"კვირას ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე" დააფუძნა. პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილი არცთუ შორს იდგა საზოგადოებრივი ცხოვრებისგან - მისი საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" აქტიურად თანამშრომლობდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გასაგებია მისი შენიშვნები არასამთავრობო ორგანიზაციების ობიექტურობაზე, თუმცა ისმის კითხვა: რა არის ობიექტურობის ივანიშვილისეული განსაზღვრება? ამ კითხვაზე პასუხს მაშინ მივიღებთ, როდესაც "მოქალაქე" აქტიურ მუშაობას დაიწყებს", - აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მოქალაქე, რომელიც ხელისუფლებაზე მეტია..." / "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი ევროპული გზის ოფიციალურად გაფორმებისთვის წელს იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები".
"ფაქტია, რომ ივანიშვილი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, საკმაოდ დიდ ძვრებს მოახდენს ამ ფლანგზე. ივანიშვილის განცხადებებიც ექსპერტებისა და ჟურნალისტების მუშაობაზე არ არის საფუძველს მოკლებული - ზერელე პროგნოზებით, ანალიზით თუ სიუჟეტებით ვერავინ გაგვაკვირვებს. ამ პრობლემაზე ყურადღების გამახვილებას ივანიშვილი, აწ უკვე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის რანგში, მომავალშიც გააგრძელებს. მის სიტყვას სხვა წონა და რეზონანსი ექნება, მაშინაც კი, როდესაც მთავრობის კრიტიკაზე მიდგება საქმე. მე მართლაც ველი, რომ "მოქალაქის" ხელმძღვანელი არ დააკლებს მთავრობას კრიტიკას და ხელისუფლებაც ყურადღებით მოუსმენს მას. სხვათა შორის, თავად ტერმინი `მოქალაქე~ საკმაოდ ტევადია. ჩემთვის ცალსახაა, რომ ხელისუფლება ვერც საერთაშორისო და ვერც საშინაო ასპარეზზე ვერ მიაღწევს წარმატებას საზოგადოებისა და მოქალაქის, - რომელიც ზოგჯერ მართლაც ხელისუფლებაზე მეტია, - სერიოზული ჩართულობის გარეშე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
"ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი ევროპული გზის ოფიციალურად გაფორმებისთვის წელს იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - თუ ადგილობრივ არჩევნებს ოქტომბრისთვის არ გადაიტანენ, ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ ძალებს შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევათ, არჩევნები აქციონ ქართული დემოკრატიის დიდ უკან ნახტომად. ვგულისხმობ იმას, რომ კანონი თვითმმართველობის შესახებ შორს არის იდეალური ვარიანტისაგან და ამასთან, არ არის ჰარმონიზებული საარჩევნო კოდექსთან. ყოველივე ეს ხელს უხსნის ზოგიერთ არაკეთილმოსურნე ძალას, რომ არცთუ დიდი თანხით მოიძიოს პრორუსული ორიენტაციის პირები, რომლებიც გამოჩნდებიან სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ და დასახელდებიან მაჟორიტარი დეპუტატობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად", - განაგრძობს რესპონდენტი
"წარმომიდგენია, გაუმართავი კანონიდან გამომდინარე, რომელიც ბევრ საკითხს ვერ არეგულირებს, როგორი შფოთი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას - მაგალითად, სოფლებში, სადაც თითოეულმა სოფელმა თავკაცი უნდა აირჩიოს, მუნიციპალიტეტებში - გამგებლისა და ქალაქებში მერების არჩევნებისას. ეს შფოთი ზემოხსენებული ძალების მიერ წახალისდება და შესაძლოა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებისას ისეთი ამბავი ატყდეს, ასოცირების ხელშეკრულება ჩვენვე დაგვავიწყდეს. ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას - ნუ გამოეკიდება ორ კურდღელს, შევიდეს კანონში ცვლილებები, გაიმართოს ის და ოქტომბერში ჩავატაროთ არჩევნები - ოქტომბერი ყისმათიანი თვეა "ქართული ოცნებისთვის", - მიიჩნევს ექსპერტი.
"რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, კრემლის ოცნება უკრაინის ორად გაყოფაა. მოსკოვი ყველანაირად შეუწყობს ხელს, რომ იყოს დასავლეთი უკრაინა კიევით, ლვოვით და სხვა ოლქებით და აღმოსავლეთი უკრაინა - დონბასის ოლქით. თუმცა, ასეთი სცენარი მიუღებელია ევროპისა და ამერიკისთვის და ეს მიუღებელი უნდა იყოს თავად უკრაინისთვის. ყირიმი კი არის ის სათადარიგო ბომბი, რომელსაც რუსეთი აამოქმედებს, როგორც კი უკრაინა დაიწყებს ლაპარაკს ნატოში გაწევრებაზე, თუ, რა თქმა უნდა, მიმდინარე ამბები უკრაინაში მშვიდობიანად დასრულდა. კიევში ჯერ კიდევ მშვიდობიანი პროტესტის მესამე-მეოთხე დღეს, ყირიმში ხმამაღლა განაცხადეს, რომ თუ უკრაინა ევროპული გზით წავა, ყირიმი გახდება დამოუკიდებელი. მაგრამ კრემლი მიხვდა, რომ ნაჩქარევი იყო ყირიმის გამოყენება და უცებ დადუმდა ზემოხსენებული თემა. ახლა ისინი კრემლიდან მორიგ ბრძანებას ელიან", - განმარტავს სოსო ცისკარიშვილი.
"მაგრამ ნუ გვავიწყდება, რომ უკრაინა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოა და ის მხოლოდ თავის თავს არ ეკუთვნის. უკრაინა დიდხანს დარჩება საჯილდაო ქვად რუსეთსა და ევროპას შორის. მოსკოვი რომ ბოლომდე არ დათმობს უკრაინას - შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთმა ყველა სხვა სიკეთესთან ერთად უკრაინას შესთავაზა ატომური ტექნოლოგიების ათვისება და დიდი ალბათობით, მზად არის, დაუბრუნოს კიევს ის ატომური იარაღი, რომელიც მან თავის დროზე რუსეთს, როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრეს, გადასცა. ოღონდ მოსკოვისთვის ორი მთავარი პირობა უნდა არსებობდეს - უკრაინის პრეზიდენტი (იანუკოვიჩი იქნება თუ სხვა) პროკრემლისტურად უნდა იყოს განწყობილი და ასევე ჩაძირული კორუფციაში, რათა ადვილი სამართავი იყოს", - ამბობს ექსპერტი.
"ამერიკელები ოფიციალურ კიევს სერიოზული სანქციებით დაემუქრნენ, სანქციებისთვის დიდი მზაობაა შენგენის ზონაში და ამას უკრაინის მთავრობაში შფოთი მოჰყვა. დროული და შთამბეჭდავი იყო დავოსის ფორუმის მონაწილეთა გადაწყვეტილება, ტრიბუნა არ დაეთმოთ უკრაინის პრემიერ-მინისტრისთვის. ეს საჯაროდ სილის გარტყმაა იმ ადამიანისთვის, რომელიც დიდი კმაყოფილებით მიესალმა იმ კანონების შემოღებას, რომელმაც ასე გაახელა უკრაინის საზოგადოება. სამოქალაქო ომი არც ერთი მხარის ინტერესში არ შედის, გარდა რუსეთისა, რომელსაც უხარია მეზობელი ქვეყნის, ნათესავი ერის დაქუცმაცება და შინაომი. თუ მოვლენები რადიკალურად განვითარდა, უნდა ველოდოთ, რომ რუსეთს დასავლეთი მკაცრად დაუპირისპირდება და პლანეტის მასშტაბით მდგომარეობის ამრევად გამოცხადდება - რუსეთს ნამდვილად არ აქვს იმის რესურსი, რომ ყველას და ყველაფერს დაუპირისპირდეს და კონტინენტზე ჰეგემონია შეძლოს. იმედია, სამოქალაქო ომამდე საქმე არ მივა", - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
"ძალიან სახიფათოა სოჭის ოლიმპიადის შემდგომი პერიოდი, როდესაც გამარჯვებული თუ გულგახეთქილი რუსეთი აშკარად დაიწყებს შურისძიებას ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ და გარკვეულ თვითრეაბილიტაციას მოანდომებს დიდ ძალისხმევას იმ ნერვიულობის გამო, რაც მათ გადაიტანეს ოლიმპიადის მზადებისა და მიმდინარეობის პროცესში. პოსტოლიმპიური პუტინიადა იქნება ბევრად უფრო ცხარე. უნდა გავაცნობიეროთ ეს საფრთხე...", - დასძენს რესპონდენტი.