„ბაჩიაშვილთან მქონდა საქმიანი შეხება ერთ კონკრეტულ პროექტზე, მაგრამ მისი ინტერესი არ ჩანდა პროექტში და გამისტუმრა, ვნანობ, რომ მაშინ არ მივედი ივანიშვილთან და არ ვუთხარი რას ვფიქრობდი ამ ღლაპზე“

„ბაჩიაშვილთან მქონდა საქმიანი შეხება ერთ კონკრეტულ პროექტზე, მაგრამ მისი ინტერესი არ ჩანდა პროექტში და გამისტუმრა, ვნანობ, რომ მაშინ არ მივედი ივანიშვილთან და არ ვუთხარი რას ვფიქრობდი ამ ღლაპზე“

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა არჩევნების წინა დღეებში „ტვ პირველის“ ეთერში ინტერვიუ დააანონსა, სადაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ბიუჯეტიდან 400 მილიონი აშშ დოლარის „მითვისებასა“ და მის „პოლიტიკურ და ფინანსურ მაქინაციებზე“ ისაუბრებდა. თანაინვესტირების ფონდი ინტერვიუმდე გამოეხმაურა ბაჩიაშვილის ანონსს და ყველა მისი განცხადება უარყო.

ინტერვიუს ანონსს გამოეხმაურა ასევე, ავიაინჟინერი, პროფესორი და ყოფილი დეპუტატი თემურ მაისურაძე, რომელმაც ბაჩიაშვილი გულგრილობაში დაადანაშულა. მისი  განცხადებით, ბაჩიაშვილმა მიზანმიმართულად დაბლოკა 12- მილიონიანი ინოვაციური პროექტი, რომლის შესახებ საქმის კურსში იყო ბიძინა ივანიშვილი. მაისურაძის განცხადებით, ივანიშვილმა მისი თანდასწრებით დაურეკა ბაჩიაშვილს და სთხოვა, რომ შეხვედროდა და დაეწყო გერმანიასთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით, თუმცა ამ პროცესს გაგრძელება არ მოჰყვა.

ვინ დაბლოკა პროექტი და რა მიზანი ჰქონდა ბაჩიაშვილს? - ეს არის ინტერვიუს მთავარი თემა, თუმცა მანამდე for.ge-მ არჩევნების შედეგები შეაფასებინა თემურ მაისურაძეს.

საპარლამენტო არჩევნები, საერთო ჯამში, მშვიდად ჩატარდა, რაც აღიარეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც, მაგრამ იქ, სადაც ჩნდებოდა რადიკალური ოპოზიცია და მედია, ყველგან ვითარება იყო დაძაბული რაც მათ წინასწარ ანგარიშებში აისახა. ჩანდა, რომ ოპოზიცია მიზანმიმართულად მიდიოდა პროვაკაციებზე...

თემურ მაისურაძე: ჩხუბი და თავ-პირის მტვრევა იწყებოდა იქ, სადაც მიდიოდა ოპოზიციური ტელევიზია. ვინც კანონზომიერებებში ერკვევა, შეუძლებელია, სადაც ოპოზიციური მაუწყებლობა მიდის, ზუსტად დაემთხვეს იქ არეულობა, ეს შეუძლებელია. ე.ი. ყველა კონკრეტულ უბანზე, სადაც დაგეგმილი იყო რაღაცა არეულობის მოწყობა, იწყებოდა დაპირისპირება და რატომ? - განა იმიტომ, რომ ეს არჩევნებს შეცვლიდა, არამედ მათი ამოცანა იყო ვიდრე „ქართული ოცნება“ მოახდენდა რეაგირებას, ამ ყველაფრის გაშიფვრას, ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე რეაგირების შედეგების გამოტანას საზოგადოებაში, მანამდე უნდოდათ შეექმნათ ფონი იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი არაინფორმირებული ადამიანის მობილიზება მოხდარიყო, რომ ხალხო არჩევნები ყალბდება და შეექმნათ ხელოვნურად კრიტიკული მასა, რაც იყო შეუძლებელი. თან, მოდით, შევხედოთ როგორი მომენტია - მათი კონტიგენტი იყო წინასწარ დამუხტული სუბიექტები, ბევრ მათგანზე წინასწარ იყო ფული გადახდილი - მეორე მხარეს იყვნენ ჩვეულებრივი სუბიექტები, რომლებიც არ ელოდნენ რაღაცა ექსცესებს. მაგრამ მინდა ვუთხრა მათ, ვინც ცდილობს არეულობა მოაწყოს და აქვს ამის სურვილი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მშვიდად ვართ, ჩვენი რეაქცია იქნება ძალიან მწვავე. ეს არ არის მუქარა.

ჩვენი მოთმინების ფიალა აივსო. 2003 წლიდან დაწყებული, დღემდე საქართველოს მოსახლეობის მოთმინების ფიალა არის ზღვარზე. „ქართულ ოცნებაზე“ ხალხი ბრაზობს იმის გამო, რომ ეგენი კიდევ თარეშობენ და კიდევ დარბიან, რომ მათ ტელე-ჟურნალისტებს შესაძლებლობა აქვთ შევარდნენ საარჩევნო უბნებზე და იქ გადაღებები მოაწყონ, რისი უფლებაც მათ არ აქვთ. ამ ქვეყანას არავის არ გადავაყირავებინებთ კიდევ ერთხელ.

პრინციპში უკვე დაანონსდა სახელმწიფო გადატრიალება ორბელიანების სასახლეში...

- 2003 წელს ვიწვნიეთ როგორ ხდება ეს რევოლუცია, მანამდე 90-იანი წლების გამოცდილება გვაქვს და კარგად ვიცით, რა მოხდა საქართველოში. შესაბამისად, იმ სუბიექტებზე დაყრდნობით, რომელზეც ეგენი აკეთებენ აპელირებას, დღეს სახელმწიფო გადატრიალების არანაირი შანსი მათ არ აქვთ. ვერც მაგ ტექნოლოგიით, რომლითაც ეგენი აპირებენ მასების გამოყვანას, არაფერი არ მოხდება. მომწონს ხელისუფლების მკაფიო გამოსვლები. ის, რაც მათ დააანონსეს, რომ ასეთი რამ მოხდებოდა, მოხდა კიდევაც და ყოჩაღ უშიშროებას, რომ მუშაობს და მეორე, არასოდეს ჩვენ არავინ არ დაგვიპატიმრებია საარჩევნო კოდექსის დარღვევისათვის და იმედი მაქვს, რომ წელს დავაპატიმრებთ ვიღაც-ვიღაცებს, ვინც საარჩევნო კოდექსს უხეშად არღვევდა. სამ და ოთხ წელს, შეიძლება ხუთსაც რომ მიაჭედებენ ვიღაც-ვიღაცებს, მომავალ არჩევნებზე ყველას ეცოდინება, როგორ მშვიდად უნდა იყოს საარჩევნო უბნებზე.

წინასაარჩევნოდ ოპოზიციამ მაშველ რგოლად გამოიყენა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი, რომლის ინტერვიუს, ოპოზიციის გათვლით, არჩევნების შედეგებზე უნდა მოეხდინა გარდატეხა. თუმცა, პირიქით, ეს იყო თვითაღიარება დანაშაულისა, რომელშიც ბაჩიაშვილი ბრალდებულია. თქვენ საგანგებო განცხადებით მიმართეთ ბაჩიაშვილის ინტერვიუს გამოქვეყნებამდე, რა იყო თქვენი ამ ვრცელი წერილის მიზანი და საერთოდ, ვინ არის ბაჩიაშვილი?

- პირველი, მინდა ხაზი გავუსვა - ეს იმიტომ იყო დაგეგმილი არჩევნების წინა დღეს, რომ ხელისუფლების მხრიდან ვერავის რეაგირება ვერ მოეხდინა და მეორე, ეს იყო საბავშო ბაღის დონეზე გათამაშებული ცირკი, თითქოს 9 საათზე ჩაირთვებოდა ვებ-გვერდი, სადაც აიტვირთებოდა ივანიშვილის შესახებ ინფორმაცია. წარმოიდგინეთ, ვებ-გვედი ჯერ არ არის, მაგრამ ზუსტად იციან, რომ ჩაირთვება და ა.შ. დაანონსებულის სათაური და შიგთავსი როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

რამ გამაღიზიანა მე - ამ ბაჩიაშვილთან პირადად მქონდა საქმიანი შეხება ერთ კონკრეტულ პროექტზე, რომელსაც მე ფაქტობრივად, სახელმწიფოს ვაძლევდი და ჩვენ, ამ შემთხვევაში, გვეკუთვნოდა მხოლოდ საავტორი როიალტი, ამ პროექტის მმართველი ხდებოდა სახელმწიფო. მეორე მხარეს იყო გერმანიის ჰელბერტ შტატის გუბერნატორის გრანტი, 12 მილიონი თანადაფინანსებით. ერთი ქარხანა უნდა გაკეთებულიყო ჰელბერტში და მეორე საქართველოში. ჩემს თვალწინ დაურეკა ბიძინა ივანიშვილმა ბაჩიაშვილს და სთხოვა, რომ შემხვედროდა და დაგვეწყო გერმანიასთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით.

წარმოიდგინეთ, ახალი ტექნოლოგია, დაპატენტებული აშშ-ში, ევროკავშირის წევრებში და მთელ ე.წ. დსთ-ს სივრცეში და ა.შ. რომელმაც შენ შეიძლება კონკრეტულ სეგმენტში უპირატესობა შეგიქმნას. ახალგაზრდა რომელიც ჩემს წინ იჯდა, მაგისი ასაკის სტაჟი მქონდა უკვე კოსმონავტიკაში გავლილი და მეორეც, ბიზნესიც მქონდა ჩემი. აი, ეგ ღლაპი რომ ცდილობს მომატყუოს, აქეთ-იქით რაღაცები შემიკეროს - იცით რა, საქართველოს ინტერესი და რაღაცა უაზრობები... მე ვუთხარი, ერთი კონკრეტული პროექტი დამისახელე, ან ერთი პროდუქცია, რომ შენ გერმანია გეხვეწებოდეს გამომაშვებინე გერმანიაში. ასეთი პროდუქცია გაქვს? - არა. კაცი გეხვეწება გერმანიაში გამომაშვებინე. მე მას პირდაპირ ვუთხარი, ხომ იცით აქიდან რომ არაფერი მინდა-თქო.

რეაგირება ჰქონდა თქვენს სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაზე?

- კი, გამოხმაურება მოჰყვა ასეთი - იცით რა, მე ბიძინა ივანიშვილმა დამირეკა და მითხრა, როგორმე მოიცილე ეს კაცი თავიდანო. მეო, მეხამრიდი ვიყავიო. მეხამრიდობა ძალიან კარგად ვიცი, იმიტომ რომ მე თვითონ ვიყავი ბიზნესში. მეხამრიდობა ადამიანს სჭირდება მაშინ, როდესაც მას თავს ახვევენ ისეთ რაღაცას, რომელიც მას არ სჭირდება, ან შენ გადადიხარ მოუკრეფავში. ამ შემთხვევაში მე 12 მილიონ მზა გრანტს ვაძლევდი და ვაძლევდი პროექტს ყოველგვარი ინტერესის გარეშე, გარდა როიალტისა.

ბატონო თემურ, კომუნიკაცია როდის ჰქონდა, თქვენს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ, თუ ინტერვიუს გასვლის შემდეგ?

- ბაჩიაშვილის ანონსი როგორც კი გავრცელდა, მაშინვე დავწერე, ბიჭო შენ არა გრცხვენია-თქო. საერთოდ, არ ვიცოდი რა ინტერვიუ იქნებოდა. როგორც კი სტატუსი დავწერე, დაახლოებით 15 წუთში თავის გვერდზე ატვირთა და პასუხი გამომიგზავნა. რაზეც არის ჩემი პასუხი, რაზეც შემდეგ რეაგირება არ ჰქონდა და გული გამომიგზავნა.

როგორ ფიქრობთ, რატომ შეეცადა ბაჩიაშვილი, რომ დაპირისპირებოდით ივანიშვილს? როგორც თავად ამბობს, ეს პროექტი ვერ განხორციელდა იმიტომ, რომ ივანიშვილმა უთხრა მომაშორეთ ეს კაციო...

- ნახეთ რა არის? - მისი ინტერესი არ ჩანდა პროექტში და იმიტომ გამისტუმრა ასე. არ ვიცი ბიძინა ივანიშვილს მან რა უთხრა, შეიძლება ძალიან ცუდი სქემა დაუხატა. მე ივანიშვილთან არ მივსულვარ. რომ შევხვედროდი, ვეტყოდი რა წარმოდგენა დამრჩა იმ ღლაპზე, რომელსაც ვიღაცამ ანდო ამხელა დიდი საქმე. ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა ამ ღლაპზე. იცით, ვიფიქრე კიდევაც, რომ მივიდე ივანიშვილთან და ვუთრა ეს ყველაფერი-თქო, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე.

არ ნანობთ რომ არ უთხარით?

- ვნანობ. შეიძლება, ჯობდა, მაშინ ივანიშვილს სწყენოდა, როდესაც მის მიერ შერჩეულ კადრს მთლიანად დავუხატავდი ვინ იყო, ჯობდა ჩემზე დარჩენილიყო ნაწყენი, ვიდრე ეს ყველაფერი მომხდარიყო. ვიფქირე, რომ ხომ არ გამოდის სხვის საქმეში ვერევი - მან დანიშნა, მას აქვს კონკრეტული მიზნები, ამოცანები. შეიძლება ახალგაზრდაა და შეეშლა-თქო. აღარ გავყევი აზრებს იქეთ, რომ ამან შეიძლება ჩემზე ცუდი რაღაცა უთხრა, ან პროექტზე ისეთი რამ - იცით, ბატონო ბიძინა, ჩვენ ამას ვერ განვახორციელებთ, ან გერმანიაში რატომ უნდა ვაწარმოოთ და ა.შ. თან მეორე მხარე ამბობდა, მოდით რა, ერთად ვაწარმოოთ აქაც და იქაც. ერთი სიტყვით, არ ვიცი რა უთხრა, შეიძლება ძალიან ცუდი რამ უთხრა ჩემზე. წარმოდგენა არ მაქვს.

ბაჩიაშვილის ფაქტი ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ საკადრო პრობლემა აქვს, მათ შორის შეცდომა იყო ზოგიერთი პრემიერი, მაგალითად, მამუკა ბახტაძე, რომელიც ბაჩიაშვილთან დაახლოებული პირი იყო და სხვათა შორის ამ ორი ფიგურის დავოსის ფორუმში მონაწილეობის შესახებ საკმაოდ მძმე ინფორმაცია ვრცელდება, ეს იყო ქვეყნისთვის დამაზიანებელი ვოიაჟი. როგორ ფიქრობთ, დღეს, როდესაც უნდა დაკომპლექტდეს მთავრობის ახალი შემადგენლობა, რაზე უნდა გაკეთდეს გათვლა, რომ მთავრობისთვის იყოს მყარი საყრდენი? არის კი ისეთი კადრები, რომ არ იყოს ისეთი შეცდომები დაშვებული, რაც 12 წლის განმავლობაში დაუშვა ივანიშვილის ხელისუფლებამ?

- ჯერ კიდევ 2013 წელს უმრავლესობის შეხვედრაზე ჩემი მთავარი შენიშვნა იყო საკადრო პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებდა „ქართული ოცნება“. სულ 3-4 თვის შეკრებილი პარლამენტი ვიყავით და ვხედავდი რეგიონებში რა ხდებოდა, როგორ საკადრო პოლიტიკას აწარმოებდნენ. მაშინ ბიძინა ივანიშვილის ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ ამ საკადრო პოლიტიკით „ქართული ოცნება“ შორს ვერ წავოდოდა. ეს საკადრო პოლიტიკა იმის შემდეგ მოდის, მოდის და მოდის.

რეგიონებიდან მესმის - ეს ვინ დაგვიყენეს, ეს ვინ მოიყვანეს და ა.შ. ეს ჩანს კიდევაც. ყოველთვის ვამბობდი, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა მისცეს თავს იმის უფლება, რომ საკადრო პოლიტიკა აწარმოოს პარტიული შიგთავსიდან. პარტია არის პოლიტიკური სუბიექტი, სახელმწიფო არის მთლიანად სახელმწიფო. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ კადრები უნდა შეარჩიოს საქართველოს რესურსებით და არა პარტიული რესურსებით - პროფესიონალიზმით, სამშობლოსა და საქმის სიყვარულით, ამას დავამატოთ კომუნიკაბელურობა, რომელიც მას სჭირდება. უნდა იყოს შრომისმოყვარე, პროფესიონალი და ამ ქვეყნისთვის თავი უნდა ჰქონდეს გადადებული. თუ სამშობლო არ უყვარს, მაგრამ ჭკვიანია, მან შეიძლება ქვეყანა უბედურებას გადაკიდოს. თუ სამშობლო უყვარს, შრომისმოყვარეა, მაგრამ პროფესიონალი არ არის, ეს უკვე ჩავარდნაა. ამ სამიდან რომელიც არ უნდა მოაკლოთ, ნებისმიერ შემთხვევაში, ცუდია. სამივე თვისება არის საჭირო და ასეთი ადამიანები საქართველოში არიან, მაგრამ ესენი არ არიან ადამიანები, რომლებიც ტელევიზიებს მიეჭრებიან, არიქა, ეთერი მომეცით, რომ გამიცნონო. მათი ნაკეთები საქმეები ვიცით, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ ქვეყანას. ბევრი რამ დგას მათ ზურგს უკან და არა ის, რაც CV-ში წერია.

ბაჩიაშვილის CV არის საინტერესო, ვინ ლობირებდა მას ივანიშვილთან?

- არ ვიცი. მე შეხება მქონდა როგორც ბაჩიაშვილთან, ასევე ბახტაძესთან, არა პრემიერის რანგში, არამედ როგორც რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარის რანგში. მაშინ ჩვენ დავიწყეთ ახალი პროექტი, კერძოდ ეს იყო საერთაშორისო გამოგონება და როგორც ყოველთვის, ესეც ჩაფლავდა.

Gami რამდენი ბაჩიაშვილისნაირი ცუნდრუკა ჰყავს გამაზული ივანიშვილს.. " кадры решают все" -- ბელადის ნათქვამი.
1 თვის უკან