სად არის და რატომ გაქრა პოლიტიკური ასპარეზიდან ერთ დროს საკმაოდ აქტიური ოპოზიციური ლიდერი გიორგი თარგამაძე? "ვერსიის" ინფორმაციით, ქრისტიან-დემოკრატების თავმჯდომარემ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების, განსაკუთრებით კი, ბიძინა ივანიშვილთან ღია დაპირისპირების შემდეგ, პოლიტიკურ ცხოვრებაზე უარი განაცხადა და საკუთარ მომავალს ისევ ტელევიზიაში ან აშშ-ში გამგზავრებაში ხედავს. ამ საკითხთან დაკავშირებით, თავად გიორგი თარგამაძემ "ვერსიასთან" საუბარი არ ისურვა, ამიტომ ინფორმაციის გადასამოწმებლად მის თანამებრძოლს, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ვეფხვაძეს დავუკავშირდით, რომელმაც თარგამაძის პოლიტიკურ ტაიმ-აუტთან დაკავშირებული ინფორმაცია ნაწილობრივ დაადასტურა და განაცხადა, რომ პარტიაში არსებული გაურკვევლობა, დაახლოებით, ერთ კვირაში დასრულდება:
"გიორგი თარგამაძის პოლიტიკური პასიურობა ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებასთან კავშირში არ არის. უბრალოდ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გადაწყვიტა, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, ჩამოყალიბდეს. გიდასტურებთ, რომ ამ მიმართულებით პარტია, მეტ-ნაკლებად, გაურკვეველ ვითარებაშია, რაც თვითმმართველობის არჩევნებამდე ჩვენთვის აბსოლუტურად წამგებიანია, მაგრამ ყველაფერი ერთ კვირაში გაირკვევა და საზოგადოება იმასაც შეიტყობს, დარჩება თუ არა გიორგი თარგამაძე პარტიის თავმჯდომარედ. ჯერ კიდევ ორი თვის წინ, პარტიის წევრების შეკრებაზე, გიორგიმ განგვიცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარესთან დაკავშირებით ცვლილებებია საჭირო, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, პოლიტიკურად გააქტიურების გადაწყვეტილება მიიღოს.
რაც შეეხება გიორგი თარგამაძის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ზოგადად, პოლიტიკაში მიდიან და მოდიან, ეს ჩვეულებრივი პროცესია. მას ჩვენთან არც აშშ-ში გამგზავრებასთან დაკავშირებით უსაუბრია, თუმცა, როგორც გითხარით, ყველაფერი რამდენიმე დღეში გაირკვევა".