ევროპარლამენტის ნახევრად ცარიელ დარბაზში დებატებმა, ქართულ ოპოზიციას მორიგი დროებითი გამოსავალი უჩვენა, „ქართულ ოცნებას“ კი ევროპარლამნეტში შეცვლილი რიტორიკა და სრულიად ახალი რეალობა დაანახა.
რას ნიშნავს არჩევნების შემდეგ საქართველოს შესახებ გამართული სხდომა და რას უნდა ელოდოს საქართველო მორიგი რეზოლუციის მიღების შემთხვევაში?
მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ დირექტივები დეპუტატებისგან, რომელთაც ოპოზიციური აქტივიზმით ქართული პოლიტიკა უკეთ იცნობს, ვიდრე ევროპული, მიუღებელია. მისი თქმით, საქართველოს დასჯის მოთხოვნა იმ ევროპარლამენტარებისგან, რომლებსაც საქართველოს შესახებ მხოლოდ სმენიათ, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.
ახვლედიანი აცხადებს, რომ ის, რაც არჩევნებში დამარცხებულებისთვის მაშველი რგოლია, ხელისუფლებისთვის კონკრეტული გარე ძალების ინტერესების ლუსტრაცია და ქვეყანაში ხელოვნური შფოთის შექმნის მცდელობაა. თუმცა ის დარწმუნებულია, რომ ევროპულ პოლიტიკაშიც მალე დიდი ძვრები დაიწყება.
For.ge გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი ახვლედიანთან.
ფაქტობრივად, ცარიელ დარბაზში ჩატარებული დებატების შემდეგ, რომელიც ევროპარალმენტში საქართველოს შესახებ გაიმართა, შეინიშნება გარდატეხა - ჩვენი ქვეყნის მისამართით ახალი პოზიცია გაჩნდა და ტონიც შერბილდა. ფიქრობთ თუ არა, რომ არჩევნების შემდეგ ევროკავშირში საქართველოსთან დაკავშირებით მიდგომები შეცვლილია?
- იმ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლსობა, რომელიც ამ გამოსვლის დროს საქართველოში არსებულ გაყალბებაზე, ძალადობაზე, ლაპარაკობდნენ, თანაც ისე, რომ ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები, საქართველოში არჩევნებზე არ ყოფილა. ისინი განცხადებებს აკეთებენ ჩვენი რადიაკალური ენჯეოების და ოპოზიციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ამ ხალხს თავიანთი თვალით არაფერი უნახავს, არც ფაქტები გააჩნია, უბრალოდ, აიღეს ჰონორარი, ნაციონალების თუ ხაზარაძის ბიუჯეტიდან, არ ვიცი და იმეორებენ იმას, რაც აქ ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ დაუწერა. იმდენად ნათელი და თვალსაჩინო იყო ეს ყველაფერი, რომ ევროდეპუტატები ერთი-ერთში ჩვენი ოპოზიციონერების ტექსტებს იმეორებდნენ. ჩვენ ვნახეთ იმ ადამიანების შეფასებებიც, რომლებიც არჩევნების დღეს საქართველოში რეალურად იყვნენ. ისინი უამრავ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ, ესაუბრებოდნენ ხალხს, დამკვირვებლებს, საკუთარი თვალით ხედავდნენ ყველაფერს, ინფორმაციას აგროვებდნენ და ამ ადამიანებმა თქვეს, რომ არანაირი დარღვევა არ ფიქსირდებოდა, მსგავსი არაფერი არ უნახავთ. პირდაპირ თქვეს, რომ მილიონჯერ უფრო ცუდად მთავრდება ევროპაში არჩევნები. ეს ხალხი პირდაპირ საუბრობდა იმაზე, რაც საკუთარი თვალით დაინახეს. ადამიანებმა, რომლებიც ფინანსურად არ არიან ოპოზიციაზე დამოკიდებულები, გამოვიდნენ და პირდაპირ კითხეს იმ ევროპარლამენტარებს, თქვენ სად იყურებოდით, საიდან მოიტანეთ ეს ამბავიო. გაკვირვებულია ეს ხალხი თავადვე, საიდან იგონებენ მათი კოლეგები ამ ამბებს.
ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველს არწმუნებს, თითქოს ჩვენი ქვეყნის იზოლაცია მზადდება. საუბრობენ იმაზე, რომ რეზოლუცია იქნება და ივანიშვილის დასანქცირება მოხდება. თქვენ რა მოლოდინი გაგიჩნდათ ამ მოსმენის შემდეგ?
- ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპა სწორი გზით მიდის. ყოველი რეზოლუციის მიღების წინ, როცა მსჯელობა იწყება, დებატები, რეზოლუცია, კენჭისყრა, კუბილიუსის მიერ დაწერილი ტესქტების წაკითხვა და ა.შ. ამ ყველაფრის წინ ქართული ოპოზიციური მედია ისტერიკას ქმნის, თითქოს აი, ახლა საქართველოში არმაგედონი დადგება, ყველაფერი განადგურდება; აი, ბიძინა ივანიშვილს დაასანქცირებენ, მის გუნდს, ყველას, ქართველებს გამოყრიან ევროპიდან, დავიხოცებით იზოლაციაში და, საერთოდ, რუკიდან ამოგვჭრიან. ამ შიზოფრენიაში ამყოფებენ საკუთარ ამომრჩეველს და მაყურებლებს. არადა რამდენი რეზოლუცია ვნახეთ ჩვენ და ზუსტად ერთ-ერთ მათგანს ვნახავთ ნოემბრის ბოლოს, ამ დებატების შემდეგ. ისევ „სახალხო ევროპული პარტია“ შეადგენს მას. კუბილიუსი ან გრეგოროვა, იქნებიან ავტორები, რა მნიშვნელობა აქვს, უყრიან კენჭს. ისევ იქნება საუბარი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი, „ოცნება“, უნდა დასაქნცირდეს. ვიზალიბერალიზაცია უნდა წაგვართვან. მიშა თუ არ გამოვა ციხიდან, ამ ქვეყანასთან ურთერთობა უნდა გავწყვიტოთოთ. მიუხედავად ამისა, რამდენი რეზოლუციაც არ უნად მიიღონ ევროპარლამენტში, ეს არის პოლიტიკური შეფასებები დოკუმენტით, რომელიც დამოკიდებულია ან ჰონორარებზე, ან პირად შეხედულებებზე.
ეს არის პოლიტიკური დოკუმენტი და ოპოზიციაში მყოფი ევროპარლამენტარების ეს აბსურდული ბოდვა ჩვენს ქვეყანას ვერაფერს დააკლებს. ეს ხალხი მესამე ქვეყნებზე განცხადების გაკეთებით ფულს შოულობს. აბა, თუ მაგრები არიან, ამერიკაზე ილაპარაკონ, სადაც ტრამპმა არჩევნები სწორედ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლით მოიგო. ტრამპს მოსთხოვენ, რომ თავის მოსაზრებებზე უარი თქვას? თუ მაგარი ბიჭები არიან, მიიღონ რეზოლუცია ამერიკის წინააღმდეგ. საქართველოზე ლანძღვით რასაც ევროპარლამენტარები იღებენ, მაგას „შეგერგება ფული“ ჰქვია, არავინ მაგის გამო პასუხს არ მოსთხოვთ.
ფიქრობთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მათ მიერ მიღებული რეზოლუცია არანაირ პოლიტიკურ გავლენას არ იქონიებს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე?
- ეს რეზოლუცია არ არის სავალდებულო შესასრულებელი. ეს არის კრიტიკული პოლიტიკოსების გარკვეული რეკომენდაცია, რომ აი, ასე ვხედავთ ამ ქვეყანასთან მიმართებაში როგორ მოიქცეთ. ამ რეზოლუციასაც იგივე ბედი ეწევა, როგორც დანარჩენ სხვებს - თაროზე შემოიდება და მტვერი დაედება. ევროკავშირის ხელმძღვანელობა ამ რეზოლუციას არც განიხილავს. ალბათ, კაციც არ არის ევროსაბჭოში, ევროკომისიაში, რომელიც ამას წაიკითხავს. წარმოიდგინეთ, არჩევნებამდე ვერავინ გარისკა ევროკომისიის წარმომადგენლობიდან საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა გაეფუჭებინა. ახლა, როცა ეს ხელისუფლება მე-4 ვადით ისევ ხელისუფლებაშია, საქმეს რატომ გაიფუჭებენ? მით უმეტეს ეუთო/ოდირის შეფასებები დევს, სადაც მსგავსი არაფერია ნათქვამი.
თქვენი მოლოდინი რა არის არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით? დასავლეთი როდის გააკეთებს ამაზე მკაფიო განცხადებას? რას ან ვის ელოდებიან? შესაძლოა მათზე გავლენა ტრამპის პოლიტიკამ მოახდინოს?
- რა თქმა უნდა, ამერიკაში ჩატარებული არჩევნები ერთმნიშვნელოვნად ევროკავშირის პოლიტიკაზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტსაც. ჯერჯერობით, პოლიტიკურად „კოჭლი იხვის“ მდგომარეობაში ვართ. ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება. გარდამავალი სიტუაციაა ინაუგურაციამდე და ამიტომაც ევროპასაც გამოკვეთილი პოზიციის დაკავება უჭირს.
როგორც კი ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ინაუგურაცია შედგება, ის თავისი დანაპირებების შესრულებას დაიწყებს, თუნდაც იგივე ევროკავშირის მიმართ, ვნახავთ ევროპელებზე რამხელა გავლენას მოახდენს. კიდევ ვამბობ, ეს პროცესი დაწყებულია ევროკავშირში, სერიოზული ძვრები არსებობს. ყველანი ფიქრობენ იმაზე, რომ ტრამპი მოდის ახლა და ნატოში უზარმაზარი პრობლემები შესაძლოა შეიქმნას. ევროკავშირის ქვეყნებს ნატოსთვის უზარმაზარი თანხების გადახდა მოუწვეთ. თუ არადა გავა ამერიკა ნატოდან და დარჩებიან ერთმანეთის თვალებში შემყურენი. უკრაინის ომის ამბებია კიდევ ცალკე პრობლემა. ამიტომ ძალიან სერიოზული გადახალისება და ახალი პოლიტიკური რეალობა იქმნება ევროპაში, შესაბამისად ჩვენს ოპოზიციას ეს საყრდენიც ფეხქვეშ ეცლება.