ჩამოქვეითებული, დამცირებული და შურაცხყოფილი ვივამედის ბინადარი

ჩამოქვეითებული, დამცირებული და შურაცხყოფილი ვივამედის ბინადარი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირველი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის სტატუსი დაკარგა. როგორც წინასწარი შედეგებით დასტურდება, „ახალმა“ მას რამდენიმე ათასი ხმით აჯობა და ენმ მეორე ოპოზიციურ პარტიად ჩამოაქვეითა. ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ეს შედეგები ერთ მნიშვნელოვან გარემოებას აჩვენებს, მიხეილ სააკაშვილის ფიგურამ ქართულ პოლიტიკაში გავლენა დაკარგა. ამიტომ არ გამორიცხავენ, რომ არჩევნების შემდეგ, ეს შედეგები „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უკვე პოლიტიკური განაჩენი გახდეს და ენმ საბოლოოდ დაიშალოს. თუმცა მათი თქმით, „ლელოს“ და გახარიას გაერთიანება რომ მომხდარიყო, საერთოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც ერთი მხარე ვერ შეძლებდა ამდენი ხმის აღებას და კიდევ უფრო ქვემოდ ჩამოიწევდა მათი პოზიციები.

ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 54.086%-ით (1 117 480 ხმა) ლიდერობს.

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, 3111 უბნიდან, ამ დროისთვის დათვლილია 3100 უბანი, რაც უბნების რაოდენობის 99.646%-ს შეადგენს.

„ამ დროისთვის 3111 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3100 საარჩევნო უბნის შედეგი. დარჩენილი 11-იდან 9 უცხოეთის საარჩევნო უბანია, საიდანაც ველოდებით შედეგების გამოგზავნას. ორი საარჩევნო უბნიდან, ერთი არის მარნეულის შემთხვევა, სადაც გაუქმდა პროცესი. მეორე კი დუშეთის შემთხვევა, საიდანაც ამ ეტაპისთვის არ არის ოქმი მიღებული“,- განაცხადა კალანდარიშვილმა.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკური სუბიექტების შედეგებს, მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 10.923 % (225 680 ხმა) მიიღო.

„ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 10.122% (209 137 ხმა) მოიპოვა;

„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8.781 % (181 424 ხმა) აქვს; პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ კი - 7.761% (160 354 ხმა).

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ნამდვილად სანტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, როცა ამ არჩევნების შედეგად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირველი ოპოზიციური პარტიის სტატუსი დაკარგა, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც ქვეყნის ტრაგედიაა, როცა სწორედ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის გამორჩეული სახე ნიკა გვარამია და მისი პარტია პირველ ადგილას გავიდა.

„ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები და სამუწუხროა, როცა ნიკა გვარამია პირველი ოპოზიციური პარტია გახდა. გულდასაწყვეტია, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 20% ხმებს ისევ ნაციონალურ მოძრაობას აძლევს. გვარამია იგივე ნაციონალია და რაც არ უნდა დაირქვას სახელი, ყველამ იცის ვინც არის. ახსოვს ჩვენს საზოგადოებას რა სიტყვებით მოიხსენიებდა კახელებს, როგორ შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს ქალ პრეზიდენტს. ეს ხომ არავის დავიწყებია. როგორ აღმოჩნდა, სამწუხაროდ, თბილისში არის ამომრჩევლის ის ჯგუფი, რომლებიც რადიკალიზმის მომხრეა. გვარამიამ მოეხერხა და შეფარული ლოზუნგებით, მაგალითად, - „რა დროს მიშაა“ „ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი“, ახალგაზრდების გადაბირება შეძლო. ცუდია ის, რომ ახალგაზრდების დიდ ნაწილს არ ახსოვს სააკაშვილის რეჟიმი და მისი დამქაში გვარამია. ამიტომ აი, ამ ფარული მესიჯებით მან მოახერხა და ნაციონალების ხმებიც გადაიბირა და ახალგაზრდების რაღაცა ნაწილიც“, - ამბობს მამრაძე.

რაც შეეხება საააკაშვილის ფაქტორს და მის პოლიტიკურ გაბანკროტებას, მამრაძე ამბობს, რომ ეს ამ არჩევნებზე ყველაზე მეტად თვალში საცემია. მისი თქმით, სააკაშვილის ლაჩრულად ქვეყანაში შემოპარვამ, შემდეგ იმ დრამების დადგმამ და ტყუილებმა, რაც მან „ვივამედში“ ჩაატარა მისივე ამომრჩევლები ანტიპათიით განაწყო მის მიმართ. თავისი თავი სააკაშვილმა საკუთარი ხელით თავადვე გაანადგურა პოლიტიკურად.

„სააკაშვილის პოლიტიკური ფაქტორი მისსავე ამომრჩეველში, ამ შედეგების მიხედვით, დასრულდა. სააკაშვილმა მოახერხა და საკუთარი ფიგურა თავადვე გაანადგურა. როცა ის არაჟნებით დატვირთული კონტეინერით ქვეყანაში შემოიპარა და შემდეგ დიწყო ის მარაზმი, რაც მის მოწამვლას და ვითომ ცუდად ყოფნას ეხებოდა. ბევრი ამბობდა მისსავე მხარდამჭერებში, რომ სჯობდა ასეთ შემოპარვას აეროპორტში კაცურად ჩამოსულიყო და იქ დაეჭირათო. შემდეგ ვნახეთ მისი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, რომ ჯერ პოლიტიკიდან მიდიოდა, ცუდად იყო, კვდებოდა, პუტინის დავალებით მოწამლეს. მერე აღმოჩნდა, რომ კი არ კვდებოდა და მოწამლეს, კარგად იყო და პოლიტიკაში ბრუნდებოდა. ამ ყველაფერმა დიდი გავლენა მოახდინა. ამიტომ, ამ ეტაპზე, სააკაშვილის ფაქტორი ვეღარ მოახდენს ქართულ პოლიტიკაზე ისეთ გაველნას, როგორსაც ახდენდა. თუმცა არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ და ყველაფერია მოსალოდნელი, რადგან სააკაშვილი საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია და ციხეში რომ არ ყოფილიყო, პროცესებზე, რა თქმა უნდა, მეტი გავლენის მოხდენა შეეძლო“,-ამბობს მამრაძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ მიხეილ საკაშვილის ფაქტორი დღევანდელ პოლიტიკაში გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი აღარ არის. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათ ისეთი შეცდომები დაუშვეს, რის გამოც მიიღეს ის შედეგი, რაც დღეს აქვთ.

„ქუთაისში, როცა ნაციონალურმა მოძრაობამ საარჩევნო კამპანია დახურა, მთელი კამპანია მხოლოდ მიხეილ საკაშვილზე საუბარი იყო. ასევე, სააკაშვილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ზოგადად, მთელს ოპოზიციას რჩევა-დარიგებებს აძლევდა. საქმე იმაშია, რომ სააკაშვილმა ასევე, რაც საქართველოში ჩამოვიდა, იმდენი მოახერხა, რომ თავისი პოლიტიკური რეიტინგი მთლიანად გაანულა. ჯერ, ვითომ დემენცია ჰქონდა, მერე ვითომ რა დაავადებები აღარ მოიგონეს.

მერე ისევ უცბად გამოჯანმრთელდა და პოლიტიკურად აქტიური გახდა. ამ თამაშებით შეიძელბა ნაციონალების მხარდამჭერები დიდი ანალიზით არ გამოირჩევიან, მაგრამ ისინიც ადამიანები არიან და მუდმივად თავის მართლება და კრიტიკა არ სიამოვნებთ. ნაციონალები, ბოლო დროს, მუდმივად ამ მდგომარეობაში იყვნენ. შემდეგ ვნახეთ თავმჯდომარის ირგვლივ მოვლენები როგორც განვითარდა. ხაბეიშვილის გამარჯვება; მელიას გამოყოფა; მერე, ისევ, ხაბეიშვილის გაშვება და ბოკუჩავას დანიშვნა. ეს ყველაფერი ამომრჩეველზე მუშაობს, ამიტომაც მათ დაიწყეს უფრო კომფორტული ალტერნატივის ძიება და ასეთი „ახალი“ აღმოჩნდა. თუმცა „ლელოს“ და გახარიას გაერთიანება რომ მომხდარიყო. „ახალიც“ და ნაციონალებიც კიდევ უფრო ქვემოთ იქნებოდნენ“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ქვეყანაში პოლიტიკური პორცესები როგორ განვითარდება. თუმცა ძაბირაძე დარწმუნებულია, რომ რაც არ უნდა მოხდეს და მოვლენები, როგორც არ უნდა განვითარდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიწყებს დაშლას და ის გახდება წარმავალი პოლიტიკური ძალა.

 

მერაბ.g ჰოდა ეს დორბლიანი ბოლო ბოლო უნდა გადავიდეს ციხეზე!
1 თვის უკან