ორად გაყოფილი ევროპარლამენტი

ორად გაყოფილი ევროპარლამენტი

ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. ევროპელი დეპუტატების აზრი ორად გაიყო. ერთი ნაწილი თვლის, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დარღვებებით ჩატარდა და აუცილებელია ჩატარდეს გამოძიება. გარდა ამისა, თვლიან, რომ უნდა დაწესდეს სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ უზრუნველეყოთ სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ასევე, ითქვა, რომ ევროკავშირის წევრობა მხოლოდ „დებიძინიზაციის“ შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი. 

თუმცა, ევროპარლამენტში აღმოჩნდნენ დეპუტატები, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და საქართველოს ამჟამინდელი ვითარება ევროკავშირის, აშშ-ის და ბევრი დასავლური ქვეყნის უსამართლო პოლიტიკის შედეგია. საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით რეზოლუციას ევროპარლამენტი კენჭს მომდევნო კვირას უყრის.

ევროპარლამენტარმა ბრანისლავ ონდრუშმა ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში არსებული ვითარება ევროკავშირის, აშშ-ისა და დასავლური ქვეყნების უსამართლო პოლიტიკის შედეგია. მისი თქმით, საქართველოს სჯიან იმის გამო, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ შეუერთდა.

„საქართველო 20 წლის განმავლობაში ოკუპირებული ქვეყანაა. ევროკავშირს არასდროს უპასუხია რუსეთისთვის სანქციებით საქართველოს ოკუპაციის გამო. პირიქით, ევროკავშირმა განავითარა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა რუსეთთან. საქართველო არ არის ნატო-ს წევრი, ევროკავშირი არ სთავაზობს საქართველოს უსაფრთხოების გარანტიებს.

ევროკავშირი არ არის იმ პოზიციაში, რომ აუნაზღაუროს საქართველოს ნეგატიური შედეგები, რომლებიც წარმოიქმნება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით. სიგიჟეა საქართველოს მთავრობის დასჯა იმის გამო, რომ მათ სურთ ბალანსის შენარჩუნება რუსეთთან ურთიერთობებში, რათა ქართველები სოციალური კატასტროფის წინაშე არ დადგნენ. ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტმა და ევროკომისიამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ რაციონალური დიალოგი საქართველოს მთავრობასთან“, - განაცხადა ბრანისლავ ონდრუშმა.

ევროპარლამენტის წევრის, ტიერი მარიანი მოუწოდებს კოლეგებს პატივი სცენ ქართველი ხალხის არჩევნებს.

„ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვებიდან ათი დღის შემდეგ თბილისში გერმანიის ელჩი მშვიდობიან რევოლუციაზე საუბრობდა, ხოლო შვედეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ქართველები ქუჩაში უნდა გავიდნენ, მათ ინსტრუქციები მისცა და მაიდანის მოვლენები შეახსენა. 26 ოქტომბრიდან ერთი დღეც არ გასულა ისე, რომ ევროპელი ლიდერი არ ჩარეულიყო საქართველოს საქმეებში.

ეს დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები უნდა შეწყდეს, თუ ევროკავშირს არ უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც სსრკ. 26 ოქტომბერს ქართველების უმრავლესობამ ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“. ისინი არ არიან მოსკოვის ვასალები და არც ბრიუსელს ექვემდებარებიან. ისინი თავისუფალი ევროპელები არიან, რომელთაც სურთ, დარჩნენ ქართველებად. მოდით, პატივი ვცეთ მათ არჩევანს“, - აღნიშნა ტიერი მარიანიმ.

სწორედ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე დამოკიდებული როგორი იქნება ეუთო-ოდირს დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით და დაექვემდებარებიან თუ არა ზეწოლას. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს გარედან ვერავინ დაუნიშნავს ხელისუფლებას, ვიღაცებს ჰქონიათ, რომ საქართველო არის მათი კოლონია და ბრიუსელში ან სადღაც რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, ისე უნდა იყოს, რაც, კალაძის თქმით, არ გამოვა. მისივე თქმით, ევროპარლამენტარების მხრიდან არის ორმაგი სტანდარტი და საქართველოს საზოგადოება სპეკულაციურ განცხადებებს ისმენს, რომელსაც ევროპარლამენტის დეპუტატები აჟღერებენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

„ვიღაცებს ჰქონიათ, რომ საქართველო არის მათი კოლონია და თვითონ თურმე იქ, ბრიუსელში ან სადღაც რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, ისე უნდა იყოს ყველა - ყველა ცალფეხზე უნდა იდგეს, ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა უნდა დათმოს. არ გამოვა, მეგობრებო, ასე! საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ირჩევს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ამას უნდა შეეგუოს ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

ხელისუფლებას აირჩევს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. დღეს 1 120 000 ადამიანმა „ქართულ ოცნებას“ ანდო ქვეყნის ბედი, ჩააბარა ხელისუფლება, ქვეყნის მართვა. რატომ? ხომ 12 წელი გავიდა? - იმიტომ, რომ ჩვენ ვართ გუნდი, ვინც, პირველ რიგში, იცავს ქართულ, ეროვნულ ინტერესს, ატარებს ქართველი ხალხის ინტერესს და ეს დამოკიდებულება მომავალშიც ასე იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გიორგი კახიანის შეფასებით, ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აკრიტიკებენ, სრულიად უსაფუძვლო განცხადებები ადრეც მოგვისმენია, მაგრამ სიახლე იყო ის, რომ ევროპარლამენტში მომრავლდნენ ისეთი ევროპარლამენტარები, რომლებიც საქართველოსთვის სასარგებლო განცხადებებს აკეთებენ.

„ეს დებატები არის გაგრძელება იმ სცენარის, რასაც ცოტა ხნით ადრე ჩვენ თბილისში ვხედავდით, როდესაც ჩამოსული იყვნენ სხვადასხვა ევროპულო სახელმწიფოს პარლამენტის წევრები და ზოგიერთი მათგანისგან, ფაქტობრივად, პირდაპირ მოვისმინეთ საპროტესტო აქციებზე მოწოდებები სახელმწიფო გადატრიალებისაკენ. ისინი, რაღაცნაირად, ცდილობენ, ამ რადიკალურ ოპოზიციას, რომელსაც არანაირი რესურსი არ გააჩნია და საკუთარი ამომრჩეველიც ვერ დააჯერეს, რომ არჩევნები ვითომ გაყალბდა, ცდილობენ, რომ გარედან შეეშველონ, რაღაცნაირად მუხტი შემატონ რადიკალურ პროცესებს. ამ მცდელობებს ვხედავ ჩვენ ქვეყნის გარედანაც. პირდაპირ იყო ნათქვამი არა ერთი ევროპარლამენტარისგან, რომ ის მიდგომა, რომელიც გააჩნია ზოგიერთ ევროპარლამენტარს, არის ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, ვინც აცხადებს რომ არჩევნები გაყალბდა, ეს არის პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა და მათ ეს პოზიცია წინასწარ ჰქონდათ გამოხატული. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, მათთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო „ქართული ოცნების“ მიერ უმრავლესობის მოპოვება, რადგან, მათი ამოცანა იყო, რომ თავიანთი დაფინანსებული აგენტურა მოეყვანათ ხელისუფლებაში და შესაბამისი დღის წესრიგით ემოქმედა საქართველოს.

„ამ ადამიანების მიერ გრძელდება ე.წ. შარლ მიშელის პროცესი და ცნობილი ტრაგიკომიკური მოვლენები, რაც 2020 წელს გვქონდა. მათ ჰქონდათ ასეთი აღქმა შექმნილი, რომ აუცილებლად გაიმარჯვებდნენ და შოკში ჩავარდნენ, როდესაც მიიღეს სხვა შედეგი. წინასწარ მომზადებული სცენარით მოქმედებენ - იძახიან გაყალბდა და მათი ჭკუით ამ გაყალბების ძახილით ცდილობენ შექმნან აღქმა, თითქოს ლეგიტიმაციას არ მისცემენ არჩევნებს. მათ ლეგიტიმაციას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, ისინი არ არიან ლეგიტიმაციის მიმცემები რადგან ამ შემთხევაში ლეგიტიმაციის მიმცემი არის ქართველი ხალხი და არა ევროპარლამენტარები.

გაყალბებაზე ლაპარაკი არის გონების შეურაცხმყოფელი სისულელე. ასე იყო 2020 წელს. რა გაყალბებაზეა საუაბრი, როდესაც მათი ოპოზიციის 8 წარმომადგენელი იყო თითოეულ კომისიაში და 8 კიდევ დამკვირვებელი. როგორ შეიძლება, რომ ამ ვითარებაში არჩევნები გაყალბებულიყო? მაშინ თქვან, რომ მთელი მათი კომისიის წევრები ყოფილან მოსყიდული. უბრალოდ, წარმოუდგენელ სისულელეს და სიგიჟეს ლაპარაკობენ“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

მისივე თქმით, გქონდეს საპარლამენტო ტრიბუნა და ამ დროს ქუჩაში დარბოდე და იძახდე პოლიტიკურ სიგიჟეებს, ეს არის არა პოლიტიკა, არამედ კლინიკა.

„უბრალოდ, არ აქვთ პოლიტიკური გონება, იმასაც ვერ ახერხებენ, რომ 61 სადეპუტატო ადგილი, რომელიც მიიღეს პოლიტიკური საქმიანობისთვის, გამოიყენონ და ოპონირების რეჟიმში იყვნენ ხელისუფლებასთან. მაგრამ მათ ვერ წარმოუდგენიათ ასეთი პოლიტიკური ცხოვრება. გქონდეს საპარლამენტო ტრიბუნა და ამ დროს ქუჩაში დარბოდე და იძახდე პოლიტიკურ სიგიჟეებს, ხალხს აღიზიანებდე, ეს არაა პოლიტიკა, ეს წმინდა წყლის ფსიქიატრიული კლინიკაა და არც არის გასაკვირი, რადგან ამდენი წელია ტელე-ფსიქიატრიულებში სხედად და იქ პროცედურაა, რომ თავი უნდა გაიგიჟო და იძახო სიგიჟეები.

ჩვეულებრივი გიჟების და აგენტების ნაზავია, რომლებმაც სამწუხაროდ, მოსახლეობის უკმაყოფილების შეწოვა და აგრეგაცია მაინც შეძლეს. 800 ათასი ადამიანი, ეს მარტო ზომბირება არაა, გარკვეული უკმაყოფილება არის გარკვეული მიზეზების გამო, რაც აუცილებლად უნდა გამოსწოდეს. ერთი თემაა პოლიტიკა და მეორე თემაა გადარჩენა. ეს რჩეული გიჟები რომ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდებოდა. ეს იქნებოდა შიდა და გარე პრობლემების დრამატული გაძლიერება, რასაც შეიძლება ტრაგიკული შედეგები მოჰყოლოდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, ახალი მოწვევის ევროპარლამენტი, თითქოსდა კონსერვატიული ძალების უფრო დიდი წარმომადგენლობით, როგორც ჩანს, გონებადაბინდულობით და საქართველოდან მირთმეული საცდუნებლებით, ბევრად არ განსხვავდება წინა ევროპარლამენტისგან.

„კი, არიან, ევროპარლამენტარები, რომლებსაც საღი აზრი არ დაუკარგავთ, არც არაფერზე გაყიდულან და მიიჩნევენ, რომ საქართველოში არჩევნები შედგა, ხოლო ევროსტრუქტურების უშნო ფაფხური ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა. თუმცა, ისინი, უფრო სწორად - საღი აზრი, ევროპარლმენტში ამინდს ჯერ, ვერ/არ ქმნიან“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.