ალბათ, ბევრმა იცის ფრაზა ბიბლიიდან - “მოითხოვე და მოგეცემა”. ალბათ, ყველას ახსოვს - “მოითხოვეთ და მოგეცათ, მე გადავდექი!” - თავზარდამცემი ცინიზმით რომ განაცხადა სატელევიზიო ეთერში მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 25 ნოემბერს. მაშინ პრეზიდენტის გამოსვლა ყველა არხით გადაიცა და მის განცხადებას არც პოლიტიკური დებატები მოჰყოლია და არც - კომენტარი, რადგან სისხლიანი 7 ნოემბრის შემდეგ, მხოლოდ ძალიან გაბედულები აანალიზებდნენ მომხდარს და ისიც - ძალიან ვიწრო წრეში. ოპოზიციის ფლაგმანი “იმედი” დარბეული და “ნაცებზე” გადაფორმებული იყო, დანარჩენი ოპოზიციურად მოაზროვნე ტელევიზიები კი, - დაბლოკილი და შეშინებული. დღეს, როცა “ვარდოსნების” მმართველობას ვაანალიზებთ, ცხადი ხდება, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის ოპოზიციური მიტინგის სასტიკი დარბევა მიშას დასასრულის დასაწყისი იყო, სააკაშვილის 9-წლიანი პრეზიდენტობა კი, სამ გარდამტეხ ეტაპად შეიძლება დაიყოს: მიშა-2003, მიშა-2007 და მიშა-2012.
მიშა-2003
“ვარდების რევოლუცია” - მაშინ საქართველოში თითქმის ყველა დარწმუნებული იყო, რომ ახალგაზრდა, ენერგიული, მრავალენათმცოდნე და დიდებული ორატორი მიშა საქართველოს - არც მეტი, არც ნაკლები - მესიად მოევლინა. მესია, რომელიც მშიერთ, უპოვართ და ლტოლვილებს (ეს სეგმენტი საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენს) დააპურებს, ჭერს მისცემს და ლტოლვილებს საკუთარ სახლებში დააბრუნებს. 2004 წლის ინაუგურაციაზე მიშამ განაცხადა, საწყალი ხალხის პრეზიდენტი ვიქნებიო და საწყალი ხალხიც ანთებული თვალებით შეჰყურებდა თავის გმირს.
საშუალო ფენას იმედი ჰქონდა, რომ ახალი პრეზიდენტი მცირე ბიზნესს შაღავათიანი წარმოების საშუალებას მისცემდა. მსხვილი ბიზნესმენები ფიქრობდნენ, რომ დასავლეთში განსწავლული პრეზიდენტი დასავლურ წესებს დანერგავდა საქართველოში და დიდი ბიზნესი დაცული იქნებოდა სახელმწიფოს მაღალი ჩინოვნიკებისა და “რამკიანი” კრიმინალების “რეკეტისგან”.
ერთი სიტყვით, საზოგადოების ყველა ფენას თავისი მოლოდინი ჰქონდა ახალი პრეზიდენტისგან. სააკაშვილის მიმართ იმედიანი დამოკიდებულება უსაფუძვლო არ იყო, რადგან იმ პერიოდისთვის მას საკმაოდ დადებითი ბეგრაუნდი ჰქონდა:
2002 წელს იუსტიციის მინისტრი გახდა და საჯაროდ დაუპირისპირდა ეკონომიკისა და უშიშროების მინისტრებს, აგრეთვე, თბილისის პოლიციის უფროსს და ისინი კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა. ეს მოხდა ტელეეთერში და სააკაშვილი უმალ იქცა უსამართლობასთან მებრძოლ გმირად, თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სააკაშვილის შთამბეჭდავი რიტორიკა შორს გამიზნული პიარი იყო და მეტი არაფერი.
როგორც კი პრეზიდენტი გახდა, სააკაშვილმა პირველი, რაც გააკეთა, ის იყო, საძირკველი ჩაუყარა პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობას და, პარალელურად, მცირე ბიზნესს დაერია. ყველას კარგად ახსოვს “ბუტკების” აღება, გარემოვაჭრეების აყრა-დაწიოკება, ლტოლვილების გამოყრა საცხოვრებელი სახლებიდან (უკანონოდ შეჭრილები ხართო), ერგნეთის ბაზრობის დახურვა, აფხაზეთის ომის ინვალიდებისთვის დოტაციის მოხსნა, რიგი უმაღლესი სასწავლებლების დახურვა, უნივერსიტეტიდან პროფესორ-მასწავლებლების გამოყრა, სახელმწიფო უწყებებიდან, ე.წ. რეფორმების გამო, თანამშრომლების ტოტალური დათხოვნა, მეცნიერებათა აკადემიისთვის დაფინანსების მოხსნის მცდელობა (რასაც მეცნიერთა დიდი პროტესტი მოყვა) და მიშას ცნობილი ფრაზა - “ჩარეცხილები”.
ხელისუფლებაში მოსვლიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში ხალხს უკვე აპათია გაუჩნდა “ვარდოსნების” მიმართ. ჟვანიას სიკვდილის შემდეგ კი, მიშამ ისე “აუშვა”, რომ ხალხმა მასობრივად დაიწყო საზღვარგარეთ გასვლა, რათა ოჯახები გადაერჩინა. საქართველოში ტოტალური უმუშევრობა დაიწყო. მიშას ერთი დაპირებაც არ შესრულდა.
და მთავარი, მსხვილი ბიზნესმენები (ბევრმა მათგანმა “ვარდოსნების” ხელისუფლებაში მოსვლას ფინანსურადაც დაუჭირა მხარი) ისეთი წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ “ვარდოსანი” ხელისუფლების მხრიდან, რომ ძველი დრო საოცნებოდ გაუხდათ.
დასავლეთში განსწავლულმა მიშამ მთელ ქვეყანას გაუცრუა იმედი და, პრაქტიკულად, საკუთარ ქვეყანაში დასაყრდენი აღარ ჰქონდა - იმ ტოტის მოჭრა დაიწყო, რომელზეც მოკალათებული იყო. მართალია, გზებიც გააკეთა და ავტობანებიც, ელექტროენერგია 24 საათის განმავლობაში იყო, სიღნაღი, მესტია, ბათუმი ააშენ-დაამშვენა, შადრევნებიც გახსნა, პარკებიც, ძველ თბილისს რესტავრაციაც ჩაუტარა და ბევრი სხვა რამეც გააკეთა, მაგრამ ხალხი მშიერი თვალებით უყურებდა ყოველივეს და შეკითხვას სვამდა: ვისთვის კეთდება? ასე წარმოიშვა ცნობილი ფრაზაც: “ასფალტი ვჭამოთ?!”
2006 წელს რუსებმა ქართველი არალეგალები გამოყარეს მოსკოვიდან და ქართულ პროდუქციაზე ემბარგო დააწესეს. ხალხის მხრიდან უკმაყოფილება სულ უფრო იზრდებოდა, მიშა კი, სულ ამტკიცებდა, რეფორმებს ვატარებ, რომ თქვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უკეთეს საქართველოში იცხოვრონო.
რეფორმები, მართლაც, გატარდა, გატარდა ხალხის ხარჯზე და, რა თქმა უნდა, არა - ამ ხალხის შვილებისა და შვილიშვილებისთვის. “ვარდოსნებმა”, სულ რაღაც, ოთხ წელიწადში საკმაოდ ძლიერი კლანი შექმნეს და საქართველო ხელთათმანივით მოირგეს. ყველგან და ყველაფერს - პოლიტიკას, ბიზნესს, მედიას, ხელოვნებას, მეცნიერებას “ვარდოსნები” აკონტროლებენ და სხვაგვარად მოაზროვნეებისთვის საარსებო არეალი აღარ რჩებოდა.
პრაქტიკულად, მიშამ, თავის კლანთან ერთად, სულ რაღაც 4 წელიწადში ისეთი ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა, რომ ჰიტლერსაც კი შეშურდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული მენტალობის ნაკლზე ბევრის თქმა შეიძლება, ერთი დიდი პლუსი ნამდვილად აქვს - ავტორიტარიზმს და ტირანიას ვერ ეგუება, ეს სისხლში აქვს ქართველ კაცს. ამიტომაც, ხალხის უკმაყოფილებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და 2007 წლის ნოემბერიც დადგა.
მიშა-2007
პირველი ნოემბრიდან ფართომასშტაბიანი მშვიდობიანი აქციები დაიწყო და 7 ნოემბერს მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. ორიოდე დღით ადრე, გიგა ბოკერია გამოვიდა ტელევიზიით და ხალხს დაემუქრა, ღმერთი არ გაგიწყრეთ, გარეთ არ გამოხვიდეთო. ამ განცხადებამ კიდევ უფრო გააღიზიანა ხალხი და გაცილებით მეტი გამოვიდა ქუჩაში. დარბევა რუსთაველზე, 7 ნოემბრის დილას დაიწყო. მერე, ათასობით ადამიანი მშვიდობიანი მსვლელობით გაემართა პრეზიდენტის რეზიდენციისკენ მიშა სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. “ვარდოსნებმა” მიტიგი სასტიკად დაარბიეს. სპეცრაზმის ველურობაზე უცხოური მედიაც კი ალაპარაკდა, დასავლეთი შოკირებული იყო იმით, რაც თბილისში დატრიალდა. მიშას მხარდამჭერმა დასავლურმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე თვალი არ დახუჭა და სიმართლე ხმამაღლა თქვა - ხელისუფლების მხრიდან ძალა გადაჭარბებული იყო. მართალია, ეს ნათქვამი ზედმეტად მოზომილი იყო, მაგრამ მშვიდობიანი მიტინგის სასტიკად დარბევის ფაქტი მაინც დაფიქსირდა.
მიშამ საგანგებო ვითარება გამოაცხადა და თავისი ცნობილი ფრაზაც თქვა: “მოითხოვეთ და მოგეცათ, გადავდექი!” “სავარდოსნო” კულუარებიდან ხმა გამოვიდა, რომ ეს გადაწყვეტილება ამერიკულმა “პიარჯგუფმა” (პრეზიდენტს დაქირავებული ჰყავდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან უხდიდა ფულს) მიაღებინაო. პრეზიდენტი გადადგა და 2008 წლის 5 იანვარს ისევ გაპრეზიდენტდა (რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარა).
უკვე ამ პერიოდიდან იწყება ე.წ. კუდიანებზე ნადირობა და ყველაზე მომგებიანი თემა რუსეთის აგენტებია. “აგენტებმა დაგეგმეს მიტინგი”, “რუსეთის აგენტებს უნდათ სახელმწიფოს დანგრევა”, “რუსეთის აგენტები არიან ყველგან” და ა.შ. როგორც ამბობენ, კუდიანებზე ნადირობას სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია (“კა-გე-ბე”-ს გენერალი) ხელმძღვანელობდა, უფრო სწორად, კონსულტაციებს უწევდა “ვარდოსანთა” ელიტას. რა თქმა უნდა, ვინ, ვინ და, რუსეთის “კა-გე-ბე”-ს გენერალი თემურ ალასანია ასეთი საქმეების დიდი პროფესიონალი იყო, სხვაგვარად მას გენერლის ჩინს არ მისცემდნენ!
თემურ ალასანიას სახელი 2007 წლიდან გახდა აქტუალური ქართულ პოლიტიკაში, თუმცა მისი არსებობის შესახებ ჯერ კიდევ “ვარდების რევოლუციის” დროს იყო ცნობილი. როგორც აღმოჩნდა, იგი “ვარდების რევოლუციას” კულუარებიდან კურირებდა. შემდეგ კი, რუხი კარდინალის ფუნქციას ასრულებდა “ნაცების” დროინდელ ქართულ პოლიტიკაში.
სააკაშვილის ყველაზე დიდი ფიასკო პოლიტიკაში 2008 წლის აგვისტოს ომია. ამ თემაზე გაუთავებლად შეიძლება ლაპარაკი, თუმცა მოკლედ შემოვიფარგლები და რამდენიმე ასპექტს შევეხები:
პირველი: 2008 წლის აგვისტოს ომი სააკაშვილის ყველაზე დიდი მარცხი იყო, რაც სამუდამოდ დარჩება მისი პოლიტიკური ბიოგრაფიის შავ ლაქად. რაც უნდა ამტკიცოს, დიდი რეფორმატორი ვარო, 2008 წელი ყველაფერს აბათილებს. მიშამ, პრაქტიკულად, ნებსით თუ უნებლიედ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ჩვენს დიდ და სასტიკ მეზობელს, რუსეთს არა მარტო საქართველოს რეგიონები ჩაუგდო ხელში, არამედ, - მთლიანად სამხრეთ კავკასია, ანუ მიშას დახმარებით კრემლმა კონტროლი დააწესა სამხრეთ კავკასიაზე.
მიშას დახმარებით კრემლმა შეცვალა პოლიტიკური საზღვრები სამხრეთ კავკასიაში ისე, როგორც უნდოდა და ამ პროცესს დღესაც აგრძელებს.
მიშას დახმარებით, რუსეთი დღეს გაცილებით ძლიერია, ვიდრე 2008 წლამდე იყო და ეს სწორედ საქართველოს ხარჯზე მოხდა.
მიშას დახმარებით, პუტინი მსოფლიო პოლიტიკურ საზღვრებს თავის სასარგებლოდ ცვლის და დღეს რუსეთის მიმართ უკვე ძალიან, ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება აქვს ევროპას, მეგასახელმწიფო აშშ კი უკვე ფიქრობს, რომ არა მარტო სამხრეთ კავკასია დატოვოს, არამედ, - ახლო აღმოსავლეთიც.
მიშას დახმარებით, პუტინმა რაღაც ე.წ. სამხრეთ ოსეთი და პაწაწინა აფხაზეთი კი არ ჩაიგდო ხელში, არამედ, დიდი პოლიტიკური თამაში მოიგო საერთაშორისო დონეზე და “მატი” გაუკეთა მთელ დასავლეთს.
მეორე: რატომ აჰყვა რუსულ პროვოკაციას სააკაშვილი, ან აჰყვა თუ ესეც დიდი პოლიტიკის თამაშია და რას ურჩევდა მიშას თავისი ერთგული ბიძა, “კა-გე-ბე”-ს გენერალი ალასანია?! ძნელი დასაჯერებელია, რომ მიშას ძია თემურისათვის არ ეკითხა, როგორ მოვიქცეო. არ მინდა, შორს წავიდე, მაგრამ უმამოდ გაზრდილ მიშიკოს ძია თემური პატრონობდა. ძია თემურის დამსახურებით სწავლობდა კიევში, ძია თემურის დამსახურებით იყო “კა-გე-ბე”-ს რუსულ ჯარში (მიშა კიევის უნივერსიტეტიდან გარიცხეს და თემურ ალასანია დაეხმარა, რომ აღედგინათ მას შემდეგ, რაც ჯარი გაიარა), ძია თემურის დახმარებით წავიდა მიშა აშშ-ში სასწავლებლად და ა.შ.
შეიძლება, სააკაშვილი სხვას ბევრს არავის უჯერებდა, მაგრამ ბიძის სიტყვა მისთვის კანონი იყო. ასე რომ, ყოვლად დაუჯერებლად მიმაჩნია, სააკაშვილმა თავის ბიძას, თემურ ალასანიას არ ჰკითხა, შევიდე ცხინვალში თუ არაო და მანაც დასტური მისცა. მიშას ეს ნაბიჯი თეთრი სახლისთვის ისეთი მოულოდნელი იყო, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ამას გააკეთებდა. რუსეთი კი, ჰოი, საოცრებავ და, მზად იყო - პუტინმა კარგად იცოდა, რომ მიშა ცხინვალში შევარდებოდა და ზუსტად გათვლილი, დასცენარებული სტრატეგია ჰქონდა, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო მოვლენები.
მესამე:L მიშას “აგდება” ძალიან იოლია, რადგან ძალაუფლების პარანოიდული სიყვარული სჭირს. ეს ძალიან კარგად იცოდა მისმა აღმზრდელმა ბიძამ, თემურ ალასანიამ. როცა სააკაშვილმა “მავანისგან” (ყველანაირი ლოგიკით ეს “მავანი” თემურ ალასანია გამოდის) დასტური მიიღო ცხინვალში შევარდნაზე - არც მეტი, არც ნაკლები - თავი დავით აღმაშენებლად იგრძნო. მართალია, რამდენიმე საათით, მაგრამ ამ რამდენიმე საათში უბედნიერესი კაცი იყო (ცხინვალში შევარდნა და უკან გამოვარდნა ხომ რამდენიმე საათში დამთავრდა?!).
მიშას პოლიტიკური კარიერა დამთავრდა მაშინ, როცა კოდორიც გადააბარა რუსებს.
2008 წლის აგვისტოშივე შეიძლებოდა მიშას ჩამოგდება ტახტიდან და მთელი “ვარდოსანი” პოლიტელიტის ჩამოშორება ხელისუფლებიდან. რუსის ჯარი მცხეთაში იდგა და ყველამ კარგად იცის, ამბობდნენ, თბილისში შემოსვლას აპირებსო. პუტინს არ აწყობდა თბილისში შემოსვლა, რადგან პრემიერ-მინისტრის რანგში იყო და სიტუაცია თვითდინებაზე მიუშვა, თუმც ახალ კალაპოტში, რომელიც თვითონ შექმნა.
ორიოდ სიტყვით პუტინზე
კონფუცის სიტყვები გამახსენდა: არიან ადამიანები, რომლებიც დინებას მიჰყვებიან, არიან ადამიანები, რომლებიც დინების წინააღმდეგ მიდიან და არიან ადამიანები, რომლებიც დინებას ქმნიან. მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ჩემი ქვეყნის დამაქცევრად მიმაჩნია და შესაბამისი ემოციები მაქვს მის მიმართ, უნდა ვაღიარო, რომ ბრწყინვალე სტრატეგია. სხვათა შორის, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პუტინმა, როდესაც იგი ელცინმა თავის მემკვიდრედ აღიარა, ჩეჩნები “დაადუღა” და ეს მეამბოხე რეგიონი კონტროლის ქვეშ აიყვანა. ამით მთელი რუსეთის გული მოიგო და 2000 წელს პრეზიდენტი გახდა...
2008 წლის აგვისტოს ომით პუტინმა უკვე ისეთი დიდი ქულები დაიწერა რუსეთში, რომ დიდი უმრავლესობით მოვიდა ქვეყნის სათავეში 2012 წლის მარტში. ეს მას წინასწარ გათვლილი ჰქონდა. პუტინის შემდეგ, 2012 წლის ნოემბერში, აშშ-ში მეორე ვადით ირჩევენ ბარაქ ობამას, რომელსაც აშშ-ში ბოლშევიკ პრეზიდენტს ეძახიან და ამბობენ, პუტინის დაკრულზე ცეკვავსო.
მიშა-ERROR
2008-2012 წლის (ოქტომბრის არჩევნებამდე) საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა, პრაქტიკულად, სტაგნაციაში იყო. მართალია, მიშა სააკაშვილი, თავის გუნდთან ერთად, წარა-მარა დასავლეთში დარბოდა, რომ როგორმე დაერეგულირებინა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობაში წინ ვერ წაიწია, ვერც - დასავლეთთან ურთიერთობაში და ვერც ნატო-ს საკითხი გადაწყდა. როგორც ჩვენი დიდი ილია იტყოდა, “არსით ხმა, არსით ძახილი” და ასე გრძელდებოდა 2011 წლის ოქტომბრამდე.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენამ მკვეთრად შეცვალა სიტუაცია საქართველოში და მიშამ შეცდომების დაშვება დაიწყო. პოლიტიკა მარტო ხმლით და თოფით ომი არ არის, მოწინააღმდეგეს ბევრი შეცდომა უნდა დააშვებინო და მოიგებ, - ეს მარტივი ფორმულაა, მაგრამ შესრულებაა ძნელი. ამ თემაზე დიდ ხანს არ შევჩერდები, რადგან უახლესი პოლიტიკაა და ყველამ კარგით ვიცით, როგორც განვითარდა მოვლენები. ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკური თამაში მიშას არ გამოუვიდა, თუმცა ამ თამაშში მთელი “სავარდოსნო” ელიტა იყო ჩართული თავისი “გენიალური” ვანო მერაბიშვილის თაოსნობით. M
მიუხედავად იმისა, მთელი ამ წლების განმავლობაში ოპოზიცია აქტიურად ებრძოდა მიშას და მის გუნდს, განსაკუთრებით, 2007 წლის შემდეგ, მაინც ვერაფერი დააკლო, მარცხს-მარცხზე განიცდიდა, “ვარდოსანთა” ელიტა კი, მიშას თაოსნობით, მრავალთავიან გველეშაპს ემსგავსებოდა.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: მიშასა და მთელ მის “სავარდოსნო” ელიტასთან (მათ ხელში იყო ყველა სახელისუფლო ბერკეტი) პოლიტიკური ომი ერთმა კაცმა მოიგო. ფაქტია, რომ ერთმა ბიძინა ივანიშვილმა დააშამათა მიშა თავის “სავარდოსნოსთან” ერთად.
რის ხარჯზე მოხდა ეს, როგორი იყო ამ პოლიტიკური ორთაბრძოლის ტექნოლოგია? ყველაფერი მარტივია: მიშას შეცდომებს აშვებინებდნენ. მიშა ემოციურია, სენსიტიური და მისი “აგდება” იოლია, ეს არის მისი აქილევსის ქუსლი. პოლიტიკოსს კი, მტკიცე ნერვები სჭირდება, მყარი ფსიქიკა, შორსმჭვრეტელობა, ანალიზის უნარი და ა.შ. ბოლო 9 წელმა გვიჩვენა, რომ არც ერთი ეს თვისება მიშას არ აღმოაჩნდა. უბრალოდ, მიშა პოლიტიკაში - ERROR-ია.
მიშა-2012
ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანად მოხდა. “ნაცმოძრაობა”, როგორც საშიში ნაღმი, გაუვნებელყოფილ იქნა. დღემდე მაქვს ერთი შეკითხვა: მიშა თავისი ნებით როგორ შეელია ძალაუფლებას, მას ხომ საქართველოს პრემიერ-მინისტრობა უნდოდა და ამისთვის არაფერს დაიშურებდა, ერთ იმდენს კიდევ მისცემდა რუსეთს, აშშ-საც? სააკაშვილი და მისი გუნდი, თავიანთი ნება რომ ყოფილიყო, ქვას-ქვაზე დაადუღებდნენ და ხელისუფლების სათავეში დარჩებოდნენ, მაგრამ დიდ პოლიტიკაში დიდი თამაშები მიდის და ამისთვის შესაბამისი ინტელექტუალური რესურსი უნდა გქონდეს. ასეთი რესურსი კი, არც სააკაშვილს აღმოაჩნდა და არც - მის გარემოცვას.
მიშას პოლიტიკის გარეშე ცხოვრება და არსებობა რომ არ შეუძლია, ცნობილია და, ალბათ, დარჩება კიდეც პოლიტიკაში. პოლიტიკას ხშირად ჭადრაკს ადარებენ. პრინციპში, მიშას პოლიტიკოსობას თუ თვალს გადავავლებთ, გავაანალიზებთ და შედეგების მიხედვით დასკვნას გამოვიტანთ, გამოვა: იგი ყოველთვის პაიკის როლში იყო დიდ პოლიტიკაში.
P.S. არსებობს ასეთი გამოთქმა (ინგლისელი ჯენტლმენების): “მე თანახმა ვარ, ვიყო პაიკი, ოღონდ თამაშში ჩამრთონ!” და რა სიბრძნეა ამ ფრაზაში?! პაიკს ხომ ყოველთვის აქვს შანსი, მეფე გახდეს, თუმც ეს უკვე სულ სხვა ოპერიდანაა...