საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობამდე, არ ხდება სიების ჩახსნა. ისე, როგორც საარჩევნო კოდექსის 131-ე მუხლი ამბობს - ცესკო-ს მიერ რეგისტრაციამდე უარის თქმა. მიუხედავად ამისა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს მიმართავენ, მათი საარჩევნო სიის წევრები არ გაატარონ რეგისტრაციაში და არ გაიცეს მათზე დეპუტატის დროებითი მანდატი.
ცხადია, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც, რბილად რომ ვთქვათ, საკუთარ ამომრჩეველს ატყუებს, თითქოს უარი თქვა მანდატებზე. ამ პოლიტიკური სპექტაკლს ორი ადრესატი ჰაყვს - დასავლეთი, რომელმაც ნახა, რომ ოპოზიცია საქართველოში სულ ღაფავს და მეორე - ამომრჩეველი, რომელიც ოპოზიციის ყველა დაძახებაზე ქუჩაში უნდა გამოვიდეს და შექმნან მართვადი კრიზისი. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, უარს ამბობენ მანდატები მიიღონ იმ საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სადაც ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაყალბებას.
„ცესკო-ს არ აქვს უფლება უფლებამოსილების ცნობის მიზნით „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საბუთები პარლამენტში გადააგზავნოს. ჩვენი თავისუფალი ნების გამოხატვაა ის წერილები, რომელსაც ჩვენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვაგზავნით. ვითხოვთ, რომ არც ერთ ჩვენგანზე, არც ერთ პირზე, რომელიც ფიგურირებდა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო საარჩევნო სიაში, არ მოხდეს დროებითი მანდატის გაცემა, ჩვენ არ გაგვატარონ რეგისტრაციაში და შესაბამისად, პარლამენტს არ გადაეგზავნოს ჩვენი სახელები და გვარები ჩვენი უფლებამოსილების ცნობის მიზნით. ეს არის ჩვენი თავისუფალი ნება და ჩვენ ამ თავისუფალ ნებას ჩვენი ხელმოწერით ვადასტურებთ“, - აცხადებს თინა ბოკუჩავა.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია კი სოციალური ქსელით მოუწოდებს დანარჩენი რადიკალური ოპოზიციის წევრებს, კამერის წინაშე დადონ პირობა, რომ პარლამენტში არ შევა არავინ წარდგენილი სიიდან. როგორც გვარამია წერს, მიზეზების ძიება არ არის საჭირო და პარლამენტში შესასვლელად უკანა კარის ღიად დატოვება.
„მორჩით სამართლებრივ კაზუისტიკას. ვის რაში აინტერესებს, ცესკო და პარლამენტი როგორ განმარტავს კონსტიტუციას და კანონს. მარტო ამ ნაწილშია სანდო ეს სიყალბის სიმბოლო დაწესებულებები და დანარჩენში ტყუის?! კამერის წინაშე დადეთ პირობა, რომ პარლამენტში არ შევა არავინ წარდგენილი სიიდან. ამას ითხოვს ხალხი, ეს გავაკეთეთ ჩვენ და არ უნდა მიზეზების ძიება და პარლამენტში შესასვლელად უკანა კარის ღიად დატოვება!“, - წერს ნიკა გვარამია.
რადიკალური ოპოზიციის ამ ფრთის მიერ დადგმულ პოლიტიკურ სპექტაკლს ამ ეტაპზე არ უერთება ხაზარაძის „ლელო“ და მასში შემავალი პარტიები. სპექტაკლში მონაწილეობაზე უარს აცხადებს „გახარია საქართველოსთვის“. ბექა ლილუაშვილი „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას პოპულიზმს და სპექტაკლს უწოდებს და აცხადებს, რომ ასეთი პოპულისტური ქმედებებით კიდევ უფრო მეტ იმედგაცრუებას შეიტანენ საკუთარ ამომრჩეველში.
ნაცები იქნებიან თუ ძველი ნაცები, ხომ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. პოპულისტური ქმედებები, სპექტაკლები კანონთან აბსოლუტურად შეუსაბამოა. კანონი არ ითვალისწინებს მსგავს რამეს, ამიტომ ვუწოდებთ ჩვენ ამას სპექტაკლს. ასეთი სპექტაკლებით და პოპულისტური ქმედებებით კიდევ უფრო მეტ იმედგაცრუებას შეიტანენ საკუთარ ამომრჩეველში და ამას კიდევ ვინ გამოიყენებს, გასაგებია ისედაც.
ჩვენ რაც შეგვეხება, ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, ვუსმენთ ჩვენს ამომრჩეველს და, ბუნებრივია, მათ თითოეულ მოსაზრებას ვითვალისწინებთ. ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ჩვენ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთ. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ასეთი პოპულისტური ქმედებებით და სპექტაკლებით ჩვენზე გავლენას მოახდენს, ძალიან ცდებით“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
მმართველ გუნდში თვლიან, რომ ოპოზიციამ საკუთარი ქმედებებით თავად შეიძლება მიიყვანოს თავი სასამართლოს წინაშე. „ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციის მოქმედება არის აბსოლუტური დესტრუქცია და კონსტიტუციის დარღვევისკენ მიდრეკილი ნაბიჯები.
„ოპოზიციას საკუთარი ქმედებები კარგს არაფერს უქადის. ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს - მაგალითად, ორხელისუფლებიანობის ჩამოყალიბების მცდელობა, როცა გვეუბნებიან, რომ როგორც არჩეული ხელისუფლება ისე მოვიქცევითო“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, კონსტიტუციის მორღვევა საჭიროებს ძალას, უნდა მოარღვიო სახელმწიფო სტრუქტურები და შექმნა კრიზისი. თუ იგულისხმება, რომ ოპოზიცია ქუჩაში სიარულით მოარღვევს კონსტიტუციას, პოლიტოლოგის შეფასებით, დიდი წარმოდგენის ვართ ამ ოპოზიციაზე, რადგან ქუჩაში სიარულით კონსტიტუცია არ ირღვევა.
„უზარმაზარი საპროტესო ტალღა იყო საფრანგეთში, გვახსოვს ყვითელჟილეტიანების პროტესტი, რომელიც დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ არ მორღვეულა საფრანგეთის კონსტიტუცია. თანაც პროტესტანტები სრულიად შეგნებულად ძალიან დაუნდობლები იყვნენ ქვეყნის მიმართ. ასე რომ, როგორც ჰამლეტი იტყოდა - ეს არის სიტყვები, სიტყვები და სიტყვები. საერთოდ, თუ დაანებებენ ამ ოპოზიციას თავს და არ შეიმჩნევენ მის არსებობს, იქნება კარგი და მგონია, რომ მაგის დრო დგება.
სიტუაციის ზემოდან ყურებით შეფასება უფრო მეტს მისცემს „ქართულ ოცნებას“, ვიდრე ოპოზიციის ყველა რეპლიკაზე პასუხი. საზოგადოების დიდ ნაწილში არ აღიქმება ოპოზიცია ამდენად სერიოზულ მოვლენად, რომ მის ყველა მოძრაობაზე და გამონათქვამზე ჩასაფრებული იყოს ხელისუფლება და იძლეოდეს პასუხებს. მე მგონია ზედმეტია და თან საფრთხე“, - აცხადებს პოლიტოლოგი.
როგორც რამაზ საყვარელიძე აცხადებს, საფრთხეს ხედავს ამაში, რომ ამ არჩევნებზე ოპოზიცია უფრო ღონივრად გამოჩნდა, ვიდრე ელოდნენ და ამაში ძალიან ბევრი ოცნებას ადანაშაულებს. მისი თქმით, თუკი დღეს ოპოზიციამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო, ხვალ შეიძლება გამოჩნდეს ისეთი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ასეთ განწყობილებებს თავისკენ წაიყვანს.
„გავიხსენოთ, შევარდნაძისადმი უკმაყოფილება როგორ გამოიყენა სააკაშვილმა. სულ არ იყო იდეალური ფიგურა, მაგრამ ხალხი იყო უკმაყოფილო და იპოვეს გამოსავალი. ანალოგიურად, ხალხის უკმაყოფილებას ფრთხილად უნდა მოექცეს ყველა. ის, რომ მაღალი იყო ოპოზიციის შედეგები, უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ოცნების მიმართ უკმაყოფილება მწიფდება და თუკი კრიტიკულ მდგომარეობას მიაღწევს, შეიძლება ოცნებამ დაკარგოს ლიდერობა. ამიტომ, მოგებამ არ უნდა გაანებივროს და ბევრი რამე უნდა გაითვალისწინოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
სტრაგეტული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ლევან მამალაძე არ ელოდება კონსტიტუციური სისტემის მოშლას, რადგან ამის საფრთხე არ გამოვლენილა. მისი თქმით, ოპოზიციის გათვლა მარტივია, პარლამენტი იყოს ერთპარტიული, ოპოზიციის არშესვლა არ არის კარგი, რადგან ერთპარტიული პარლამენტი მიმზიდველობას კარგავს.
„არ შეიძლება პარლამენტში იყოს ერთი პარტია, რადგან თვითონ სამუშაო სისტემა არ არის დახვეწილი და სწორი. მაგრამ, კონსტიტუციური და სამართლებრივი საფუძველი არ არის იმისა, რომ ასეთმა პარლამენტმა არ იმუშაოს. პარლამეტის მუშაობის ლეგიტიმაციის დაწყებას არ სჭირდება კონსტიტუციური უმრავლესობა, უბრალო უმრავლესობით ხდება. ეს უბრალო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს.
ამას კარგად ხედავენ ეს პოლიტიკური ჯგუფები და იმიტომ აკეთებენ ამას, რომ შექმნან საქართველოში დაძაბულობა, უკმაყოფილება. ხომ გვახსოვს რას მოუწოდებდნენ „გაბრაზდით ხალხო, გამოდით“ - ეს შეძახილების დონეზე არის არის, რომ დაანახონ დასავლეთს, რომ საქართველოში არის სახალხო პროტესტი. ამის დანახვაზე მუშაობენ ეგენი. რატომ იბრძვიან, რომ დაანახონ პროტესტი? - იმიტომ, რომ ქვეყანა ჩააგდონ მძიმე მდგომარეობაში და აიძულონ დასავლეთი სანქციები მიიღოს საქართველოსთან მიმართებაში.
თუ სანქციებმა მიიღო ეკონომიკური და საფინანსო დატვირთა, ეს საკმაოდ მძიმე მდგომარეობას შექმნის და საქართველოს უნდა ჰქონდეს საფინანსო მხარდაჭერა ასევე უცხოეთიდან, ამ შემთხვევაში ჩვენ ჩინეთს განვიხილავთ, რომელსაც სჭირდება ალტერნატიული სავაჭრო გზის შექმნა ხმელეთით, რკინიგზით და მათ შორის ანაკლიის პორტით და თვითონ არის დაინტერესებული სტრატეგიულად ამ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და არა შექმნილი და მართული ხელისუფლება, რომელიც დაქვემდებარებულია დასავლეთზე. ამიტომ, მისთვის ფინანსური დახმარების გაღება საკმაოდ ლოგიკური იქნებოდა, თუკი მართლა მიაღწევენ იმას, რომ საფინანსო და ეკონომიკური სანქციები იქნეს შემოღებული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან მამალაძე.