თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების შტაბის დაზვერვის სამმართველოს დაგეგმარების განყოფილების ყოფილმა თანამშრომელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ლონდარიძემ გლდანის მე-8 საპყრობილე პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა და დღემდე რეაბილიტაციის კურსს გადის - სასტიკი წამების გამო, ყავარჯნების გარეშე გადაადგილებას ვერ ახერხებს. ლონდარიძე ცემა-წამებაში, დათა და ბაჩო ახალაიებთან ერთად, სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს, ახალაიების მარჯვენა ხელს, მეგის ქარდავასაც ადანაშაულებს. ამასთან, ნაწამები სამხედრო ამბობს, რომ სერგო თეთრაძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა აიძულეს. საგულისხმოა, რომ მეგის ქარდავა, რომელიც ამჟამად ძებნაშია, საქალაქო სასამართლომ სერგო თეთრაძის წამების ეპიზოდში გაამართლა, საქმის კიდევ ერთ, ანუ ჩიკვატიასა და ლონდარიძის ეპიზოდზე, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. “ქართული სიტყვა” დავით ლონდარიძეს ესაუბრა.
- ბატონო დავით, მოდით, თავიდან დავიწყოთ: “ნაციონალებმა” თვალში რატომ ამოგიღეს?
- ჩემით მას მერე დაინტერესდნენ, როცა გაიგეს, რომ რუსთავში, ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწის ნაკვეთი მქონდა, რომელიც 50 ათასი დოლარი ღირდა და რომელიც მეგის ქარდავას არ დავუთმე.
- ეს ნაკვეთი პირადად მეგის ქარდავას უნდოდა?
- დიახ... მას ზურგს „ნაცმოძრაობის“ ლიდერი, ქვემო ქართლის მაშინდელი გუბერნატორი დავით კირკიტაძე და გია უდესიანი უმაგრებდნენ. ჩემი უარით, როგორც ჩანს, გაღიზიანდნენ და საბაბის მოძებნა დაიწყეს, რომ გავემწარებინე. პირველად, 2011 წლის 16 სექტემბერს, თავდაცვის სამინისტროდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, სასწრაფოდ სამსახურში გამოცხადდიო. დავინტერესდი, რა ხდება-მეთქი, მაგრამ პასუხი არ გამცეს, მოდი და აქ გაიგებო. ნახევარი საათიც არ იყო გასული, სამსახურში რომ მივედი. მითხრეს, პოლიციელი სამხედრო პოლიციამდე მიგაცილებსო... შემიყვანეს სამხედრო პოლიციის უფროსის, მეგის ქარდავას ოთახში.
- მეგის ქარდავას მანამდეც იცნობდით?
- მასთან მისაუბრია, მაგრამ არ დავინტერესებულვარ, ვინ იყო. ქარდავას პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა, მე - ვიცე-პოლკოვნიკის... როცა ჩავაბარე პატაკი, გაქვავებულივით იდგა და ბოროტი გამომეტყველებით მიყურებდა. რამდენიმე წუთი რომ გავიდა, უცებ მკითხა, არ გრცხვენია, ამხელა კაცი ნარკოტიკს რომ ინახავ ოთახშიო? სახტად დავრჩი, რადგან ნარკოტიკს კი არა, სიგარეტსაც არ ვეწეოდი და ბრალს რომ გიყენებენ, სიმართლესთან ახლოს ცოტა მაინც უნდა იყოს?! მერე, ქარდავამ დაამატა, კარგი ხელფასი გაქვს, მაგრამ ალბათ, არ გყოფნის და ნარკოტიკებით ვაჭრობა ამიტომ შეითავსეო. ძალიან გავბრაზდი და მივახალე, ამ აბსურდს ვერ დამიმიტკიცებ და არც ვინმე დაიჯერებს-მეთქი.
- მაინცდამაინც ნარკოტიკის შენახვა რატომ დაგაბრალათ, თქვენს ოთახში “წამალი” მართლა ხომ არ იპოვეს?
- არა, რას ამბობთ?! ქარდავამ უჯრიდან ნარკოტიკის შეკვრა ამოიღო და მკითხა, ვისიაო... ამის მერე ბრალი სამშობლოს ღალატში დამდო. სამხედრო პირს რომ ასეთ ბრალს წაგიყენებენ, ამაზე მეტი შეურაცხყოფა რაღა გინდა?! მივხვდი, რომ ეს კაცი ჩემს წინააღმდეგ ბინძურ პროვოკაციას ხლართავდა და შევეკითხე, რა ხდება „ენვერი 2“ ხომ არ იგეგმება-მეთქი.
- ჯაშუშობაშიც ბრალი, როგორც იტყვიან, ჰაერზე დაგდოთ თუ უმნიშვნელო სამხილი მაინც ჰქონდა?
- ჩემს დაპატიმრებამდე, რამდენიმე დღით ადრე, ბელორუსიდან საქართველოში, მეუღლესთან ერთად, ჩემი ჯარის მეგობარი ტომაშუკი ჩამოვიდა - თავის დროზე მე, ტომაშუკი, გორელიშვილი და ჩაპლიგინი სსრკ-ს სამხედრო სავალდებულო ჯარში ვმსახურობდით. ტომაშუკმა დამირეკა და მითხრა, თბილისის დათვალიერება გვინდა და გიდობას ხომ არ გაგვიწევო, რაზეც უარი ვუთხარი.
- ჯარის მეგობარს უარი რატომ უთხარით?
- სხვათა შორის, უარი რომ ვუთხარი, მასაც გაუკვირდა, მაგრამ განვუმარტე, რომ სამხედროები შეზღუდულები ვიყავით - სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან ურთიერთობის უფლება არ გვქონდა, თუ ამის შესახებ საქმის კურსში ხელმძღვანელობას არ ჩავაყენებდით. ავუხსენი, საქართველოში ჯერ კიდევ 1937 წელია და არაფერი გაგიკვირდეს-მეთქი. მაშინ ყველას საუბარი ისმინებოდა და არც გამკვირვებია, რომ სწორედ ამ საუბრის მერე დამაკავეს...
ქარდავას ოთახში ძირს დამაგდეს და ცემა დამიწყეს, მაიძულებდნენ, მეღიარებინა, რომ ტომაშუკი და მისი ცოლი რუსეთის ჯაშუშები იყვნენ. მეუბნებოდნენ, ტომაშუკის დაჭერაში დაგვეხმარეო... ამ არაადამიანებმა იმ ზომამდე მიმიყვანეს, რომ საპირფარეშოში გავედი და თავის ჩამოხრჩობა ვცადე - ტანჯვის ატანას სიკვდილი ვამჯობინე. ჩემი წამება 16 სექტემბერს დაიწყეს და 17 სექტემბრის საღამომდე არ გაჩერებულან. განსაკუთრებით მეგის ქარდავა აქტიურობდა.
- მეგის ქარდავას გარდა, კიდევ ვინ გაწამებდათ?
- თავიდან მხოლოდ ქარდავა იყო, მერე ბაჩო და დათა ახალაიებიც მოვიდნენ. ბაჩომ ქარდავას ჰკითხა, რას შვრება, აღიარაო? არა, ამის დედაცო, - უპასუხა მეგისმა. ამის შემდეგ ბაჩომ გინება დაიწყო, ხელში იარაღი ეჭირა, რომელიც ჯერ თავში ჩამარტყა, მერე, ლულა პირში ჩამიდო, მაგინებდა და გააფთრებული მიყვიროდა, ჩქარა აღიარეო. ამდენი ცემის მიუხედავად, მაინც არ ვაღიარებდი. მერე, ოთახში დათა ახალაია შემოვიდა, ჩემკენ დაიხარა და წამჩურჩულა, ხომ იცი, როგორი გიჟი ძმა მყავს, თუ არ აღიარებ, არ დაგინდობს და მალე სულს გაგაფრთხობინებსო.
- ჯაშუშობა არც ამ გაფრთხილების შემდეგ აღიარეთ?
- დასისხლიანებული ვიყავი და სიკვდილს ვნატრობდი. უკვირდათ, რომ მათ სისასტიკეს ვუძლებდი და აღიარებას არ ვაპირებდი. თუ ასეა, ახლა გიჩვენებთ სეირსო, იყვირა ქარდავამ და ორი კაცის შემოყვანა ბრძანა, ისინი მომვარდნენ, შარვალი ჩამხადეს და მაგიდაზე გადამაწვინეს. ეს უკვე ბოლო წერტილი იყო - მივხვდი, ყველაფერზე წავიდოდნენ და ვუთხარი, ოღონდ არაფერი დამიშავოთ და რაზეც გინდათ, ხელს მოვაწერ-მეთქი. ასე დამითანხმეს აღიარებაზე.
- მაინც, რა აღიარეთ?
- უნდა დამეწერა, რომ ჯერ კიდევ სსრკ-ს დროს, რუსეთის სპეცსამსახურებმა “დამავერბოვკეს”. ვითომ რუსეთის ჯაშუში ვიყავი, დავწერე, რომ ვინმე ჟუკოვთან ვთანამშრომლობდი. არადა, სინამდვილეში, ეს ჟუკოვი მეორე მსოფლიო ომის გმირი იყო, რომელიც კარგა ხნის წინ გარდაიცვალა, მაგრამ სამხედრო მაღალჩინოსნებმა არ იცოდნენ... ისიც მითხრეს, აღიარე, გენერალი ნაირაშვილიც რუსეთის აგენტი რომ არისო. მასთან არ მიმსახურია და ამაზე არ დავთანხმდი, რადგან ვერ დავამტკიცებდი, მერე სერგო თეთრაძე ახსენეს.
- რატომ?
- როცა გამჩხრიკეს, ტელეფონში მისი ნომერი მიპოვეს, იცოდნენ, რომ ვიცნობდი და, ნაირაშვილის მაგივრად, თეთრაძის გვარი ჩამაწერინეს. ბატონი სერგო უკვე პენსიაზე იყო, მაგრამ როგორც ძველ თანამშრომელს, ვურეკავდი და ვკითხულობდი ხოლმე, ერთად 7 წელი ვმუშაობდით.
- ბატონო დავით, ამის შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდა?
- მე და სერგოს წინასწარი პატიმრობა მოგვისაჯეს, სასამართლო დარბაზში რომ შევხედე, ისიც ჩემსავით მაგრად იყო ნაცემი, თუმცა კვალი რომ დაეფარათ, სერგოსთვის “ტონალური კრემი” წაესვათ, მაგრამ სილურჯეები მაინც ემჩნეოდა. მას მერე სერგოსთვის თვალი არ მომიკრავს. მერე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს გულის შეტევით გარდაიცვალა, მაგრამ ეს მტკნარი სიცრუეა, რადგან ყველამ იცის, რომ საწყალი კაცი წამებაში შემოაკვდათ. მართალია, მე გადავრჩი, მაგრამ დაინვალიდებული ვარ - შვილებმა ყავარჯნებით რომ დამინახეს, გაოცდნენ. ახალაიას და ქარდავას ცემის შედეგად თავის ტრავმა მივიღე, ახლაც ვმკურნალობ...
- როგორც ვიცი, ახალაიასა და ქარდავას წინააღმდეგ ჩვენება მიეცით, არა?
- არავის არაფერი შერჩება. ამ არაადამიანებმა ცხოვრება გამიმწარეს, კაცი დამაავადმყოფეს. ყველას, ვისაც ხელი სისხლში აქვს გასვრილი, საკადრისი მიესჯება!