"სოკარი" ქართულ ბაზარზე საწვავის გაძვირებას გეგმავს?!

დაანონსებული თურქმენული საწვავი არ ჩანს

საქართველოში საწვავის ბაზარზე ისევ უცნაური სიტუაციაა. ახალმა ხელისუფლებამ საწვავის ფასების "გაბერვა" ვერ დაასაბუთა და კომპანიები ისევ ძველი საფასო პოლიტიკით აგრძელებენ ოპერირებას. საწვავის ბაზრისთვის ყველაზე სახასიათო ისაა, რომ აქ საფასო კონკურენცია პრაქტიკულად არ არსებობს და კომპანიები მხოლოდ ერთჯერადი პიარაქციებით კონკურირებენ.

არადა, ახალი ხელისუფლების პირობებში გაჩნდა იმედი, რომ მეზობელი აზერბაიჯანიდან შემოტანილი პროდუქტი საქართველოში ორჯერ და მეტჯერ მეტი არ ეღირებოდა, ვიდრე ის ადგილზე ღირს. ქართული საწვავის ბაზარზე ამინდს სწორედ აზერბაიჯანიდან იმპორტირებული საწვავი ქმნის. 2006 წლის შემდეგ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია "სოკარი" ქართულ ბაზარზე პრაქტიკულად მონოპოლისტი გახდა, შესაბამისად, ბაზარზე საფასო პოლიტიკასაც ის განსაზღვრავდა. დაბალხარისხიანი აზერბაიჯანული საწვავი ევროპული ფასებით სწორედ "სოკარის" ძალისხმევით იყიდება.

რამდენიმე დღის წინ, საინტერესო განცხადება გააკეთა SOCAR Petrolium Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა მაირ მამედოვმა. „სამწუხაროდ ბოლო პერიოდში აზერბაიჯანს ბენზინის ექსპორტის რესურსი არ გააჩნია. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია ბენზინს მხოლოდ შიდა მოხმარებისათვის აწარმოებს. ხოლო ქართული ბაზრისათვის ჩვენ ბენზინს რუმინული RomPetrol-სგან ვყიდულობთ. ის პასუხისმგებელია „ევრო4"-ის სტანდარტზე, რუმინულმა ბენზინმა ქართული ბაზრიდან აზერბაიჯანული ბენზინი გააძევა", - აცხადებს მამედოვი. მისი ინფორმაციით, გასულ წელს SOCAR Petrolium Georgia-მ რუმინული RomPetrol-სგან 80-90 ათასი ტონა ბენზინი შეიძინა.

haqqin.az-ი კი წერს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად აზერბაიჯანმა საქართველოში საკუთარი ნედლეულით წარმოებული საავტომობილო ბენზინის ექსპორტი შეწყვიტა. სტატისტიკის მიხედვით, აზერბაიჯანის „ევრო 2~-ის სტანდარტის ბენზინი რუმინული „ევრო 5" და „ევრო 6"-ის სტანდარტის ბენზინმა შეცვალა, წერს აზერბაიჯანული გამოცემა.

სოკარმა 2013 წელს ექსპორტზე გაიტანა ბენზინი, რომელიც ყაზახური ნავთობპროდუქტებისგან იყო დამზადებული. ამის შესახებ, განცხადება ნოემბერში, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა დავიდ მამედოვმაც გააკეთა. მისი განმარტებით, ბაქის საწარმოს ყაზახეთიდან მცირედი ნედლეული მიეწოდება, რომლისგანაც საექსპორტო ბენზინი იწარმოება.

"სოკარის" ახალი რიტორიკა საყურადღებოა, რამდენიმე კუთხით. თუ ეს კომპანია დაბალხარისხიანი, აზერბაიჯანულის ნაცვლად მაღალი ხარისხის ევროპულ საწვავს მართლაც შემოიტანს, ბუნებრივია, ძალიან მალე დაისმება ფასების ზრდის საკითხი. ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა "სოკარის" მონოპოლიური საფასო პოლიტიკის წინააღმდეგ ქმედითი ბერკეტები. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ხელმძღვანელების განცხადებები, კიდევ უფრო ასუსტებს ქართული მხარის პოზიციებს, ვინაიდან იაფფასიან საწვავზე საქართველოში მაღალი მოთხოვნა, საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება აჰყვეს "სოკარის" მიერ შემოთავაზებულ თამაშის წესებს.

"სოკარმა" ძალების დემონსტრირება საქართველოს ხელისუფლების წინაშე ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე მოახდინა, როდესაც საქართველოში ვიზიტისას კომპანიის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა ასეთი განცხადება გააკეთა, - „საწვავი ვერ გაიაფდება და მეტიც 2013 წლის ბოლოსთვის დიზელის საწვავზე ფასს გავზრდით“. "სოკარმა" დანაპირები შეასრულა და წლის ბოლოს დიზელის საწვავზე ფასი გაზარდა, მსგავსი ნაბიჯი გადადგა ქართული საწვავის ბაზრის სხვა ყველა მოთამაშემ. ეს ყველაფერი მოხდა იმ ფონზე, როდესაც ახალი ხელისუფლების პირობებში საწვავის გაიაფების უპირობო მოლოდინი არსებობდა. ფაქტია, რომ "სოკარს" ვერც ახალი ხელისუფლება შეაჩერებს, ის სრულად აკონტროლებს ქართული საწვავის ბაზარს.

საქართველოს მთავრობის სუსტ პოზიციებზე ისიც მეტყველებს, რომ ენერგეტიკის მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტისას ხელი მოეწერა დოკუმენტს სატრანზიტო დერეფნის ლიბერალიზაციის შესახებ. მაშინ კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეს გაზრდიდა საქართველო-აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვას. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს რკინიგზის გადაზიდვების მაჩვენებელი 2013 წლის განმავლობაში 9.8%-ით არის შემცირებული, შეიძლება ითქვას, რომ "სატრანზიტო დერეფნის ლიბერალიზაცია" შეღავათებს მხოლოდ აზერბაიჯანული მხარისთვის ნიშნავს.

საქართველოს მთავრობა აზერბაიჯანულ "სოკარზე" დამოკიდებულების შემცირებას საწვავის თურქმენეთიდან იმპორტირებით გეგმავდა, ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე იმდროინდელი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის და ენერგეტიკის მინისტრის მიერ კეთდებოდა განცხადებები, რომ საქართველო, აზერბაიჯანის გავლით, თურქმენეთიდან იაფი საწვავის იმპორტს განახორციელებს, რაცქართულ ბაზარზე საწვავის ფასების შემცირებას გამოიწვევდა.
ამ განცხადებების შემდეგ უკვე რამდენიმე თვე გავიდა, თუმცა, არც თურქმენული ბენზინი ჩანს და არც ფასები შეუმცირებია ვინმეს. შეიძლება ითქვას, საპირისპირო პროცესები ვითარდება, "სოკარი" პოზიციებს იმყარებს, მის მიერ გაკეთებული ბოლოდროინდელი განცხადებები კი აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ საწვავის ფასების ზრდის ახალ ტალღას უნდა ველოდოთ.

ამაზე მეტყველებს ისიც, რომ თურქმენული საწვავის შემოტანის თემას აღარავინ ახსენებს. ჩვენ დავუკავშირდით ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელ ირაკლი გაფრინდაშვილს, რომელიც ამ თემის გარკვევას შეგვპირდა. თუმცა, რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ, ბატონმა ირაკლიმ განგვიცხადა, რომ თურქმენული ბენზინის შემოტანის საკითხზე სამინისტროში არაფერი იციან.

თურქმენული ბენზინის შემოტანის თემა ბუნდოვანია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილისთვისაც. "კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით ამასთან დაკავშირებით, ეს გამოჩნდება უახლოეს მომავალში. ამ დრომდე არ არის ისეთი კომპანია, რომელიც თურქმენეთიდან საწვავს შემოიტანს. მთავრობა ვერ დაავალებს კომპანიებს ამა თუ იმ ქვეყნიდან საწვავის შემოტანას, თუ მათი მხრიდან არ იქნება ამის სურვილი. კომპანიებმა თავად უნდა იაქტიურონ, მაგრამ რამდენად აწყობს დღეს ქართულ ბაზარზე არსებულ კომპანიებს თურქმენული საწვავის შემოტანა, ეს ცალკე საკითხია. გასულ წელს თურქმენეთიდან შემოვიდა ნავთობი საქართველოში, მაგრამ დღეს საუბარი იმაზე, რომ თურქმენული საწვავი კონკურენციას გაუწევს უკვე არსებულ საწვავს და კომპანიებს, ჯერ-ჯერობით ბუნდოვანია", - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

ასე რომ, ქართული საწვავის ბაზარზე "სოკარის" პოზიციებს თვალსაწიერ მომავალში არაფერი ემუქრება, ახალი ხელისუფლების პირობებში კიდევ უფრო პოზიციებგამყარებული "სოკარის" განცხადებები კი მხოლოდ საწვავის გაძვირების მოლოდინს აჩენს.