საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკაშვირებით, ევროპელი ლიდერები უკვე ღიად ალაპარაკდნენ. როგორც გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთიმ ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, ევროკავშირში ბევრი მთავრობა უკვე განიხილავს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებას. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავად კატეგორიული წინააღმდეგი იყო უვიზო რეჟიმის შეჩერებისა, პოზიცია შეიცვლა. როთის შეფასებით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რაც აქვთ, რათა თბილისს მიაწოდონ მკაფიო გზავნილი, შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული პოლიტიკა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა გადაიხადოს ფასი. როგორც როთი აღნიშნავს, არ შეიძლება საქართველომ ორ სამყაროში იცხოვროს.
„გაიხსენეთ, როცა თქვენთან ბოლო ინტერვიუ გვქონდა, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ პოზიცია შევიცვალე და ეს მიჭირს. ვიცი, რომ ამისთვის ჩემმა მეგობრებმაც ძალიან მაღალი ფასი უნდა გადაიხადონ, მაგრამ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რაც გვაქვს ჩვენი მხრიდან, რათა თბილისს მივაწოდოთ მკაფიო გზავნილი - შეწყვიტოს ეს ანტიდემოკრატიული პოლიტიკა. დაბრუნდით გზაზე. დააახლოებით ეს ქვეყანა ევროკავშირთან. ჩვენ გეხმარებით, მხარს გიჭერთ. ამ მთავრობამ უნდა გადაიხადოს ფასი. ამიტომაც დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ასეთი ვითარება, რადგან ვიცი, რომ ევროკავშირში ბევრი მთავრობა და არა ყველა, უკვე განიხილავს უფასო სავიზო რეჟიმის შეჩერებას.
არ ველოდი ამ მოვლენებს, მაგრამ თუ საზოგადოება გადაწყვეტს (და ეს ლეგიტიმურია), ჩვენ რუსულ ცხოვრებას ვანიჭებთ უპირატესობასო, პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ იცხოვროთ ორ სამყაროში. ეს არის სერბული გზა. სერბეთის ლიდერი, ბატონი ვუჩიტი ეუბნება თავის ხალხს, ჩვენ შეგვიძლია ორივე გვქონდეს. ჩვენ ძალიან მჭიდრო ისტორიული ეკონომიკური კავშირები გვაქვს რუსეთთან, მაგრამ მეორე მხრივ ფულს ბრიუსელიდან და გერმანული ინვესტიციებიდან ვიღებთ. არავითარ შემთხვევაში. თუ მმართველი პარტია მკითხავს, ვეტყვი, მეგობრებო, სერბული მოდელი არ არის წამახალისებელი,“ - განაცხადა როთმა.
ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ამირან სალუქვაძე For.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ დასავლელი ლიდერები უვიზო მიმოსვლის საკითხს პოლიტიკურად იყენებენ. სალუქვაძე იმედს იტოვებს, რომ ევროკავშირი ამ ნაბიჯზე არ წავა:
„როთისადმი ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის დამოკიდებულება ცხადია. უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩამოდის და პოლიტიკურ აქციას აწყობს ხელისუფლების წინააღმდეგ - გასაგებია რისთვისაც სჭირდებოდათ ეს, ხელისუფლების ცვლილებისთვის. ბევრი რამ შეიცვლება ევროპაში და ბევრია დამოკიდებული აშშ-ს მიერ ახალი პრეზიდენტის ქმედებებზე. იმედს ვიტოვებ, რომ აქამდე არ დაეცემიან (უვიზო მიმოსვლას არ შეგვიჩერებენ) და რუსეთს არ დაემსაგსებიან. ერთადერთი, ვინც მსგავსი რამ გააკეთა, სწორედ რუსეთი იყო“, - განაცხადა სალუქვაძემ.
მისი შეფასებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია, ფაქტობრივად, დასავლელმა ლიდერებმა წარმართეს და ახლაც, პროცესებში თავად ევროპელები არიან ჩართულნი. როგორც ექსპერტმა ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, თუკი ევროკავშირი საქართველოს უვიზო მიმოსვლას შეუჩერებს, ეს იქნება ქართველი ოპოზიციონერების კისერზე, რადგან მათ დაიწყეს ამ საკითხით აპელირება და პროვოცირება.
„30 წლის წინ სხვა წარმოდგენა გვქონდა ევროპაზე, სხვა ღირებულებების ირგვლივ შეიქმნა ევროკავშირიც. არჩევნების გზით ვერ მიაღწიეს მიზანს, აქციებითაც არაფერი გამოდის - ამ შემთხვევაში, რჩება ერთი სერიოზული ბერკეტი, რომლითაც ფიქრობენ, რომ ააფეთქებენ საზოგადოებას, მაგრამ არც ეს იმუშავებს, რადგან საზოგადოება ამას ჩათვლის უსამართლობად, ვისი მომხრეც არ უნდა იყოს ის.
რუსეთმა სავიზო მიმოსვლა რომ შემოიღო და ჩვენი მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო, ქართველი ხალხი არ დასაჯეს?! მხოლოდ სააკაშვილის გამო გააკეთეს და ეს არ ყოფილა ქართველი ხალხის შეურაცხყოფა?! - ზუსტად ანალოგიური ქმედებაა და ეს იქნება ქართველი ხალხის და საქართველოს შეურაცხყოფა ევროკავშირის მხრიდან.
ფაქტობრიბად, უცხოელებმა წარმართეს აქ ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია, არჩევნების შემდეგაც ისინი აგრძელებენ. ოპოზიცია ხნას ეძებს ქვეყნის გარეთ - რა ზომებს მიიღებს ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში, რომ აქ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიონ. სულ მცირე ორი წელია დარბიან და ითხოვენ სავიზო მიმოსვლის გაუქმებას - ეს იდეა არ მოსვლიათ თავში ევროპელებს, არც როთს და არც სხვებს, არამედ ეს არის ოპოზიციის მხრიდან მიწოდებული წინადადებები. თუ ეს მოხდება, იქნება ოპოზიციის სინდისზე, მეორე მხრივ კი, ეს იქნება სამარცხვინო ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან, დაემსგავსებიან რუსეთს - სავიზო რეჟიმის გაუქმება იქნება ქართველი ხალხისთვის სილის გაწვნა.
საქართველოში უნდა გაჩნდეს ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ხელისუფლებას გაუწევენ ჯანსაღ კონკურენციას - იქნება ნორმალური, პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში, ნორმალური დებატები, ნაკლები პოლარიზაცია და რადიკალიზაცია“, - დასძინა ამირან სალუქვაძემ For.ge-სთან ინტერვიუში.