„აქციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, პოლიციამ იმოქმედა შესაბამისი კანონმდებლობით, რაც გულისხმობს იმას, რომ დაუშვებელია სატრანსპორტო არტერიების გადაკეტვა და ამით ქალაქში გარკვეული პრობლემების შექმნა საზოგადოებისთვის, რადგან აქციის მონაწილეთა რაოდენობა ყველამ დაინახა - არ იყო იმდენი, რომ გამართლებული ყოფილიყო მაგისტრალის გადაკეტვა“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან ინტერვიუში.
აღნიშნული განცხადებით ანალიტიკოსი გამოეხმაურა მელიქიშვილის გამზირზე, სამართალდამცველთა მიერ აქციის მონაწილეების დაშლას.
ზაალ ანჯაფარიძე: რაც შეეხება დაკავებებს, როგორც უწყებამ განაცხადა, სიტყვიერი შეურაცხყოფის ან პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის შედეგად იქნენ ისინი დაკავებულნი. მათი ნაწილი გათავისუფლებულია, დანარჩენებზე მიდის გარკვეული ძიება.
ის, რომ ოპოზიციას აქციების დაწყების დღიდან, საერთოდ არანაირი გეგმა არ გამოუცხადებია მონაწილეებისთვის, მიჩენს ეჭვს იმისა, რომ მათ საერთოდ არ აქვთ გეგმა და უბრალოდ მოქმედებენ სიტუაციიდან გამომდინარე, - მაგალითად, რამდენი ხალხი მოვა, როგორი არის სამიტინგო მუხტი და ა.შ. აქედან გამომდინარე მოქმედებენ და გეგმავენ მომდევნო დღის ღონისძიებებს.
თქვენ პირადად, პროცესების როგორ განვითარებას ელოდებით და რა პერსპექტივა აქვს ამ აქციებს?
- ამ აქციებს აქვს რამდენიმე დანიშნულება: ერთი ადგილობრივი და მეორე - საერთაშორისო. ერთ-ერთი დანიშნულებაა, რომ ოპოზიციამ რაღაცნაირად თავი შეახსენოს ადგილობრივ საზოგადოებას, რომ გულხელდაკრეფილი არ ზის და მოქმედებს. ასევე, ეს მათ სჭირდებათ, რომ მოახდინონ აქციების დემონსტრირება დასავლური აუდიოტრიის წინაშე, რომელიც მუდმივად იმეორებს ერთი და იმავეს, რომ „ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, - შესაბამისად, მათ უნდა დაინახონ თუ ვინ არის ეს ქართველი ხალხი, რამდენი არიან და ა.შ.
ხომ არსებობს ასეთი ნარატივი, რომ მოსახლეობის 85% მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას - რადგანაც დასავლეთი სწორედ აღნიშნულ პოლიტიკურ ოთხეულს მიიჩნევს პროევროპულ პარტიებად, მათ სურთ დაინახონ მათი მხარდაჭერის ხარისხი საზოგადოებაში. ვვარაუდობ, რომ მხარდამჭერთა საკმარისი რაოდენობა არ იქნება. როდესაც ისინი ამას ვერ ხედავენ, იქაც გარკვეული კითხვები ჩნდება. ვნახეთ, რომ ბოლოდროინდელ აქციებზე მონაწილეთა რაოდენობა ყველაზე ოპტიმისტური დათვლით, 500-700 ადამიანს არ აჭარბებს.
არ მგონია, რომ უახლოეს მომავალში სერიოზული აქციები გაიმართოს, ვფიქრობ, რომ რესურსებს და მომხრეებს ინახავენ იმისთვის, რომ 25 ნოემბერს ხელისუფლებას გაუმართონ სერიოზული ბრძოლა და მოიყვანონ რაც შეიძლება მეტი ადამიანი პარლამენტთან, რომ არ დაუშვან ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვა - მთელი ძალები და რესურსები იქნება მობილიზებული ამ მიზნის გარშემო.
პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ამასთან, დასავლეთის მხრიდან ამ არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის შემთხვევაში, არის თუ არა შანსი იმისა, რომ არჩევნები ხელახლა ჩატარდეს? წავა თუ არა „ოცნება“ ამაზე?
- ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, ეუთო-ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში რა შეფასებას მისცემს ამ არჩევნებს, რომელიც უნდა გამოქვეყნებულიყო ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში, მაგრამ სავარაუდოდ, ვერ ესწრება და ალბათ, წლის ბოლოს ვიხილავთ (წესით, სამი თვე აქვს მიცემული, რომ საბოლოო შეფასება გამოაქვეყნოს). თუ ეუთო-ოდირმა არ აღიარა ეს არჩევნები, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დადგება ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი, მაგრამ თუ ეუთი-ოდირმა თქვა, რომ იყო პროცედურული დარღვევები, მაგრამ არჩევნები მთლიანობაში ჩატარდა კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში და გამოხატა ქართველი ამომრჩევლის ნება, მაშინ ოპოზიციის აქციებს ლეგიტიმაცია დაეკარგება. ეუთო-ოდირის შეფასების წინააღმდეგ ხომ არ წავლენ?! ამიტომაც, 2-3 კვირაში გორდიას კვანძი შესაძლოა გაიხსნას.
გამოითქვა მოსაზრება, რომ თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა და აქციებს გააგძელებს, მომავალი წლის გაზაფხულზე შესაძლოა რიგგარეშე არჩევნები მივიღოთ. რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას?
- რატომ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, რა სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი ექნება რიგგარეშე არჩევნებს თუკი არჩევნები საერთაშორისოდ იქნება აღიარებული და პარლამენტი მიჩნეულ იქნება ლეგიტიმურად?! მესმის გარკვეული შეშფოთებები, რომ პარლამენტში არ ჯდება ოპოზიცია, მაგრამ ეს ოპოზიციის არჩევანია, რომ არ შევიდეს პარლამენტში, როგორც მან ეს გააკეთა 2020 წლის პარლამენტის არჩევნების შემდეგ, მაგრამ როგორ შეიცვლება ოპოზიციის გეგმები მას შემდეგ, თუკი დავუშვებთ, რომ ეუთო-ოდირმა და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ასე თუ ისე, სცნეს ეს არჩევნები? ვფიქრობ, შედეგად გარკვეული კორექტირება ოპოზიციის გეგმებში შევა - შეიძლება ყველა ოპოზიციონერი არა, მაგრამ ოპოზიციური პარტიების რაღაც ნაწილი შევიდეს პარლამენტში. ქუჩაში დარჩენა ოპოზიციას რას მისცემს? - მხოლოდ ერთ რამეს: თანდათანობით, პოლიტიკურ მარგინალიზაციას და ამომრჩევლის დაკარგვას და მგონია, რომ ოპოზიციას ამ რეალობის წინაშე აღმოჩენა არ უნდა აწყობდეს.
ფიქრობთ, რომ საბოლოოდ შევა ოპოზიცია პარლამენტში?
- იმ განცხადებების ფონზე, რაც ოპოზიციამ გააკეთა და აკეთებს ახლა, რომ პარლამენტს არანაირ ვარიანტში, ლეგიტიმაციას არ მისცემენ და ა.შ. შესაძლოა, ცალკეული წევრები შევიდნენ. ყველაფერი გაირკვევა მას შემდეგ, რაც პარლამენტი შეიკრიბება და ცნობს დეპუტატების უფლებამოსილებას. ამის შემდეგ უკვე, როდესაც დადგება სიების ჩახსნის საკითხი, ვნახავთ როგორ მოიქცევიან პარტიები - საერთოდ ჩახსნიას სიებს და საბოლოოდ მოიჭრიან გზას პარლამენტში შესასვლელად თუ იტყვიან, რომ მათ წევრებს აძლევენ თავისუფალი არჩევანის უფლებას და ვისაც სურს, შევიდეს პარლამენტში - ვფიქრობ, ეს უფრო დემოკრატიული იქნებოდა, ვიდრე ავტორიტარული მეთოდებით მთელ დეპუტატთა გამოთიშვა პარლამენტიდან.