სიტყვის ძალა და ძალის სისუსტე

სიტყვის ძალა და ძალის სისუსტე

შიდა კრიზისების გადაჭრის დროს დემოკრატიული სახელმწიფოს მოქმედებას აპრობირებული, კონვენციური ინსტრუმენტების გამოყენება განსაზღვრავს: ვითარების განსამუხტავად თავდაპირველად გამოიყენება მოლაპარაკება, შემდეგ ძალით დამუქრება და ბოლოს, უკიდურეს შემთხვევაში, გამოიყენება ლეგიტიმური გამანადგურებელი ძალაც. მაგრამ ცხოვრება გაცილებით რთულია, ვიდრე ქაღალდზე დაწერილი კრიზისული მენეჯმენტის წესები. ისეთ არასტაბილურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, კრიტიკულ ვითარებაში შეიძლება კონვენციური სქემა დაირღვეს და, მოლაპარაკების პარალელურად, საქმეში ძალაც ჩაერთოს.


შევარდნაძის კონვენციური „კრიზისული მენეჯმენტი“

თუმცა, თუ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს მომხდარ რამდენიმე რეზონანსულ სამხედრო ამბოხს გავიხსენებთ, ფაქტია, რომ მაშინდელი ხელისუფლება უფრო სიტყვის ძალას ეყრდნობოდა კრიზისული ვითარების განსამუხტავად.

ასე მოხდა, მაგალითად, 1998 წლის შემოდგომაზე, როდესაც ამბოხებულმა პოლკოვნიკმა აკაკი ელიავამ და მისმა თანამებრძოლებმა შეძლეს დაეკავებინათ თავდაცვის სამინისტროს სენაკის მეორე ბრიგადა, მიემხროთ ოფიცრებისა და პირადი შემადგენლობის ნაწილი და მარშით წამოსულიყვნენ ქუთაისზე.

გზად ამბოხებულებმა მძევლად აიყვანეს მოლაპარაკებაზე მისული იმერეთის გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი და სამხედრო ძალების წარმომადგენელი დასავლეთ საქართველოში გენერალი ზაურ უჩაძე. მაგრამ ეს ოპერატიული პაუზა საკმარისი აღმოჩნდა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის, რათა ქუთაისში სასწრაფოდ გადაესროლა კოჯრის სწრაფი რეაგირების ძალები, მაიორ ჯანჯღავას მეთაურობით. მეტიც, თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ, რომელიც ამ პოსტზე ახლად დანიშნული იყო, ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით არტილერისტებს ცეცხლის გახსნა უბრძანა.

სროლის ხმაზე პოლკოვნიკმა აკაკი ელიავამ ქუთაისზე გალაშქრება გადაიფიქრა, მიატოვა ტექნიკა და პირადი შემადგენლობა და ტყეს შეაფარა თავი. აკაკი ელიავა ამ ამბოხის შემდეგ სამეგრელოს ტყეებში იმალებოდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლება მშვიდად ადევნებდა თვალს, თუ როგორ ხვდებოდნენ შეიარაღებული ამბოხებულები მედიას, იძლეოდნენ ინტერვიუებს და ორი წლის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. თუმცა აკაკი ელიავას ისტორია 2000 წლის 10 აგვისტოს ზესტაფონის პოლიციის განყოფილებასთან დასრულდა.

მაშინდელი უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული სპეცდანიშნულების ჯგუფმა სროლით მოკლა პოლკოვნიკი აკაკი ელიავა და მისი თანმხლები პირი, გოჩა ლაგვილავა. სპეცსამსახურის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ეს რადიკალური ზომა მიღებული იქნა ”სიტუაციის შეფასების” შემდეგ.


მშიერი ამბოხიდან - დახვეწილ პროტესტამდე

შემდეგი ამბოხი თუ დაუმორჩილებლობა, ოღონდ სამხედრო ნაწილიდან გაუსვლელად, საქართველოში ზუსტად ერთი წლის თავზე - 2001 წლის 25 მაისს - მოხდა. ეროვნული გვარდიის ოპერატიულმა პოლკმა, რომელსაც მაშინ პოლკოვნიკი გია კრიალაშვილი და კობა ოთანაძე ხელმძღვანელობდნენ, თავდაცვის მინისტრს აცნობეს, რომ იხსნებიან სწავლებიდან საყოფაცხოვრებო პრობლემების მოუგვარებლობის გამო და სამხედრო ნაწილში ხელისუფლების წარმომადგენელთა მისვლას მოითხოვენ.

როგორც მაშინ უწოდებდნენ, „მშიერი ჯარის“ ამბოხის შედეგად წარმოქმნილი კრიზისის განმუხტვა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ კვლავ კონვენციური სქემით გადაწყვიტა: მუხროვანში დაბანაკებული გვარდიული ნაწილის უკმაყოფილო ხელმძვანელობასთან მოსალაპარაკებლად მივიდნენ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელები ირაკლი ბათიაშვილი და გია ყარყარაშვილი, სამხედრო ნაწილს კი ალყა შემოარტყა კვლავ ელიტურმა კოჯრის სპეცდანიშნულების ნაწილმა, ვიცე-პოლკოვნიკ ნიკა ჯანჯღავას მეთაურობით. მოლაპარაკების შედეგად, კრიალაშვილმა და ოთანაძემ დაუმორჩილებლობა შეწყვიტეს. მოგვიანებით მეამბოხეებს სამხედრო ნაწილში უშუალოდ პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე შეხვდა, დაჰპირდა პრობლემების მოგვარებას და ამით სიტუაციაც განიმუხტა.

თუმცა - მხოლოდ ცოტა ხნით. 2002 წლის მარტში თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე კადრირებული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ყოფილი თავდაცვის მინისტრის თენგიზ კიტოვანის მომხრეები მარტიაშვილი და გალდავა შეიჭრნენ. ამ ადამიანებს მანამდე თითქმის არავინ იცნობდა, მაგრამ ცნობილი იყო პრობლემა, - ვეტერანებისადმი უყურადღებობა, - რომლის გადაჭრის მოთხოვნითაც, ისინი ფაქტობრივად დაშლილ სამხედრო ნაწილში შევიდნენ, სადაც, ძველი ტანკის ფიტულის გარდა, არანაირი სხვა შეიარაღება არ იყო. სამხედრო ხელმძღვანელობამ, ყოველი შემთხვევისთვის, სპეცდანიშნულების ძალები მაინც გამოიძახა, თუმცა ხელისუფლებას არც მაშინ გამოუყენებია არანაირი ძალა. ექვსსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ უიარაღო მეამბოხეები სამართალდამცველებს ჩაბარდნენ და ამით პრობლემა მოგვარდა.

მაგრამ, როგორც გაირკვა, ასე მხოლოდ ხელისუფლება ფიქრობდა. 2002 წლის 25 მაისს საქართველოს იმდროინდელ ხელისუფლებას ნამდვილი სიურპრიზი მოუწყო ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ, მეთაურმა იმ ელიტური ნაწილისა, რომელსაც სამხედრო ხელმძღვანელობა ყველაზე ხშირად იყენებდა სამხედრო ამბოხის შესაძლო შედეგების აღსაკვეთად. ოღონდ, წინამორბედებისგან განსხვავებით, ჯანჯღავა ყველაზე გონივრულად მოიქცა: ჟურნალისტებთან და ტელეკამერებთან ერთად მივიდა მისდამი დაქვემდებარებული სამხედრო ნაწილის შტაბში, საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება არმიის დაუფინანსებლობისა და სამხედრო უწყებაში გამეფებული კორუფციის გამო და დემონსტრაციულად დატოვა სამხედრო უწყება.

განადგურება, როგორც ეპიგრაფი

აქ შეიძლება გვერდი ავუაროთ რამდენიმე წვრილმან სამხედრო ამბოხებას თუ პროტესტს, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლით და საგანგებოდ უნდა შევჩერდეთ საქართველოში სამხედროთა დაუმორჩილებლობისა და ამბოხის ყველაზე ბოლო და გახმაურებულ საქმეზე - 2009 წლის 5 მაისის მუხროვანის ამბოხზე.

ნიშანდობლივია, რომ, შევარდნაძის ხელისუფლებისგან განსხვავებით, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მინისტრებმა პირველსავე წუთებში მისცეს მოვლენას როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი შეფასება და საშიშ დამნაშავეებად გამოაცხადეს ამბოხების ორგანიზატორები, რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე ოფიცრები - მაიორი ლევან ამირიძე და პოლკოვნიკი მამუკა გორგიაშვილი, ასევე ერთხელ უკვე ამბოხებაში შემჩნეული გია კრიალაშვილი და კობა ოთანაძე.

“ამ ამბოხის ორგანიზატორებად, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გვევლინებოდნენ ყოფილი მაღალი სამხედრო ჩინოსნები. როგორც ჩანს, ეს გეგმა კოორდინირებული იყო რუსეთთან და მიზნად ისახავდა, როგორც მინიმუმ, ნატოს სამხედრო წვრთნების ჩაშლას და, როგორც მაქსიმუმ, ქვეყანაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ამბოხის მოწყობას. ამბოხებულების ერთ ნაწილს ჰქონდა პირდაპირი კავშირი რუსებთან, იღებდა მათგან დავალებებს, იღებდა მათგან ფულს. და, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი მოყვანილია, ასე ვთქვათ, საბრძოლო მდგომარეობაში,”- განაცხადა მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა

მაგრამ რას ითხოვდნენ ამბოხებულები, უცნობია, რადგან ხელისუფლების სწრაფმა მოქმედებამ მათ მედიასთან შეხვედრის საშუალება მოუსპო. არმიისა და პოლიციის ნაწილებმა სამმაგ ალყაში მოაქციეს ჯავშანსატანკო ნაწილის დისლოკაციის ადგილი, ხელისუფლებამ ამბოხებულებს ულტიმატუმი წაუყენა და განადგურებით დაემუქრა.

„ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება. მომიტანეთ ეს ორი გვამი! პრემია დიდი!“ - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის მიერ თავის დროზე გაცემული ეს სასტიკი შინაარსის ბრძანება მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ, გასულ კვირაში, გახდა ცნობილი.

ხუთი წლის წინანდელი ამბოხების თავკაცთაგან ერთი - გია კრიალაშვილი - ამბოხიდან ორი კვირის თავზე, გლდანის გზაზე მოწყობილი საიდუმლო სპეცოპერაციის დროს, ადგილზე დაიღუპა, ხოლო მძიმედ დაჭრილი კობა ოთანაძე და შალვა ამირიძე სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს.

თუ ვის გულისხმობდა განსასჯელი ვანო მერაბიშვილი „ორ გვამში“, ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ციხიდან განმარტა, თუმცა არცთუ მთლად დამაჯერებლად. საზოგადოება მოითხოვს გამოიძიონ, თუმცა განსაკუთრებული კვლევა-ძიება არ სჭირდება იმას, თუ რატომ გამოირიცხა ამბოხებულებთან მოლაპარაკება აპრობირებული კონვენციური სქემით, რადგან პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის განადგურება იმ პოლიტიკური ძალის ხელწერაა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან აქცენტს უხეშ ძალასა და ნულოვან ტოლერანტობაზე აკეთებდა.

„ნულოვანი ტოლერანტულობა წვრილმანი დანაშაულის მიმართ! მე შემომაქვს ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში! არავითარი პირობითი სასჯელი - ყველანი ციხეში!!“ - ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ თავის დროზე პარლამენტის ტრიბუნიდან ნათქვამი ეს სიტყვები „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის ეპიგრაფს წარმოადგენს.