"სახლს დაგიწვავ დედ-მამიანად, დანარჩენს გასვენებაში აგიხსნი" - სკანდალური მუქარის წერილი ქარელს ოქრუაშვილისგან?

"კარგად წაიკითხე და დაფიქრდი, რასაც გწერთ. 1. თუ როდესმე იკაზე ხმას ამოიღებ ან გაზეთით, ან ტელევიზიით, შენს ოჯახს მთლიანად გავანადგურებთ. 2. თბილისის ოფისის წილები შენ და კეკელიშვილმა გადმოაფორმეთ შენივე დაქალ თეოზე. თუ სამ დღეში დადებითად არ გადაწყვეტთ რასაც გწერთ, შენ სახლ-კარს ცეცხლს მივცემთ დედაშენ-მამაშენიანად, დანარჩენს გასვენებაში, რომ ჩამოხვალ, აქ აგიხსნით. კარგად დაფიქრდი და 31 იანვრამდე დააბრუნე პასუხი თეოს მეშვეობით. არ გემუქრებით, რეალობას გიხსნით. მაგასაც ხომ დავუწვით სახლი, ხოდა ნუ აყვები იმ ვოლკს, თორემ 1-ში ცეცხლით გაგათბობთ. თუ არასწორად იფიქრებ, არც მანდ არაა შენი პოვნა ძნელი", - შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ ქარელის მტკიცებით, ეს SMS მას მისმა ყოფილმა მეგობარმა და ყოფილმა თანაგუნდელმა ირაკლი ოქრუაშვილმა მიწერა. 

Ambebi.ge-ს ჟურნალისტს ელექტორონული ფოსტით მიხეილ ქარელის სახელით განცხადებაც მოუვიდა. როგორც ყოფილი გუბერნატორი აცხადებს, ეს SMS შეტყობინება გუშინ საღამოს, პარიზის დროით 18:15 საათზე, რუსული ნომრიდან მიიღო. 

მიხეილ ქარელი ყოფილ მეგობარს მუქარაში ადანაშაულებს და საქართველოს გენერალურ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მინისტრს გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართავს.

"მივიგე SMS შეტყობინება, სადაც მე და ჩემი ოჯახის წევრებს გვემუქრებიან განადგურებით და აყენებენ შემდეგ პირობებს, რომ ოქრუაშვილზე საერთოდ არაფერი არ უნდა ვილაპარაკო და თბილისში ათონელის 27 ნომერში ჩვენს საერთო საკუთრებაში არსებული ოფისის წილი მე და კიდევ ერთ-ერთმა თანამესაკუთრემ, დავით კეკელიშვილმა უნდა გადავაფორმოთ თეოზე (დარწმუნებული ვარ, რომ თეო ტლაშაძეს გულისხმობდა). წინააღმდეგ შემთხვევაში სისრულეში მოიყვანენ SMS-ში ნახსენებ მუქარას.

ამ ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, რომ მისი ავტორი ირაკლი ოქრუაშვილია და შესაბამისად მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურორს და შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა დაიწყოს გამოძიება უშუალოდ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებულ მუქარის ჩემი, ჩემი მშობლების და ჩემი ოჯახის წევრების განადგურების მუქარასთან დაკავშირებით!

გამომდინარე იქიდან რომ, კარგად ვიცნობ ოქრუაშვილს და მის ფსიქიკურ პორტრეტსაც, კარგად ვხედავდი, როგორ მახინჯდებოდა პოლიტიკური ვარდნის პარალელურად. ის დღეს არარაობად ქცეული ოქრუაშვილისაგან (რაც არაერთხელ იხილა ხალხმა საჯაროდ და მეგობრებმაც ბევრჯერ ვიხილეთ კაცისთვის უღირს პირად ქცევებში) თავის დაღწევის მცდელობაშია, ამიტომ მისი სილაჩრის გადაფარვას თავისებურად ცდილობს, რაც გამოიხატება შემდეგ ქცევებში; ოქრუაშვილმა საქართველოში დაბრუნებისთანავე თავისი ყოფილი მეგობრებისგან და თანამებრძოლებისაგან წილებისა და კონებების გადაფორმება მოითხოვა; თან ემუქრებოდა, ხელისუფლებაში მოვდივარ და თუ არ დამემორჩილებით, ყველას პასუხს გაგებინებთ! ვისაც შეეშინდა, ყველამ გადაუხადა. ვისაც არ შეეშინდა, ერთს 60 ჰექტარზე უკვე ასაღები ხორბალი დაუწვა, ერთს ძვირად ღირებული მანქანა, ერთს სახლი და ასე შემდეგ! ამ SMS-ში კარგად ჩანს, რომ იასონ ჩიხლაძეს (ვოლკს) სახლი უკვე დაუწვეს და ამით აღიარეს კიდეც ის ეჭვი, რომელიც ჩვენც და თვითონ იასონ ჩიხლაძეს გვქონდა! აქედან გამომდინარე, ვაანალიზებ რა მუქარის შინაარსს და მის ფინანსურ შესაძლებლობებსაც, ვთვლი რომ მას შეუძლია დაიქირავოს კონკრეტული კრიმინალური ჯგუფი ან პიროვნება და სისრულეში მოიყვანოს მუქარა. მე ვითხოვ პროკურატურისაგან ჩემი მშობლებისა და ჩემი ოჯახის წევრების მისამართით გაკეთებულ მუქარებზე დაიწყოს გამოძიება, 

რომლის ავტორად ვასახელებ ირაკლი ოქრუაშვილს! ასევე ვაცხადებ თუ ჩემს მოხუცებულ მშობლებს ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ერთი ღერი თმაც კი ჩამოუვარდათ სრულ პასუხისმგებლობას ოქრუაშვილს ვაკისრებ. 

რა თქმა უნდა, რომ ოქრუაშვილი ყველა გზას ეცდება ჩვენი, როგორც ყოფილი მეგობრებისა და თანაგუნდელების "გაჩუმებას" და მის "საქმიანობაზე", რომელიც დაკავშირებულია მის წარსულთან და აწმყოსთან, არაფერი ითქვას. ოქრუაშვილი ჩვენს წინააღმდეგ მას შემდეგ გააქტიურდა, როცა გაიგო, რომ თანამესაკუთრეთა თითქმის ნახევარი სასამართლოს გზით ვაპირებთ ათონელის 27 ნომერში მდებარე ქონების წილობრივ გამიჯვნას, რაც ოქრუაშვილის გეგმებს როგორც ჩანს ეწინააღმდეგება.

ამ დღეებში ასევე განცხადებას შევიტან პარიზის პოლიციაში ამ მუქარასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც Ambebi.ge-ს საფრანგეთიდან, მიხეილ ქარელის სახელით შექმნილი Email-დან მიუვიდა. 

Ambebi.ge იმ ნომერზე დარეკვას შეეცადა, რომლიდანაც, მიხეილ ქარელის თქმით, მან მუქარის შემცველი SMS მიიღო, თუმცა ნომერი გამორთულია მომსახურების ზონიდან.

იმის გასარკვევად, შევიდა თუ არა მიხეილ ქარელისგან საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიების დაწყების თხოვნა, Ambebi.ge საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსს, თემურ დოლიძეს დაუკავშირა. თემურ დოლიძე ამბობს, რომ ამ დროისათვის ოფიციალური შეტყობინება ქარელის მხრიდან გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პროკურატურაში არ შესულა. გახდება თუ არა მიხეილ ქარელის მიერ პრესით გავრცელებული წერილი პროკურატურისთვის საკმარისი მიზეზი გამოძიების დასაწყებად, ამას მთავარ პროკურატურაში ხვალ განიხილავენ.