„ყველაზე დიდი მობილიზაცია იყო 2012 წელს, რომ ნაცები გაეშვათ და იყო ახლა, რომ ნაცები არ მოეშვათ - ხალხი არ მიჰყვება ამ აქციებს ოპოზიციის სისულეების გამო“

„ყველაზე დიდი მობილიზაცია იყო 2012 წელს, რომ ნაცები გაეშვათ და იყო ახლა, რომ ნაცები არ მოეშვათ - ხალხი არ მიჰყვება ამ აქციებს ოპოზიციის სისულეების გამო“

ოპოზიციის აქცია, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, 19 ნოემბერს პოლიციამ დაშალა და ქუჩიდან მათი კარვები აიღო. ამის შემდეგ საპროტესტო აქცია მელიქიშვილის გამზირზე გაგრძელდა, თუმცა, აქციის მონაწილეებმა გვიან საღამოს მელიქიშვილის გამზირიდან კვლავ ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ- ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. შედეგად, ოპოზიცია ქუჩის აქციებს აგრძელებს და აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება. ამასთან, ოპოზიცინერი ლიდერები აცხადებენ, რომ უკან დახევას არც ერთი ნაბიჯით არ აპირებენ.

გამოვთქვათ რეაქცია პოლიციის უღირსობაზე! თბილისელების რეაქციამ მოიტანა კონკრეტული შედეგები. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვართ აქ - თსუ-სთან, ვაგრძელებთ ბრძოლას, დღეს ღამეც დავრჩებით აქ და ვიქნებით იმდენი ხანი, რამდენი საჭიროა გამარჯვებამდე. ყველანაირი ორგანიზაციული საკითხი იქნება მოგვარებული, ჩვენ დავიცავთ ყველა ჩვენ მოქალაქეს, არ დავიხევთ არც ერთი ნაბიჯით უკან. ჩვენ გამოვაცხადეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ეს წინააღმდეგობის მოძრაობა წავა მხოლოდ წინ. გაიწევა პოლიცია, გაიწევა ოცნება და გაიწევა რუსეთი ამ ქვეყნიდან, იმიტომ რომ თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ ვიბრძვით და არ ვეგუებით, სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას არ აქვს. ახლა აქ ვორგანიზდებით, აპარატურა მალე აეწყობა და დავბანაკდებით ისევ აქ, - მიმართა ელენე ხოშტარიამ აქციის მონაწილეებს 19 ნოემბერ საღამოს გამართულ აქციაზე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ოპოზიციონერი ლიდერები მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და არა მოსახლეობაზე. მისი შეფასებით, იმ შემთხვევაში თუკი, ქართული ოცნების ხელისუფლების შეცვლა მოახერხა ოპოზიციურმა სპექტრმა, ქვეყნის სათავეში კვლავ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ვიხილავთ, რაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებელია.

პროტესტი მწიფდება მოვლენიდან მოვლენამდე, თუ რამდენიმე მოვლენა უკვე არის გასაპროტესტებელი, ჩნდება განცხადება, რომ კანონზომიერი ხარვეზია ხელისუსფლებაში და ამას აპროტესტებენ. თუმცა, ამასთან, გააჩნია ალტერნატივები როგორია - პროტესტის შედეგად ვიღაცამ უნდა იხეიროს და ვინ იხეირებს, გააჩნია.

ცხადი გახდა, რომ ამ პროცესებში ვიღაცები არიან ჩასაფრებულები. არჩევნების ყველაზე დიდი მობილიზაცია იყო 2012 წელს, რომ ნაცები გაეშვათ და იყო ახლა, რომ ნაცები არ მოეშვათ. არ უნდათ ნაცები ამ ადამიანებს საქართველოში და ეს არის ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი იმისა, რაც საქართველოში ხდება. თუ გაადააგდეს ეს ხელისუფლება, ვინ აიღებს ამ ძირს დაგდებულ ხელისუფლებას? - აიღებენ ნაცები. უნდა ამ ხალხს ნაცები? - არ უნდა! ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ხალხი არ მიჰყვება ამ აქციებს იმ რაოდენობით, რაც ოპოზიციას სურს, არის მათი სისულეები, რასაც ისინი ამბობენ. ოპოზიცია ყოველ დღე ამბობს, გეგმას გეტყვით, ოღონდ საღამოსო - გეგმა ვერ დაუდიათ აქამდე.

ესენი მხოლოდ თავის თავზე ზრუნავენ. სააკაშვილიც კი კორუფციას ებრძოდა და არა იმას, რომ მე მომიყვანეთ ხელისუფლებაშიო - ფორმალურად მაინც, სააკაშვილი იბრძოდა სხვებისთვის, ესენი ფორმალურადაც კი საკუთარი თავისთვის იბრძვიან. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ვერ ახერხებენ ხალხის მობილიზაციას, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ იბრძოლებენ ვიდრე საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი და არ დამყარდება სამართლიანობა, დემოკრატია, თავისუფალი გარემო. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, დღევანდელი აქცია რომც დაარბიონ, პროტესტი კიდევ უფრო გაიზრდება.

პროტესტ აქვს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა. არის უსამართლობა, არის მოპარული არჩევნები და პროტესტი არის ქვეყნის დაბრუნება უკან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ამბავი მივიყვანოთ რეალურ გამარჯვებამდე. გამარჯვება არის სამართლიანი, ახალი არჩევნების ჩატარება. აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება. ხალხი აქ მოსულია სიმართლის დასადგენად და ჩვენ უნდა ვიდგეთ იქ, სადაც სიმართლეა, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

აქვე გეტყვით, რომ ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ მომიტინგეებმა კარვები მიიტანეს. ამ დროისთვის, ადგილზე ორი კარავია გაშლილი. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროტესტი მთელი ღამე გაგრძელდება და ბოლომდე ტერიტორიაზე დარჩებიან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, მათთვის პრინციპული იყო იმ ტერიტორიაზე დაბრუნება, რომელიც აქციის მონაწილეებს დღეს დილით სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით დაატოვებინა.