საქართველოს მთავარ პროკურატურაში, 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 25 ათასამდე განცხადება შევიდა - მოქალაქეები უკანონო განაჩენების გადახედვას ითხოვდნენ. ,,არცთუ შორს ვართ იმ დროსთან, როცა აღნიშნული საქმეები დასრულებულად გამოცხადდება”, - გვარწმუნებდა არჩილ კბილაშვილი, თუმცა მთავარი პროკურორის პოსტი ისე დატოვა, რომ ე.წ. გახმაურებული საქმეების გამოძიებაც ვერ მოახერხა... ,,ქართული სიტყვა“ ორგანიზაცია ,,გადაარჩინე სიცოცხლეს“ დამფუძნებელს, კორტებთან ჩაცხრილული ზურა ვაზაგაშვილის მამას, იური ვაზაგაშვილს ესაუბრა:
- წლების განმავლობაში, მე და ჩემი ოჯახი საზოგადოების უზარმაზარ თანადგომას ვგრძნობდით და ამისთვის მადლობელი ვარ. სამწუხაროა, რომ ,,ქართული ოცნების” მიერ საარჩევნოდ დაპირებული სამართლიანობის აღდგენა არ თუ ვერ ხერხდება. მიუხედავად იმისა, რომ ადრე კოალიციაში შემავალმა პარტიებმა იმედი არაერთხელ გაგვიცრუეს, არც საპარლამენტო სია მოგვწონდა, თხოვნა, ვაცალოთ ახალ ხელისუფლებასო, შევისმინეთ და ახლა სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ.
- რას გულისხმობთ?
- რას და, - თუ განსხვავებული აზრი გაქვს და ამა თუ იმ პარტიის წევრი არ ხარ, ე.ი. მოსისხლე მტერი ხარ. სად დავუშვით შეცდომა? მთელი წელია, თბილისის მერიის წინ საპროტესტო აქციები იმართება. დედაქალაქის მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტმა ,,ნაცმოძრაობას” უარი უთხრა. ჩვენი ორგანიზაცია გამოვიდა ინიციატივით, გადაგვეყენებინა ქალაქის მერი, ,,ნაციონალების” ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ ისევ ხელისუფლებამ დაგვამუნათა, რას იტყვის ევროპა, არჩეულ მერს როგორ შევეხოთო. ვაცალეთ და დღეს ყველა ხედავს, თუ რა დაბრკოლებებს ქმნის ქალაქის მერია და მისი აპარატი, რომელიც კორუფციის ჭაობშია ჩაფლული. ვისთან უნდა გვქონდეს კოჰაბიტაცია? - მოსისხლე მტერთან, რომელიც ქუჩაში ხალხს ხოცავდა, პატიმრებს აწამებდა, ქონებას ართმევდა, უკანონოდ აპატიმრებდა თუ მთავრობასთან, რომელმაც 7 ნოემბრისა და 26 მაისის სასაკლაოები მოაწყო? პირადად მე, არათუ ძველ ხელისუფლებასთან, არამედ, ახალთანაც არ შემიძლია კოჰაბიტაცია - თავად არ იძლევა ამის შესაძლებლობას. მართალია, გარკვეული წინსვლა გვაქვს, მაგრამ განა, შეიძლება, იმით დავკმაყოფილდეთ, რომ პოლიციელი იარაღსა და ნარკოტიკს აღარ ჩაგიდებს? შს სამინისტრო და პროკურატურა წესრიგს უნდა ამყარებდნენ, ნდობას უნდა იმსახურებდნენ, მაგრამ დღეს სამართალდამცავ სტრუქტურებში ის ხალხი მსახურობს, რომელიც სისხლიან რეჟიმს ემსახურებოდა. მაგალითად, ქალაქ თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსი გიორგი დალაქიშვილი და მისი მოადგილე ოთარ მირზოევი, გიორგი დარჯანია ჩემი შვილის მკვლელობის ორგანიზატორები არიან. გამოდის, რომ პოლიციის შეფი და მოადგილე მკვლელები არიან. თვენახევრის წინ შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს შევხვდი, დაძაბული საუბარი გვქონდა, ვუთხარი, რომ ვერ ვხედავ სხვაობას მასა და ვანო მერაბიშვილს შორის, რადგან ორივეს მოადგილედ მკვლელი ჰყავს. საოცარია: ყველა მკვლელი დაწინაურებულია. უშიშროების, ასევე, შინაგან საქმეთა უწყება ქვეყნის ხერხემალია და თუ ამ უწყებებს უღირსი კადრებისგან არ გაწმენდ, ხალხის ნდობას როგორ მოიპოვებ? გიორგი დალაქიშვილი, ირაკლი ფირცხალავა, ოთარ მირზოევი, გრიგოლ კვინიკაძე, გიორგი დარჯანია, გიორგი ხიზანიშვილი მკვლელთა ჯგუფებში იყვნენ გადანაწილებულნი. მათ ხან სად გადაისვრიდნენ, ხან - სად ბინძური საქმეების შესასრულებლად. თამაზ თამაზაშვილსაც იარაღი სწორედ ამ ჯგუფის წარმომადგენელმა - კიკნაძემ და ხიზანიშვილმა ჩაუდეს.
- თუ ამ პირებს დანაშაული არ დაუდგინდათ, ბრალიც არ დაედებათ...
- მთაწმინდის რაიონის 14 პოლიციელმა თავი შეიკავა ჩემს საქმეში ჩვენების მიცემისგან და არცაა გასაკვირი - რიგითი თანამშრომელი სამმართველოს უფროსის წინააღმდეგ არ წავა. ალექსანდრე ჭიკაიძეს დავუდე შსს-ს მიერ შეთითხნილი საქმე, სადაც მირზოევის, ცაავას და სხვათა გვარებია. გამომძიებელი არც დღეს სვამს შეკითხვებს, რომ ნათელი მოჰფინოს საქმეს.
- მაინც, რამდენი პოლიციელი მონაწილეობდა სპეცოპერაციაში, რომელსაც თქვენი ვაჟი შეეწირა?
- დოკუმენტებით, - 20, სინამდვილეში კი, ორჯერ მეტი. მაქვს გვარები, კადრები, სადაც ჩანს მანქანები, რომლებიც საქმეში არ მონაწილეობდნენ, ახლომახლო იდგნენ და სიტუაციას აკონტროლებდნენ.
- მახსოვს, თავის დროზე არჩილ კბილაშვილსაც შეხვდით...
- 2012 წლის დეკემბერში, მთავარი პროკურორის მისაღებში მივედი. ოცდაათი მოქალაქე ელოდა გამოძახებას, ხუთი საათის ლოდინის მერე, კბილაშვილმა მიმიღო, ვისაუბრეთ და მოადგილეს, ლაშა ნაცვლიშვილს დაავალა, სამი გამომძიებელი დაემატებინა, რათა მოკლე დროში გამოძიებულიყო ჩემი შვილის საქმე. ექვსი თვე გავიდა და დანაპირები არ შემისრულეს. ჩემი აზრით, ნაცვლიშვილი იყო მთავარი პროკურორი, კბილაშვილი კი, - მისი მოდგილე. კბილაშვილს ვუთხარი კიდეც, როცა შაქრო ზაალიშვილი, ,,ანკოსი”, თენგიზ ხარებავა პროკურორებად გყავთ, რა სამართალს ეწევით-მეთქი?! ახალაიას საქმეში 95 მოწმე იყო და ბრალდება მოუხსნეს... მეშინია, ხალხი ლინჩის წესზე არ გადავიდეს.
- კბილაშვილის გადადგომას როგორ აფასებთ - გადადგა თუ გადააყენეს?
- მას ვიცნობდი, როგორც წესიერ პიროვნებას, რომელსაც უყვარს წყნარი ცხოვრება, ნიჭიერი კაცია, ყოველთვის ჰყავდა კლიენტურა და, შესაბამისად, ეკონომიურად უზრუნველყოფილია. ამ მონაცემებით, არ უნდა დათანხმებულიყო მთავარი პროკურორის თანამდებობას, ეს პოსტი ბევრი საფრთხის შემცველია, თუკი პოლიტიკური ნება არ იქნებოდა, კბილაშვილი ვერაფერს გახდებოდა, თან ისეთი კაცი დაუსვეს მოადგილედ, რომელიც კბილაშვილს კი არა, მასზე ზემდგომებსაც ბლოკავდა! არჩილ კბილაშვილმა ქართულ საზოგადოებას იმედი გაუცრუა, კარგი იქნებოდა, გადადგომის მერე ბოდიში მოეხადა.
- ოთარ ფარცხალაძესაც ხომ არ შეხვდით?
- ფარცახალაძის მოადგილესთან მქონდა შეხვედრა, რომლის გვარსაც არ დავასახელებ. ეს შეხვედრა მათი ინიციატივით შედგა. მოადგილემ მითხრა, რომ ზურას მკვლელობის საქმე ,,გაფუჭებულია”, მაგრამ წინამორბედთა მსგავსად, არც ის დაინტერესებულა, ყველაფერი რატომ არიეს.
- რა შემოგთავაზათ ფარცხალაძის მოადგილემ?
- ექსპერტიზების ჩატარება. ყველა კვალი წაშლილია, რას მოგვცემს ამ ეტაპზე ექსპერტიზა? ეს შემოთავაზებაც მოჩვენებითია. მკვლელები დაწინაურებულნი არიან, პროკურატურის გამომძიებელი დეპარტამენტის უფროსსა და მის მოადგილეებს ბრალს ვერ წაუყენებს. ასე გვაყრიან თვალებში ნაცარს. ლაშა ნაცვლიშვილი, არჩილ კბილაშვილი, მაია მწარიაშვილი და მისი მოადგილე მოსაშვილი დასასჯელნი არიან იმის გამო, რომ დაპირებული სამართლიანობის აღდგენა არ შეასრულეს!
- საქმე გარკვეულ არაპროფესიონალიზმსა და გულგრილობასთანაც ხომ არ გვაქვს?
- თამაზაშვილის საქმეზე დაკავებული იყო გამომძიებელი გრიგოლ კვინიკაძე, რომელიც თავის დროზე ზურას საქმეს იძიებდა. ქალაქის ყოფილ პროკურორს, მაია მწარიაშვილს ვკითხე, დაუსვა თუ არა შეკითხვა ზურას მკვლელობის გამოძიების თაობაზე. ქალბატონმა მაიამ მიპასუხა, კვინიკაძე რა შუაშია შენს საქმეზეო? ეს ნიშნავს, რომ იგი საქმეს არც იცნობდა. თუკი ქალაქის ზედამხედველი პროკურორი, წლების განმავლობაში, გახმაურებულ საქმეს ასე ეკიდება, რა ბედი ელის იმ 25 ათასამდე საჩივარს, რომელიც გამწარებულმა მოქალაქეებმა პროკურატურაში იმ იმედით შეიტანეს, რომ სამართალს იპოვიან? სამარცხვინოა, რომ პროკურატურა ვერ ახერხებს, დანაშაული დაუმტკიცოს ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიას. ორივე მათგანის საქმეზე პროკურორი შაქრო ზაალიშვილი მუშაობდა, რომელსაც ძველებმა არ მოსთხოვეს ზურას მკვლელობის საქმეზე პასუხი, მაგრამ ახლებმა ხომ უნდა მიხედონ? შეთანხმებულად ცდილობენ, ყურადღება იმაზე გადავიდეს, რომ ყოფილი პრემიერია დაკავებული. ჰგონიათ, ამით მტკივნეულ საკითხებს გადაფარავენ. წარამარა ტელევიზიით ატყდება ხოლმე ქოთქოთი, ვანოს ბრალი დაუმძიმდა, ახალაიას მოწმეების ჩვენებები გაყალბდაო. აქეთ თაკო სალაყაიამ დაიწყო პოზირება ტელეკამერების წინ. ახლა ,,ნაციონალები” გამოდიან და ყვირიან, ვანო კამერიდან გაიყვანესო. დიდი ამბავი, თუ გაიყვანეს. ბოდიშს ვიხდი თქვენი გაზეთის მკითხველთან, გაიყვანეს და, როგორც თავად აკეთებდნენ, გააუპატიურეს თუ რა მოხდა? დიდი ამბავი, თუ შეაგინეს. რა ხდება? რომელ უფლებებსა და კანონებზე ლაპარაკობენ ვანო მერაბიშვილი და თაკო სალაყაია? როგორ ეხებიან ადამიანის უფლებებს? ისიც სირცხვილია, რომ ,,ნაციონალების” პიარი მიზანს აღწევს და სამართლიანობის აღდგენას ევროპა ყოფილი მმართველი პარტიის გასამართლებას ეძახის. დავიღალე. ვხედავ, რომ ამაოდ ჩამიარა ცხრაწლიანმა ბრძოლამ, ტელეფონებზე ის პოლიტიკოსებიც არ პასუხობენ, ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმით რომ აპელირებდნენ. ტრიბუნები კი ისევ ,,ნაციონალების” ხელშია, სხვას რას მივაწეროთ თაკო სალაყაიას გააქტიურება?!
- თაკო სალაყაია ,,ნაციონალების” მმართველობის წლებში ერიდებოდა გამოჩენას. ახლა კი, საპროტესტო აქციებსაც აწყობს...
- დღევანდელი ხელისუფლების კიდევ ერთი სირცხვილი თაკო სალაყაიას გამოხტომებია. ეს ქალი გარეთ როგორ უნდა დადიოდეს, როცა მისი პირადი მითითებით მოკლეს სანდრო გირგვლიანი?! გამოდის: არ უნდათ ქვეყნის დალაგება.
- ბატონო იური, თავი არ დაუხარეთ უსამართლობას და ამით მაგალითი მიეცით რეჟიმისგან დაზარალებულებს. რამდენად მოახერხეთ ამ ადამიანების გაერთიანება?
- ძალიან სათუთი, მტკივნეული საკითხია. წლების განმავლობაში, ვცდილობდი ამ ადამიანების გაერთიანებას. ორგანიზაციასაც ამიტომ დავარქვი ,,გადაარჩინე სიცოცხლე”. ბუტა რობაქიძის მამასთან ერთად, ჩავედი აჭარაში, იმ ოჯახებში, რომელთა შვილები სამგორის მეტროსთან ჩახოცეს. რამდენიმე ხნის შემდეგ, იმ ოჯახმა ვეღარ გაბედა ჩვენთან ურთიერთობა. ცხინვალის ომის დროს ვაჟა ფშაველას პროსპექტზე, სოდი-ს გარე პერიმეტრის დაცვაში იყო ერთი ახალგაზრდა და მან დაინახა, თუ როგორ შედიოდნენ რუსის გენერლები შენობაში. ცვლა რომ შეიცვალა, ნახეს, რომ არასასურველი თვითმხილველი წასული იყო. გზიდან მოაბრუნეს და ხუდადოვის ტყეში მოკლეს. ვერც მისმა პატრონმა გაბედა ჩვენთან ურთიერთობა. ოცდაათი შვილი რომ მყავდეს, ზურას ვინ ჩამინაცვლებს? შვილი მიწაში ჩამიწვინეს, რა გაუბედაობაზეა ლაპარაკი? სიმართლე გითხრათ, არ მესმის, როგორ უნდა დაიხიო უკან?! ვერ მოვახერხე, 170 შვილმოკლული ოჯახიდან 100 მაინც შემეკრიბა. ამდენი შაოსანი რომ მიადგეს ნებისმიერ შენობას, როგორ დავიჯერო, შედეგი არ იქნება?! M
ბევრი ვიბრძოლე, საჯარო რომ გამეხადა ქართველი სამართალდამცავების უკანონო ქმედებები. დაზღვეული წერილები გავაგზავნეDევროსაბჭოში, ევროპარლამენტში, სათითაოდ დიდი რვიანის ქვეყნების პირველ პირებთან,Dდიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. წერილს ხელს აწერდა ორმოცდაათი ადვოკატი, ორმოცი არასამთავრობო ორგანიზაცია. მხოლოდ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გამოთქვა მწუხარება, რომლის წერილში ნათქვამია, რომ ევროსაბჭომ არა ერთხელ მიუთითა საქართველოს ხელისუფლებას პოლიციის ზღვარგადასულ ქმედებებზე.
ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოში ფილიპ დიმიტროვსაც შევხვდი, რომელიც ისე იქცევა, თითქოს ჩვენი ქვეყნის მმართველია.
...2012 წელს მოსახლეობისა და პარტიების ნაწილი ფიქრობდა, რომ ისევ ,,ნაციონალები” მოვიდოდნენ სათავეში, ამიტომაც, იყიდებოდა. შედეგად, ის მივიღეთ, რომ მაჟორიტარი დეპუტატი და პოლიციის შეფი დღეს რეგიონში შეთანხმებულად მოქმედებენ.
- ამბობთ, დავიღალეო. ბრძოლის გაგრძელებას აპირებთ?
- რა თქმა უნდა, ვაპირებ, ორგანიზაციის სახელით მივმართო ყველა პოლიტპატიმარს, 25 ათასი მომჩივანი, თავის მომხრეებთან ერთად რომ დავდგეთ, უკვე დიდი ძალაა. ყველამ ზეპირად იცის, რომელი პროკურორი, მოსამართლე, გამომძიებელი ფიგურირებს მის საქმეში. 22 წლის შვილი მიწაში ჩამიწვინეს, ჩემთვის არაფერი შეცვლილა... 9 თებერვალს ჩემს შვილს 30 წელი უსრულდება. ისევ დავდგები იმ სამართალდამცავთა ფოტოებით ხელში, ვინც დაუკვეთა, ვინც შეასრულა ჩემი შვილის მკვლელობა. როგორც ვყვიროდი ,,ნაციონალების” დროს, ახლაც ისე ვიყვირებ. სხვა რა დარჩენიათ ჩემნაირებს?