დაეხმარება თუ არა ოპოზიციას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახალი გეგმა და შეაფერხებს თუ არა მისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა, 25 ნოემბერს მე-11 მოწვვეის პარლამენტის შეკრებას?
პრეზიდენტი ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და უმოკლეს ვადაში ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამოდის. ზურაბიშვილმა ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით 19 ნოემბერს მიმართა და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას. ბათუმში პრეზიდენტის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ შეიტანა.
ეკა ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტმა სარჩელი შეიტანა, რათა გამოყენებული იქნეს ყველა სამართლებრივი მექანიზმი.
მანამდე კი, 18 ნოემბერს, პრეზიდენტმა ათონელის სასახლეში ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საერთაშორისო მხარდაჭერით საჭიროა ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, ცვლილებები კოდექსში და საარჩევნო დავების სპეციალური სასამართლოს შექმნა. სალომე ზურაბიშვილი არ ცნობს არც მოქმედ მთავრობას და მიაჩნია, რომ ამ ვითარებაში მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრება არ უნდა მოხდეს, ხოლო თავად პრეზიდენტად უნდა დარჩეს. პარალლეურად, ზურაბიშვილი „ორხელისუფლებიანობაზე“ საუბრობს და ამბობს, რომ ეს ქვეყნისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე მოსახლეობას საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენაც მოუწოდა და განაცხადა, რომ საზოგადოებამ ბრძოლა უნდა განაგრძოს.
ზურაბიშვილს მმართველი გუნდიდან პასუხი უკვე გასცეს. 19 ნოემბერს მმართველი პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელის თაობაზე განაცხადა, რომ ჯერ გაირკვეს, რომელ სარჩელში, რომელ ნორმას გულისხმობენ და შემდეგ გასცემენ პასუხს.
სახელისუფლებო პარტიაში არ უკვირთ, რომ საკონსტიტუციო სარჩელით და პარლამენტის სხდომის დანიშვნაზე უარით ზურაბიშვილი ქვეყნის იმიჯის დაზიანებას ეწევა. უახლოეს დღეებში გაირკვევა იღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო სალომე ზურაბიშვილის სარჩელს წარმოებაში, ამის შემდეგ, 30 დღის განმავლობაში მსჯელობა უნდა დაიწყოს. პრეზიდენტის სარჩელს, სავარაუდოდ, სასამართლოს პლენუმი განიხილავს.
სამართლებრივი პროცესის პარალელურად, აქტუალურია შეკითხვა - შეძლებს თუ არა პარლამენტი საკონსტიტუციო სარჩელის მიღების ფონზე შეკრებას?! სხდომის გამართვა რომ შესაძლებელია კონსტიტუციონალისტების ნაწილიც ადასტურებს, თუმცა აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ პირველივე სხდომაზე სამანდატო კომისია ინფორმირებული იქნება სარჩელების თაობაზე და სხდომა სწორედ ამ მიზეზით უნდა შეწყდეს.
პროცესი კი საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ უნდა განახლდეს. ეს ყველაფერი კი სწორედ სარჩელის დასაშვებობაზეა დამოკიდებული. პრეზიდენტის მსგავსად საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურობის დადგენას ითხოვს ოპოზიციაც. „ნაციონალური მოძრაობაში“ ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სარჩელით სასამართლოს დღესვე პარლამენტის 30-მა წევრმა მიმართა. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ადგილობრივ დონეზე ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენება საშუალებას მისცემთ პროცესმა საერთაშორისო დონეზე გადაინაცვლოს.
„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებით, პარლამენტის სხდომის დანიშვნას ბარიერი ვერ შეექმნება და ის დაგეგმილ ვადაში ჩატარდება.
„მაგრამ თუ მიზანია, რომ შეაფერხოს ახლად არჩეული პარლამენტის შეკრება, უფლებამოსილების ცნობა, ასეთი ნორმა ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ გარკვეული ჩანაწერები, რომელიც გარკვეულ ინდივიდუალურ საკითხებს შეეხება. ნორმა, რომელიც, ზოგადად, პარლამენტის საქმიანობას შეაფერხებს და უფლებამოსილების ცნობის საკითხს, არ არსებობს. საკონსტიტუციო სასამართლოში ასე, დამოუკიდებლად არჩევნები არ საჩივრდება. საჩივრდება კონსტიტუციის და კანონების მიხედვით ნორმა ან ნორმის ნორმატიული შინაარსი და არჩევნები ამ ნორმიდან გამომდინარე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება დაელოდება პრეზიდენტის არგუმენტებს და სარჩელის საფუძვლებს.
„წინასწარ გარანტიას გაძლევთ, რეალურს, ვერაფერს, იმიტომ რომ ისეთი ნორმა, რაც მათ მიზნებს დაემთხვევა, საქართველოს კანონმდებლობაში და ქართულ კონსტიტუციაში არ არსებობს. თვითმიზანი არის ხალხის მოტყუება. თვითმიზანიც ეს არის, მიზანიც და რაღაც მანიპულაციები, რომელიც ქუჩაშია გადატანილი“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ზურაბიშვილის განცხადებები და საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა, ნამდვილად კომიკურია და საღ აზრს არ შეესაბამება. აბაშიძე ამბობს, რომ ის რეალობიდან იმდენად არის გასული, რომ სიბრიყვეების თქმით, ლევან ხაბეიშვილს და გიორგი ვაშაძესაც კი გადაასწრო.
„სირცხვილია, როდესაც ქვეყნის დე ფაქტო პრეზიდენტი საუბორბს იმაზე, რაც ბუნებაში და კანონით არ არსებობს. ასეთი ტერმინიც კი გაჩნდა, რომ ის სასახლობანას თამაშობს. მას უკვე იმხელა ჟინი გაუჩნდა და ტკბობა ამ თანამდებობაზე ყოფნით, რომ მოიგონა ახლა რაღაცა სისულელე, რომ სიტუაცია 26 ოქტომბრის ვითარებას დაუბრუნდეს. ესე იგი თვითონ ისევ რჩება თანამდებობაზე, დროებითი პარლამენტია თუ ხელისუფლებაა დროებითი, ვერავინ ვერაფერი გაიგო. ეს ქალი ისეა საკუთარ ლოგიკაში დაკარგული, რომ იურდიულ ნიუანსებში თავადაც ვეღარ გაიკვლია გზა. სირცხვილია, რომ ის პრეზიდენტია და საზოგადოებაში თავს მორიგ ჯერზე მასხრად იგდებს. არ გამიკვირდება ამის შემდეგ, ზურაბიშვილი მელიქიშვილის ან რუსთაველის გამზირზე შტვენით და ყვირილით ვიხილოთ ან 25 ნოემბერს პარალმენტის კარებთან ბოქლომით მოვიდეს. ეს ქალბატონი უკვე ყველანაირ ადეკვატურ ქმედებებს გასცდა“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, ეს არის მისი მორიგი გაფართხალება, რაც არაფერს ნიშნავს და მას პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის სულ რამდენიმე დღე დარჩა.
„რა სამწუხაროა, რომ კონსტიტუციის დამრღვევმა ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში ფარატინა ქაღალდით და ფსევდო ბრალდებებით სარჩელი შეიტანა, რომელსაც ვეღარც ქვეყნის შიგნით და ვეღარც მის გარეთ ვერავის აჯერებენ. ამიტომ წასვლამდე კიდევ ერთხელ საკუთარი თავი ხალხს მასხრად ააგდებინა. ზურაბიშვილი ოპოზიციას ვერაფრით დაეხმარება, რადგან ხავსს ეჭიდებიან და ცოტახანში წყალიც წაიღებთ. პრეზიდენტი იმეორებს ჯამბაზი და თაღლითი ხაზარაძის უწინდელ რაღაცა დაპირებებს, საუბრობენ რაღაც სახლახო პარლამენტზე. ეს ყველაფერი ხომ სიცილ-ხარხარის გარდა საზოგადოებაში არაფერს აღარ იწვევს. ვურჩევ, როდესაც ზურაბიშვილს ვადა გაუვა, წავიდეს „ლელოს“ ოფისში და რაღაცა პარლამენტის თვითმარქვია თავმჯდომარედ იქ გამოაცხადოს თავი. არანაირი კავშირი სერიოზულ პოლიტიკურ ცხოვრებასთან მას არ აქვს. იმის მაგივრად, რომ ღირსეულად აღიარონ დამარცხება, იგონებენ რაღაცა ქვიშის თამაშს, რომელშიც სახლებს აგებენ და ეს ავანტურისტული გეგმა ქვიშაში იშლება“, - ამბობს აბაშიძე.