„მცირე ჯგუფით შეგიძლია ხელისუფლება გადააგდო და ხალხი მერე თუ დაგინახავს, რომ გამარჯვებულის გვირგვინი გაქვს თავზე დადგმული, „დიდება მეფესო“, დაიძახებს“

„მცირე ჯგუფით შეგიძლია ხელისუფლება გადააგდო და ხალხი მერე თუ დაგინახავს, რომ გამარჯვებულის გვირგვინი გაქვს თავზე დადგმული, „დიდება მეფესო“, დაიძახებს“

არჩევნებში გამოხატული მხარდაჭერის 54% ჩვენი ხელისუფლების რესურსია. მსოფლიო პოლიტიკურ პრაქტიკაში ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია იმისთვის, რომ ხელისუფლებამ მყარად იგრძნოს თავი, - აცხადებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბარში.

ოპოზიციას სურდა, წარმოეჩინა, თითქოს 26 ოქტომბრის არჩევნები ეგზისტენციალური იყო იმ თვალსაზრისით, რომ არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის უნდა გაკეთებულიყო. არჩევნები მართლაც ეგზისტენციალური გამოდგა-ხალხმა თვითგადარჩენა არჩია, უარი უთხრა მწამებელ ნაცებს და ქართული ოცნების უპირობო ლიდერობა გამოკვეთა. ოცნებამ უკვე მეოთხედ აიღო სახელისუფლებო მანდატი. ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს იყო ქართველი ხალხის უალტერნატივო არჩევანი მშვიდობის სასარგებლოდ. ოპოზიცია კვლავინდებურად ჭირვეულობს, არ აპირებს შესვლას პარლამენტში და ქუჩაში აპირებს პროცესების გადატანას. თქვენ ერთხელ აღნიშნეთ, თუ დასავლეთი არ აღიარებს ამ არჩევნებს და ქართველი ხალხის ნების გამოხატვას, მაშინ ის საქართველოს დაკარგავს. როგორ გგონიათ, გარისკავს დასავლეთი ამ გზით წასვლას, რომ საქართველო დაკარგოს მცირერიცხოვანი ოპოზიციური ჯგუფების სასარგებლოდ? მით უმეტეს, რომ ქართული ოცნება ამ ბრძოლაში მარტო არ არის, საკუთარ მხარდამჭერებზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ ბრძოლაში ოცნების მხარეს დგას ყველაზე ძლიერი ძალა საქართველოში-ეკლესია. უღირს კი დასავლეთს ყველაზე დიდი ინსტიტუციების გადაკიდება საქართველოში?

- უღირს თუ არა დასავლეთს, მცირერიცხოვანი ოპოზიცია მოიყვანოს ხელისუფლებაში?! ჩემი აზრით, უღირს, რადგან თუკი მოიყვანა ხელისუფლებაში მცირერიცხოვანი ძალა, ის ყოველთვის მისი მადლიერი დარჩება. ასე მოხდა 2003 წელსაც, როცა დასავლეთმა სააკაშვილის ჯგუფი მოიყვანა ხელისუფლებაში და შემდეგ მთელი 9 წელიწადის განმავლობაში სააკაშვილი მათ უწევდა ანგარიშს. ასევე, სააკაშვილი კიდევ ერთ ქვეყანას უწევდა ანგარიშს, რომელიც მას დაეხმარა ხელისუფლებაში მოსვლაში - რუსეთს. ასე რომ, დასავლეთში კარგად იციან, პატარა ჯგუფი თუ მოიყვანეს ხელისუფლებაში, ის უფრო მორჩილი იქნება, ვიდრე დიდი ჯგუფი. ქართულ ოცნებას რომ ხელი დაავლოს დასავლეთმა, ოცნება ყოველთვის იტყვის, მე ხალხმა ამირჩია და დასავლეთის დასმული არ ვარ, ხოლო პატარა ჯგუფი ყოველთვის იტყვის, მე დასავლეთმა დამსვა და ამიტომ დასავლეთის ნებისმიერ დავალებას შევასრულებ. ამიტომ დასავლეთის გადმოსახედიდან, აშკარაა, რომელი ჯობია, პატარა ჯგუფის მოყვანა ხელისუფლებაში, თუ დიდი ჯგუფის?!

თუკი ამ ვერსიას განვიხილავთ, დასავლეთს ყოველთვის უღირდა ქართველი ხალხის არჩევანის უპატივცემულობა და მარგინალური ჯგუფების გაყვანა ხელისუფლებაში?

- განა ქართველი ხალხისგან დაშორება 2003-ში არ უღირდა დასავლეთს?! ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ დავუშვათ, დასავლეთმა ხელისუფლებაში მოიყვანა ნაციონალური მოძრაობა, მერე ნაციონალურ მოძრაობას, 2003 წლის მსგავსად, ჩაატარებინებს არჩევნებს და არჩევნების ფონზე ხალხი ისევ ნაცმოძრაობას მისცემს ხმას, რადგან ვინც რევოლუციაში იმარჯვებს, ხალხი მას აძლევს ხოლმე ხმას. ხალხის მხარდაჭერის მოპოვება ძალიან იოლი საქმეა პატარა ჯგუფისთვისაც კი. ჩვენ ხალხი უფრო სერიოზულ და მონოლითურ ძალად მიგვაჩნია, ვიდრე ის რეალურად არის. სინამდვილეში, ხალხი ეს არის განწყობილებებით მოქმედი სუბიექტი და ამ განწყობილებებით მანიპულაცია ვინც იცის, ის ხალხსაც ისე ათამაშებს, როგორც უნდა. ხალხის თამაშის შედეგად მოეწყო რევოლუციები საქართველოში, უკრაინაში, არაბეთის ქვეყნებში და ასე შემდეგ.

სანამ ოპოზიცია ქუჩაში გასვლაზე ალაპარაკდებოდა, მანამ მათ უკვე შემოუძახა უკრაინაში მებრძოლმა ვანო ნადირაძემ და პირდაპირი გეგმა დაუსახა - რევოლუციაა საჭირო, ან საყოველთაო დაუმორჩილებლობა. ნადირაძემ ოპოზიციას სტრატეგია დაუწუნა, რომ არც ერთმა მათგანმა თავიდან არ ახსენა ქუჩა და ბრძოლა. ამჯერად მაინც რა შანსი ექნებათ პროტესტანტებს? თუკი გავითვალისწინებთ, რომ, წესით, რევოლუციას ხალხი უნდა ახდენდეს, წარმატებული იქნება რევოლუცია ხალხის გარეშე, მასობრიობის გარეშე?

- მასობრიობა არც სააკაშვილის დროს არ ჰქონდა მაშინდელ საპროტესტო გამოსვლებს, როცა 30 000 ადამიანი იყო სააკაშვილის მომხრე, რევოლუციებს მასობრიობა არ სჭირდება. რევოლუცია-რევოლუციაო, იძახიან, რადგან მცირე ჯგუფით შეგიძლია ხელისუფლება გადააგდო და ხალხი მერე თუ დაგინახავს, რომ გამარჯვებულის გვირგვინი გაქვს თავზე დადგმული, დიდება მეფესო, დაიძახებს. უკრაინაში მებრძოლი ქართული ჯგუფები, რომლებიც ნაცმოძრაობის პოლიტიკას იზიარებენ, ვარაუდობენ, რომ იარაღით შემოვიდნენ საქართველოში და იარაღითვე მოახდინონ რევოლუცია. ეს არ არის ქუჩის აქციები ხავერდოვანი რევოლუციების გაგებით, სადაც იარაღი არ არის და მხოლოდ ხალხის დიდი რაოდენობით ზეწოლას ახდენ პოლიტიკურ პროცესებზე. უკრაინაში მებრძოლი ქართველები ზუსტად იარაღს გულისხმობენ, რადგან თვითონ უკვე იარაღთან შეზრდილები არიან და მიაჩნიათ, რომ იარაღით გადაწყვეტილი გზა სწორი გზაა. ზოგადად, ომმა ასეთი ცნობიერება ჩამოუყალიბა უკრაინაში მცხოვრებ ადამიანებს. ეს იგივეა, როგორც კომუნისტები იარაღით ტერორს ამყარებდნენ და მიაჩნდათ, რომ სწორი იყვნენ.

ოპოზიცია ამბობს, თითქოს ზეწოლის კლიმატი იგრძნობოდა ამ არჩევნებზე და ზეწოლა განხორციელდა საჯარო მოხელეებზე, ახალი ტერმინიც მოიგონეს-პოლიტიკური ტრეფიკინგი. რამდენად ლოგიკურად გადანაწილდა ხმები არჩევნებზე?

- ქალაქში ვტრიალებთ ყველანი და მნიშვნელოვან მოვლენას ყოველთვის ჭორები ახლავს თან. ამ დღეებში ქუჩაში არ მინახავს და არც ჩემს მეგობრებში ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ ადამიანები აღშფოთებულიყვნენ, რა საშინელებები ხდებოდა ამ არჩევნებზეო. სამაგიეროდ, ადრე იყო ასეთი ფაქტები და აღშფოთებაც იყო. ახლა კი ყველა წყნარად მიდიოდა არჩევნებზე, ხმას მისცემდა და მერე თავ-თავიანთ საქმეებზე მიეშურებოდა. არ ყოფილა ასეთი წუხილი ქალაქში, რომ როგორ მოგვაწვნენ და მიგვაცემინეს ხმა. არსად არ ყოფილა ასეთი განწყობა. რეგიონში ჩასული იყო ჩემი ნაცნობი და შემატყობინა, ქართული ოცნება დადის და მუშაობს ხალხთან, ოპოზიცია კი საერთოდ არ ჩანსო. ეს არის ზუსტად შედეგი. მით უმეტეს, რომ ქართული ოცნება რაზეც იყო ფოკუსირებული-არა ომი, არა ლგბტ პროპაგანდა, არა საქართველოს სუვერენიტეტის შელახვა, ამ ყველაფერს ჩვენი მოსახლეობა ეთანხმება და დასავლეთისგან მოითხოვს, გვეცით პატივი ისეთებს, როგორებიც ვართ. ამ ყველაფერმა შეკრა პოზიტიური დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ. ოპოზიციის მხრიდან კი ამის საპირწონე იყო მივდივართ ევროპისკენ, არ გვინდა რუსეთი. ამ დროს ხალხში სულაც არ იგრძნობა, რომ რუსეთისკენ მივდივართ. ამიტომ ეჭვი ჩნდება, რომ ეს ტყუილი ბრალდებაა. არც ის იგრძნობა, რომ ევროპისკენ სიარული თურმე არის ის, რასაც ჩვენი ოპოზიცია გვთავაზობს. ეს ოპოზიცია არ ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, რომ სახელმწიფო მას ანდო. არჩევნები ხომ ის პროცედურაა, რომლითაც ხალხი ქვეყნის მართვის საჭეს გადასცემს ვიღაცას.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, ოპოზიცია დასავლეთიდან ნიშანს ელოდა, რადგან არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ კარგა ხანს გაჩუმებულნი იყვნენ, არც ქუჩაში გასვლაზე ლაპარაკობდნენ. ესეც ხომ ადასტურებს, რომ საქართველოში ვითარების წარმმართველი დასავლეთიდან წამოსული რეაქციებია, რასაც შემდეგ ეს ოპოზიციაც აყვება იმის მიხედვით, დასავლეთი რა მესიჯებს გამოუგზავნეს მათ.

- რა თქმა უნდა, ეს ასეა. დასავლეთის იმედი აქვს ჩვენს ოპოზიციას და დასავლეთზე მუშაობს, რადგან თუკი საქართველოში ისეთი მდგომარეობა გაქვს, რომ რევოლუციის გარდა სხვა ვერაფრით ვერ მოდიხარ ხელისუფლებაში, მაშინ ვიღაც მხარდამჭერს ეძებ და ეს ვიღაცები უცხოელები არიან. გავიხსენოთ ევროპარლამენტის რეზოლუციები, ერთი-მეორეზე უფრო კრიტიკული ხელისუფლების მიმართ და ხელსაყრელი ოპოზიციისთვის. რამდენად სწორია და რამდენად გავლენისგან თავისუფლები არიან ევროპელები, ეს კიდევ ცალკე საკითხია. ფაქტია, დასავლეთში ეს იდეა, რომ საქართველოში კრებსითი სააკაშვილი მოვიდეს და ეს ხელისუფლება წავიდეს, უფრო მიღებულია.

ამდენწლიანი მარცხის შემდეგ წესიერი ოპოზიცია წავიდოდა პოლიტიკიდან და გადააფასებდა ამდენ არჩევნებში მარცხს, მაგრამ ამ მხრივ გამონაკლისი არიან ნაცები, მათ არ შეუძლიათ გადააფასონ წარსული. რა გზას დაადგებიან ნაცები?

- მაპატიეთ, მაგრამ ნაცებში რამდენი არის ისეთი, რომ წავიდეს პარლამენტიდან, თავისი პროფილით სამუშაოს ან რაიმე მყარ ადგილს იპოვის?! ისინი პოლიტიკით პურს ჭამენ, თანაც პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან 1%-იც რომ აიღოს პარტიამ, კანონი ავალდებულებს, რომ იმ 1%-იან პარტიას დაეხმარონ ბიუჯეტიდან. თავის დროზე დასავლეთმა შემოგვტენა ასეთი კანონმდებლობა და დაგვავალა, დემოკრატია რომ იყოს, პარტიები შეინახეთო. ამას დათანხმდა ხელისუფლება და ახლა პარტიებს ინახავენ, ოღონდ ვიღებთ ისეთ სურათს, რომ პარტიებს ამ ფულის მიღება უნდათ და სულ ფეხზე ჰკიდიათ, ქვეყნის სათავეში მოვლენ თუ არა. ამ კანონს რომ ხელი ვახლოთ, ერთი ამბავი ატყდება.

ოპოზიციამ მუქარად აღიქვა ირაკლი კობახიძის სიტყვები, ვინმე თუ დაუპირისპირდება 1 120 000 ადამიანის ნებას, საკადრის პასუხს მიიღებს. აქვს ამ ხელისუფლებას საიმისო რესურსი, რომ მუქარაზე გადავიდეს ოპოზიციის მისამართით? თუკი გავითვალისწინებთ, რომ დასავლეთი დგას ოპოზიციის უკან, გამოდის, რომ ხელისუფლება აფრთხილებს დასავლეთს?

- არჩევნებში გამოხატული მხარდაჭერის 54% ხელისუფლების რესურსია, აბა, რა არის?! მსოფლიო პოლიტიკურ პრაქტიკაში ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია იმისთვის, რომ ხელისუფლებამ მყარად იგრძნოს თავი.

 

 

მერაბ.g მეოხედ კი არა მეათედ გაიმარჯვებს ოცნება, თუ მეცოცხეები იქნებიან; გახარია ჯერ ვერაა უმრავლესობის ამღები ძალა, დანარჩენები /ძვ და ახალი ნაცები, ხაზარაძე/ არიან მეცოცხე მწამებლები მძარცველები და ტერიტორიების დამკარგავები და ხალხს ეს ახსოვს! როგორც კი ხალხი იგრძნობს ჯანსაღი ძალის საკმარის ზალას, მაშინვე დაიჩუტება ოცნება, მანამდე კი გვინდა თუ არა, შევეგუოთ რეალობას, თავისი კორუფციითა და ნეპოტიზმით და თავი დავიმშვიდოთ იმით, რომ ხელისუფლება იბრძვის მშვიდობისათვის და ავითარებს ეკონომიკას!
1 თვის უკან
მერაბ.g გამოდის ბლინკენი და ამბობს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოო?? სამ დღეშია მათთან არჩევნები და შევხედავთ რამდენად სამართლიანი და თავისუფალი იქნება; ძველიდან კი ის გვახსოვს, რომ ხან მკვდარი აირჩიეს კონგრესში და ხან ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენები 200 დოლარად იყიდებოდა ქუჩაში! რესპუბლიკური პარტია კი პირდაპირ აცხადებდა სასამართლოს მიკერძოებაზე!!!
1 თვის უკან
Gami უნდა დაველოდოთ ჯიგარი გახარიას ძალის მოკრებას... ვავა!
1 თვის უკან