„წაბილწეს უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია, ქალაქის ნაწილი დააზიანეს, გამვლელებს აბულინგებენ, რატომ არ დგახართ ჩვენისთანა „ბომჟების“ გვერდითო“

„წაბილწეს უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია, ქალაქის ნაწილი დააზიანეს, გამვლელებს აბულინგებენ, რატომ არ დგახართ ჩვენისთანა „ბომჟების“ გვერდითო“

ოპოზიცია მალე ორღობეებისა და ვიწრო შუკების გადაკეტვას შეეცდება, რადგან დიდ გამზირზებსა და ფართო ქუჩებს ვერ ავსებენ ხალხით. ის ლოკაციაც, რაც მათ აირჩიეს, შემთხვევით შერჩეული არ ყოფილა - ჭავჭავაძის გამზირსა და მელიქიშვილზე სტუდენტობა მოძრაობს და მათი სურვილია, იქნებ, როგორმე ჩაეთვალოთ ეს მოძრავი სტუდენტობა მომიტინგეების რაოდენობაში.

ერთი ქუჩიდან გაგვიშვებენ, მეორეზე გადავალთ, მეორიდან გაგვიშვებენ, მესამეზე გადავალთ, - იმუქრება სოფო ჯაფარიძე.

ხელოვნურად გადაკეტილი გზების გამო საზოგადოება აღშფოთებულია, ვინაიდან გადაადგილება ფერხდება რამდენიმე მიმართულებით - მელიქიშვილის გამზირზე, ვარაზისხევზე, კეკელიძის ქუჩასა და ჭავჭავაძის გამზირზე. ნაგვის ურნებით და სკამებით ჩახერგილი გზები, ექვთიმე თაყაიშვილის ბიუსტის შებღალვა, გამვლელების დაბულინგება - სწორედ ეს არის ოპოზიციის არსენალი და მათი მხრიდან ე.წ. მშვიდობიანი ფორმით გამოხატული პროტესტი.

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე არ მალავს, რომ მმართველ გუნდს უწევს საკუთარი მომხრეების შეკავება, რადგან ადამიანები ეხვეწებიან, მიუშვან ამ ოპოზიციაზე.

თუ ეს მისაღები ფორმაა, ოპოზიციის ლიდერებს გადაშავებულს ვატარებ. ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ადამიანი გვეხვეწება, მივუშვათ, ჩვენს ბევრ მომხრეს დიდი სურვილი აქვს, ამ მატყუარა აგენტებს შავი საღებავი, ან მელანი გადაასხას, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

თსუ-სთან ხელისუფლებამ კარვების აქცია დაშალა და ხელოვნურად გადაკეტილი გზა გაათავისუფლა, ამის მიუხედავად, ოპოზიციამ აქციის გამართვა კვლავაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გააგრძელა.

სადამდე იქნებიან წანწალის რეჟიმში და როდის დაასრულებენ ხელოვნურ წინააღმდეგობას? ხომ არ არის დაპირისპირების საფრთხე მათი აქციებით შეწუხებული ხალხის მხრიდან, რაზეც მამუკა მდინარაძემაც მიანიშნა?!

პოლიტოლოგი, პროფესორი თამარ კიკნაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ოპოზიციის აქციებზე ხალხის რაოდენობა ნამდვილად არ არის ბევრი. ამის მიუხედავად, გზა მაინც გადაკეტილია და აღშფოთებული მოსახლეობა ითხოვს, გზა გაიხსნას, რადგან ბევრი ადამიანი სამსახურშია წასასვლელი, ზოგი - სასწავლო დაწესებულებაში.

კარვების აქცია მილევად რეჟიმშია. ვერ შეაგროვეს ხალხის ის რაოდენობა, რომელიც მათ მხარს უჭერს. ეს აქციები არაპოპულარულია. დღის წესრიგი, რასაც ისინი გვთავაზობენ, საქართველოსთვის აქტუალური არ არის და მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია. შესაბამისად, აქციებიც არ შეიძლება იყოს მრავალრიცხოვანი და შედეგის მომტანი, თუკი პროვოკაციებს არ ექნება ადგილი. ეს არის საფრთხე, რომ პროვოკაცია არ მოაწყონ, - აცხადებს თამარ კიკნაძე და საპროტესტო აქციებში სტუდენტების ნაძალადევ ჩართვას ეხმიანება.

პროფესორის განმარტებით, არავისთვის დაფარული არ არის, რომ ნაციონალური მოძრაობის ბევრი ლიდერი პროფესორ- მასწავლებლადაა უნივერსიტეტში და ისინი ახდენენ გავლენას სტუდენტებზე. ყველამ კარგად იცის, როგორი რიტორიკაც ახასიათებთ მათ. ამდენად, თამარ კიკნაძე, რომელიც უკვე წლებია, როგორც პროფესორი, მუშაობს უმაღლეს სასწავლებელში, ხელისუფლებას კარგა ხანია, მოუწოდებს, რომ სასწრაფოდ გასატარებელია განათლების რეფორმა.

თუ ასე გავაგრძელეთ, ალბათ, მალე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსება მოგვიხდება. ირაკლი კობახიძემ არჩევნებამდე თქვა, რომ განათლება პრიორიტეტულია ამ ხელისუფლებისთვისო და დააანონსა მთელი რიგი ცვლილებები. რაც მალე გაკეთდება ეს, მით უკეთესი, რადგან, ჯერ ერთი, უმაღლეს სასწავლებლებში ცოდნის დონე არ არის დამაკმაყოფილებელი. გარდა ამისა, სასწავლებლებში მიმდინარეობს საქართველოსთვის არასასურველი იდეოლოგიით სოციალიზაციის პროცესი.

თამარ კიკნაძის შეფასებით, უმაღლეს სასწავლებლებში შედის სოფისტური პოლიტიკა, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს რეალობასთან. სასწავლო დაწესებულებები ეს არის ყველაზე უფრო აქტიური სოციალური გავლენის დაწესებულებები, ამიტომ უნდა შემუშავდეს შესაბამისი იდეოლოგია, რომელიც უნდა გავრცელდეს სასწავლებლებში, რათა ქუჩაში გამოსული ახალგაზრდები იმ სოფისტური იდეოლოგიის მსხვერპლნი არ გახდნენ, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებშია გამეფებული. პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაქვს იმის ფუფუნება, გვყავდეს გაუნათლებელი ახალგაზრდობა. რაოდენობა ხარისხში გადადის. ტექნოლოგიური და განათლებაზე ორიენტირებული კონკურენციის პირობებში ეს სფერო სასწრაფოდ მისახედია.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე არ მოელის, რომ რადიკალურ ოპოზიციასთან ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის დაპირისპირება მოხდება იქიდან გამომდინარე, რომ ქართველ ერში არის მაღალი თვითშეგნება, პოლიტიკური პასუხისმგებლობა, კულტურა, განსხვავებით იმ ქუჩის მაწანწალებისგან, რომლებიც დაძრწიან თბილისის ცენტრში, როგორმე სურთ მუხტის აწევა, მაგრამ არაფერი გამოსდით, არც გამოუვათ, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს, არჩევნები ლეგიტიმური და დემოკრატიულია. ის, რომ მათ სათავეში არიან ისეთი ოდიოზური ე.წ. პოლიტიკოსები, როგორიც არის ნიკა გვარამია, ნიკა მელია, გიგი უგულავა, სოფო ჯაფარიძე, ეს სიცილს უფრო იწვევს, ვიდრე გაბრაზებას, რადგან მათი ისტერიკები, ხმამაღლა ყვირილი ყალბია და ცირკის ელემენტებს შეიცავს.

ასეთ არასერიოზულ, არაქარიზმატულ, ურთიერთგამომრიცხავი მესიჯების მქონე ადამიანებს ხალხი არ გაჰყვება. ოპოზიციური მუხტი არ არის, რადგან ხალხი დარწმუნდა, რომ ეს ნეოფაშისტები არა მხოლოდ ქართულ ოცნებასთან დაპირისპირებულნი არიან, არამედ ქართულ საზოგადოებასთან. წარმოიდგინეთ, როგორც წაბილწეს უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია, საკუთარი ქალაქის ნაწილი დააზიანეს, კიდევ უფრო უარესი გააკეთეს, მელიქიშვილის გამზირზე გამვლელებს აბულინგებენ, რატომ არ დგახართ ჩვენისთანა ბომჟების გვერდითო. ასეთ პირობებში ვერანაირი ე.წ. რევოლუცია, მოგონილი სახალხო პარლამენტი ვერ შედგება, ეს ყველაფერი ფარსია. ისინი მაშინ დაოკდებიან, როდესაც ე.წ. ტექნიკური მისია ჩამოვა ბრიუსელიდან და დაავალებს მათ, აიღონ მანდატები, რაც მათ ეკუთვნით. მართალია, პარლამენტში შეუსვლელობის ფიქტიური განცხადება დაწერეს, მაგრამ აჭარის უმაღლეს საბჭოში არც ერთმა ოპოზიციონერმა, ვინც იქ მოხვდა, ასეთი რამ არ გააკეთა. რა გამოდის, აჭარაში ვითომ მიტაცებული არ არის არჩევნები?! აბსურდის დონემდე მივდივართ, - აცხადებს გია აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას.

ამასთან, განმარტავს, რომ ჩვენს ოპოზიციონრებს ჰყავთ სულიერი დედა პოლიტიკოსი - ზურაბიშვილის სახით, რომელიც კომიკურიც აღარაა, საცოდავია ეს ქალი ადამიანურად, ისეთ დონეზე დაეცა, ისეთ ტალახშია, შეუძლებელია მისი გამონათქვამები სერიოზულად შეფასდეს. ასეთი გზა თავისი ნებით აირჩია, ან აგენტოკრატიიდან ჰქონდა მითითება და მანაც არჩია, ასეთ მდაბიო პოლიტიკოსად ქცეულიყო.

გია აბაშიძე ფიქრობს, რომ თანამედროვე ქართული პოლიტიკა აბსურდების თეატრია, რომელიც, რა თქმა უნდა, ეხება ნაცოპოზიციას. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ცალკეული სეგმენტები არ უჭერენ მხარს ქართულ ოცნებას, ხალხი ხედავს, რომ პასუხისმგებლიანია ოცნება, რომ ესენი სერიოზული საქმიანი პოლიტიკოსები არიან და არ არიან ორიენტირებულნი ფაშიზმზე, ბულინგზე, ზიზღსა და ათასგვარ ნეგატივზე.

რაც შეეხება სტუდენტებს, რომელთა სწავლის პროცესისგან ჩამოშორება გამიზნულად ხდება, გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის აქციებში ჩართული სტუდენტების უმეტესობა ნაცაქტივისტია. ეს არაერთი ვიზუალური მასალიდან ირკვევა. ამ სტუდენტების მხრიდან ე.წ. მასობრივი პროტესტები ფარსია, 5- 6 ადამიანი რომ დაჯდება რომელიმე სასწავლებლის კიბეზე, ისინი არ ასახავენ სტუდენტობას.

პირადად გავიარე და დავათვალიერე, რაც ხდებოდა ამ ორი დღის განმავლობაში ჭავჭავაძის გამზირზე. იქ ასობით სტუდენტი დადიოდა დღის განმავლობაში, მოგეხსენებათ, ვაკეში არაერთი უნივერსიტეტია, მაგრამ ამ სტუდენტების მხრიდან რადიკალებთან არანაირი შეყოვნება, რადიკალთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვა არ ყოფილა. ნამდვილი სტუდენტი ორიენტირებულია სწავლაზე და არა ქუჩის მაწანწალობაზე. ამაშიც აგებენ ეს ფუჭი რევოლუციონრები, ისინი საერთოდ არ იცნობენ საზოგადოების განწყობებს. დღიდან დღემდე ეცემა მათი პოპულარობა მათ მიმდევრებშიც კი, თორემ საზოგადოება დიდი ხანია, მათ აიგნორებს, - აღნიშნა გია აბაშიძემ.