ლარის კურსის ვარდნამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას კუპონების ავბედითი ხანა გაახსენა, როცა ყველა მილიონერი იყო, მაგრამ ამ მილიონებით ვერაფერს ყიდულობდა. უსიამო მოლოდინს ისიც დაერთო, რომ მაღაზიებმა ფასები ნელ-ნელა, მაგრამ მაინც გაზარდეს. მართალია, მთავრობა და ფინანსთა მინისტრი ხშირად გვაიმედებენ, საგანგაშო არაფერია და პროცესები კონტროლს ექვემდებარებაო, მაგრამ მოსახლეობაში შიში მაინც ჩნდება.
სოსო არჩვაძე (ექსპერტი): ლარის კურსი, ისევე როგორც ეკონომიკა, ცოცხალი ორგანიზმია და მასზე გავლენას ბევრი რამ ახდენს, მათ შორის, შიდა და გარე ფაქტორები, როგორც პოზიტიური, ასევე - ნეგატიურიც. ჩვენზე უფრო განვითარებული ეკონომიკა აქვს ევროკავშირს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ევრო შემოიღეს, ევროსა და დოლარს შორის შეფარდება რამდენჯერმე შეიცვალა. არც არის სავალდებულო, ვალუტის კურსი უცვლელი იყოს, მაგრამ სულ სხვა საკითხია, რამდენად ადეკვატურად და დროულად მოქმედებენ ის სტრუქტურები, რომლებზეც ჩვენი ეროვნული ვალუტის სიმყარეა დამოკიდებული. ხელისუფლების ვალდებულებაა ეს რყევები მინიმუმამდე დაიყვანოს. ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო სექტორს და განსაკუთრებით, ეროვნულ ბანკს, აკისრია ვალდებულება, ვალუტის კურსი და ინფლაცია დაიჭიროს. ამ მხრივ ჩვენს ეროვნულ ბანკს უფრო აქტიური მოქმედება ევალება და ჩემი აზრით, მწვავე კრიტიკა, რომელიც ბოლო ხანებში ფინანსთა სამინისტროს მიმართ გვესმის, ეროვნული ბანკისადმი უნდა იყოს მიმართული. ლარის კურსის დაჭერა მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ "ეკონომიკური ნევროზი" მოუხსნას ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს, ეს "ნევროზი" სწორედ ლარის კურსის რყევითა და ფასების ზრდით არის გამოწვეული.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთანდილ სილაგაძე კი მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურება არ უნდა მოხდეს, რადგან ამისათვის ობიექტური საფუძვლები არ არსებობს.
- ბოლო ხანებში ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, უცხოური ინვესტიციების რაოდენობამაც იმატა, ამავე დროს, არ შემცირებულა ქვეყანაში შემოსული გზავნილები, უკვე განსაზღვრულია საინვესტიციო პაკეტები, რომლებიც მიმდინარე წელს უნდა ამოქმედდეს - ეს ოთხი ძირითადი ფაქტორი არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ლარი გაუფასურდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს, ეს არის სავალუტო რეზერვები, რომელიც შეუძლია გამოიყენოს საიმისოდ, რომ ლარის სერიოზული რყევა არ მოხდეს. მოკლედ, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ქმნის იმის საფუძველს, რომ ეროვნული ვალუტა უფრო მეტად არ გაუფასურდეს და თუ მისი გაუფასურება მაინც გაგრძელდება, ეს უკვე სუბიექტური ფაქტორების ბრალი იქნება. ბიუჯეტი 1,70-ის ფარგლებშია გათვლილი და თუ ეროვნული ბანკი მოინდომებს, ლარის გაუფასურება აღარ უნდა გაგრძელდეს, იმიტომ, რომ საამისოდ ობიექტური პირობები არ არსებობს.
უფრო მწვავე განცხადებებს აკეთებს ექსპერტი ლევან კალანდაძე:
- ლარის კურსის დაცემა სულაც არ არის გამოწვეული ობიექტური, ეკონომიკური ფაქტორებით, უფრო მეტიც, ამგვარი წინაპირობა საქართველოში არც არსებობდა, რადგან წლის ბოლოს ყოველთვის იზრდება მოთხოვნა ლარზე და შესაბამისად, ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნის ზრდამ ის უნდა გაამყაროს. ამასთან, პირდაპირი გზავნილები უცხოეთიდან წლის მეორე ნახევარში აშკარად გაიზარდა, რაც ლარის გამყარების კიდევ ერთი ფაქტორია, რადგან ამის გამო ლარზე მოთხოვნა იზრდება. 2013 წელს გაზრდილი იყო ექსპორტის მაჩვენებლებიც და ამასაც ლარის გამყარებაზე უნდა ემუშავა, ანუ ეკონომიკური მოტივაცია იმისა, რომ ლარი გაუფასურებულიყო, არ არსებობდა. სინამდვილეში კი მოხდა სულ სხვა რამ - ლარის კურსი დაეცა. რამ გამოიწვია ეს? - იმან, რომ მთელი წლის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს ხარჯვითი პოლიტიკა არასწორი და არათანმიმდევრული იყო: მეოთხე კვარტალში დაიწყო ფულის დიდი მასის ერთბაშად გაშვება მიმოქცევაში, რასაც ბუნებრივია, ლარის გაუფასურება მოჰყვა.
- ესე იგი, სეზონური ფაქტორები აქ არაფერ შუაშია?
- მტკიცება იმისა, რომ ლარის კურსის დაცემა სეზონური ფაქტორის გამო მოხდა, არასწორია! იმიტომ, რომ სეზონურ ფაქტორს, პირიქით, ლარი უნდა გაემყარებინა. შესაბამისად, საზოგადოებაში გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი: იმის გათვალისწინებით, რომ 2013 წლის ბიუჯეტი ჩავარდა და მასში დეფიციტი გვაქვს, გაუფასურებული ლარი არის კარგი საშუალება საბიუჯეტო დეფიციტის დასაფარად.
ჩნდება კითხვა: ხომ არ იყო ლარის გაუფასურება ხელოვნურად პროვოცირებული? ეს მოსაზრება საღ აზრს სულაც არ არის მოკლებული. უცნაურია, მაგრამ იანვარში ეროვნულმა ბანკმა 40-მილიონიანი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ლარის კურსი მაინც ვერ დაიჭირეს. ამას ემატება ისიც, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები შეუსაბამო განცხადებებს აკეთებენ. ხოლო იმის მტკიცება, რომ ლარი სტაბილურია და ქვეყანაში საგანგაშო არაფერი ხდება, არასერიოზულია. ბოლო თვეებში ლარის კურსის გაუფასურების მაჩვენებლები იმის საფუძველს იძლევა, რომ შექმნილ მდგომარეობას კრიტიკული კი არა, საგანგაშო ვუწოდოთ, რადგან ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესს სავსებით შესაძლებელია მოჰყვეს ინფლაციის გაღრმავება, მით უმეტეს, რომ ამის პირველადი ნიშნები უკვე შეიმჩნევა: ფასები სოფლის მეურნეობის პროდუქტზე გაზრდილია დაახლოებით 35%-ით, 15%-ით არის მომატებული რძის პროდუქტზე, ხოლო 19%-ით - ნავთობპროდუქტზე. შესაბამისად, ეს არის წინაპირობა იმისა, რომ ინფლაციური პროცესი გაღრმავდეს და პირველადი მოხმარების საგნებისა და პროდუქციის ფასიც გაიზარდოს… ლარის კურსის დაცემა საგანგაშოა ქვეყნისთვის, ეკონომიკისა და იმ ადამიანებისათვის, ვისაც შემოსავალი ლარში აქვთ, ხოლო ისინი, ვინც ბიუჯეტის შესრულებაზე პასუხი უნდა აგონ, კომფორტულ მდგომარეობაში არიან, რატომ? - იმიტომ, რომ გაუფასურებული ლარი "მშვენიერი" საშუალებაა იმისთვის, რომ საბიუჯეტო პარამეტრების შესრულება გაუმარტივდეთ. დისკომფორტი ექმნება საზოგადოებას, რადგან მოსახლეობის სრულ უმრავლესობას შემოსავალი აქვს ლარში, ამ დროს კი, აღებული აქვს სესხი, რომელიც დოლარშია გაანგარიშებული. ეს მდგომარეობა მნიშვნელოვნად აძვირებს ცხოვრებას, ლარში შემოსავალი და დოლარში სესხი სერიოზული დისკომფორტია თითოეული მათგანისთვის.
- ცნობილია, რომ ეროვნული ბანკი წლების განმავლობაში ამყარებდა ლარს, ბევრი ფიქრობს, რომ ეს იწვევდა დეფლაციურ პროცესებს, რაც სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორი იყო ეკონომიკისათვის.
- ინფლაცია ზომიერების ფარგლებში შეიძლება მართლაც იქნას გამოყენებული ეკონომიკური პროცესების დასაჩქარებლად, მაგრამ ეს პროცესი კონტროლირებადი უნდა იყოს. დღეს ჩვენს ქვეყანაში ლარის კურსი არაკონტროლირებადი და არაპროგნოზირებადია. ინფლაცია კონტროლირებადი მაშინ არის, როცა ბიუჯეტით განსაზღვრული ლარის კურსი ნარჩუნდება. ახლა კი რა ხდება? - ფინანსთა მინისტრი გამოდის და ამბობს: ლარის კურსი ბოლომდე კონტროლდებაო და ამ განცხადებიდან ორ-სამ დღეში ლარის გაუფასურება კვლავ მიმდინარეობს? რამდენად კონტროლირებადია ლარი, როცა ეროვნული ბანკი ახორციელებს 40-მილიონიან ინტერვენციას სავალუტო ბაზარზე და ამის მიუხედავად, ის მაინც უფასურდება? საბოლოოდ კი ზარალდება ეკონომიკა, ზარალდება მომხმარებელი და ხელის მოთბობას ახერხებს მხოლოდ ის, ვინც საიმპორტო ოპერაციებს ახორციელებს. ჩემი აზრით, მთავრობა ეროვნული ვალუტის კურსს ვერ აკონტროლებს, თანაც, ამის გამო არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს და დუმილს ამჯობინებს. საბოლოოდ კი, მე და თქვენ ვზარალდებით: რასაც ვყიდულობდით 100 ლარად, დღეს უკვე იმის ყიდვისთვის 110-120 ლარი გვჭირდება და ამის გამო არავინ პასუხს არ აგებს.
"გასული წლის პირველი ნახევარი ეკონომიკური ზრდის შეფერხებით გამოირჩეოდა, თუმცა ბოლო კვარტალში გამოცოცხლება აშკარა იყო. ამან გამოიწვია დოლარზე მოთხოვნის ზრდა, რასაც ლარის კურსის მერყეობა მოჰყვა. თუმცა, რეზერვები და ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა იძლევა გარანტიას, რომ კურსი არათუ დასტაბილურდება, არამედ შესაძლებელია მისი შემცირება გარკვეული მოცულობით"".
ნოდარ ხადური, თბილისი, 2014 წელი
"მოგახსენებთ იმ დადებით ტენდენციაზე, რომლის შენარჩუნება, ჯერჯერობით, ხერხდება. ეს არის ჩვენი გარდამავალი ვალუტის - კუპონის კურსის განმტკიცება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ერთგვარ კანონზომიერებადაც კი იქცევა, თუკი ამისათვის თანმიმდევრულად ვიზრუნებთ. ჩვენს ცხოვრებაში იწყება ახალი ეტაპი, როცა ასეთ მოვლენებს საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი ანალიზი სჭირდება".
ედუარდ შევარდნაძე, თბილისი, 1994 წელი