"26 მაისს ჩემი მაღაზიის სახურავზე ცხედრები შემოყარეს, უდანაშაულო დამიჭირეს, მაწამეს და რომ მეგონა, მერაბიშვილის პროცესზე დამიძახებდნენ, არავინ შემხმიანებია. მერაბიშვილის პროცესზე რომ დამკითხონ, ყველაფერს დამაჯერებლად მოვყვები, არავისი მეშინია. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გაიხსნას, ვინ გასცა 26 მაისს ხალხის დახოცვის და შემდეგ ჩემი გაუბედურების ბრძანება. ახალმა გამომძიებლებმა დამკითხეს, დავასახელე, ვინც მაწამა და დამნაშავედ მიმაჩნია - საქმეში ყველას გვარი წერია. დაკითხონ ისინი და დაასახელებინონ ბრძანების გამცემი", - აცხადებს რუსთაველის გამზირის N4-ში მდებარე მაღაზიის მეპატრონე ოლეგ ჟვანია გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით საუბარი კაცთან, რომელსაც 26 მაისს მაღაზიის სახურავზე მკვდრები შეუყარეს.
"27 მაისს ტელეფონზე დამირეკეს და მიმიყვანეს ჩემს მაღაზიასთან. ამიყვანეს სახურავზე და მითხრეს, თითქოს ამ მაღაზიიდან გამავალი მაღალი ძაბვის დაზიანებული სამფაზიანი სადენით ორი ადამიანი დაიღუპა. როგორც კი ვნახე სადენი, მივხვდი, რომ სპეციალურად იყო გადაჭრილი და მაშინვე ვთქვი,. მითხრეს - თქვენ იცით, ეს ორი ადამიანი როგორც გარდაიცვალა, მაგრამ მთავრობა ხომ არ "ჩამოიკიდებს" ამათ კისერზე, ჩირქი რომ ჩამოვრეცხოთ, უბრალოდ, დაადასტურეთ, თითქოს წინა დღეებში კაბელი გაფუჭდა, დაურეკეთ "თელასის" სარემონტო სამსახურს, გამოიძახეთ, მაგრამ ისინი არ მოვიდნენო - მითხრეს, რომ "თელასი" დაადასტურებდა ჩემს ზარს. ეს უნდა აღიაროთ, სამაგიეროდ, არაფერი გემუქრებათო - სანაცვლოდ მპირდებოდნენ მატერიალურ კეთილდღეობას, მაგრამ კატეგორიული უარი განვაცხადე. შემდეგ სცადეს ჩემი დაშინება - თქვენი "კრიშა" ვიქნებით, მუშაობის საშუალებას მოგცემთ, თუ არა - პრობლემებს შეგიქმნითო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ოლეგ ჟვანია.
"3-4 დღის შემდეგ სახლში მომადგნენ და დამაკავეს - ჩემი 10 წლის ბავშვი ეზოში თამაშობდა, ბავშვს მაინც ამოვიყვან-მეთქი - არც ამის უფლება მომცეს. სახლის სახურავი ახდილი მქონდა და ხელოსნები მუშაობდნენ. ისინიც გაყარეს, კარი დაკეტეს, გასაღები თან წაიღეს, მეც წამიყვანეს და ბავშვი ქუჩაში დატოვეს - თურმე საღამომდე კიბეზე მელოდა, შემდეგ ფეხით წასულა დედასთან გლდანში. თითქმის 4 თვე დაპატიმრებული ვიყავი და ამ ხნის განმავლობაში სახლს ჭერი ახდილი ჰქონდა - შიგნით ისვე წვიმდა, როგორც გარეთ. ხელოსნებისთვის ფული წინასწარ მქონდა გადახდილი და მითხრეს- გავაკეთებდით, მაგრამ არ შეგვიშვესო. ჭერი ისევ ჩამონგრეული მაქვს, ვეღარ ვაკეთებ. რუსთაველზე ჩემი მაღაზიაც დაკეტილია, საშუალება არ მაქვს, რომ ვამუშაო...", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ბრალდება წამომიყენეს, თითქოს 6-7 წლის წინათ რარაც გავაყალბე - რა თქმა უნდა, ეს იყო აბსოლუტური ტყუილი. ჯერ იზოლატორში გამაჩერეს, შემდეგ გლდანის ციხეში გამაგზავნეს. აღიარებითი ჩვენების მისაღებად მაწამებდნენ - ორი აღიარება უნდოდათ - დაზიანებული ელექტროსადენის დადასტურება და და 6-7 წლის რაღაცის გაყალბება. მცემდნენ "დუბინკებით", ლითონის მათრახით, გონებას ვკარგავდი, მომაბრუნებდნენ და ისევ მირტყამდნენ. პირველი წამების დროს შევეწინააღმდეგე, მაგრამ მერე უარესად მაწამეს. შემდეგ აღარ ვეწინააღმდეგებოდი - როცა მირტყამდნენ, ლოგინის ქვეშ კი არ ვძვრებოდი, ვეკითხებოდი, რა დაგიშავეთ-მეთქი? სხვათა შორის, ჩამი საქციელით ციხის ზოგიერთი თანამშრომლის სიმპათიაც გამოვიწვიე, მაგრამ შტატიან მწამებლებზე არაფერი მოქმედებდა... რომც მოვეკალი, რაც არ ჩამიდენია, იმას არასდროს ვაღიარებდი", - ამბობს ოლეგ ჟვანია.
"რომ ვერ გამტეხეს, პატიმრობის სამი თვის შემდეგ ერთი ბრალდება დამიმატეს, თითქოს საკანში 80 ლარი მქონდა - საკანში ფულის ქონა დანაშაულია და 2 წლით ისჯება. 30-40-ჯერ მაინც ვიყავი გაჩხრეკილი და 80 ლარი საიდან უნდა მქონოდა, თან სრულ იზოლაციაში ვიმყოფებოდი. ბრალდებები რომ არ ვაღიარე, ბოლოს, ჩემი ნების გარეშე, საპროცესო გააფორმეს, 7 000 ლარის ჩემს ახლობლებს გადაახდევინეს და გამომიშვეს. 6 წლიანი მუხლით მასამართლებდნენ იმ რაღაცის გაყალბებისთვის და საკანში აღმოჩენილი 80 ლარისთვის - 26 მაისს აღმოჩენილი დაზიანებული სადენის ამბავი მიჩქმალეს. წესით, ამათ წინააღმდეგ სარჩელი უნდა შემეტანა, მაგრამ თანხა არ მაქვს, ადვოკატს ვერ ვქირაობ. ახალი ხელისუფლების მოსცლის შემდეგ რამდენჯერმე პროკურატურაში ვიყავი დაბარებული - ჩემს გაოცებას იწვევს საგამოძიებო სამსახურის არაპროფესიონალიზმი", - ამბობს რესპონდენტი.
"ერთხანს ადვოკატის გარეშე გადავწყვიტე სარჩელის შეტანა, საქმის მასალების გასაცნობად (საგამოძიებო მასალები, დაკითხვის ოქმი და ა.შ.) არქივს მოვაკითხე. დოკუმენტაცია არ აღმოჩნდა, მივედი სასამართლოში - ვერც იქ იპოვეს. მივაკითხე პროკურატურას, მაგრამ იქაც ამაოდ. ბოლოს იმავე პროკურატურაში მითხრეს - თქვენი საქმე არ არსებობსო! და ეს ხდება ამ 4 თვის წინ. თუ საქმე არ არსებობს, რატომღა ვიჯექი ციხეში?! ახლა ციხეს უნდა მივწერო, გამაცნონ საქმის მასალები. არ გამიკვირდება თუ აღმოჩნდება, რომ ციხეშიც "ლევად" ვიჯექი და მომწერენ, აქ არ ყოფილხარ, ვიღაც გიჟი ხარო. მაგრამ განაჩენი რომ ხელზე მაქვს? ალბათ მსოფლიოში არ მომხდარა, მთავრობამ ორი კაცი მოკლას, დანაშაული ჩაიდინოს, მერე მოგადგეს და გითხრას - ჩამოგვრეცხე დანაშაულიო", - აცხადებს ოლეგ ჟვანია და შეკითხვას - "მიტინგის დარბევის მოწმე ბრძანდებით..." - პასუხობს:
"ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს, როგორც ურტყამდნენ ხალხს, როგორ უკრავდნენ ხელ-ფეხს და გუბეებში ყრიდნენ. გაკოჭილები თავებს ზემოთ სწევდნენ, რომ გუბეში არ ჩამხრჩვალიყვნენ. მეზობლებმა სადარბაზოს კარი გავხსენით და ხალხი შევიფარეთ - ყველას ბინაში 15-20 კაცი მე დავმალე. სპეცრაზმელები კიბეებზე დაძრწოდნენ და ხალხს ეძებდნენ სადარბაზოსა და სხვენში. ვიცი, დანაშაულად მეთვლება ხალხის გადარჩენა? ეს რომ ციხის თანამშრომლებს სცოდნოდათ, ალბათ ტყავს გამაძრობდნენ. ხმამაღლა ვამბობ - 26 მაისს რუსთაველის გამზირზე ვნახე ქართველების გენოციდი და ამ ყველაფრის შემოქმედი იყო მიხეილ სააკაშვილი. რაც შეეხება მერაბიშვილს, ის იყო ერთ-ერთი ჩერჩეტი "პეშკა", რომელაც თავისი უცოდინრობით ჩაიდინა უდიდესი დანაშაულები".