კახა კახიშვილი: სამთავრობო ცვლილებები აუცილებლად იქნება

კახა კახიშვილი: სამთავრობო ცვლილებები აუცილებლად იქნება

“ასეთი შინაარსით კოალიცია რომ არჩევნებზე გავიდეს, გამარჯვება ძალიან გაუჭირდება”

“პრემიერი” “საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის” დირექტორს კახა კახიშვილს ესაუბრა:

- საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მინისტრებისდატუქსვახომ არ არის ირიბი მანიშნებელი, რომ უახლოეს პერიოდში სამთავრობო ცვლილებებს ველოდოთ?

- მოდით, ასე ვთქვათ, რეალურად, იმაზე, რომ მთავრობას არ ჰქონდა კოორდინაცია, როგორც შიგნით, ასევე საკანონმდებლო ორგანოში, არაერთხელ გვისაუბრია. ამის ნიშნები არაერთხელ გამოიკვეთა სხვადასხვა საკითხების გააქტიურების დროს. კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობენ და კომენტარებს აკეთებენ ისე, რომ საკითხი შესწავლილი ან შეთანხმებული არ აქვთ ქვეყნის პირველ პირებთან. სამწუხაროდ, არაერთხელ მოგვისმენია კომენტარები, როდესაც ბოლომდე გაუგებარი რჩება, რის თქმა უნდათ მთავრობის წევრებს და მეორე, მესამე დღეს უწევთ განმარტებების გაკეთება. ეს ყველაფერი ქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ მინისტრთა კაბინეტში ბოლომდე კომპეტენტური გუნდი არ არის. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გაოცება თუ აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ მთავრობის წევრები თუ დეპუტატები საუბრობენ არა გუნდის პოზიციიდან, იმას კი არ ახმოვანებენ, რას აპირებს გუნდი, არამედ საკუთარ აზრს ასაღებენ ისე, რომ შესაძლებელია, ამ აზრის უკან არ დგას კონკრეტულად დამუშავებული საკითხი.

- ანუ ღარიბაშვილისაღშფოთებაშემდგომი პოლიტიკური ნაბიჯების ანონსია?

- სამთავრობო ცვლილებები აუცილებლად იქნება.

- განა უკეთესი არ იყო, ღარიბაშვილს ახალი გუნდით დაეწყო მუშაობა?

- სამთავრობო ცვლილებები ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დამტკიცების დროს არ განხორციელდა ერთი მარტივი მიზეზის გამო - ღარიბაშვილს პირველივე ეტაპზე არ უნდოდა ივანიშვილის სამთავრობო გუნდის ცვლილება. ისიც კარგად მესმის, რომ შესაძლოა, ივანიშვილიც არ იყო ბოლომდე კმაყოფილი საკუთარი მთავრობის შემადგენლობით. მაგრამ იმის გამო, რომ კოალიციაში კონკრეტული მინისტრების უკან კონკრეტული პოლიტიკური ძალები დგანან, არ უნდოდათ ასე პირდაპირ აჭრილიყო სიტუაცია მთავრობაშიც და უმრავლესობაშიც.

მიმაჩნია, რომ ცვლილებები ეტაპობრივად განხორციელდება და მინისტრთა კაბინეტშიც მოხდება ცვლილებები. მხოლოდ, შესაძლებელია, ეს ცვლილებები თვითმმართველობის არჩევნებამდე ვიხილოთ, რომ ხალხის მოტივაცია “ქართული ოცნების” მხარდაჭერის მხრივ ამაღლდეს.

- მაგრამ ეს ხომ უკვე საკმაოდ ნაცადი ხერხია, რომელსაცნაციონალური მოძრაობაიყენებდა - კარუსელები, ცვლილებები მინიმუმ ექვს თვეში ერთხელ. ბოლოს, თვით მერაბიშვილის დანიშვნამ პრემიერ-მინისტრადნაციონალებსმინიმალური სარგებელი მოუტანა არჩევნების წინ. ანუჭამსამ საარჩევნო ტრიუკს მოსახლეობა?

- მე მაინც მგონია, რომ ეს იქნება მოსახლეობის მოტივაციის ასამაღლებლად გაკეთებული. ანუ იმის საჩვენებლად, რატომ უნდა დაუჭიროს მხარი ამომრჩეველმა “ქართულ ოცნებას”. ზუსტად იმისთვის, რომ გადაიფაროს ის პრობლემები, რომელიც იყო და ამავდროულად შეიქმნას მოლოდინი, რომ ახალი გუნდის პირობებში პრობლემების აღმოფხვრა დაიწყება და მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესდება. შესაბამისად, ვიმეორებ, რომ ცვლილებები იქნება არჩევნებამდე, რადგან სხვა შემთხვევაში, ასეთი ტემპითა და შინაარსით კოალიცია რომ არჩევნებზე გავიდეს, მას გამარჯვება ძალიან გაუჭირდება. ამიტომაც პოლიტიკური ტექნოლოგიების კუთხით ნაბიჯები გადასადგმელი იქნება.

- საზოგადოება უკვე თანხმდება იმაზე, რომ ხელისუფლებაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლი პროკურატურა აღმოჩნდა. მე შეგნებულად ავუვლი გვერდს პროკურატურის თემას და ზოგადად ვიკითხავ, რომელია მთავრობაში ყველაზე სუსტი რგოლი?

- მე ასე ვიტყვი, რომ 2013 წელს მთავრობაში ყველა მინისტრი ინერციით მუშაობდა. ზოგი ამას ხსნის იმით, რომ საშუალება არ ჰქონდა ძირეული რეფორმების ჩატარებისა და არ ვსაუბრობ იმ ფასადურ რეფორმებზე, რომელიც ძირითადად ორდღიანი კონფერენციებით შემოიფარგლება “რედისონსა” და “მარიოტში”. მე ვსაუბრობ ძირეულ, სისტემურ რეფორმებზე. მინისტრების მხრიდან აპელირება ხდებოდა იმაზე, რომ იყო კოაბიტაციის პროცესი და, ფაქტობრივად, გვქონდა ორხელისუფლებიანობა, მაგრამ ფაქტი სახეზეა - სამინისტროების დიდი ნაწილი ინერციით მუშაობდა. რეალურად ქვეყნის მოსახლეობამ შვება ვერ იგრძნო. გლობალურ საკითხებთან მიმართებაში არ იყო ჩამოყალიბებული შესაბამისი მიდგომები, იმის თაობაზე, რა უნდა გაკეთდეს მომავალში, რომ ადამიანების ცხოვრება გაუმჯობესდეს.

- რატომ მოხდა ასე?

- როგორც ჩანს და მე ასე ვფიქრობ, ქვეყნის სტრატეგიული განვითარების არანაირი გეგმა არც მთავრობას და არც უმრავლესობას არ აქვს. არ აქვთ გათვლილი, რომელი ნაბიჯის მერე რომელი ნაბიჯი უნდა გადადგან. და უფრო მეტიც და უარესი - მთელი 2013 წელი მათ თავის მართლების რეჟიმში გაატარეს, როდესაც მათ მიერვე შექმნილი ძირითადი ოპონენტის მიერ წამოჭრილი თემების საფუძველზე საკუთარი თავის გამართლებით იყვნენ დაკავებულნი.

- ამ ფონზე ჩვენ ვაკვირდებით ერთ მეტად მნიშვნელოვან გარემოებას. ლამის ერთმილიარდიან გარღვევას ბიუჯეტში საზოგადოებაში ადეკვატური რეაქცია და გულისწყრომა არ მოჰყოლია, მაგრამ, როდესაც ქურდების თემამ წამოიწია, ამ საკითხში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების აზრი და პოზიცია, ერთეული გამონაკლისის გარდა, ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი იყო.

- როცა განვაცხადე, რომ ხშირად ხდება ისეთი ფაქტი, როდესაც რეალურად ვერ განმარტავენ საკუთარ პოლიტიკურ სურვილებს, სწორედ ასეთი შემთხვევები მქონდა მხედველობაში. ანუ ერთი ამბობს რაღაცას და მერე, შემდგომი დღეები, ამ ნათქვამის განმარტებებს უნდება “ქართული ოცნების” მთელი გუნდი. თან ისე, რომ ამ განმარტებების დროსაც არ ჩანს ერთიანი პოზიცია. დარწმუნებული ვარ, რომ საუბარი არ იყო ამ მუხლის ამოღებაზე, ან სასჯელის შემსუბუქებაზე. რეალურად უნდოდათ იმის თქმა, რომ კანონის შესაბამისი მუხლი კარგად და გასაგებად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ სხვადასხვა ვითარებაში არ ხდებოდეს მისი სასურველი სახით ინტერპრეტირება. მაგრამ, რადგან მათ გასაგებად ვერ განაცხადეს, რა უნდოდათ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ასწია თემა და ისევ და ისევ თავის მართლების პოზიციაში ჩააყენა “ქართული ოცნება” და მთლიანად ხელისუფლება.

- რადგან ასეთი შემთხვევები ხშირია, მაშინ დასკვნის გაკეთებაც ხომ შეიძლება, რატომ ხდება ასე?

- სწორედ ესაა პრობლემა. განცხადებებს აკეთებენ ისე, რომ საკითხი შესწავლილი არ აქვთ, არ არიან ჩამოყალიბებულნი, რა მესიჯები უნდა გადიოდეს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

- როგორ ფიქრობთ, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებას არ აქვს ქვეყნის განვითარების სტრატეგია, იმის განცდა მაინც თუ არსებობს, რის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ხელისუფლება და ქვეყანა? ხელისუფლებას აქვს დროის ფუფუნება?

- არანაირი დრო ხელისუფლებას არ აქვს. ის დრო, როდესაც მოსახლეობა მხოლოდ იმით იყო კმაყოფილი, რომ “ნაცმოძრაობა” აღარ არის ხელისუფლებაში, დასრულდა. 2013 წელი იყო რთული წელი, მაგრამ მაშინ მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას ჰქონდა ჯერ კიდევ გადაუჭრელი საკითხების გადაბრალების საშუალება. მაგრამ 2014 წელი გაცილებით რთული წელი იქნება. ეს იქნება რთული გამოწვევების წელი, რადგან, ერთი მხრივ, მოსახლეობამ ვერ იგრძნო წინსვლა სოციალური გარანტიების კუთხით. ვერ იგრძნო ხელისუფლების ცვლილებით გამოწვეული საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესება.

2014 წელი არის ის წელი, როდესაც მთავრობა პრობლემების გადაბრალებას ვერავისთვის შეძლებს. წელს დაგეგმილია თვითმმართველობის არჩევნები და ყველა საარჩევნო სპეციალისტი დამეთანხმება, რომ თვითმმართველობის არჩევნები ყველაზე რთული არჩევნებია და სერიოზულ მომზადებას საჭიროებს.

სხვა რომ არაფერი, საზოგადოების მოლოდინია, რომ მათი პირობები გაუმჯობესდება, აღდგება მათი შელახული უფლებები. 2014 წელი, მოკლედ რომ ვთქვა, ერთგვარი ტესტი იქნება ხელისუფლებისთვის.

მეტიც, ნებისმიერი ძალა, როდესაც ხელისუფლებაში მოდის, უხვად არიგებს დაპირებებს, “ქართული ოცნებაც” აღმოჩნდა საკუთარი დაპირებების ტყვეობაში და თუ 2013 წელს კიდევ ახერხებდა და შეუსრულებელ დაპირებებს სხვას აბრალებდა, ამას ვერ შეძლებას 2014 წელს.

და ყველაზე მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც დგას მთავრობა - სამართლიანობის აღდგენა, დამკვიდრება - ჩემი აზრით, ეს არის უბრალოდ კანონის შესრულება და ამას უნდა დაერქვას კანონის მოთხოვნის შესრულება. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ეს პრობლემა თავისით ვერ მოგვარდება. ადამიანები, რომლებსაც დასაკარგი არაფერი აქვთ, უფრო სწორად, რაც ჰქონდათ, დაკარგეს და ელოდებიან საკუთარი უფლებების აღდგენას, უფრო მომთხოვნები გახდებიან. ეს ადამიანები ჯერ კიდევ არიან მოლოდინის რეჟიმში, მათ ჯერ კიდევ აქვთ მცირე იმედი, მაგრამ ცხადია, რომ ასე მუდმივად არ და ვერ გაგრძელდება. ყველაზე ცუდი იქნება, თუ დაიკარგება ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ეს გამოიწვევს თვითშემოქმედებას. ძალიან ცუდი დრო დადგება, თუ ადამიანები გადაწყვეტენ, რომ საკუთარი შელახული უფლებები თავადვე უნდა აღიდგინონ.