მართალია, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების წინ წინასაარჩევნო გარემო არათუ იდეალურისგან იყო შორს: მოქმედი „დემოკრატი“ პრეზიდენტის მიერ კონკურენტი „რესპუბლიკელი“ კანდიდატის ამომრჩევლისთვის „ნახირის“ წოდებით დაწყებული და საარჩევნო ბიულეტენების ყუთების დაწვით დამთავრებული; ასე განსაჯეთ, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებს „დრონები“ და სნაიპერები იცავდნენ, ხოლო დანარჩენი მსოფლიო (ნაწილი გულისფანცქალით, ნაწილი - ხელების ფშვნეტით), ელოდა სამოქალაქო დაპირისპირებასა და დემოკრატიის აკვნის დემოკრატიული იმიჯის საბოლოოდ გაცამტვერებას, მაგრამ მოხდა საპირისპირო: ჯერ ერთი, არჩევნებმა მეტად მშვიდად ჩაიარა. კანდიდატების მიერ დაგროვებული ხმების რაოდენობაც ისე გადანაწილდა, რომ ოპონენტებს საფუძველი გამოეცალათ ეთქვათ, რომ არჩევნები გაყალბდა; ჯოზეფ ბაიდენმა დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა და თეთრ სახლშც მიიპატიჟა; ზედაც, საკუთარ ამომრჩეველს შეახსენა და, ზოგადად, დანარჩენებსაც შეგვაგონა, რომ შენი ქვეყანა მხოლოდ მაშინ არ უნდა გიყვარდეს, როდესაც იმარჯვებ და ყველას ტემპერატურის დაწევისკენ მოუწოდა.
საბოლოოდ, პირადად ჩემზე, ამერიკულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა ფრიად ხელოვნურის შთაბეჭდილება დატოვა, რის უკანაც, არ ვაკადრებ „დემოკრატიის აკვანს“ გარიგებას, მაგრამ ერთგვარი შეთანხმების კვალი იკითხებოდა (რაც გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ სასწორზე აშშ-ს, ფაქტობრივად, სახელმწიფოებრიობა იდო).
დემურ გიორხელიძესთან ერთად განვიხილავთ: ან რატომ შფოთავდა ამერიკის შეერთებული შტატები წინასაარჩევნოდ, ან რამ დააცხრო ეს ვნებები ხმის მიცემის დაწყებისთანავე?!
შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მხარეები შეთანხმდნენ და არა მხოლოდ ისინი, რომლებიც პოლიტიკურ ავანსცენაზე ჩანან. თქვენ როგორ ფიქრობთ? ჩვენ გვახსოვს, რა მოხდა 2020 წლის არჩევნებზე, გვახსოვს სასამართლო პროცედურები ტრამპის წინააღმდეგ, როდესაც თეთრი სახლიდან საიდუმლო დოკუმენტების გატანას ედავებოდნენ. ამდენად, მეუცნაურა, თავაწყვეტილი წინასაარჩევნო სიგიჟიდან როგორ იშვა იდილიური საარჩევნო დღე?
- ეს ძალიან ღრმა საკითხია და სიღრმეებში უნდა ჩავიხედოთ, რომ სწორი პასუხი გამოგვივიდეს. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მოქმედი პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერების უკან დგას მსოფლმხედველობრივად განსხვავებული უდიდესი ელიტები და ესაა უდიდესი განმასხვავებელი, მაგალითად, საქართველოსგან, სადაც პოლიტიკური ბელადი მოდის და თავდაყირა აყენებს ყველაფერს.
და სწორედ ის ელიტები შეთანხმდნენ?
- ამერიკაში ყოველთვის ასეა და ასეც უნდა იყოს ყველა წესიერ ქვეყანაში, იმიტომ რომ პოლიტიკასა და ქვეყნის ისტორიას განსაზღვრავს ელიტები, სოციოლოგიური და არა ყოფითი გაგებით. დიახ, ელიტების ცირკულაციაა ის მექანიზმი, რომელიც სტაბილურობას ინარჩუნებს. ამდენად, შეერთებულ შტატებში, მიუხედავად იმისა, რომ, ელიტებს შორის უდიდესი დაპირისპირება იყო, არსებულ ორ კლასიკურ ელიტას ბოლო 30 წლის განმავლობაში დაემატა გობალისტური, ეგრეთ წოდებული პროგრესისტული ელიტა: მთელი ეს „ელ გე ბეტე ქიუ“ და ათასი უბედურება; ლამის ფერად დროშებში გააფერადეს თეთრი სახლი და 2020 წელს გლობალისტურმა ელიტამ შეძლო სისტემისთვის უდიდესი დარტყმის მიყენება.
რატომ უნდა გაეკეთებინა ეს, რა მოტივით?
- გლობალისტური ელიტისთვის ამერიკა არ წარმოადგენს რამე ღირებულს. მათ უბრალოდ უნდოდათ, რომ თავიანთი დომინირებული მდგომარეობა გამოეყენებინათ თავიანთი დიდი მიზნებისთვის და თქვენ ნახეთ, როგორი იყო ხელოვნურად შექმნლი პანდემია - ექსპერიმენტი მსოფლიო დონეზე, ფანტასტიკური ავანტიურა, რომელიც მათ გაუვიდათ. მაგრამ სხვა ელიტაა შეერთებულ შტატებში, ელიტა, რომელიც მოდის თავისი ისტორული ფესვებიდან, პურიტანებიდან. ამერიკა მაინც კონსერვატიული ქვეყანაა და ამერიკელი ხალხის შეშფოთება გამოიწვია იმან, რაც ხდებოდა ამ ეგრეთ წოდებულ დემოკრატიულ სკოლებში, როდესაც მშობლები თავიანთი შვილებიანად სხვა რესპუბლიკურ შტატებში გარბიან, რამაც საფრთხე შეუქმნა შეერთებულ შტატებსა და მართვის იმ სისტემას, რომელიც დემოკრატიული პროცედურების მეშვეობითაა ჩამოყალიბებული. მიუხედვად იმისა, რომ ბრძოლა ბოლო ეტაპამდე გაგრძელდა, ფაქტობრივად, არჩევნების წინა დღემდე, ელიტები, როგორც ჩანს, შეთანხმდნენ, რომ, რაც იქნებოდა საერთო განწყობა, იმას მიიღებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკმარისი იყო, 2020 წლის რჩევნების მდგომარეობა განმეორებულიყო და შეერთებული შტატები, რომელიც ისედაც კარგავს ავტორიტეტს მთელ მსოფლიოში, საერთოდ ავტორიტეტის გარეშე დარჩებოდა და დემოკრატიული პროცედურები იქნებოდა სრულად დისკრედიტებული. ეს აჩენდა ყველაზე დიდ საფრთხეს - გლობალისტური ელიტის გამარჯვებას - რაც დღეს დაიძლია. თუ ტრამპის სიტყვებს ვენდობით, იგი, ცხადია, თავის გუნდთან ერთად, აპირებს, გაანადგუროს ეგრეთ წოდებული „დიფ სთეითი“, ცხადია. როგორც ჩანს, ილონ მასკმაც კარგად იცის ეს ამბავი, რადგან თქვა, გეითსს პრობლემები შეექმნებაო და თქვენ იცით, რომ გეითსი „დიფ სტეითის“ ერთ-ერთი საშინელი წარმომადგენელია.
მოკლედ, დიდი ბრძოლაა და არა მარტო ამერიკის, არამედ მსოფლიო მომავლისთვის და ეს ბრძოლა ამ ეტაპზე კონსერვატიული ელიტის გამარჯვებით დასრულდა. ბუნებრივია, გლობალისტური ელიტა არსად მიდის. ხედავთ, რაც ხდება: „დემოკრატები“ ერთმანეთს დაერივნენ, იმის გასარკვევად, თუ ვინ არის დამნაშავე. მათ ვერ გადააკეთებ, ან როგორ შეიძლება, ნორმალურად აღიქვა ადამიანი, ვინც გეუბნება, რომ „ელ გე ბე ტე“ და სხვა ათასგვარი უბედურება არის ამერიკის მომავალი?! რაკი ონლაინ რეჟიმში არ დამალეს შედეგები, გასაგები იყო, რომ შეთანხმებას მიაღწიეს. დიახ, ელიტები აბალანსებენ ერთმანეთს და ქვეყანას უბედურების დრო უდგება მაშინ, როდესაც ასეთი დამაბალანსებელი ელიტები არ არიან.
საქართველოს ტრაგედია გასული საუკუნის 90-ანებში სწორედ ის იყო, რომ კომუნისტური წყობიდან გამოყოლილი უფროსი და საშუალო თაობა, ფაქტობრივად, ინფანტილიზებული და არააქტიურ ჯგუფად ჩამოყალიბებული, იოლად გარიყეს პოლიტიკიდან, სოციალური სფეროდან და არაწონასწორულ სიტუაციაში ჩვენ დავიწყეთ ის მოქმედებები, რომლებიც არ ითვალისწინებდა, თუ რა იყო საჭირო სახელმწიფოს მშენებლობისთვის: კვალიფიკაცია, ცოდნა, თამაშის შეთანხმებული წესები და ასე შემდეგ. ემოციაზე გადაერთო ყველაფერი. ემოცია იყო შეერთებულ შტატებში 2020 წელსაც, როდესაც გაუგონარი რამ მოხდა ამერიკაში: ხალხი შეიჭრა ამერიკულ პარლამენტში. გასაგებია, რა იქნებოდა 2024-ში, თუ 2020 წელი განმეორდებოდა. არ იყო გამორიცხული სამოქალაქო ომი და ამით მერიკის შეერთებული შტატების, როგორც სახელმწიფოს მომავალი, ფაქტობრივად, ეჭვქვეშ დადგებოდა.
შეძლებს ტრამპი და მისი ადმინისტრაცია, გადაჭრას ის პრობლემები, რომლებიც შეექმნა და უმეტესობა თავად შეიქმნა აშშ-მა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში?
- ამერიკის პრობლემები უზარმაზარია, ვნახოთ, რას გააკეთებენ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია, თუმცა არ მგონია, მას ასე იოლად შეეძლოს რამის გადაწყვეტა. ტრამპი ვერანაირ 24 საათში ვერ დაასრულებს ვერც უკრაინაში და ვერც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს. ეს მის ძალებს აღემატება, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კონსტრუქციული იქნება, იმიტომ რომ შეერთებული შტატები ვეღარავის ვერაფერს უკარნახებს. ეს დრო წასულია, ჰეგემონური მდგომარეობა უკვე დაღმასვლაზეა და ამას ვერავინ გააჩერებს. ამდენად, ტრამპი გარდამავალი ფუგურაა: ამით, ერთი მხრივ, დაამშვიდეს ამერიკელები, რომ შეერთებულ შტატებში არც ისე ცუდადაა საქმე და, მეორე მხრივ, გლობალისტური ძალები, სავარაუდოდ, გადაჯგუფდებიან.
შეძლებს ტრამპი, მოერიოს გლობალისტურ ელიტას, რომელიც არ მგონია, გაქრეს, თუკი ახლა დამარცხდა არჩევნებში?
- თუ ტრამპი შეძლებს იმას, რასაც ამბობს, რომ გაანადგურებს „დიფ სთეითს“ და ამით გაანადგურებს გლობალისტურ ელიტებსაც, მაშინ შეიძლება, აღდგეს თამაში ტრადიციული წესები, მაგრამ ტრამპს აქვს ერთი უდიდესი პრობლემა. პირველი ვადით ყოფნის დროს მას მოუვიდა კატასტროფული შეცდომები საკადრო პოლიტიკაში: ბოლტონი და პომპეო იყო კატასტროფული შეცდომა, რაც ძვირად დაუჯდა პირადად მასაც და შეერთებულ შტატებსაც. ახლა, რამდენადაც ვიცი, ყველა კანდიდატს გადავხედე, იგი ეგრეთ წოდებული ბიზნესის ვეშაპების შემოკრებას აპირებს. თუმცა მე მაინცდამაინც არ მჯერა ბიზნესის ხალხისა პოლიტიკაში, იმიტომ რომ ბიზნესისა და ბიზნესმენის აზროვნება დიამეტრალურადაა განსხვავებული სახელმწიფო აზროვნებისგან. მე არ ვფიქრობ, რომ ტრამპი სწორ გზაზე დგას და მიუხედავად იმისა, რომ აქცენტს აკეთებს მილიარდერებზე, ვფიქრობ, ეს მისი პრინციპული შეცდომაა.