რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ სად იქნება ვოლოდიმერ ზელენსკის ადგილი, რომლის შესახებაც დონალდ ტრამპს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს, რომ ზელენსკი არის უდიდესი ვაჭარი ისტორიაში, რომელიც ყოველ ჯერზე, როდესაც ჩადის ამერიკაში, 60 მილიარდი დოლარით ბრუნდება უკან. ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, ერთ- ერთმა პირველმა სწორედ ზელენსკიმ მიულოცა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება, თუმცა ტრამპს ეჭვი არ შეჰპარვია არასდროს, რომ ზელენსკი კამალა ჰარისის გამარჯვებას გულშემატკივრობდა.
არავინ იცის, რას უმზადებს ტრამპი უკრაინას, მოუტანს თუ არა მშვიდობას უკრაინას და რის საფასურად?! უკვე ცნობილია, რომ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი უკრაინის სამშვიდობო გეგმას განიხილავს, რომლის მიხედვითაც, ევროპის და ბრიტანეთის ჯარები 800 მილის ბუფერულ ზონას გააკონტროლებენ, რაც ორ ქვეყანას შორის ომის გაყინვის გეგმის ნაწილად განიხილება.
ტელეგრაფის ინფორმაციით, ტრამპის მრჩევლების ეს გეგმა მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რუსეთის პრეზენტმა ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და თქვა, რომ მოსკოვი მზადაა, ესაუბროს მამაც ლიდერს უკრაინის ომის მოგვარების საკითხზე.
პარალელურად, უკრაინამ უნდა დაივიწყოს თავისი ამბიცია, მინიმუმ, 20 წლის განმავლობაში ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. სანაცვლოდ, შეერთებული შტატები უკრაინას იარაღს მიაწვდის, რათა რუსეთის მხრიდან ომის თავიდან დაწყება შეაჩეროს.
„ჩვენ არ ვაგზავნით ამერიკელ მამაკაცებსა და ქალებს უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად, ამაში ჩვენ არ გადავიხდით, აიძულეთ პოლონელები, გერმანელები, ბრიტანელები და ფრანგები, გააკეთონ ეს“, - აცხადებს ტრამპის გუნდის ანონიმური წევრი.
„სამწუხაროდ, პუტინს დარჩება უკრაინის 20%, 80% კი იქნება დემოკრატიული და თავისუფალი უკრაინა“, - აცხადებს ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ჯეიმს სტავრიდისი, რომლის თქმითაც, მოლაპარაკების მაგიდასთან მისაყვანად ტრამპი ზეწოლას მოახდეს უკრაინასა და რუსეთზე.
ნატოს ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი იმასაც ამბობს, რომ შეთანხმება, სავარაუდოდ, კორეის სცენარის მსგავსად წარიმართება და შემდეგ სამ-ხუთ წელიწადში უკრაინას ნატოში მიიღებენ. სტავრიდისის თქმით, ეს არ არის ყველაზე ცუდი შედეგი და, ალბათ, ასე დასრულდება უკრაინის კრიზისი.
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ახალი ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკური ნების გამოხატვის შემთხვევაში, ამერიკას ნამდვილად აქვს ის ბერკეტები, შეაჩეროს ეს ომი. მით უმეტეს, რომ უკრაინის ბიუჯეტის თითქმის 70% შედგენილია შეერთებული შტატებიდან გამოგზავნილი ფულით, რომელიც უწყვეტი ნაკადით მიედინება. უკრაინაში ამ 70%-ის დიდ ნაწილს იპარავენ, რასაც ამერიკული წყაროები ადასტურებენ, რომ მიმდინარეობს აღვირახსნილი კორუფცია. მეტიც, ამერიკული წყაროები პირდაპირ წერენ, რომ კორუფციის სათავეში დგას ზელენსკის აპარატის უფროსი ერმაკი.
„რეალური იერარქია ასეთია, ზელესკი, სინამდვილეში, ერმაკის თანაშემწე და მორჩილი მდივანია. უკრაინის საქმეებში გარკვეული ამერიკელები ღიად ხუმრობენ, მთავარია, ზელენსკისთან კარგი ურთიერთობა ააწყო, რადგან ზელენსკი ერმაკთან შემსვლელია და შეუძლია მას დაელაპარაკოს. ასე რომ, ერმაკი მართავს ზელენსკის, კურსკის კატასტროფაც ერმაკის ხელითაა გაკეთებული. საკმარისია, შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტოს უკრაინის ფულადი დახმარება, აღარაფერს ვამბობ იარაღით დახმარებაზე, რომ მოხდება სახელმწიფოს კოლაფსი უკრაინაში. დაახლოებით ეს იგივეა, როგორც გერმანიის დაყოფა. დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე, ხერსონი, ყირიმი შეიძლება დარჩეს რუსეთს, როგორც მან გამოაცხადა თავის ნაწილად, შემდეგ შეიქმნას ერთგვარი ბუფერული ზონა და მერე დემილიტარიზებულ იქნას უკრაინა თავისი 20-წლიანი ნატოს წევრობის გაყინვით“, - აცხადებს პეტრე მამრაძე.
ანალიტიკოსის განმარტებით, არც უშუალო მეზობელი პოლონეთი არაა დაინტერესებული უკრაინის გაძლიერებით. მართალია, პოლონეთის პრეზიდენტი ახლა გააქტიურდა და გამოდის უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ პოლონეთი არ არის უკრაინის მეგობარი, არა მარტო ისტორიული თვალსაზრისით, არამედ დღეს გეოპოლიტიკური განაწილება რომ მოხდეს ევროპაში, აქ მხოლოდ ორად ორი სახელმწიფოა უძლიერესი სამხედრო ძალით, რომელსაც არა სიმბოლურად, არამედ რეალურად ჰყავს არმია - ეს არის პოლონეთი და ფინეთი. საფრანგეთსაც, გერმანიასაც, ბრიტანეთსაც ჰყავთ სიმბოლური საჯარისო ქვედანაყოფები, რომლებიც ბრძოლისუნარიანი არ არის. პოლონეთს არანაირად არ სურს, უკრაინა გამარჯვებული გამოვიდეს ამ ომიდან და ვერც გამოვა გამარჯვებული.
პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ ტრამპის გარშემო თავმოყრილნი არიან ისეთი ცნობილი პოლიტოლოგები, ანალიტიკოსები, რომლებიც აცხადებენ, რომ რუსეთი არანაირად არ არის ამერიკის მეტოქე, არც მოსახლეობის ოდენობით, არც ეკონომიკით. რუსეთის ეკონომიკა უფრო მცირეა, ვიდრე ცალ-ცალკე შტატების ეკონომიკა - ტეხასის, ნიუ იორკის და ა.შ. რუსეთი ვერაფერს ვერ ყიდის საზღვარგარეთ, არავითარი ნაწარმი არ აქვს, გარდა გაზისა და ნავთობისა, რუსეთის არავითარი წარმოება უცხოეთში არ გადის. სულ სხვაა ჩინეთი, რომელიც ეკონომიკით გაუტოლდა შეერთებულ შტატებს და წინ წასული ტექნოლოგიებითაც უსწრებს შტატებს.
რაც შეეხება ზელენსკის ადგილს ამ ომის დასრულების შემდეგ, პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ თვითონ ზელენსკის თავისი ფიზიკური გადარჩენისთვის ძალიან უნდა, ეს ბრძოლა შეწყდეს. რამდენიმე ინტერვიუში მან თქვა, მე ვიცი, რომ ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, გაგვასამართლებენ.
„ასეც იქნება. ზელენსკი არის ნამდვილი მოღალატე, ნამდვილი ქურდი. ის, რომ ერმაკი მასზე ძლიერი აღმოჩნდა და ზელენსკი ასრულებს მის ბრძანებებს, ეს მხოლოდ ამძიმებს მის დანაშაულს. ზელენსკი არის ადამიანი, რომელმაც თითი თითზე არ დააკარა უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისათვის მანამ, სანამ 2022 წელს ეს ომი დაიწყებოდა. ბაიდენი აფრთხილებდა ჯერ კულუარულად, მერე უკვე საჯაროდ, რომ სულ მალე რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, ბაიდენის ყოველ განცხადებას ზელენსკი პასუხობდა, „არაფერი არ მოხდება, რუსეთი უკრაინაში არ შემოიჭრება, ომი არ იქნება, მე მივმართავ პრეზიდენტ ბაიდენს, შეწყვიტოს ასეთი განცხადებები, რადგან უკრაინის ინვესტორებს აფრთხობს“. ზელენსკის დანაშაულია, რომ ყირიმიდან ხერსონისკენ გადასასვლელი გზა, რომელიც იყო დანაღმული, გაინაღმა და გასროლის გარეშე თავისუფლად შევიდნენ რუსული ტანკები ხერსონში. ასე დაეცა ხერსონი. ამ ყველაფერს ზელენსკის მალე ამოუწევენ, ომის ხარჯზეა, რომ ჯერჯერობით ზელენსკი ტივტივებს. მისი ამოცანაა, როგორმე ცოცხალი დარჩეს და პასუხი არ აგოს“, - აცხადებს პეტრე მამრაძე და იმასაც იხსენებს, თავის დროზე ბაიდენი როგორ ჰპირდებოდა ზელესკის, რომ გაიყვანდა სამშვიდობოს მას და მის ოჯახს, მაშინ ეს არ ისურვა ზელენსკიმ. ახლა კი ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა ტრამპს გამარჯვება, რადგან ზელენსკი მზადაა, მუცელზე იხოხოს.
„ამ ქურდმა და არაკაცმა კორუფციული ინტერესები დააყენა საქართველო-უკრაინის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაზე უფრო მაღლა და შეიკედლა სააკაშვილი და მისი თანამზრახველები, საქართველოში გასამართლებულების და ძებნილების მთელი კოჰორტა“, - ამბობს პეტრე მამრაძე და, შეკითხვის საპასუხოდ, დამარცხებული იქნება თუ არა უკრაინა, თუკი ტერიტორიების დათმობას დათანხმდა, განმარტა, რომ, თუ ლაპარაკია იმაზე, რასაც პუტინი აცხადებდა, რომ კიევში საკუთარი მთავრობა უნდა დაესვა, როგორც ლუკაშენკოა ბელორუსში, ეს შეიძლება არ მოხდეს, კიევს მთლიანად ვერ აკონტროლებდეს რუსეთი, რადგან არც რუსეთს აქვს ამის რესურსი. რუსეთის ეკონომიკა ფინანსური კოლაფსის ზღვარზეა, ამაზე ღიად წერენ რუსეთშიც და ახლა ხელსაყრელი მომენტია, შეერთებულმა შტატებმა ნებისყოფა გამოიჩინოს და დაასრულოს ეს კონფლიქტი.