არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატებმა" საკითხზე: "პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაცია და მათი ფარული ბიზნესინტერესები", განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. ამ ეტაპზე ორგანიზაციამ გიგა ბოკერიას, გიგი უგულავასა და გივი თარგამაძის ფინანსური ანგარიშები შეისწავლა. "ალია" სამივე მათგანის ბიზნესინტერესებზე უკვე წერდა, თუმცა ბოკერიას შემთხვევაში ახალი დეტალები გამოიკვეთა.
"ალია" "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელს, არჩილ კაიკაციშვილს დაუკავშირდა:
- არჩილ, მსგავსი საკითხების შესწავლას პერმანენტული ხასიათი ექნება? ანუ სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების ქონებით თუ დაინტერესდებით?
- ჩვენ კვლევა დავიწყეთ 2013 წლის დეკემბერში. იქიდან გამომდინარე, რომ დოკუმენტაცია შრომატევადია, ამ მონიტორინგის ფარგლებში გამოვაქვეყნეთ არა მხოლოდ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები და მათი შესაძლო ფარული ინტერესები ბიზნესთან და სამეწარმეო საქმიანობასთან, არამედ მოქმედი ხელისუფლების საქმიანობაც. ჩვენ პერიოდულად, 2014 წელს გამოვაქვეყნებთ ასეთ მასალებს, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, რა ქონებას ფლობენ ესა თუ ის მაღალჩინოსნები და მათი ოჯახის წევრები.
უკანონო არაფერია, როცა კომპანიები იღებენ მოგებას, მაგრამ როცა თანამდებობის პირი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას რაიმე ფორმით... შეგახსენებთ, რომ ამას გადააყოლეს ვალერი გელაშვილი და სხვებს რატომ არ მოეკითხათ? მაღალი თანამდებობის პირს ხომ ეკრძალება მსგავსი საქმიანობა. როცა ადამიანები პოლიტიკაში გასამდიდრებლად მოდიოდნენ, ოჯახის წევრებს ჰქონდათ წარმატებული ბიზნესები.
- მონიტორინგის თანახმად, გიგა ბოკერიას რა ქონება აქვს?
- მასთან დაკავშირებულ ფირმებს, არსებული მასალების მიხედვით, 45 მლნ ლარამდე შემოსავალი აქვთ მიღებული. კერძოდ, საჯარო ინფორმაციის თანახმად, გიგა ბოკერიას ფარული ბიზნესინტერესები უნდა დავინახოთ მამის, მეუღლის, მეუღლის დისა და სიძის ბიზნესსაქმიანობაში.
გიგა ბოკერიას მამა, ლევან ბოკერია წარმოადგენს სამშენებლო ფირმა შპს "ლებოს" (ს/ნ 205172999), რომლის 100%-იანი წილის მფლობელიცაა. კომპანიის შემოსავალი შეადგენს 2 363 606 ლარს. ლევან ბოკერია, აგრეთვე, ფლობს 20%-იან წილს სამშენებლო ფირმა შპს "არქსტუდიაში" (ს/ნ 211326867), რომლის ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 26 523 662 ლარს.
მონიტორინგმა ცხადყო, რომ გიგა ბოკერიას ცოლისდა რუსუდან ჩორგოლეიშვილი არის სარემონტო ფირმა შპს "ოლივდიზაინის" დამფუძნებელი (ს/ნ 202351383), რომელიც ფლობს 50%-იან წილს. ორგანიზაციის ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 14 621 734 ლარს. რუსუდან ჩერგოლეიშვილი, აგრეთვე, ფლობს 50%-იან წილს გალერეა შპს "ახალ გალერეაში" (ს/ნ 404399593), რომლის ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 161 474 ლარს.
ყურადღებას მივაქცევთ რუსუდან ჩერგოლეიშვილის მეუღლის, კახაბერ ნინუას საქმიანობასაც, რომელიც დამფუძნებელია შემდეგი ორგანიზაციების:
შპს "გალფ რეისინგი", რომლის ერთობლივი შემოსავალია: 324 487 ლარი (ს/ნ 404915320), წილი - 100%, საქმიანობა: ავტომობილებით მომსახურება); ააიპ "სამხედრო ოპერაციებში გარდაცვლილ მოსამსახურეთა და დაზარალებული ოჯახების დახმარების ფონდი "თანადგომა", რომლის ერთობლივი შემოსავალი იყო 1 552 873 ლარი. კომპანია 2012 წლის აპრილში იქნა ლიკვიდირებული (ს/ნ 204559245). კახაბერ ნინუას 2011 წლის 8 დეკემბერს შეძენილი აქვს 3025 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი წყნეთში (ნაკ. 111/033) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისგან. აგრეთვე, 2011 წლის სექტემბერში, 1000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი წყნეთის სატყეო ტერიტორიაზე. შესყიდული ქონების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 400 000 ლარს.
რაც შეეხება საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიორგი ბოკერიას მიერ წარმოდგენილ ოფიციალურ დეკლარაციას, მის სახელზეა გაფორმებული უძრავი ქონება: ბინა პეკინის
გამზირზე #2-ში, ფართობი 60.00 კვ.მ., ხოლო მეუღლის, თამარ ჩერგოლეიშვილის სახელზე გაფორმებულია მსუბუქი ავტომანქანა "ბეემვე 120". საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან ბოკერიას, ხელფასის სახით, მიღებული აქვს 85790.00 ლარი, ხოლო მეუღლეს, თამარ ჩერგოლეიშვილს, ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან, 132000.00 ლარი. დეკლარაციის მიხედვით, თამარ ჩერგოლეიშვილი აღნიშნული ჟურნალის აქციონერია. გიგა ბოკერიას არ გააჩნია ფასიანი ქაღალდები.
დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ბოკერიას სესხის სახით აღებული აქვს 27 000.00 ლარი, ხოლო მეუღლეს, თამარ ჩერგოლეიშვილს - 52500.00 ლარი. მეუღლეს ეკუთვნის კიდევ ორი სასესხო ვალდებულების აღება, ერთგან 23 500.00 ლარის, ხოლო მეორე შემთხვევაში – 25 000 ლარის ოდენობით. აგრეთვე, თამარ ჩერგოლეიშვილის სახელზე, ფრანგულ ბანკში, საბანკო ანგარიშზეა 119 000.00 ევრო, ხოლო საქართველოს ბანკებში შემდეგი ფულადი დანაზოგი აქვს: 1403.70 აშშ დოლარი ("თიბისი ბანკი") და 6681.00 ლარი ("ლიბერთი ბანკი"). თავად გიგა ბოკერიას ანგარიშზე, დეკლარაციის მიხედვით, 7799.56 ლარი გააჩნია. ("თიბისი" ბანკი)