ვინ შეავსებს ოპოზიციურ ველს? - კობახიძე ახალი ოპოზიციური ძალის შემოსვლაზე საუბრობს

ვინ შეავსებს ოპოზიციურ ველს? - კობახიძე ახალი ოპოზიციური ძალის შემოსვლაზე საუბრობს

არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის არაერთი წარმომადგენელი დაიკითხა. დაკითხულია თუ არა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი უცნობია. საქმის პროკურორის ლაშა ცქვიტარიას განცხადებით, დაკითხულების ვინაობის შესახებ ინფორმაციას ვერ გაასაჯაროვებს, თუმცა ამბობს, რომ ცესკოსთან მიმართებაში კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, ხდება იმ პირების დაკითხვა, უშუალოდ საგამოძიებო ორგანოში, ვინც შეიძლება ფლობდეს რაიმე სახის ინფორმაციას არჩევნებთან დაკავშირებით, მათ შორის, მიმდინარეობს კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმართებაში. დაკითხული პირების და მათი ვინაობების შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, თუმცა დაგიდასტურებთ, რომ გამოძიების ფარგლებში დაკითხულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის არაერთი წარმომადგენელი“, - განაცხადა ლაშა ცქვიტარიამ.

როგორც ცნობილია, არჩევნების გაყალბების საქმის ფარგლებში მიმდინარე გამოძიების ნაწილში, საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, „ძლიერი საქართველოს“ წევრი საბა ბუაძე და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი თენგო თევზაძე დაიკითხნენ. მანამდე კი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ნათია მეზვრიშვილი, ლონდა თოლორაია დაიკითხნენ. გამოძიებასთან არ თანამშრომლობს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც პირველი ოფიციალური პირი იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ „ეს იყო რუსული არჩევნები და, რომ არჩევნები მასიურად გაყალბდა“.

სწორედ ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ უკვე რადიკალური ოპოზიცია იწყებს მოქმედებას და არჩევნების გაყალბების მოტივით აანონსებენ ქუჩის აქციებს, თუმცა პროცესების ქუჩაში გადატანა ვერ შეძლეს. ამ დრომდე მხოლოდ ზეპირი განცხადებით, ყოველგავრი მტკიცებულების გარეშე ამტკიცებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ამავე დროს არ თანამშრომლობენ პროკურატურასთან იმ მოტივით, რომ ეს არის ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი პროკურატურა, რომელიც საქმეს არ გამოძიებს.

„ძლიერი საქართველოს“ წევრი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ პროკურატურის ვალდებულებაა, ჩაატაროს სათანადო გამოძიება და შეაგროვოს მტკიცებულები. როგორც ჯაფარიძემ სასამართლოში დაკითხვის შემდეგ განაცხადა, მან პროკურატურას მიაწოდა ინფორმაცია არჩევნებზე არსებულ დარღვევებზე. თუმცა, ეს იყო ზეპირი განცხადება და არა მტკიცებულება, რაც ადასტურებს ბარალდებას არჩევნების გაყალბების შესახებ.

„ჩვენ მივუთითეთ იმ ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდაც არის გავრცელებული. მივაწოდეთ ინფორმაცია, რომელიც გვაქვს. პროკურატურის ვალდებულებაა, ჩაატაროს სათანადო გამოძიება და შეაგროვოს მტკიცებულები. კონკრეტული დარღვევები მდგომარეობს იმაში, რომ სარჩევნო უბნის წინ, უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი ამომრჩევლებზე ზემოქმედების მიზნით.

სასამართლოს, ასევე, მივაწოდე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხმის მიცემა ვადაგასული პასპორტით ხდებოდა, ამ მოვლენას მეც შევესწარი, ოღონდ საარჩევნო უბნის გარეთ. ასევე, მივაწოდე ინფორმაცია, რომლის თვითმხილველიც ვიყავი, როდესაც უბნიდან გამოაძევეს დამკვირვებელი და მან თქვა, რომ ხელით შეეხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

ასეთია რადიკალური ოპოზიციის წევრების განცხადება. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ოპოზიცია თავისი ხელით აკეთებს იმ საქმეს, რაც ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ ოპოზიციით ქვეყანა არ შეიძლება დიდხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას. შესაბამისად, ეს ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით.

„ბუნებაში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება არჩევნების გაყალბების. რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს, უპრეცედენტოდ მშვიდი გარემო იყო და არც ერთი არსებითი დარღვევა არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება არჩევნების დღეს, პროცედურები არსებითად ელექტრონული წესით წარიმართა. ამომრჩეველთა 90%-ზე მეტმა ხმა მისცა ელექტრონული წესით, მანამდე რეგისტრაციაც ელექტრონული წესით გაიარა და მათი ხმებიც ელექტრონული წესით დაითვალა. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია რეალურად ელექტრონულ აპარატებს შეეჯახა და ვერას გახდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი აბსოლუტური სიზუსტით წარიმართა. ძალიან სწრაფი ტემპით დაითვალა არჩევნების შედეგები. შესაბამისად, მოსადავებელი საერთოდ არაფერია.

აქედან გამომდინარე, ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია და პროკურატურასთანაც ვერ თანამშრომლობენ, მიუხედავად სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებისა. ისინი თავისი ხელით აკეთებენ იმ საქმეს, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა. ამ ოპოზიციით ქვეყანა არ შეიძლება დიდხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას. ეს ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით. რეალურად, აქეთკენ მიჰყავთ საკუთარი ხელით პროცესები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მაშ ასე, მთავრობის ხელმძღვანელმა დააანონსა პოლიტიკურ ველზე ახალი პოლიტიკური ძალის შემოსვლა. არაოფიციალური ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკურ ველზე შემოვა ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც გათვლას გააკეთებს იმ 500 ათას ამომრჩეველზე, რომელიც გაბრაზებულია „ქართულ ოცნებაზე“ და ამავე დროს, მხარს არ უჭერს არც ერთ ოპოზიციურ ძალას.

ბლოგერი და ანალიტიკოსი ლევან ადეიშვილი თვლის, რომ ახალი ძალა საჭიროა პოლიტიკაში, რადგან მედროვეების და პოლიტიკური ჯაგლაგების დრო მიდის. მისი თქმით, იმისათვის, რომ გაგეძლო დასავლეთის ზეწოლისთვის, ამისთვის ეს პოლიტიკური გუნდი ვარგოდა, მაგრამ თუ ქვეყნის აშენება გვინდა, ასეთ შემთხვევაში რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი უკვე აღარ ვარგა.

„ყველას აქვს საკუთარი ეტაპი და მარგი ქმედების კოეფიციენტის გამოყენება. ჯერ მხოლოდ ის ფაქტი, რომ ამ მე-5 კოლონისგან განთავისუფლდება პოლიტიკური ველი, ეს თავისთავად მისასალმებელია, მაგრამ ამას თუ დაემატება ის, რომ კონსტრუქციული, ინტელექტუალური და სამშობლოს მოყვარული ადამიანებით დაკომპლექტებული პარტიებით შეივსება პოლიტიკური ველი, ეს იქნება სწორი სტრატეგიული სვლა. თან, საქმე ის გახლავთ, რომ ისინი ჩასაფრებული არ იქნებიან, შეცდომებზე მიუთითებენ ხელისუფლებას და ჯანსაღი ოპონირებით დაანახებენ, სად შეიძლება ცდებოდეს და რა უკეთესია. მაგრამ საქმე ისაა, იზამს ამას ივანიშვილი?“, - აცხადებს ადეიშვილი.

მისი თქმით, ერთია სურვილი, მაგრამ მეორეა რეალობა, როდესაც საარჩევნო სისტემა ისე არის მოწყობილი, რომ ფინანსების გარეშე არაფერი გამოდის. პარტიამ, რომელმაც ბარიერი უნდა გადალახოს, სჭირდება დრო და რაც მთავარია, ფინანსები.

„ამ დროს ხალხი ითხოვს ახალ პოლიტიკურ ძალას. ხალხს ყელში ამოუვიდა ასეთი ოპოზიცია, რომელიც არის მონური სულისკვეთების. ყველაზე საუკეთესი ნიმუში იმისა, რომ რა არის კოლონია, არის ჩვენი ოპოზიცია, უბრალოდ, ხელი უნდა გაიშვირო ოპოზიციისკენ. თუ გაქრა ნაცმოძრაობა და მასთან დაკავშირებული ეს პარტიები და შემოვიდა ახალი ძალა - ასეთ დროს დგება კითხვა - რა პოლიტიკური მომავალი ელოდება „ქართულ ოცნებას“, რომელსაც მთავარი მიზეზი რატომაც აძლევდა ამომრჩეველი ხმას, იყო ნაცების მობრუნების შიში და ომის საფრთხე და ეს გაქრება. შესაბამისად, ამაზე წავა ხელისუფლება მთლიანობაში? შეიძლება ამას ხვდება კობახიძე, ივანიშვილი, მაგრამ დანარჩენები ამას ვერ ხვდებიან, ან თუ ხვდებიან არ ენდომებათ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან ადეიშვილმა.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, მილიონ ორასი ათასმა ადამიანმა, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, თქვა, რომ დღევანდელ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს. მისი თქმით, ესენი არიან მე-5 კოლონის წარმომადგენლები, რომლებიც ასრულებენ უცხოელების დავალებებს საქართველოში.

„ეს არის საყოვეთაოდ ცნობილი და მათი ყოველი ქმედება ვნებს ქვეყანას, მიმართულია იმისკენ, რომ ძალადობრივი გზით შეცვალონ ხელისუფლება. ამიტომ, პრემიერის ეს სიტყვები სავსებით მართებულად მიმაჩნია. მით უმეტეს მმართველ ძალა, რომელიც აირჩია მოსახლეობამ, დაპირდა, რომ აუცილებლად დადგება იმ ძალის სამართლებირივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. მართალია, ვერ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაგრამ არსებობს სხვა საშუალება და მეთოდები, რომლის მეშვეობითაც ეს მავნებლური ძალა უნდა მოსცილდეს ჩვენს ქვეყანას.

რა თქმა უნდა, ქვეყანაში უნდა შეიქმნას კონსტრუქციული პოზიცია, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს ქვეყნის წინსვლაზე. ჯერჯერობით, შესაძლოა, არ ჩანდეს ასეთი ძალები, მაგრამ გავიხსენოთ - თვითონ „ქართულ ოცნებაში“ შეიქმნა ისეთი ძალა, რომელსაც ჰქვია „ხალხის ძალა“, რომლებიც გაერთიანებული არიან მმართველ გუნდში. პოლიტიკა ისეთი რამეა, რომ ვერ იტანს ვაკუუმს.

როგორც კი გაქრება ეს აგრესიული და მავნებლური პოლიტიკური ძალა, მაშინვე მის ადგილს დაიკავებს ის ძალა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ეროვნული ენერგიით სავსე ადამიანებით, რომლებიც შესაბამისი პირობების შემთხვევაში, აუცილებლად შეავსებენ იმ პოლიტიკურ ველს, რომელსაც ჰქვია ქართული ოპოზიციური ეროვნული, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ოპოზიციური ველი. ეს აუცილებლად მოხდება და ჩემი სურვილია, რომ ეს მოხდეს ადგილობრივ არჩევნებამდე. თუმცა, ჯერჯერობით, პოლიტიკურ სამართლებრივად ეს უსაშინლესი ძალა არის მოსაცილებელი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

Gami აუჰ, თვით "თენგოც" დაუკითხით? აბა, დაღუპულა ოცნება... ცუდათ მენიშნა ბუაძის გამომეტყველება.
2 კვირის უკან
ლაზი " მედროვეების და პოლიტიკური ჯაგლაგების დრო მიდის"-ო.
ახალი ტერმინი შემოვიდა ბრუნვაში - "პოლიტიკური ჯაგლაგი". იგივეა, რაც ჯახრაკი.
კაცმა რომ თქვას, პარლამენტში შრომის წიგნაკ გახსნილ, იქვე დაბერებულ და ცხრა არჩევნებ-წაგებულებს კი შეეფერებათ, ალბათ.
2 კვირის უკან