მელიქიშვილის გამზირზე რადიკალების სანახაობა დასრულდა. რადიკალები აქციის მონაწილეებს ახალი სამოქმედო გეგმის შეთანხმებამდე დაემშვიდობნენ. თუმცა, ამ ეტაპზე სამოქმედო გეგმა არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ოპოზიციის მიზანია საპროტესტო აქციის პიკი იყო პარლამენტის პირველი შეკრება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციამ ძალები უნდა მოიკრიბოს, თან საჭიროებენ ინფრასტრუქტურულად მომზადებას, ვინაიდან სამართალდამცავებს წაღებული აქვთ აქციის მონაწილეების მანქანები და ტექნიკა.
ბრძოლის განსხვავებულ მეთოდს ასახელებს „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, რომლის განცხადებით, იბრძოლებენ მანამ, სანამ საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი და არ დამყარდება სამართლიანობა, დემოკრატია, თავისუფალი გარემო.
„პროტესტს აქვს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა. არის უსამართლობა, არის მოპარული არჩევნები და პროტესტი არის ქვეყნის დაბრუნება უკან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ამბავი მივიყვანოთ რეალურ გამარჯვებამდე. გამარჯვება არის სამართლიანი, ახალი არჩევნების ჩატარება. აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება. ხალხი აქ მოსულია სიმართლის დასადგენად და ჩვენ უნდა ვიდგეთ იქ, სადაც სიმართლეა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პარტიულ ოფისში გადასული რადიკალური ოპოზიცია უწყვეტ რეჟიმში აანონსებს საპროტესტო აქციებს, რომელთათვის სურპრიზი აღმოჩნდა სალომე ზურაბიშვილის საგანგებო განცხადებაც, რომელმაც ოპოზიციის სამოქმედო გეგმა მთლიანად შეცვალა. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ რადიკალებმა პოლიტიკური კონსულტაციები პრეზიდენტის გარეშე დაიწყეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზურაბიშვილი ერთობის ლიდერი ვერ იქნება.
„სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის“ ხელმძღვანელის ლევან მამალაძის განცხადებით, თუ 2003 წელთან გავაკეთებთ შედარებას, ეს პროცესები აბსოლუტურად სხვა პროცესია. მაშინ ზუსტად დასავლეთის და რუსეთის აგენტურულმა ძალებმა შეაღწიეს სახელმწიფო სისტემაში, რომ სახელმწიფო შიგნიდან ჩამოენგრიათ. მისი თქმით, მაშინ სახელმწიფო იყო სუსტი და ამიტომ გაუადვილდათ ამ ძალებს შიგნით შეღწევა.
„ახლა შევხედოთ მეორე მომენტს, როდესაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, მან ჩვეულებრივ ძალადობის, ანუ ძალმომრეობის წინააღმდეგ გამოსული ხალხი მოკლა, დახოცა, დაასისხლიანა და საშინელებები ჩაატარა, გადაურა ხალხს და ეს ყველაფერი ჩვენმა ე.წ. სტრატეგიულმა პარტნიორმა დასავლეთმა ისე გააფორმა, რომ იყო კარგი მოქმედება. ახლა ვერავინ იტყვის, რომ ძალმომრეობითი რეჟიმია, ესენი ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა გაყალბების ფაქტები ვერ წარმოადგინეს. მოსამართლე ხუჭუა, ამტკიცებდა, რომ აპარატში შესულ ქაღალდზე თურმე ფლომასტერმა გამოჟონა და უკნიდან გამოჩნდა, რაც არის ფარულობის დარღვევა.
მაშინ, როდესაც ამ ხუჭუამ ხმა მისცა, არ დაუწერია განცხადება, რომ ფარულობა დაირღვა. ეს მერე მოიფიქრებს. არანაირი გამოძიების საფუძველი ეს არ არის და მანიპულაციები რასაც აკეთებს ახლა სალომე ზურაბიშვილი, ეს არის გაუნათლებლობის პიკი. მოდი, ძველი პარლამენტი დავტოვოთ, ახალი ჩავატაროთ და მე ისევ პრეზიდენტი ვიქნები ახალ არჩევნებამდეო. კონსტიტუციის რომელ მუხლს ეყრდნობა ხომ უნდა თქვას? მაგრამ არა, ეს უცხოეთის წარმომადგენელი განგვიხილავს როგორც განუვითარებელ სახელმწიფოს, ბანანის რესპუბლიკად წარმოვუდგენივართ და ცდილობს იგივეს, რაც 2003 წელს გააკეთეს, როცა გადატრიალება მოაწყვეს“, - აცხადებს მამალაძე.
მისივე თქმით, ზურაბიშვილის განცხადებას აყვა მეხუთე კოლონა, რომელიც საზღვარგარეთიდან ფინანსდება, მაგარამ ვერაფერი ვერ გააკეთეს, რადგან გაკოტრდა ოპოზიციის აქცია.
„უნივერსიტეტის წინ გადაკეტეს გზა, თითქოსდა სტუდენტების ბუნტს ააგორებდნენ, მაგრამ ვერა. ნაცების უნივერსიტეტები გამოვიდნენ, განაცებული ლექტორების გაბრუებული და შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდები აიყოლიეს. შეიძლება მელიქიშვილზე, უნივერსიტეტის პირდაპირ, სადაც მთელი ეროვნული მოძრაობის პროცესები მიმდინარეობდა, აგენტურის აჯანყება ვატრიალოთ და ეს იყოს დაშვებული ქვეყნაში? არ შეიძლება! დღეს, რაც ჩვენს გარშემო ტრიალებს, რასაც ეს მეხუთე კოლონა და დანიშნული, შემოგზავნილი პრეზიდენტი აკეთებს, ეს არის ბრძოლა სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სუვერენიტეტი, საქართველოს პატივი უნდა სცეს ამერიკამ, ევროპამ, რუსეთმა, ჩინეთმა და ყველამ. უნდა მივაჩვიოთ ყველა, რომ ჩვენ ვართ დიდი ისტორიის და ტრადიციების ქვეყანა. ისინი ხეებზე დადიოდნენ და ქერქს ღეჭავდნენ, როცა ჩვენთან ადამიანის უფლებები იყო დაცული და სიკვდილით დასჯაც აკრძალული იყო თამარის მეფის დროს. როცა ისინი ხალხს კოცონზე წვავდნენ, ჩვენთან ქრისტიანული შემწყნარებლობა უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი.
დღეს რა არის დასავლეთი? - ჩვენ გვთავაზობს ლგბტ გარყვნილობას და ჩვენი საზოგადოება ოჯახური სიწმინდის დაცვაზე არის მომართული. ჩვენ უნდა გავითვალისწონოთ ყველას ინტერესი, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ჩარჩოებში. ბრძოლა არის ამაზე - ან უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, ან მუდმივად უნდა ვიყოთ ვასალურ მდგომარეობაში. რასაც აკეთებს ეს მეხუთე კოლონა, ეს არის აჯანყება ქართული სუვერენიტეტის შესუსტების მიმართულებით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან მამალაძემ.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, დავით კუხალაშვილის განცხადებით, ამ ვითარებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია უცხოენოვანი ტელევიზიები და რადიო-მაუწყებლები, რომლებიც ძალიან ცუდ პროპაგანდას ახორციელებენ საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური დაზვერვის ინტერესი, იმ სახელმწიფოების რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში ხელისუფლების არალეგიტიმური ცვლილებით.
„თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მასმედიის საშუალების მიერ ხდება ქუჩის მესიჯების გათავლისწინება სხვადასხვა რანგის თანამდებობის პირების და პოლიტიკური მოღვაწეების განცხადებების, აქ მყარად უნდა ჩამოვყალიბდეთ იმაზე, რომ ალბათ, ეს არის დასკვნითი ფაზა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, მოხდეს პოლიტიკური დესტაბილიზაცია ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის უზრუნველსაყოფად.
ამიტომ, რა უნდა გააკეთოს ქვეყნის სპეცსამსახურებმა? - თუ რეაგირიების სისტემა არ გვაქვს დროული, სამართლებრივი რეაგირების ყველა გადაწეული წუთი და წამი აუცილებლად სახელმწიფოს დაუბრუნდება ძალიან ცუდ შედეგად. ამიტომ ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ უნდა გადადგას კარდინალური ნაბიჯები, როგორც საკანონმდებლო უზრუნველყოფის, ასევე ძალიან ბევრი მიმართულებით, რაც შეიძლება ძალიან მალე გამოსწორდეს ვითრება და ქვეყანა აარიდონ პოლიტიკურ დესტაბილიზაციას, რომელიც ცალსახად მიმართულია ძალადობრივი დამხობისაკენ“, - აცხადებს დავით კუხალაშვილი.
მისი თქმით, კარდინალური ცვლილებები ნიშნავს არსებული სისხლის სამართლის კოდექსის გამოყენებას სამართლებრივი რეაგირებისათვის, ოპერატიული საქმიანობის გააქტიურება დამატებითი მტკიცებულებითი ფორმის დოკუმენტების შექმნისათვის. აქედან გამომდინარე, კუხალაშვილი მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას, რომ ღია წყაროებში არსებული მტკიცებულების საფუძველზე აღიძრას სისიხლის სამართლის საქმე უცხო ქვეყნის მაღალი რანგის თანამდებობის პირების და პოლიტიკური მოღვაწეების მიმართ, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის კუთხით სადაზვევრო პროპაგანდაში და მხარდაჭერაში.
„ამასთან ერთად, აქტიური ზომები უნდა განხორციელდეს მიღებული კანონის შესაბამისად, რომლის ინიციატორი ხელისუფლება იყო, არ მოხდეს კიდევ უფრო გამყარება იმ ორგანიზაციების, რომლებიც ჩართული არიან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში და კერძოდ, თანხები რომელიც ლეგალური გზით შემოდის, ხმარდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივ დამხობას და ხელისუფლების მიზანმიმართულ კომპრომეტაციას. ამასთან ერთად აუცილებელია, დაიწყოს საკადრო პოლიტიკის კარდინალური ცვლილება.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ პრაქტიკულად, ყველა უწყებაში საქმე გვაქვს საბოტაჟურ მოქმედებასთან. ასევე ვფიქრობ, რომ გენერალურმა პროკურატურამ აუცილებლად უნდა შეაფასოს საქართველოს პრეზიდენტის ქმედებებში ხომ არ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები? გენპროკურატურას აქვს უფლებამოსილება, რომ მოახდინოს სამართლებრივი შეფასება და თუ გამოიკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, ვფიქრობ, რომ აუცილებელია, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს პრეზიდენტის სამართლებრივი დევნა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.