სამართლებრივად აქვს თუ არა უფლება და იქნება თუ არა პარლამენტი კონსტიტუციით ცნობილი, თუკი საკონსტიტუციო ორგანოში მარტო “ოცნება“ იქნება? ანალოგიურ სიტუაციაში ქვეყანა ერთხელ უკვე აღმოჩნდა, ამიტომ საინტერესოა რით ჰგავს და რით განსხვავდება 2020 და 2024-ის არჩევნების შედეგები.
კონსტიტუციონალისტები აბსურდს უწოდებენ ორი ოპოზიციური პარტიის „ახლების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, რომლებიც საპარლამენტო სიების და მანდატების გაუქმებას ითხოვენ და საკუთარ ამომრჩევლებს არწმუნებენ, თითქოს ეს პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადების საფუძველი იქნება.
კონსტიტუციონალისტები კი განამრტავენ, რომ წარმოუდგენელია ვინმემ სამართლებრივად ასეთი აბსურდი დაუშვას, რადგან ასე, ნებისმიერ წაგებულ პარტიას და პოლიტიკურ ძალას შეეძლება სიების ჩახსნა და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის მოთხოვნა. ეს კი ქვეყანაში ქაოსს, კონსტიტუციურ მოშლას და ქვეყნის ჩამოშლას გამოიწვევს. ასე რომ, ოპოზიციური პარტიების მოქმედება არასერიოზულია, რადგან „ოცნებას“ პარლამენტში სრულიად თავისუფლად შეუძლია მარტოც ყოფნა დ კონსტიტუცია მათ ამის საშუალებას აძლევს.
26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარება პოლიტიკის ექსპერტებს 2020 წელს ახსენებს, როცა ოპოზიცია არ აღიარებდა არჩევნების შედეგს და თვეების განმავლობაში საპარლამენტო ბოიკოტი ჰქონდა გამოცხადებული.
მაშინდელსა და ამჟამინდელ ვითარებებს შორის მსგავსებაც არის და განსხვავებაც.
პირველი განსხვავება ისაა, რომ მაშინ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს აღიარებდა, ახლა კი არ აღიარებს; მაშინ დიალოგში და მოლაპარაკების გამართვაში მხარეებს შორის ევროკავშირი იყო ჩართული და ევროპარლამენტის პრეზიდენტი შარლ მიშელი ცდილობდა მხარეების მორიგებას; ახლა კი ოპოზიცია ქუჩაში ვერც ხალხის გამოყვანას ახერხებს და არც მიშელი-2 იქნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებენ, რომ პირველი სხდომა მაინც ჩატარდება, მიუხედავად იმისა, პრეზიდენტი მოიწვევს თუ არა მას.
კონსტიტუციონალისტების უმრავლესობა, რომლებსაც for.ge- ესაუბრა, ასევე, ადასტურებენ, რომ პირველი სხდომის გამართვა არც მარტო დარჩენილ „ოცნებას“ გაუჭირდება და სხდომის გამართვას ვერც პრეზიდენტის უარი შეუშლის ხელს.
რა არის შესაძლებელი 89 მანდატით?
კონსტიტუციონალისტების განმარტებით, 89 მანდატით შესაძლებელი იქნება: პარლამენტის მუშაობის დაწყება; დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა ან შეწყვეტა; საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილება და კანონების [მათ შორის - ორგანული] დამტკიცებაც; პარლამენტი, ასევე, შეძლებს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას. თუმცა ვერ შეძლებს შემდეგი გადაწყვეტილების მიღებას: კონსტიტუციური შეთანხმებების დამტკიცებას; სახალხო დამცველის არჩევას და მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას; პარლამენტის წევრის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარებასა და დაკავებული პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების დროებით შეჩერების გადაწყვეტილებების მიღებას; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებული ორგანული კანონის მიღებას; საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადებას; ცესკოს წევრის, ცესკოს თავმჯდომარის სრული, 5-წლიანი ვადით არჩევას. შეუძლებელი იქნება პრეზიდენტის იმპიჩმენტიც, რასაც, სულ ცოტა -100 დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროება.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე for.ge-სთან ამბობს, რომ პარლამენტი, მხოლოდ „ქართული ოცნების“ 89 დეპუტატით მუშაობას დაიწყებს და მას ლეგიტიმაციის პრობლემა არ ექნება.
„რა თქმა უნდა, „ოცნებას“ პირველი სხდომის ჩატარების პრობლემა არ ექნება და არც იმის, თუ პარლამენტში მარტო აღმოჩნდება. კანონიერებისთვის, პირველ სხდომას უნდა ესწრებოდეს ნახევარზე მეტი - მინუმუმ 76 დეპუტატი, ამდენი „ოცნებას“ ჰყავს. შემდეგ მათ არჩეულ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება უნდა სცნონ, არჩეულად კი ითვლებიან ისინი, ვისაც ცესკო შემაჯამებელ ოქმში შეიყვანს. კენჭი მთლიანად სიას ეყრება, „ქართულ ოცნებას“ საკმარისი ხმები აქვს იმისთვის, რომ ყველას უფლებამოსილება სცნოს, ან შეიძლება ყველასი არა და ვინმეზე თქვას, რომ აქ რაღაც საეჭვო არისო. თუ იმ წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც სცნეს, არის ასი, ან ასზე მეტი, მაშინ პარლამენტი ამ მომენტიდან სრულ უფლებამოსილებას შეიძენს“, - განაცხადა ხმალაძემ.
ხმალაძე ამბობს, რომ იმას რასაც ოპოზიცია ამბობს აბსურდია, რადგან წარმოუდგენელია ყველა წაგებულმა პარტიამ სიების ჩახსნა რომ მოისუროვოს და პარლამენტი ამის შემდეგ არალეგიტიმური გახდეს, ქვეყანაში რა სახის რეალობას მივიღებთ.
„დავუშვათ, რომ შესაძლებელია არჩევნების შემდეგ, უფლებამოსილების ცნობამდე, მანდატებზე უარის თქმა და, იმავდროულად, პარტიული სიის გაუქმება. ახლა დავუშვათ, რომ დამარცხებულმა პარტიებმა 51 მანდატი მიიღეს, უფლებამოსილების ცნობამდე უარი თქვეს მანდატებზე და პარტიული სიებიც გააუქმეს. რას მივიღებთ? პარლამენტი ცნობს მხოლოდ 99 წევრის უფლებამოსილებას და ვეღარ გააგრძელებს მუშაობას - საჭირო გახდება ხელახალი არჩევნები. და თუ იგივე გამეორდა მეორედაც, მესამედაც და ა.შ? გამოვა, რომ 51 დამარცხებულს ყოველთვის შეეძლება არჩევნების შედეგების ბლოკირება, რაც სრული აბსურდია!“, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.
რაც შეეხება პოლიტიკურ სიტუაციას, ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ ოპოზიცია მამაძაღლობას არ ეშვება და ისევ საკუთარი ამომრჩევლის მოტყუებით არის დაკავებული. გვენეტაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ოპოზიციის საქმე ისეა, ახლა „გინდა შაიტანე და გინდა გამოიტანე“, ყველა მხრივ წაგებულები არიან, იქნება ეს სამართლებრივად თუ პოლიტიკურად.
„ოპოზიცია ამ სიტუაციით, რაც არჩევნების შემდეგ მის თავს ხდება, იმდენად გაკოტრდა, რომ აღარ იცის რას მიედ-მოედოს. თავიანთივე კონსტიტუციონალისტები უხსნიან გასაგებად, რომ გინდა ის ქნან, გინდა ეს ქნან, სამართლებრივად ეს პარლამენტი შემდგარია. ქართველმა ხალხმა „ოცნებას“ მისცა ლეგიტიმაცია. თუ არ უნდათ, ნუ შევლენ, ამით ქვეყანა არ დაიქცევა, „ოცნებას“ იქ მარტო ყოფნის კი არ ეშინია. იგივე არ ხდებოდა 2020 წელსაც? რა მოხდა მერე? ერთმანეთს ასწრებდნენ შევარდნას და რომ შევიდნენ, მერე ჩხუბი იმაზე ატეხეს, ხელფასები ჩაგვირიცხეთ იმისაც, როცა არ დავდიოდითო. ახლა ეს ორი სიტუაცია ისევ ჰგავს ერთმანეთს.
უბრალოდ, ახლა პრეზიდენტი ზურაბიშვილია მათ მხარეს, რომელიც ერთ თვეში უკვე აღარც მაგათ მხარეს იქნებ და ალბათ, ქვეყნიდანაც წავა. მიშელიც კი არ აპირებს ამათ გამო ნერვების მოშლას. არც „ოცნება“ იქნება მაინც და მაინც მარტო ყოფნით შეშინებული. ამიტომ ვის ატყუებენ, რას ატყუებენ, არ ვიცი. თუ თავისი ამომრჩევლისთვის და პატრონებისთვის თამაშობენ ამ მაიმუნობას, ის ხალხიც ხომ გაიგებს, იციან კითხვა და გაიგებენ რასაც მაიმუნობენ გვარამია და ნაციონალები. თუმცა ორივე ერთი და იგივეა. მოკლედ, ახლა ამათ გამოსავალი აქვთ მოსაძებნი, როგორ მოხვდნენ ისევ პარლამენტში“, - ამბობს გვენეტაძე.