ვინ მიანიჭა ლეგიტიმაცია ოპოზიციას, მიხაილ როთმა?!

ვინ მიანიჭა ლეგიტიმაცია ოპოზიციას, მიხაილ როთმა?!

გარედან ვერავინ დაგვინიშნავს ხელისუფლებას, ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა და ამას ვისმენთ უკვე ძალიან დიდი ხანია. ვიღაცებს ჰგონიათ, რომ საქართველო არის მათი კოლონია და თვითონ თურმე იქ, ბრიუსელში ან სადღაც, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, ისე უნდა იყოს,-აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

გარედან დანიშნულ ხელისუფლებას რაც შეეხება, ოპოზიცია სწორედ ამას ცდილობს, რომ ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა კი არა, უცხოეთმა მიანიჭოს. როგორც ჩანს, ოპოზიციას დავით ულუსა და დავით ნარინის პერიოდი მოენატრა, როცა მონღოლებმა ორხელისუფლებიანობა გამოაცხადეს საქართველოში და სამეფო ტახტზე თანაბარი უფლებებით ერთდროულად ორი მეფე დასვეს. თუმცა ორხელისუფლებიანობა იმთავითვე მკვდრადშობილი აღმოჩნდა, რადგან მონღოლებისგან განდგომილი არც დავით ნარინი და არც დავით ულუ აღარ აპირებდნენ დამპყრობლის შეურაცხმყოფელი მითითებით ცხოვრებას.

იმის მიუხედავად, რომ ამომრჩეველმა ქართულ ოცნებაზე შეაჩერა არჩევანი, ოპოზიცია მაინც გარე ძალების დახმარებით ებღაუჭება ძალაუფლებას. მათ ერთი მეორის მიყოლებით მასობრივად დაემართათ ამნეზია, რადგან დაიჯერეს, რომ ხელისუფლებას თავად წარმოადგენენ და გეგმებს სახავენ, როგორ უნდა გააგრძელონ ურთიერთობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ უცხოელ პარტნიორებთან.

ოპოზიცია ამტკიცებს, ჩვენ ვართ ხელისუფლება, ხოლო ქართული ოცნება თვითმარქვიააო. თუმცა ღიად ტოვებენ კითხვას, თუკი თავად ხელისუფლებას წარმოადგენენ, ლეგიტიმაცია ვინ მიანიჭა - ქართველმა ხალხმა, თუ კოლექტიურმა მიხაილ როთმა?!

ერთ-ერთი თვითდარწმუნებული, რომელმაც წარმოისახა, რომ უკვე ხელისუფლების სათავეშია, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ვაშაძეა. მსგავს მეოცნებეობაში ის არაერთხელაა შემჩნეული, მათ შორის, მაშინაც, როცა ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატად მიაჩნდა თავი. დღესაც გიორგი ვაშაძე თავგამოდებით ამტკიცებს, ხელისუფლება ვართ ჩვენ, უნდა ვიმსჯელოთ, როგორ გავაგრძელოთ მოქმედება, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფლებამ.

ისტერია გადამდებია და ხაზარაძის თანაპარტიელმა ანა დოლიძემაც დაიჯერა, რომ თავად არის ხელისუფლებაში. საქართველოს პარლამენტი ვართ ჩვენ, - აცხადებს ანა დოლიძე და მამუკა ხაზარაძესთან ერთად უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე.

თავის მხრივ, ძლიერი საქართველოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სიების ჩახსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მანდატებზე უარის თქმის გადაწყვეტილებით გამოვიდა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებებისთვის. ამასთან, ხაზარაძემ ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა, მანდატების გაუქმების პროცედურა ერთმანეთთან შეთანხმებულად ერთსა და იმავე დღეს დაიწყონ და მეტი საჯაროობისთვის ეს პოლიტიკური აქტი პრეზიდენტთან შეთანხმებით განახორციელონ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ჩვენი ოპოზიცია ყურადღების მიპყრობას ცდილობს გრანტის გამცემთა თვალში.

მე მაინც მგონია, რომ ჩვენი ოპოზიცია ამ საპროტესტო კლიმატითა და მიხაილ როთების დემონსტრაციული სიყვარულით მათი ყურადღების მიქცევას ცდილობს, ვინც შეიძლება მათ გრანტები მისცეს, დაფინანსება მისცეს და მხარდაჭერა აღმოუჩინოს. ეგენი შეეჩვივნენ ასე ცხოვრებას, ამის კარგი მაგალითია ეკა გიგაური, მიუხედავად იმისა, რომ თავად ირწმუნება, პოლიტიკოსი არ ვარო, სენატში სწორედ გიგაური დაიბარეს და მოუსმინეს, ანუ დასავლეთის ყველაზე ძლიერი ქვეყნის უმაღლეს ორგანოში საქართველოს ხელისუფლების ნაცვლად, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს უსმენდნენ იმის თაობაზე, თუ რა ხდებოდა საქართველოში. ეს ოპოზიციაც შეეჩვია ამას და არასამთავრობო სექტორიც, რომ დასავლეთი მათთან იჭერს საქმეს, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე და, შეკითხვის საპასუხოდ, ორხელისუფლებიანობას ძალით გვახვევს თუ არა თავს დასავლეთი, განმარტავს, რომ ძნელი სათქმელია, რადგან დასავლეთს ახლა ისე არეული აქვს შიდა პოლიტიკური სამზარეულო, იმდენად ბუნდოვანია, რომ თვითონვე არ იციან, როგორი იქნება მათი მომავალი.

რამაზ საყვარელიძის აზრით, ძნელი წარმოსადგენია, დასავლეთი რამეს სთავაზობდეს ჩვენს ოპოზიციას და რაიმე გეგმა ჰქონდეს საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ ჩვენი ოპოზიციონრები ჯერ კიდევ განვლილ პერიოდში, მით უმეტეს, ბაიდენის ხელისუფლებაში ყოფნისას და უფრო ადრეც შეეჩვივნენ, რომ უცხოეთი მათთან იჭერდა საქმეს, ამდენად, ჩვეულება რჯულზე უმჯობესიაო, ამ პრინციპით ცხოვრობენ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია და მათი ზოგიერთი ექსპერტი მიჰყვება პრინციპს, ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ, თითქოს ჩვენ ვართ არჩეული ხელისუფლებაო, მაგრამ ორხელისუფლებიანობა მათ ნამდვილად არ გამოუვათ.

დავით ნარინი და დავით ულუ იყვნენ კაცები, ესენი კი არიან ბლაყვები. რა თქმა უნდა, ლეგიტიმაცია მათ მიხაილ როთმა მიანიჭა და, ასევე, ლეგიტიმაცია მიანიჭა როთის მიერ ჩამოყვანილმა რვა მისნაირმა ადამიანმა. ამათი მიმრქმელი კი იყო ალეკო ელისაშვილი. ორხელისუფლებიანობა დავით ულუს და დავით ნარინის დროს ნაძალადევად მაინც იყო, ახლა კი ეს არ გამოვა. მათი ორხელისუფლებიანობა არსად არ გაიშვას, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ for.ge-სთან საუბრისას.