მავნე პროდუქტისა და საწარმოების სკანდალური სია

მავნე პროდუქტისა და საწარმოების სკანდალური სია

„საირმეს’‘ მინერალურ წყალში ბევრი დარიშხანია, ,,ნიკორას’‘ რძიანი სოსისი, ,,ბესტ ფუდის’‘ ,,ოლივიე’‘, ,,ვეჯინის’‘ სალათი ქათმის ხორცით ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია...

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი სურსათის ეროვნული სააგენტოს კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც მავნე პროდუქტსა და იმ საწარმოებს ეხება, სადაც სურსათის უვნებლობის მოთხოვნები სრულიად უგულებელყოფილია. საწარმოებს შორის შპს ,,იოლი გასტრონომია’‘, ,,ნიკორა’‘, რამდენიმე სუპერმარკეტი და აგრარული ბაზარი მოხვდა. რაც შეეხება მავნე პროდუქტს, კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ თევზისა და ხორცის მზა პროდუქტი, სხვადასხვა სალათები, სენდვიჩები და სასმელი წყალიც კი დაბინძურებულია, არ შეესაბამება ევროკავშირის მოთხოვნებს და ჯანმრთელობისთვის საზიანოა! ,,ვერსია’‘ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს კვლევის შედეგებს აქვეყნებს.    
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა, სურსათის ეროვნული სააგენტოდან 2013 წლის განმავლობაში, სააგენტოს მიერ განხორციელებული სურსათის ბაზრის კონტროლის შედეგები გამოითხოვა, მათ შორის იმ პროდუქტის სია, რომლებიც უვნებლობის მოთხოვნებთან შეუთავსებელია და იმ საწარმოების მონაცემები, რომლებმაც უვნებლობის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო, მთლიანად, ან ნაწილობრივ შეაჩერეს მუშაობა და ,,კრიტიკული შეუსაბამობა’‘ აღმოჩნდა.

ფონდმა გამოითხოვა ინფორმაცია ევროკავშირის სურსათისა და ცხოველთა საკვების სწრაფი განგაშის სისტემა ღAშFF-ის საშუალებით გამოვლენილი ქართული წარმოების მავნე სურსათის შესახებ, რაც ევროკავშირის ქვეყნებში საექსპორტოდ იყო განკუთვნილი. სურსათის 95 ნიმუში არ აკმაყოფილებდა უვნებლობის მოთხოვნებს. დარღვევების უმრავლესობა მოდის სასმელ წყალზე, მზა კერძებზე, კულინარიულ ნაწარმსა და ცხოველური წარმოშობის სურსათზე. კრიტიკული შეუსაბამობა აღმოჩნდა 10 საწარმოში, რომელთა შორისაა საზოგადოებრივი კვების ობიექტები, მარკეტები, აგრარული ბაზრები და ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი საწარმოები. ევროკავშირის სურსათისა და ცხოველთა საკვების სწრაფი განგაშის სისტემა ღAშFF-ის საშუალებით, 2013 წლის 12 აგვისტოს მონაცემებით, მავნე სურსათთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი შეტყობინება დაფიქსირდა, რომელიც ქართულ წარმოებას ეხება. კერძოდ, შპს „საირმე მინერალ ვოთერსის’‘ მიერ გამოშვებულ მინერალურ წყალში, დასაშვებზე მაღალი დოზით დარიშხანი აღმოჩნდა. სურსათის ეროვნული სააგენტო, პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას მის მიერ გამოვლენილი დარღვევების შესახებ, მაგრამ ეს მონაცემები სრულყოფილი არ არის. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი თავად ავრცელებს ინფორმაციას, რომელსაც ,,ვერსია’‘ გთავაზობთ.  ჯერ იმ საწარმოების სიას გადავხედოთ, სადაც შემოწმების შედეგად, ,,კრიტიკული შეუსაბამობა’‘ აღმოჩნდა. ამ საწარმოებს შორისაა, შპს ,,ვეჯინი 50’‘ _ მარკეტი, მზა კერძები, შპს ,,ბესტ ფუდი’‘ _ მზა კერძები, შპს ,,მაფ ჰიპერმარკეტს ჯორჯია’‘ _ მარკეტი, შპს ,,ფერმერის ნობათი 2012’‘ _ მარკეტი, ი/მ ,,ამირან მანჩხაშვილი’‘ _ საზოგადოებრივი კვება, ი/მ ,,ნოვრუზ ხალილოვი’‘ _ მარკეტი ქალაქ რუსთავში, შპს ,,ეკომეტალი’‘ _ ზესტაფონის აგრარული ბაზარი, შპს ,,საქართველო-ისრაელის პროექტების მენეჯმენტი’‘ _ გორის აგრარული ბაზარი, შპს ,,ბაბილონი’‘ _ თევზისა და თევზპროდუქტის წარმოება, შპს ,,XXI + ერისთავი’‘ _ ხორცისა და ხორცპროდუქტის წარმოება. რაც შეეხება მავნე პროდუქტს, სურსათის ეროვნული სააგენტოს შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ს/ს ,,ნიკორას’‘ რძიანი სოსისი, შპს ,,ბესტ ფუდის’‘ სალათი ,,ოლივიე’‘, შპს ,,ვეჯინის’‘ სალათი ქათმის ხორცით ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია და სტანდარტებს არ შეესაბამება. არადა, ეს პროდუქტი თავისუფლად იყიდება იმ საწარმოებში, რომლებიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა. მავნე პროდუქტს შორის აღმოჩნდა საშაურმე, რომელიც ჯავახეთისა და აეროდრომის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს და ი/მ ,,ლია ბადაგაძეს’‘ ეკუთვნის. სტანდარტებს არ შეესაბამება და ჯანმრთელობისთვის საშიშია შპს ,,ფერმერის ნობათი 2012’‘-ის გაუყინავი ხინკალი, სენდვიჩი, რომელიც შპს ,,იოლი გასტრონომიაში’‘ იყიდება და ს/ს ,,სმარტ ტრეიდის’‘ ხორციანი პელმენი.  ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ვრცელ კვლევაში, მავნე პროდუქტის სიაში მოხვდა სასმელი წყალიც, რომელიც გორში, ბათუმში, გონიოში, ხელვაჩაურისა და ქედის რაიონებში ნაწილდება. სასმელი წყალი დაბინძურებულია და სტანდარტებს არ შეესაბამება მცხეთაში, დაბა თიანეთსა და საგარეჯოს რაიონებშიც. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აგრძელებს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან კომუნიკაციას შემდეგი საკითხების დასაზუსტებლად: რატომ არ ავრცელებს სააგენტო საკუთარი ინიციატივით ინფორმაციას ყველა გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებით? შპს „საირმე მინერალ ვოთერსის’‘ შემთხვევაში, რატომ შემოიფარგლა სააგენტო საწარმოსთვის რეკომენდაციების მიცემით, როგორც ეს სააგენტოს წერილშია აღნიშნული და რატომ არ მიიღო დამატებითი ზომები საზოგადოების ჯანმრთელობისათვის შექმნილი რისკის თავიდან ასაცილებლად? ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამის მენეჯერმა, ვახტანგ კობალაძემ ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას აღნიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო შემოწმების შედეგებს სრულად არ აქვეყნებს: ,,მომხმარებელმა ზუსტად უნდა იცოდეს, რა სახის პროდუქტი იყიდება სხვადასხვა სუპერმარკეტებსა და აგრარულ ბაზრებში. მართალია, სურსათის ეროვნული სააგენტო რეგულარულად ამოწმებს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებს და ჯანმრთელობისთვის საშიშ პროდუქტებსაც ავლენს, მაგრამ ამ შემოწმების შედეგებს საკუთარ საიტზე სრულყოფილად არ აქვეყნებს. სწორედ ამიტომ დავუკავშირდით სააგენტოს, გამოვითხოვეთ კვლევის შედეგები და სრულყოფილი სახით, უკვე ჩვენ ვაქვეყნებთ, რათა ყველამ იცოდეს, რა სახის პროდუქტი იყიდება ამა თუ იმ მარკეტში.

რაც შეეხება მიზეზს, რატომ არ აქვეყნებს სააგენტო სრულ ინფორმაციას, ეს ჩვენც გვაინტერესებს და ამ კითხვით მივმართეთ კიდეც მათ. როგორც წესი, პასუხს 10 დღის ვადაში მივიღებთ, ჯერ ეს დრო არ გასულა და მათი პასუხის შემდეგ, ზუსტად გვეცოდინება მიზეზი, მანამდე კი მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ეს კანონის დარღვევაა, რადგან ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა და, განსაკუთრებით, მომხმარებელს ასეთი შემოწმების შედეგები სრულად უნდა გააცნონ’‘. ვახტანგ კობალაძემ ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი არასამთავრობო ორგანიზაციაა და საზოგადოების ინფორმირების გარდა, ზემოქმედების სხვა მექანიზმი არ გააჩნია. იმისთვის, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტის შემოწმების შედეგები სრულად ატვირთოს საიტზე, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის თანამშრომლები ინტენსიურ დიალოგს მართავენ, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან. ვახტანგ კობალაძის თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტოს საიტზე გარკვეული ინფორმაცია განთავსებულია, მაგრამ ყველა შემოწმების შედეგი ატვირთული არ არის. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისთვის უცნობია, რა პრინციპით არჩევს სურსათის ეროვნული სააგენტო, რომელი კვლევის შედეგის ნაწილი გამოაქვეყნოს და რომელი _ არა.  ,,ვერსია’‘ სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს დაუკავშირდა და იმ კითხვებით მიმართა, რაც ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის წარმომადგენლებს აინტერესებთ: ,,წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ არაფერს ვმალავთ. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები კი სრულად თვის ბოლოს გამოქვეყნდება. რაც შეეხება კვლევას, სააგენტო ყოველდღიურად ატარებს მონიტორინგსა და ინსპექტირებას, შესაბამისად, ამ ინფორმაციის ყოველდღიურ რეჟიმში სრულად გამოქვეყნებას ვერც ერთი საიტი ვერ დაიტევს. დაინტერესებულ პირებს კი, რომლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს კვლევის შედეგები აინტერესებთ, სრულყოფილ ინფორმაციას ყოველგვარი შეფერხების გარეშე ვაწვდით’‘, _ აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.