"სკანდალური ვიდეოს გავრცელების შემდეგ, "ნაციონალებში" თითქმის არავინ აღარ დარჩა, ვინც ვანოს უდანაშაულობაზე არ ალაპარაკდა. მათი მტკიცებით, მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობის ვადა უმთავრდება და ხელისუფლებას ამ ვიდეოს გავრცელება იმისთვის დასჭირდა, რომ პატიმრობაში დატოვოსო. ამბოხის ბრალდებით გასამართლებულმა პირებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს რა მოხდა 2009 წლის 5 მაისს. როგორც კობა ოთანაძე აცხადებს, არანაირი ამბოხება არ იგეგმებოდა, ლევან ამირიძის თქმით კი ჟურნალისტების წინაშე განცხადების გაკეთებასა და სამხედრო ნაწილის დატოვებას გეგმავდნენ, თუმცა მათ პროტესტამდე ვერ მიაღწიეს", - წერს გაზეთი "ალია"სტატიაში სათაურით რას საუბრობენ პროკურატურის კულუარებში მერაბიშვილის ვიდეორგოლზე?
"აბსოლუტურად ყველაფერს იღებდა ფირზე "ნაციონალური" მოძრაობა. არა მარტო სპეცოპერაციის სამზადისი აქვთ გადაღებული, არამედ ისიც, როგორ გვცემდნენ, გვაწამებდნენ და როგორ ჩაგვცხრილეს. ამაში მონაწილეობდა მთელი "ნაციონალური მოძრაობა" თავისი პოლიციითა და თავისი გენერალური შტაბით. ირაკლი კოდუაც იქ იყო, დათა ახალაიაც, ბატალიონის მეთაურები ხარაზიშვილი და შერვაშიძე. ვიდრე პროკურატურაში, პოლიციასა და შეიარაღებულ ძალებში დარჩენილი არიან კადრები, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ მუხროვანის ამბოხის საქმეში, მანამდე ეს საქმე არ გაიხსნება. ეს ყველაფერი ფირზეა ასახული და თუკი დაინტერესდება, პროკურატურა ამ ვიდეოებსაც მიაკვლევს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კობა ოთანაძე და შეკითხვას - "ვინ არიან ეს პირები? ვინ არის პროკურატურაში ახლა, ვინც ამბოხების საქმეში მონაწილეობდა?" - პასუხობს:
"მაგალითად, ჩვენი საქმის მოსამართლე იყო კოპალიანი, რომელიც ახლაც მოსამართლეა. რობერტ გრიგალაშვილი იყო საქმის პროკურორი, რომელიც დღეს ისევ პროკურატურაში მუშაობს. ვინც ჩაგვცხრილა, იყო ბატალიონის უფროსი ხარაზიშვილი თავისი სპეცრაზმით, დღეს ისიც ისევ თანამდებობაზეა. კონტრდაზვერვიდან პირები, რომლებიც ჩვენს საქმეებში იყვნენ ჩართულები და მონაწილეობდნენ, დღეს ისევ თანამდებობებზე არიან. ეგენი თავის თავს ხომ არ დაიჭერენ? მანამ, სანამ ეს ხალხი თანამდებობებზე იქნება, ეს საქმე არ გაიხსნება. ეს გვარები, ვინც მე დავასახელე, არიან მოღალატეები. თავის დროზე შევარდნაძეს უღალატეს, შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობს", ახლა "ქართულ ოცნებაში" არიან და თუ არ მოიშორეს თავიდან, ეს ის კატეგორიაა, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი და მათაც არ დააყრიან კარგ დღეს".
"ვის დასჭირდა ვიდეოს გავრცელება მაინცდამაინც ახლა და დაიწყეს თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა ერთმანეთის წინააღმდეგ კომპრომატების გამოქვეყნება? ვარაუდობს, რომ ვიდეო ყოფილი მმართველი გუნდის იმ წარმომადგენლის მიერ შეიძლება იყო -
"გავრცელდა მოსაზრება, თითქოს ვიდეორგოლი თვითონ ვანო მერაბიშვილის მიერ არის გავრცელებული და ამით ყოფილმა პრემიერმა გზავნილი გაუგზავნა ამერიკაში მყოფ ექსპრეზიდენტ სააკაშვილს, დაეხმაროს მას, წინააღმდეგ შემთხვევაში გაასაჯაროებს მაკომპრომეტებელ ვიდეოს - ეს ვერსია ნაკლებად დამაჯერებელი მეჩვენება, ვინაიდან ვანო მერაბიშვილი საკუთარ თავს ამას არ გაუკეთებდა. ვიდეოში საუბარი ორი გვამის მიტანაზეა და შესაძლოა გამოძიებით დადგინდეს, რომ ადგილი აქვს მკვლელობის შეკვეთას. ეს უმძიმესი ბრალდებაა. ასევე, არა მგონია, ამ ვიდეოს გავრცელებაში "ქართული ოცნების" ხელი ერიოს, რადგან, თუკი შინაგან საქმეთა სამინისტროს ასეთი კადრები ჰქონდა, მათ ყოველგვარი "იუთუბის" გარეშე დაეწყოთ კვლევა და ეს გამოეყენებინათ პირდაპირ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე და შეკითხვას - "ფიქრობთ, რომ ვიდეო "ნაცმოძრაობის" რომელიმე მაღალჩინოსნისგან არის გავრცელებული, ვინ შეიძლება იყოს ის?" - პასუხობს:
"ვფიქრობ, ისეთი პირისგან არის გავრცელებული, რომელიც თანაგუნდელებმა გაწირეს. ასეთი კი დღეს ბაჩო ახალაიაა. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეორგოლში დათა ახალაიაც ჩანს და ეს ეჭვქვეშ აყენებს ბაჩო ახალაიას მიერ ვიდეოს გავრცელებას, სხვა არავინ რჩება "ნაცმოძრაობიდან", ვისაც შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა".
"ალიას" ინფორმაციით, პროკურატურაში აქტიურად დაიწყეს ამ ფაქტის შეწავლა, ბადაშვილის უწყება გეგმავს ყველა იმ პირის დაკითხვას, რომელიც ვიდეორგოლშია. გარდა ამისა, "ალიას" წყაროს ცნობით ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მიაწოდა პროკურატურამ მასალები იუსტიციის სამინისტროს, რათა ყველა შესაბამისი ღონისძიება გატარდეს ზურაბ ადეიშვილის ადგილსამყოფელის დასადგენად. წყაროს სნობით, ეს პროცესი ვიდეორგოლის გავრცელების შემდეგ უფრო დაჩქარდება. გარდა ამისა, პროკურატურაში გეგმავენ ერეკლე კოდუას მოწმის სახით გამოძახებასაც. დაიკითხებიან ის პირებიც, რომლებსაც ამ დრომდე მაღალი თანამდებობები უჭირავთ პროკურატურაში, შს სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში. წყაროს ცნობით, თუკი ბადაშვილს ეყოფა კომპეტენცია ამ საქმის კვალიფიციურად და ოპერატიულად გამოსაძიებლად, ყველა ის პირი მიეცემა პასუხისგებაში, რომლებიც ქვეყანას 9 წლის განმავლობაში მართავდნენ", - აღნიშნავს გამოცემა.