ორჯონიკიძეების ღალატის ანატომია

ორჯონიკიძეების ღალატის ანატომია

წერილი, რომელიც საქართველოდან ევროპარლამენტში გაიგზავნა, კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად აუცილებელია სისხლის სამართლის კოდექსში ამოქმედდეს სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გააუქმა. სწორედ, ღალატის მუხლით კვალიფიცირდება „ნაციონალური მოძრაობის“, „ახალის“, „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის საიდუმლოდ გაგზავნილი წერილი, სადაც 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას ითხოვენ.

ქართული რადიკალური ოპოზიციის წევრები მოუწოდებენ ევროკავშირს შემდეგი 30 დღის განმავლობაში დააინიციროს სპეციალური მისია, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში თითქოს-და შიდა და გარე ჩარევებს შეისწავლის. რადიკალები აგრეთვე ითხოვენ, რომ ევროკავშირმა მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, არ ჩაატაროს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა და ნათლად განუცხადოს, რომ საკანონმდებლო ორგანოს არ ექნება ლეგიტიმაცია.

ასევე, სთხოვენ ევროკავშირს, მან ნათლად განაცხადოს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია მთავრობის მიერ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამო. ოთხი პარტია ასევე ითხოვს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობა შეაჩეროს. მათ შორის, გადადოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირებული საბჭოს შეხვედრები, შეაჩეროს ყველა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, გაყინოს ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმები მანამ, სანამ ისინი არ დათანხმდებიან საერთაშორისო გამოძიებას.

ოპოზიციონერები სთხოვენ ევროკავშირს, რომ მან დაახლოებით 120 მილიონი ევროს ოდენობის ყოველწლიური ფინანსური დახმარების გამოყოფა საქართველოსთვის შეაჩეროს სანამ არჩევნების გამოძიების შედეგები არ იქნება ცნობილი და ბრიუსელს სთავაზობენ, რომ ეს თანხები გადანაწილდეს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიაზე, შეიქმნას სამოქალაქო ორგანიზაციების პირდაპირი დაფინანსების მექანიზმი, აგრეთვე სპეციალური ფონდი დამოუკიდებელი მედიისთვის, რომელიც ზეწოლას განიცდის.

საიდუმლო წერილის გაგზავნა დროში დაემთხვა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებზე მსჯელობას. ცხადია არ დააყოვნა მასწავლებლის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელის რეაქციამ და აღნიშნა, რომ 100 მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს საქართველოს ხელისუფლებისკენ, მოხმარდება სამოქალაქო ორგანიზაციებს. მისი თქმით, ევროკავშირი პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერას შეაჩერებს, თუმცა ევროკავშირის მხრიდან ქართველი ხალხის ბრძოლა სამართლიანი არჩევნებისთვის მხარდაჭერილი იქნება.

„კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული. ჩემი შეთავაზებაა, რომ შეჩერდეს პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა, რომელიც ხელისუფლებისკენ მიედინება. ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ, მოხმარდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.

ანუ ჩვენ ავიღებთ ამ ფულს, 100 მილიონზე მეტს და მივცემთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მათი მხარდაჭერის მიზნით სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლაში. მიერთების პროცესი შეჩერებულია იქამდე, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ დაუბრუნდება პირვანდელ გზას და პირვანდელ გზასთან დაბრუნებისას ბევრი რამ უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

პრაქტიკულად, რადიკალების ევროპელმა ლიდერმა დააანონსა, რომ ისინი მოქმედებაზე გადადიან და საქართველოში აფინანსებენ სახელმწიფო გადატრიალებას. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ოთხი პარტია, რომელიც ევროკავშირს სთხოვს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, არამედ ამ შემთხვევაში ბრიუსელს.

„დღეს ამ ოთხმა პარტიამ, სინამდვილეში ერთმა პოლიტიკურმა ძალამ მიმართა ევროკავშირს კონკრეტული მოთხოვნებით და მე მინდა ჩამოვთვალო ეს ძირითადი მოთხოვნები - მათ მოითხოვეს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, მათ მოითხოვეს, კომუნიკაციის შეწყვეტა ევროკავშირსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის, ხელისუფლებას შორის, მათ მოითხოვეს 120-მილიონიანი დაფინანსების შეჩერება და ასევე, მოითხოვეს, რომ ეს თანხა მიემართოს აგენტურის გაძლიერებისკენ ჩვენს ქვეყანაში.

ეს არის მთავარი მოთხოვნები, რომლითაც მიმართა რადიკალურმა ოპოზიციამ ბრიუსელს. თქვენ გახსოვთ საუკუნის წინ ცნობილი გზავნილი, რომელიც სერგო ორჯონიკიძემ გაუგზავნა მოსკოვს - ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, არამედ ამ შემთხვევაში ბრიუსელს. ისინი ყოველდღიურად ავლენენ საკუთარ სახეს, რაც არის ძალიან კარგი, ამას ხედავს საზოგადოება და მე ვფიქრობ, რომ ის 785 ათასი ადამიანიც, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ რადიკალურ ძალებს, გადააფასებს საკუთარ არჩევანს და საბოლოო ჯამში, ისინი დაუბრუნდებიან იმ პოზიციას, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით რადიკალების მცდელობა არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა და სწორედ ამით აიხსენება წერილი, რომელიც საქართველოდან გაიგზავნა.

„მერამდენედ შეწყვიტეს ეს დაფინანსება? უკვე მესამედ აცხადებენ ამას, გავიგეთ! მიუხედავად ამ მუქარებისა, ჩვენ ყოველთვის გავატარებთ ქვეყნისა და ხალხის ინტერესს. ოპოზიცია ჩვეულებრივ მავნებლობას აგრძელებს. წერილი ფარულად გაგზავნეს, თუმცა, ჩვენ მოგვაწოდეს შინაარსი, რომელსაც ოთხი რადიკალური პარტია აწერს ხელს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, როგორმე სახელმწიფო და ხალხი დააზიანონ.

გვახსოვს მსგავსი არაერთი ქმედება მათი მხრიდან, თუნდაც ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის შეჩერებას რომ ცდილობდნენ, ასევე, იმავეს აკეთებდნენ კანდიდატის სტატუსზე, ასოცირების ხელშეკრულებაზე. ისინი არიან ჩვეულებრივი მოღალატეები. აგენტურას რა უნდა მოსთხოვო? ეს ადამიანები ემსახურებიან გარე ძალებს და მათ ინტერესებს. იმ განცხადებიდან გამომდინარე, მათი მთავარი მცდელობაა, მოაწყონ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და არეულობა. ყველა მინდა დავარწმუნო, რომ ჩვენ გვექნება მშვიდობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რადიკალური ოპოზიცია ადასტურებს წერილის შინაარსს. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, წერილში წერია ის, რაზეც ოპოზიცია საუბრობს დღის განმავლობაში 30-ჯერ. მელიას წერილის შინაარსი უხერხულობას არ უქმნის და ის აკვირვებს, რატომ ცდილობს „ქართული ოცნება“ დღის წესრიგის შექმნას ამ ყბადაღებული საკითხით.

„ღიმილის მომგვრელია, როდესაც საუბრობთ, თითქოს, ეს იყო საიდუმლო წერილი, არადა სინამდვილეში, 6 დღის განმავლობაში, ამ წერილთან დაკავშირებით საუბრობს ოპოზიცია, რომლის ფარგლებშიც ითხოვს ზეწოლას ივანიშვილის რეჟიმზე, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიების მოთხოვნას და ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერის გაძლიერებას. რატომ გაიკვირვა კალაძემ, ივანიშვილმა, კობახიძემ, „ქართულმა ოცნებამ“?! წერილში წერია ის, რასაც ვსაუბრობთ და არაფერი განსხვავებული არ წერია“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

რადიკალური ოპოზიციის მავნებლობაზე საუბრობს პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე, რომელის განცხადებით, წერილი, რომელიც ევროკავშირში გაიგზავნა, სინამდვილეში რადიკალური ოპოზიციის წევრებს არ მიუწერიათ ჯოზეფ ბორელისთვის, რომელმაც რეალურად არც იცის, ვინ არის გვრამია და ხაზარაძე. პოლიტოლოგის განცხადებით, რა თქმა უნდა, აქ ჩართულია სპეცსამსახურები, რომლებიც ლობირებენ იმას, რა გააკეთონ და როგორ მოახდინონ აქ ქვეყანაში დესტაბილიზაცია.

„დესტაბილიზაციას ვერ აკეთებენ, რადგან ხალხის დიდი ნაწილი ბრძენია და ხვდება, რომ სასიკვდილო საფრთხეს შეიცავს ეს დესტაბილიზაცია. ქვეყანა სასიკვდილო საფრთხის წინაშე დგას. ქვეყნის დესტაბილიზაცია ნიშნავს, დიდი ალბათობით, საქართველოს გაქრობას პოლიტიკური რუკიდან იმ ფორმითაც, რომელშიც ახლა ვართ, არათუ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზეა ლაპარაკი.

ამის გარდა, ამ კონეტექსტში გასათვალისწინებელია აფხაზეთში და ცხინვალში დაწყებული პროცესები. ყოველთვის, როგორც კი იწყებოდა რაიმე ფორმით ამ კონფლიქტის მოგვარების პროცესი, მომენტალურად, იმ ტერიტორიებზე იწყებოდა პოლიტიკური კრიზისი, როგორც ახლა არის აფხაზეთში. ხომ გასაგებია ვინ დგას ამის უკან. სინქრონულად რომ მიმდინარეობს პროცესები, ესეც ხომ ცხადია. მართალია პირდაპირი კავშირები შეიძლება ვერ დაინახოს ვინმემ, მაგრამ მე გუბნებით, რომ პირდაპირ კავშირშია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.

პოლიტოლოგის განცხადებით, 2003 წლისგან განსხვავებით, ევროკავშირმა დაადასტურა, რომ აფინანსებს საქართველოში რევოლუციას. ახლა აუცილებელია რადიკალებს არ მიეცეთ პარლამენტის სხდომის ჩაშლის საშუალება და ამისთვის საჭიროა, რომ მოსახლეობა გამოვიდეს.

„აგენტები უხვად ჰყავთ, აგერ არიან ვაკეში. რა უნდა ქნას ხელისუფლებამ როცა ევროკავშირი ღიად გეუბნება, რომ მე ვაფინანსებ 100 მლნ დოლარით ოპოზიციას, ვაფინანსებ რევოლუციას... მეტი რაღა უნდა თქვან. ამბობენ, რომ გვარამია უნდა მოვიყვანო ხელისუფლებაშიო. ვისაც გვარამია, ხაზარაძე, ელისაშვილი, დოლიძე და ეს არაადაკვატური ადამიანები, ეს აგენტურა უნდა ხელისუფლებაში და ჰგონიათ, რომ იმიტომ უჭერენ ამათ მხარს, რომ ევროპას გულითადი სურვილი აქვს, რომ ჩვენ ავყვავდეთ, ეს არის კლინიკა. არაერთხელ მითქვამს, რომ უდიდესი დანაშაული იყო ასათიანის კლინიკის დანგრევა. არაერთხელ მითქვამს, რომ ეს ხალხი აქციიდან პირდაპირ იქ უნდა მოათავსო კლინიკაში და არ გინდა ახლა ამათი ხონში წაყვანა? ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ხარჯებთან.

ხელიუფლება უცანურად იქცევა, პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან ისინი, ვინც სახელმწიფოს ანჯღრევს. კალანდარიშვილს რომ შეასხა მელანი, ის უნდა იჯდეს წინასწარი დაკავების იზოლატორიში. არ უნდა მიიღონ გირაო და შეუფარდონ პატიმრობა! მისი ცოლიც გაძევებული უნდა იქნას სამსახურიდან, ვიცით, რომ ცესკოში მუშაობს. დაანებონ თავი ამ დემოკრატიულობის თამაშს, სანამ ქვეყანა არ დაგვემხო თავზე.

როგორც შევარდნაძეს ეუბნებოდნენ თავის დროზე, რომ იმოქმედე და დროზე აღკვეთე ეს ძალადობაო და ის კიდევ ვიღაცეებს ეკითხებოდა, რა მოგვივაო და ამასობაში დაგვამხეს თავზე, დავკარგეთ ტერიტორიები და დაგვეღუპა უამრავი ადამიანი. ახლაც იგივე სიტუაცია არის, მაგრამ მაშინ არავის უთქვამს 100 მილიონს გაძლევთ, რომ გადაატრიალოთ ხელისუფლებაო, არავის უთქვამს, რომ არჩევნები ტოტოალურად გაყალბდაო. შავზე გვეუბნებიან თეთრიაო ეს აღქმოიდები, ეს აღქმოიდ-პოლიტიკური-სკუნსები, აამყრალეს ქვეყანა!“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.