ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე რამდენიმე დღეა სიტუაცია უკიდურესად არის დაძაბული, ხოლო 15 ნოემბერს ამ დაძაბულობამ პიკს მიაღწია. ე.წ. პარლამენტს უნდა მიეღო კანონი, რომლიც აფხაზეთში რუსებისთვის ქონების და მიწების მიყიდვის უფლებას გულისხმობს. თუმცა ადგილობრივების მწვავე პორტესტის გამო, ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს უკან დახევა მოუწია. უწყვეტი პროტესტის შემდეგ, როცა მომიტინგეები ე.წ. პარალმენტის შენობაში შევარდნენ, ასლან ბჟანიას დე ფაქტო მთავრობამ ადგილობრივებს პირობა მისცა, რომ ე.წ. აპარტამენტების კანონს უკან გაიწვევენ.
ბჟანის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია საინვესტიციო შეთანხმების კანონპროექტის რატიფიცირების პარლამენტიდან გატანის შესახებ დოკუმენტს ამზადებს.
„ეს გადაწყვეტილება რესპუბლიკაში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით იქნა მიღებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პროტესტის მონაწილეებმა დე ფაქტო ხელისუფლებას გადაწყვეტილების მისაღებად 20 წუთიც კი მისცეს.
15 ნოემბერს აქციის მონაწილეებმა ოკუპირებულ სოხუმში ე.წ. პარლამენტს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის გაკონტორლება მოახერხეს. მათ რკინის კარი და გისოსები გაარღვიეს და ორივე შენობაში შეიჭრნენ. დარბეულია ბჟანიას კაბინეტი.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ძალოვნები აქციის მონაწილეების მხარეს გადავიდნენ. ნაწილი ადგილზე რჩება, ნაწილმა კი შენობა დემონსტრანტების ტაშის ფონზე დატოვა. დაცვამ ბჟანია სამთავრობო კვარტლიდან გაიყვანა, მოგვიანებით მან სოხუმიც დატოვა. მალევე გავრცელდა განცხადება, რომ ბჟანია მზადაა ნახევარ საათში ოპოზიციასთან შეთანხმება მოამზადოს და სრულ დათმობაზე წავიდეს.
ახლა ოპოზიცია ბჟანიას წინადადებას აღარ იღებს და უკვე მის გადადგომას ითხოვს. შეტაკებების დროს 8 ადამიანი დაშავდა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ კანონპროექტს, რომელიც დღეს ე.წ. პარლამენტს უნდა მიეღო და რომელიც რუსეთის მოქალაქეებს უფლებას აძლევს ოკუპირებულ აფხაზეთში ბიზნესი პრივილეგიებით დაიწყონ.
ე.წ. პარალმენტის დერეფნებში სამი ათასამდე მომიტინგე დგას, რომლებიც ბჟანიას გადადგომას და მორატორიუმს ითხოვენ.
ტელეგრამ არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. პარლამენტთან იყო სროლა. სამართალდამცველებმა კი მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
საპროტესტო ტალღა სოხუმში სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“, რომელიც რუსეთთან ინვესტიციების შესახებ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საუბარია აფხაზეთში ბინების რუსეთისთვის მიყიდვაზე და დოკუმენტის რატიფიცირებას ეწინააღმდეგება. ამასთან, 11 ნოემბერს საღამოს ე.წ. პარლამენტის წევრთან შეხლა-შემოხლაში მონაწილეობის შემდეგ აფხაზეთის ოპოზიციის ხუთი აქტივისტი დააკავეს, თუმცა ხუთივე დაკავებული მალევე გაათავისუფლეს და საქმე დაიხურა.
12 ნოემბერს, გვიან ღამით, ოპოზიციის მხარდამჭერებმა გუმისთას და კოდორის ხიდები გადაკეტეს. ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა.
კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ აფხაზეთში მიუხედავად უკიდურესად დაძაბული სიტუაციისა, გამორიცხულია, რომ შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყოს, რადგან აფხაზეთი პატარაა და ბარიკადების ორივე მხარეს ერთმანეთის ნათესავები დგანან. თუმცა, თუკი რაიმე სხვა სახის პროვოკაციებს ექნება ადგილი და რამე გაუთვალისწინებელი დაპირისპირება იქნება, ეს სულ სხვაა.
„ადრეც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ მიუხედავად უკიდურასად დამძიმებული სიტუაციისა, არ ველი, რომ აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება მოხდეს. ვიცით, რომ აფხაზეთი პატარა რეგიონია და იქ ყველა ერთმანეთის ახლობელია. კი ბატონო, შესაძლოა, რაღაცა პატარა ინციდენტები იყოს, მაგრამ რაიმე დიდ შეიარაღებულ და სამოქალაქო ომს გამოვრიცხავ. რაც შეეხება მოვლენების განვითარებას, მგონია, რომ კრემლი ამ ყველფერს ასე ადვილდ არ დატოვებს. ის ახლა დილემის წინაშე დგას. აფხაზეთიდან რუსეთში ასეთ წინააღმდეგობას არ ელოდნენ. ეგონათ, რომ ბჟანია მაინც რაღაცა დონეზე სიტუაციას თავს გაართმევდა.
რუსეთში მნიშვნელოვანი პრობლემა უდგათ, შესაძლოა, იგივე სიტუაცია კავკასიის დასავლეთ ნაწილშიც მიიღონ. ის მოედოს სხვა ეთნიკურ ჯგუფებს და კრემლს ეს პრობლემა უფრო სერიოზული სახით დაუბრუნდეს. ხოლო თუ უკან არ დაიხევენ, აქაც პრობლემა ჩნდება, მაშინ მათ ყველა იგივეს გაუბედავს. ამიტომ არ ვიცი რა იქნება კრემლის პასუხი, მაგრამ ფაქტია, რომ იქნება. აფხაზები ისედაც ეკონომიკური ანექსიის პირას არიან. დენის საკითხი და სხვა სოციალური საკითხები მათთვის უკვე სერიოზული პრობლემა გახდა. ამიტომ აფხაზების ეს რეაქცია რუსებისთვისაც მოულოდნელია. მეორე მხრივ კი თავად ეს ოპოზიციაც, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, არ არის ანტირუსული, უფრო ანტიკრემლისტურია, რადგან მისი სურვილის წინააღმდეგ მიდიან“, - ამბობს არეშიძე.
მისივე თქმით, ალბათ, კრემლის პირველი რეაქცია ის იქნება, რომ ოპოზიციონერ ლიდერებს რუსეთის მოქალაქეობას ჩამოართმევენ და ისინი „პერსონა ნონ გრატად“ იქნებიან გამოცხადებულები. თუმცა ამით აფხაზებში ჩაახშობენ თუ არა ამ პატრიოტულ განწყობებს, ნაკლებად მოსალოდნელია.
„ოპოზიციასთან რუსეთი ცდილობდა რაღაცების დალაგებას. კრემლში იმედი ჰქონდათ, რომ რაღაც სხვაგვარად იქნებოდა და ამ ვა-ბანკზე ოპოზიცია არ წავიდოდა. ალბათ, ეს ყველაფერი ასევე, ბჟანიას დიდი პრობლემა გახდება, რომელსაც აფხაზეთში, ვფიქრობ, ნაკლებად დაედგომება და კრემლისგანაც სათანადო პასუხს მიიღებს. მას დე ფაქტო პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა კვლავ უნდოდა, რაც მგონია, რომ აღარ მოხდება. მისი საქმე, როგორც აფხაზეთში, ასევე კრემლშიც წასულია“, - ამბობს არეშიძე.
რაც შეეხება ამ პროცესების მიმართ საქართველოს დამოკიდებულებას, არეშიძე ამბობს, რომ ბევრის თქმა ამ მხრივ არ შეიძლება, თუმცა ფრაგმენტულად რაღაცის გამჟღავნება შესაძლებელია.
„დავიწყოთ იქიდან, რომ ის პირები, რომლებიც ახლა ოპოზიციის ავანგარდში არიან და ეს პროცესები მიჰყავთ, უმეტესობა მათგანი ანტიქართველია. ისინი ქართველების მიმართ აგრესიას და სიძულვილს ღიად გამოხატავენ. ამიტომ რთულია იმის თქმა, რომ მათთან ქართველები და ქართული მხარე რაიმე კავშირშია. მეორე მხრივ კი თავად ეს ოპოზიციონრები ამბობენ, რომ მიწებს აფხაზეთში ქართველები ყიდულობენ. დაასახელეს ხუთი ბიზნესმენის სახელი და გვარი, რომელთა შორის ბიძინა ივანიშვილიც არის. ასევე საუბრობენ რუსეთში მცხოვრებ აფხაზ ბიზნესმენებზე და იმ პირებზე, რომლებიც კრემლთან დაახლოვებულები არიან. ამიტომ დეტალურად როგორ და რაინაირად არის საქართველო ამ საქმეში ჩართული, ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვიტყვი იმას, რომ რაღაცა დოზით და ფორმით ჩართულები არიან. სხვა მხრივ, მაინც მგონია, რომ კრემლი აფხაზეთს ხელს ასე მარტივად არ გაუშვებს და ეს ყველაფერი ასე ადვილად არ დასრულდება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, კრემლის პასუხი იქნება“, - ამბობს არეშიძე.