მაშინ, როდესაც უკრაინის ოპოზიციას, ხალხს და მათი ევროპული გეზისთვის ბრძოლას მხარს საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია უჭერს, ქართველი ახალგაზრდები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები კონცერტებს ატარებენ, როცა თბილისის საკრებულოს შენობა უკრაინის დროშის ფერებით ნათდება, საქართველოში პირველად, მცირე ჯგუფმა მხარდაჭერა არა უკრაინის აქციის მონაწილეებს, არამედ ხელისუფლებას გამოუცხადა. ისინიც ძალადობას გმობენ, თუმცა არა ხელისუფლების, არამედ აქციის მონაწილეთა მხრიდან...
კოალიცია "ევრაზიულმა არჩევანმა" უკრაინის საელჩოსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეები მხარს უკრაინის ლეგიტიმურ ხელისუფლებას უჭერენ და მაიდანზე შეკრებილების მხრიდან ძალადობის აღკვეთას მოითხოვენ. აქციაზე სულ რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა.
კოალიცია "ევრაზიულმა არჩევანის" ლიდერმა არჩილ ჭყოიძემ Ambebi.ge-სთან საუბრისას ხელისუფლების მხრიდან უკრაინის ოპოზიციის მხარდაჭერა დაგმო: "ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ლეგიტიმურ ხელისუფლებას. მაიდანზე შეკრებილი ხალხი და ოპოზიცია კონსტიტუციურ ჩარჩოებს ცდება. ჩვენ მშვიდობიან მომიტინგეებს ვერ დავარქმევთ ხალხს, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებით არიან შეიარაღებულები და სპეცრაზმელებს ესვრიენ. ასევე ვერ დავარქმევთ მშვიდობიან მომიტინგეებს ხალხს, ვინც შტურმით იღებს სახელმწიფო შერნობებს, ამიტომ მოვუწოდებთ მათ დაიცვან კანონი. თუ მათ აქციების ჩატარება სურთ, ეს უნდა იყოს მშვიდობიანი გზით. კარგი იქნება, თუ უკრაინაში რეფერენდუმი ჩატარდება და ამ გზით გადაწყდება საით წავიდეს ქვეყანა - ევროინტეგრაციისკენ თუ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების გზით. საქართველოს ხელისუფლების ნაწილი, და ასევე ოპოზიცია, ანუ "ნაციონალები", მხარს მაიდანს უჭერენ, რაც ჩვენი თვალსაზრისით არის დანაშაული, იმიტომ რომ უკრაინელ დემონსტრანტებს არაფერი საერთო არ აქვთ მშვიდობიან მომიტინგეებთან."
აქციაზე პარალელები გაავლეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოში ჩატარებულ მშვიდობიან აქციებს შორის:
"საქართველოს ხელისუფლება არასწორად უჭერს მხარს უკრაინის ევროპულ გეზს, იმიტომ რომ ეს თვითონ უკრაინელმა ხალხმა უნდა განსაზღვროს. ორმოცდახუთ მილიონიან კიევში ორმოცდაათი ათასი კაცის შეკრება, ერთი პროცენტია. თან ეს ორმოცდაათი ათასი კაცი დაფინანსებულია საზღვარგარეთის სპეცსამსახურების მხრიდან. სწორედ მას შემდეგ გამწვავდა სიტუაცია,
როდესაც ამერიკის სენატორები და ევროპარლამენტარები ჩავიდნენ უკრაინაში; ანუ ეს შეგნებულად ინსპირირებულია. ეს არის ძალადობრივი მეთოდებით კანონიერი ხელისუფლების დამხობის მცდელობა და სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ დროულად უნდა აღკვეთოს. ჩვენ 7 ნოემბერს და 26 მაისს ვითხოვდით სისხლისმსმელი სააკაშვილის და მისი ბანდის კანონიერი გზით წასვლას. მაშინ მშვიდობიანი ხალხი ჩახოცეს და მაღაზიის სახურავებზე შემოდეს. ის იყო ნამდვილი, მშვიდობიანი პროტესტი. როგორ შეიძლება ახლანდელმა ხელისუფლებამ, რომელიც მაშინ ოპოზიციაში იყო, მხარი დაუჭიროს სახელმწიფო გადატრიალებას?" - განაცხადა კოალიცია "ევრაზიული არჩევანის" ერთ-ერთმა წევრმა გურამ ჯორბენაძემ.
აქციაზე თომა ბეთანელიც იმყოფებოდა:
"ხელისუფლებამ უნდა დაიცვას კანონი, თუ ოპოზიცია ძალადობს, უნდა დასაჯოს. ოპოზიციას უნდა ხელისუფლება ხელში ჩაიგდოს და ჯონ მაკეინს და სატანებს ჩაეხუტოს. გაშიშვლებული დადიოდნენ ქალები, ქალი ქალზე გათხოვდეს, კაცი კაცზე. ეს არის სატანიზმი და მათ ეს უნდათ. უკრაინის ხელისუფლებას უნდა ქონდეს იმის ძალა, უკანონოდ, ხალხის საკლავად ვინც გამოდის, დააკავოს და დასაჯოს კანონის სათანადოდ."
საქართველოს და უკრაინის პოსტერებით შეიარაღებულმა აქციის მონაწილეებმა საელჩოში მხარდამჭერი განცხადება შეიტანეს და უკრაინელ ხალხს რეფერენდუმის ჩატარება ურჩიეს, რომელიც უკრაინის სამომავლო კურსს გადაწყვეტს.