე და, შეკითხვის საპასუხოდ, ირაკლი ღარიბაშვილის გარდა, ვის ხედავს ქართველ პატრიოტად, ამბობს, რომ ასეთები ძალიან ბევრნი არიან საქართველოში, თუმცა დღევანდელ ფონზე, საერთაშორისო ურთიერთობებიდან გამომდინარე, საერთაშორისო არენაზე ცნობადობიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად ჩანს ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც ღირსეული კაცი. სახარებაში ნათქვამია, მრავალი არიან წვეულნი და მცირედნი რჩეულნი.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი არ იქნება, დანარჩენი კი, ვისაც მოისურვებს ბიძინა ივანიშვილი, საპრეზიდენტო კანდიდატიც ის გახდება.

არ დამითვლია, 300 ხმოსნიდან რამდენი ხმა აქვს ქართულ ოცნებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობა ქართული ოცნების ხმები იქნება. ამიტომ არ გაუჭირდებათ ქართული ოცნების კანდიდატის გაყვანა, ვინც არ უნდა იყოს იგი. ისე, კაცმა რომ თქვას, პატრიოტიზმთან დაკავშირებით პირადად მე და ქართული ოცნების ლიდერებს სხვადასხვა წარმოდგენა გვაქვს. მით უმეტეს, როდესაც პატრიოტ ქართველებზეა ლაპარაკი, უკვე არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს ასეთი, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, ზოგადად, საპარლამენტო მმართველობაში უმჯობესია პრეზიდენტი არჩეული იყოს კოლეგიის მიერ და არა პირდაპირი არჩევნებით. მეორე მხრივ, პრეზიდენტს არ აქვს ის უფლებამოსილებები, რაიმე გავლენა მოახდინოს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, მას ბერკეტები არ აქვს, სახელმწიფოს მმართველობას ხელი შეუშალოს.

რომელი კანდიდატების შესახებაც მოვისმინე, შემიძლია ვთქვა, რომ, მე მგონი, ქართული ოცნების გუნდი იმდენად ჩამოყალიბებულია, რომ საფრთხე, რაც წინა ორი პრეზიდენტის შემთხვევაში დაემართა ქართულ ოცნებას, ამჯერად აღარ დაემართება, ანუ პრეზიდენტი იქნება მორჩილი და რბილი, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.