დავით საგანელიძე:

დავით საგანელიძე:"მოგატყუებთ, რომ გითხრათ, მოუთმენლად ველი მარგველაშვილს პარლამენტში-მეთქი"

"მივესალმები იმას, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისგან გვერდზე არ გადგა. მისი ცნობილი სიტყვები - კი არ მივდივარ, მოვდივარო, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მას ძალიან სერიოზული გავლენა აქვს, ასევე კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ სწორედ მას გაჰყვა ხალხი და მისი ავტორიტეტის წყალობით შეიცვალა ხელისუფლება. მისი სამოქალაქო სექტორში წასვლა სწორედ იმის ნიშანია, რომ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ივანიშვილი საკუთარ პასუხისმგებლობას გრძნობს. ის რიგითი მოქალაქის პოზიციიდან იწყებს აქტიურობას და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ობიექტური იქნება - მისთვის საქმეში ნათესავები, მეგობრები არ არსებობენ. ძალიან მკაცრია მაშინ, როდესაც ეს საჭიროდ მიაჩნია, არა აქვს მნიშვნელობა, ვის მოქმედებას აკრიტიკებს", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "საქმე თუ საკრებულოს დაშლამდე მივიდა, არჩევნები გადმოიწევს"/ "მოგატყუებთ, რომ გითხრათ, მოუთმენლად ველი მარგველაშვილს პარლამენტში-მეთქი". 

"პოლიტიკიდან ჩემი წასვლის შესახებ მითქმა-მოთქმა თითიდან გამოწოვილი თემა იყო - მე არ მითქვამს, რომ დღეს და ხვალ დავიხურავდი ქუდს და წავიდოდი, უბრალოდ, ვთქვი, რომ მთელი ცხოვრების პოლიტიკაში გატარებას არ ვაპირებ. თითქმის 15 წელია, პარლამენტში ვარ, არ ვაპირებ, რომ ასი წლის მერე, როცა მოვკვდები, პარლამენტიდან გამასვენონ. შესაძლოა, როდესაც ამ მოწვევის პარლამენტს მანდატი ამოეწურება, ვიფიქრო წასვლაზე. ვიღაცებმა ჩემი ნათქვამი ისე გაიგეს, როგორც მათ სურდათ და ძალიან გაუხარდათ. არიქა, მიდისო და ამას ისიც მიაბეს, რომ ის სიბინძურე - თითქოს მე და რამდენიმე ჩემი კოლეგა წინა ხელისუფლებასთან ვთანამშრომლობდით - მართალი იყო. მივმართავ ახალ მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს, გამოიძიოს იმ თაღლითური ჯგუფის საქმიანობა, რომელმაც ეს საკითხი გაააქტიურა პრესაში. არ ვაპირებ გაჩუმებას და გაჩერებას მანამ, ვიდრე სამართლებრივად არ გაირკვევა, ვინ და რა ჯგუფები გეგმავდნენ და ავრცელებდნენ ამ ბინძურ ცილისწამებას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით საგანელიძე. 

"ინტერფრაქციულ ჯგუფში არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები უკმაყოფილონი არიან ჯგუფის მუშაობით და მის დატოვებაზე ლაპარაკობენ - კარგად ვიცი მაგათი ტაქტიკა, სტრატეგია და პიარის ელემენტები. ესენი სულ უკმაყოფილონი არიან და იმაზეც კამათობენ, რაც საკამათო არ არის. ოპოზიციამ უნდა აკრიტიკოს ხელისუფლება, მაგრამ ერთია, როდესაც ხელისუფლება არაფერს ითვალისწინებს და მეორე, როდესაც ბევრ რამეს აკეთებს. მაგალითად, მერების არჩევისას ბარიერი 40%-მდე ავწიეთ, ახლა გაიძახიან - რატომ 50%-მდე არაო - იქნებ, ჯერ ის აღენიშნათ, რომ უამრავი რამ შევცვალეთ თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად, ქვეყანაში პირდაპირი წესით მარტო თბილისის კი არა, უკვე 12 თვითმმართველი ქალაქისა და ყველა რაიონის გამგებელი აირჩევა. მერის არჩევნების ბარიერი ავწიეთ, პროპორციული წესით არჩევნებში კი ბარიერი დავწიეთ - ამისთვის წლების განმავლობაში ვიბრძოდით, მაგრამ წინა ხელისუფლება ყურსაც კი არ იბერტყავდა. ჯერ იქნებ მადლობა ამაზე თქვან და მერე დაიწყონ კრიტიკა და ინტერფრაქციული ჯგუფიდან წასვლის მუქარა. ჩვენ ვაპირებთ მათთან თანამშრომლობას, მაგრამ როცა პოპულისტობ და სხვა მიზანი არ გაქვს, იქ აღარ ღირს ლაპარაკი", - თვლის უმრავლესობის ლიდერი.

"მესმის, რომ საკრებულოსა და მერიას შორის ინტერესთა კონფლიქტი არსებობს. როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება ბიუჯეტს წარადგენს, თუ საკრებულო არ არის მერიის მუშაობით კმაყოფილი, ბიუჯეტს არ ამტკიცებს და ეს არ არის უბედურება, მით უფრო, როცა ამ შტოების წარმომადგენლები სხვადასხვა პოლიტიკურ წრეებში მოიაზრებიან. ვფიქრობ, მორიგდებიან, მაგრამ კრიზისი თუ გაგრძელდა, ამასაც არეგულირებს კანონი: საკრებულო და მერია იშლება და ახალი არჩევნები ინიშნება. საკრებულო თუ პრინციპულად არ ეთანხმება ბიუჯეტის პროექტს, ალბათ არც უნდა მიიღოს. არჩევნები მაისში და ივნისში უნდა ჩატარდეს, საქმე თუ მაინც საკრებულოს დაშლამდე მივიდა, საარჩევნო პროცესი ცოტა აქეთ გადმოიწევს და ეს იქნება", - განაგრძობს რესპონდენტი. 

"რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ კიდევ ოთხი კონფესიის დაფინანსებას - ეს მნიშვნელოვანი საკითხია და არც აზრთა სხვადასხვაობაა გასაკვირი. უკმაყოფილებას ველოდით, მით უფრო მცირემრევლიანი რელიგიური მიმდინარეობების მხრიდან. ის ოთხი კონფესია შეირჩა იმ პრინციპით, რომ მათ საქართველოში შედარებით მეტი მრევლი ჰყავთ. ისევე როგორც მართლმადიდებელ ეკლესიას, ამ ოთხ კონფესიასაც სახელმწიფო დააფინანსებს იმ ზარალის საკომპენსაციოდ, რაც მათ საბჭოთა ხელისუფლების პირობებში მიადგათ... ალბათ, გამოიძებნება ფორმა, რომელიც ამ ფინანსური დახმარების ოდენობას განსაზღვრავს. პროცესი არ არის ჩაკეტილი, ის დინამიკურია და გრძელდება", დასძენს დავით საგანელიძე და შეკითხვას - "მალე პარლამენტში საანგარიშო მოხსენებით გიორგი მარგველაშვილი წარდგება. ბევრი ოხუნჯობს - პრეზიდენტის ინსტიტუტი იმდენად უფუნქციოა, რაზე უნდა ილაპარაკოსო. თქვენ თუ გექნებათ კითხვები მასთან?", - პასუხობს:

"სულაც არ მიმაჩნია ეს იუმორის თემად. ვინც ამაზე ხუმრობს, წარმოდგენა არ ჰქონია პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე. საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, ფუნქციები მნიშვნელოვნად გადანაწილდა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის. როგორც ჩანს, საზოგადოება მიჩვეული იყო ექსპრეზიდენტი სააკაშვილის ჰიპერაქტიურობას, იმას, რომ ყველაფერს მას ეკითხებოდნენ - შენობის ფერიდან და ძეგლის ფორმებიდან დაწყებული, ბიზნეს-წილების გადანაწილებით დასრულებული და მარგველაშვილის ზომიერ აქტიურობას ვერ ეგუება. დღეს პრეზიდენტი არ აძლევს თავს უფლებას, ყველაფერზე განცხადება აკეთოს, თუმცა თავის ფუნქციებს მშვენივრად ასრულებს. რაც შეეხება მის ვიზიტს პარლამენტში, ის თვითონ აირჩევს დღეს, როდის მოვა. რაც შეეხება კითხვებს, მაქვს პატივი, თუ რამე მაინტერესებს, პირადად ვკითხო. ამიტომ მოგატყუებთ, რომ გითხრათ, ერთი სული მაქვს, მოვიდეს მარგველაშვილი და მისგან პასუხები მოვისმინო-მეთქი"