მივიდნენ, იყვირეს, დაიშალნენ, ანუ კრება დარჩა მხიარული

მივიდნენ, იყვირეს, დაიშალნენ, ანუ კრება დარჩა მხიარული

28 ოქტომბრის საპროტესტო აქცია 2 საათში ისე დაშალეს ოპოზიციის ლიდერებმა, რომ აქციაზე მისული ხალხი გაოგნებული დატოვეს. არც გეგმა, არც მომავალი აქციის დაანონსება, არც  ნახვამდის, არც მშვიდობით... მოკლედ, აქცია დასრულდა და ახლა ოპოზიციის მხარდამჭერებმა უნდა იმკითხაონ, არსებობს თუ არა შანსი, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაღიარებით, პოლიტიკური კრიზისის შექმნას შეძლებენ თუ ვერა? 

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ნაცნობი და წინასწარ გაწერილი სცენარი, რომელიც ერთხელ უკვე გათამაშდა, მეორედ ვეღარ გათამაშდება.

„ოცნებაში“ ერთი თვის წინ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ოპოზიციისა და პრეზიდენტისთვის მიცემული პირდაპირი ინსტრუქციებიც გაიხსენეს. არჩევნების შედეგის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, პროტესტი და პროცესის არალეგიტიმურად გამოცხადება - ეს ის მეთოდებია, რომელზეც ამერიკული ინსტიტუტი თავის ანგარიშში ერთი თვის წინ წერდა. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ სცენარი გაშიფრულია და იმ ფონზე, როდესაც ოპონენტებს ერთი მტკიცებულებაც კი არ უჭირავთ, ის წარუმატებლობისთვისაა განწირული.

ოპოზიციური პარტიები ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისიების, „ისფედის“ და სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებების მიუხედავად, კვლავ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის პროცესში საერთაშორისო საზოგადოების დასკვნებზე მეტად გადამწყვეტი როლი პრეზიდენტის შეფასებას აქვს. ოპოზიცია პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ისევ ქუჩას ირჩევს.

ოპონენტების განცხადებებს გაყალბებაზე, საზოგადოების მიზანმიმართულ შეურაცხყოფად აფასებენ „ქართული ოცნებაში“. მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია პრეზიდენტის ფუნქცია არაა. ლიდერების თქმით, საუბარი არარეალურ ციფრებსა და გაყალბებაზე ადასტურებს, რომ ოპონენტებსა და პრეზიდენტს ყოველთვის ერთი მიზანი ამოძრავებდათ - ქუჩა და დესტაბილიზაციის მცდელობა, რომელიც წარუმატებლობისთვისაა განწირული.

28 ოქტომბრის აქციაზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე გაიმართა, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის ევროპელ ლიდერებს ესაუბრა და არჩევნების აღიარება არ მოხდება. ასევე ოპოზიციის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ისინი ითხოვენ ხელახალ არჩევნებს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ უნდა იყოს ჩატარებული და არა ცესკოს მიერ. აქცია ორ საათში რამდენიმე პოლიტიკური ლიდერის გამოსვლის შემდეგ დაიშალა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ამ მოცემულობით და განცხადებებით, რაც ოპოზიციამ რუსთაველზე 28 ოქტომბრის აქციაზე გააკეთა, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ვერ შეიქმნება. საყვარელიძე ამბობს, რომ იქნება აქციები, გამოსვლები, სიების ჩახსნა, მაგრამ საქმე - საქმეზე რომ მიდგება, პარლამენტში ერთმანეთს შეასწრებენ.

„პარლამენტის გარეთ დარჩენით, ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის არეალი შეზღუდული ექნება. გვახსოვს 2020 წლის მოვლენები. ჩემთვის ძალიან ნაცნობმა პირებმაც დახიეს და გადაყარეს მანდატები, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ პარლამენტში არ შესვლა ყველაზე დიდი სისულელე იყო. თუ პოლიტიკოსი ხარ და პრეტენზია გაქვს პოლიტიკოსობაზე, თანაც ეს სცენარი უკვე ათასჯერ გაქვს გათამაშებული და ხალხი არ აგყვა, უნდა შეხვიდე პარლამენტში. არ მიმაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა და საერთოდ გაუგებარი ბრალდებებია. თან ამბობენ, რომ პუტინმა გააყალბა ეს არჩევნები, რუსეთის ამ არჩევნებში ჩართვა უნდათ იმიტომ, რომ დასავლეთის მხარდაჭერა მიიღონ. ამ ყველაფერს აქვს მხოლოდ პროვოკაციის სახე. მოსახლეობაა ცოდო, რადგან ერთი და იმივე წრეზე დაჰყავთ ხალხი. ოპოზიციას ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს. პრეზიდენტი ჰყავთ ლიდერად, რომლის ლეგიტიმაციაც სათუოა, რადგან ის დაიმპიჩმენტირებულია და ერთ თვეში ვადა გასდის. ასევე მას არა აქვს მოსახლეობის დიდ ნაწილში მხარდაჭერა. მეორეც, კონსტიტუციით, როგორც კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, პრეზიდენტს არა აქვს არჩევნების აღიარება-არაღიარების უფლება. კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს. ისინი მხოლოდ საკუთარი ტელევიზიებით შეეცდებიან დაძაბულობის ფონის შექმნას და ასევე ეცდებიან მოსახლეობის განწყობაზე თამაშს“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, აბსურდია ოპოზიციის მოთხოვნა ხელმეორე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, რადგან არ არსებობს იმის გარანტია, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს. მეორეც, ერთი ანალიტკოსი ამბობს, რომ აბსურდია ამ არჩევნების ჩატარება სრულიად უცხო ძალების მიერ. ამაზე თანახმაა მოსახლეობის დიდი ნაწილი? საიდან იციან, სად გამოიკვლიეს?

„დავუშვათ ხელმეორე არჩევნებში უარესი შედეგი მიიღოს ოპოზიციამ. ამ პროცესების გამო შესაძლოა მოსახლეობა კიდევ უფრო გაღიზიანდეს და ვინც სახლში დარჩა, ის წავიდეს და მხარი „ოცნებას“ დაუჭიროს. აქ ბევრი ფაქტორი და შიში იმუშავებს მოსახლეობაში. დავუშვათ, იგივე შედეგიც მიიღონ, მერე რას იზამენ? ისევ რუსეთს დააბრალებენ? ახლა რომ ამბობენ ხელმეორე არჩევნები ჩატარდესო, რა განსხვავება იქნება ისეთი პროცედურებს შორის, რომ მათ მიერ ამოჩემებულ რუსულ ფაქტორებს დაიცავს? არცერთ კონკრეტულ მექანიზმზე არ ლაპარაკობენ. თავად ამბობენ ამერიკის არჩევნებში ერევა პუტინიო და ამ არჩევნების გარანტიას ვინ იძლევა? რაღაცა ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, ლოგიკაში თავადვე იკარგებიან. თუკი თანხმდები ამ არჩევნებში მონაწილეობაზე, მაშინ თავიდანვე გათვიცნობიერებული უნდა გქონდეს, რომ პუტინი გავლენებს მოახდენს ამ არჩევნებზე და თავი დაიცვა ამისგან. აბა, ამხელა ენჯეოები, სადამკვირვებლო მისიები რისთვის ჰყავდათ? გვარამია არ ამბობდა, რომ ამ არჩევნების გაყალბება ელექტრონული არჩევნებით შეუძლებელიაო?“, - ამბობს საყვარელიძე.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით ოპოზიციამ უნდა დაამტკიცოს, რომ არჩევნები გაყალბებულია. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ეს დამაჯერებლობა დასავლეთზეც უნდა გადავიდეს. ისინი მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ოპოზიციის განცხადებებს არ მიიღებენ.

„ქვეყანაში რომ პოლიტიკური კრიზისი შეიქმნას, მხოლოდ ოპოზიციის განცახდებები არჩევნების გაყალბებაზე საკმარისი არ არის. ამის დასტური დასავლეთიდანაც უნდა ჰქონდეთ. ოპოზიციამ უნდა წარმოადგინოს მყარი მტკიცებულებები, რათა ევროპამ და ამერიკამ ეს დაიჯეროს. ოპოზიციამ თუ არ მიიღო თანამედროვე მსოფლიოსგან თანხმობა, რომ ასეთ პარლამენტთან არ ითანამშრომლებენ, რთული იქნება საუბარი იმაზე, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურად გამოცხადდება. დეპუტატების მიერ სიების ჩახსნაც უნდა დაემთხვეს, რომ პარლამენტი იზოლირებული იყოს, როგორც ოპოზიციისგან, ასევე დასავლეთისგანაც. ამის შემდეგ კი, ევროპა ჩათვლის, რომ ის ვალდებულებები და სიკეთეები, რაც საქართველოს ჰქონდა მათი მხრიდან, უკან წაიღოს. ამას კი სჭირდება გაყალბებების უტყუარი მტკიცებულებები. თუ ოპოზიცია გარეთ რჩება, მაშინ ისინი მზად უნდა იყვნენ ქუჩიდან დაიწყონ ბრძოლა. ასევე უნდა ჩამოყალიბდნენ რას აპირებენ ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებზე. თუ ამას არ აღიარებენ, მაშინ იქაც არ უნდა მიიღონ მონაწილეობა. მე მაგალითად მომხრე ვარ, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს. თუმცა რადგან ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, ყველა არ უნდა შევიდეს. ასევე, შრომა სჭირდებათ, რომ მტკიცებულებები მოაგროვონ, სხვაგვარად რთული იქნება დასაველთის დაყოლიება. კონკრეტული გეგმა უნდა ჰქონდეთ, რომელსაც მიჰყვებიან“,-ამბობს კონფლიქტოლოგი.

 

Gami იქნებ ერთი " მტკიცებულება" ამ ბლუ სირთაოზამ თვითონაც მოიპოვოს, ოღონდ სად და როგორ?! ჩაქაქებულები!
1 თვის უკან