ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კარის გაჯახუნება, თუ შეთანხმებული თამაში დონალდ ტრამპთან? რატომ შეცვალა ამერიკამ პოზიცია და უკრაინას რატომ მისცა მათ მიერ მიწოდებული შორი დისტანციის რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება? როგორი იქნება კრემლის პასუხი და გაართულებს თუ არა ეს ომის დასრულებას თუ პირიქით, რუსეთს აიძულებს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.
The New York Times-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას, აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი დისტანციის რაკეტების რუსეთის სიღრმეში გამოყენების უფლება მისცა. გამოცემა ოფიციალურ პირებს ეყრდნობა.
The New York Times-ის ცნობით, გრძელი რადიუსის იარაღი, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება რუსეთის და ჩრდილოეთი კორეის სამხედროების წინააღმდეგ, კურსკის ოლქში უკრაინის ძალების დაცვის მიზნით. ამასთან, კიდევ ერთი გავლენიანი გამოცემა „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პირველი იერიში რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სავარაუდოდ, განხორციელდება ATACMS-ის რაკეტებით, რომელთა მოქმედების რადიუსიც 306 კილომეტრამდეა.
საერთაშორისო მედიის ცნობით, ვაშინგტონის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილება რუსეთის ძალებში ჩრდილოეთ კორეის სახმელეთო ჯარების განლაგების პასუხია. ასევე, დასავლური მედიის ინფორმაციით, უკრაინას დიდი რადიუსის მქონე რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენების ნება დართო საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არც უარყოფს და არც ადასტურებს მედიით გავრცელებულ ცნობებს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მისცა მისგან მიღებული რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების უფლება, რასაც კიევი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა.
მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ზელენსკი გასულ ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, დარტყმა სიტყვებით არ ხდება.
„ასეთ რამეს არ აანონსებენ. რაკეტები თავის სიტყვას თავად იტყვიან, აუცილებლად“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
აშშ-ის ზოგიერთი ოფიციალური პირი სკეპტიციზმით ეკიდება შესაძლებლობას, რომ გრძელი რადიუსის დარტყმები შეცვლის ომის ზოგად ტრაექტორიას, თუმცა ეს გადაწყვეტილება შესაძლოა უკრაინას დაეხმაროს მოცემულ მომენტში, როცა რუსეთის ძალები ბრძოლაში წინ მიიწევენ. ამასთან, ამ გადაწყვეტილებით შეიძლება კიევი უფრო ძლიერ პოზიციებზე აღმოჩნდეს, თუკი დაიწყება მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.
უცნობია, შეცვლის თუ არა ტრამპი ბაიდენის გადაწყვეტილებას გაპრეზიდენტების შემდეგ. ტრამპი აკრიტიკებდა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული ფინანსური და სამხედრო დახმარების მოცულობას და აცხადებდა, რომ ამ ომს სწრაფად დაასრულებდა, თუმცა როგორ - არ აუხსნია.
ტრამპის გუნდს გავრცელებულ ცნობებზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა ერთ-ერთმა მრჩეველმა ეს ნაბიჯი პლატფორმა X-ზე გააკრიტიკა.
„მიმდინარეობს ომების ესკალაცია, სანამ იგი ოფისს დატოვებდეს“, - წერს რიჩარდ გრენელი.
დასავლეთის მიერ მიწოდებული გრძელი რადიუსის იარაღის გამოყენების საკითხი კიევის მოკავშირეებში უთანხმოებას იწვევდა - ზოგი სახელმწიფო შიშობს, რომ ამას, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან მოჰყვეს პასუხი და უფრო ფართო ევროპულ ომში გადაიზარდოს.
რუსეთი წარსულში გამოდიოდა გაფრთხილებით, რომ უკრაინისთვის შეზღუდვების შემსუბუქება აშშ-ის იარაღის გამოყენებაზე მისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი ესკალაციის ნიშანი.
რუსეთის ფედერაციაში ამ გადაწყვეტილებას უკვე გამოახმაურნენ და „უპრეცედენტო ნაბიჯი“ უწოდეს. ოკუპანტ ქვეყანაში აცხადებენ, რომ ეს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი იქნება. საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ვლადიმერ ჯაბაროვის თქმით, მოსკოვი აშშ-ს ამ ნაბიჯს „დაუყოვნებლივ უპასუხებს“.
ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი მესამე მსოფლიო ომის დასაწყებად და ამერიკელები ამას გააკეთებენ წასული მოხუცის ხელით, რომელიც ორ თვეში საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებელი აღარ იქნება“, - განაცხადა ჯაბაროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ კი განაცხადა, რომ კრემლის მმართველმა პუტინმა ამ თემაზე სექტემბერში ისაუბრა: „რუსეთის ტერიტორიაზე შორი მოქმედების რაკეტებით დარტყმის ნებართვა ნიშნავს ნატოს „პირდაპირ მონაწილეობას“ ომში“.
ბაიდენის გადაწყვეტილებას, რომლითაც უკრაინას აშშ-ის იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენების შეზღუდვა მოუხსნა, კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვიც გამოეხმაურა და „თვისებრივად დაძაბულობის ახალი ფაზა“ უწოდა. პესკოვის კომენტარს რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემა TACC ავრცელებს: „თუ ასეთი გადაწყვეტილება ნამდვილად ჩამოყალიბდა და ეცნობა კიევის რეჟიმს, ეს თვისებრივად დაძაბულობის ახალი ფაზა და ახალი სიტუაციაა აშშ-ს მიერ ამ კონფლიქტში ჩართვის თვალსაზრისით“.
ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ „ვაშინგტონის ადმინისტრაცია, რომელიც მალე ჩანაცვლდება, მიზნად ისახავს, ამგვარი ნაბიჯები გადადგას, რათა ცეცხლზე ნავთის დასხმა გააგრძელოს და ამ კონფლიქტის გარშემო არსებული დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია მოახდინოს.
ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ მართალია, ჯერჯერობით, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ისეთი გამომცემლობა ავრცელებს ამის შესახებ ინფორმაციას, რომ ეს შესაძლოა, სიმართლეს შეესაბამებოდეს. თუმცა, მისი თქმით, ამ ინფორმაციის მედიით გავრცელება არ უნდა ხდებოდეს, რადგან ის მოულოდნელობის ეფექტს კარგავს, ეს კი რუსეთს მოქმედების და რეაგირების საშუალებას აძლევს.
„თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, ვფიქრობ, რუსეთს ამ შემთხვევაში არ ექნება ის კომფორტი, რაც ახლა აქვს და საკმაოდ სერიოზული პორბლემები შესაძლოა სიღრმეში შეექმნას. ATACMS-ის რაკეტები გაშვება „ჰაიმარსის“ დანადგარიდან ვერ მოხდება. ფრონტის ხაზიდან ან საზღვრიდან მისი გამოყენება გამორიცხულია. ამიტომ მაქსიმუმ, შესაძლოა, მათ გასროლის შემთხვევაში 240 კილომეტრს მიაღწიონ. მისი აღმოჩენა რუსებმა ვერ უნდა შეძლონ, ამიტომ მას ფრონტის ხაზთან ვერც ახლოს დადგამენ და ვერც შუაში განათავსებენ. ამ რადიუსში კი რუსებს აქვთ რამდენიმე აეროდრომი, რომელსაც პლანირებისა და კორექტირებისთვის იყენებენ. ისინი ამით საავიაციო ბომბებს უშვებენ, უკრაინის ქალაქებისა და თავდაცვითი ზღუდეების მისამართით.
რუსებმა იცოდნენ რა ეს საფრთხე და ყველამ ვიცოდით, რომ ზელენსკი ამის უფლებას უკვე ამერიკას და სხვა დასავლელ ქვეყნებს სთხოვდა, ამიტომ მათ ბომდამშენების დიდი ნაწილის გადაყვანა მოასწრეს სათადარიგო საფრენ აეროდრომებზე. ისინი კი 300 კილომეტრიან რადიუსში აღარ ხვდებიან. თუმცა მიუხედავად ამისა, რჩება ძალინ ბევრი ნაციონალური სამხედრო ობიექტი, რომლის გატანას რუსებიც ვერ შეძლებენ. ამიტომ უკრაინას მაინც ექნება შესაძლებლობა, რომ ისინი დააზიანოს“, - ამბობს ალადაშვილი.
მისივე თქმით, აქ ასევე არის ორი ფაქტორი, რის გამოც ამ ომში ეს გარემოება გარდატეხას ვერ მოახერხებს.
„ერთი, ამ 300 კილომეტრიანი ბალისტიკური რაკეტების რაოდენობა უკრაინელებს არა აქვთ იმ დოზით, რომ მათ მისი გამოყენება მასიურად დაიწყონ. ალბათ, სულ რაღაც ათეული ერთეული აქვთ, მეტი არა. ის ძალიან ძვირი ღირს და მისი ასე ყველგან გამოყენება შეუძლებელია. გარდა ამისა, პირველ ეტაპზე, აქ საუბარი კურსკის ოლქზე გამოყენებაზეა და ისიც ჩრდილო კორეელი სამხედრო კონტიგენტის წინააღმდეგ უნდა გამოიყენონ. ამიტომ უკრაინელები მას ფრონტის ხაზზე საბრძოლო მოქმედებების დროს ვერ გამოიყენებენ“, - ამბობს ალადაშვილი.
რაც შეეხება იმ ვერსიას, შესაძლოა თუ არა ბაიდენს ტრამპთან თეთრ სახლში ეს შეეთანხმებინა, ალადაშვილი არც ამას გამორიცხავს.
„გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპი ძალიან კრიტიკულად იყო წინასაარჩევნოდ განწყობილი ბაიდენის ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, მისი რეაქცია ამ საკითხზე საერთოდ არ არის ცნობილი. ორი დღე გავიდა ლამის ამ ინფორმაციის გავრცელებიდან და ტრამპი დუმს. მართალია მისმა მრჩეველმა რაღაც დაწერა, მაგრამ ტრამპის სიჩუმე საეჭვოდ გამოიყურება. გამოდის, რომ რაღაცა შეთანხმება იყო და ეს ლოგიკურია“,-ამბობს ჟურნალ „არსენალის“ რედაქტორი“
რაც შეეხება რუსეთის რეაქციას, ალადაშვილი მიიჩნევს, რომ პუტინის პროგნოზირება რთულია. ასევე ისიც ფაქტია, რომ პუტინის ბირთვული შანტაჟის დასავლეთს ეშინია.
„პუტინის მუქარამ ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე ომის დროს კრემლის სასარგებლოდ უკვე ითამაშა, როცა უკრაინის არმიამ ხარკოვის მიმართულებაზე წარმატებული ოპერაცია ჩაატარა. გაათავისუფლეს ხერსონი, სწორედ მაშინ პუტინის მუქარამ ბირთვულ შანტაჟთან დაკავშირებით გავლენა მოახდინა დასავლეთზე და უკრაინას დახმარება შეუჩერა. ფაქტობრივად, ეს წარმატებული კონტრიერიში მაშინ დასავლეთმა შეაჩერა. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებით რაღაცა დაიძაბება, რადგან ახლა მთელი უპირატესობა ფრონტის ხაზზე რუსეთს აქვს. ამიტომ ვფიქრობ, რაღაცა უნდა შეიცვალოს, რადგან წინ წასული პუტინის შეჩერება, მხოლოდ ძალას შეუძლია. სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილებაც სწორედ ამ მიზნით იქნა მიღებული. პუტინი უნდა მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას, ოღონდ ძალიან მომგებიანი პოზიციით არა“, - ამბობს ალადაშვილი.