“საქართველოში სკანდალი გაუფასურდა!”

“საქართველოში სკანდალი გაუფასურდა!”

თითქმის ორი თვეა, საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. როგორი იმიჯიშეიძინაამ ხნის განმავლობაში გიორგი მარგველაშვილმა? - ამ შეკითხვითქართულმა სიტყვამექსპერტ ვაჟა ბერიძეს მიმართა:

 

- საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ, ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია, რომელიც პრეზიდენტის უფლება-მოსილებას, პრემიერ-მინისტრის უფლება-მოსილების გაზრდის ფონზე, მნიშვნელოვნად ზღუდავს. გიორგი მარგველაშვილი, როგორც პრეზიდენტი, კონსტიტუციით განსაზღვრულ მოვალეობებს პირნათლად ასრულებს - მისი მხრიდან სერიოზული უზუსტობა, ან მცდარი პოლიტიკური ქმედება არ დაფიქსირებულა, თუმცა სხვა საკითხია,  რამდენად დაბალანსებული და ჩამოყალიბებულია სახელისუფლებო შტოებს შორის  - საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო - ურთიერთობა. ამ კუთხით მთელ რიგ გაუგებრობებს, უზუსტობებსა და ბუნდოვანებას ვხედავ... ძნელია, მოიძებნოს მსგავსი საპრეზიდენტო მოდელი მსოფლიოს სხვა ქვეყნებში - საქართველოში ხელისუფლების უცნაური დანაწევრებაა, ანუ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც მშვიდობიანობის დროს არაფერს წარმოადგენს, ომიანობისას კი, პრივილეგირებული უფლებები აქვს.

- ესე იგი, მშვიდობიანობის დროს პრეზიდენტი ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკაში არ ერევა, ომის დროს კი, მიმდინარე პროცესებზეა პასუხისმგებელი, არა?

- სიტუაციის გართულების პირობებში, ყველას თავისი პასუხისმგებლობა აკისრია, მაგრამ დღეს მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტი ექსტრემალური სიტუაციისა და საომარი მდგომარეობის გამოცხადების დროს მთავარსარდალია, პრემიერ-მინისტრი კი, მეორე პლანზე გადადის, რაც დასაფიქრებელია.

- შეზღუდული უფლებების მქონე პრეზიდენტის ფონზე, ვიღაცები მონარქიის აღდგენას ლობირებენ. ამ ორ, ასე ვთქვათ, ფაქტს შორის ფარული კავშირი არსებობს?

- ბმას ვერ ვხედავ. მონარქიის იდეა საბჭოთა კავშირის დაშლიდან ინერციით მომავალი საკითხია. ამ იდეას ყველა დროში ჰყავდა გულშემატკივარი, მაგრამ ყოველთვის ჰაერში იყო გამოკიდებული. დღეს, ამ იდეისადმი განსაკუთრებით მყარი მიდგომა უწმინდესს აქვს... თუ ამ იდეას ცხოველმყოფობა უწერია, საზოგადოებას უნდა მივანდოთ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ამას ისეთი ინსტიტუციების შემოღება ვერ უშველის, რომელიც ქართულ სამეფოში არასდროს ყოფილა.

- რაინდობის და მანდილოსნის წოდებებს გულისხმობთ?

- დიახ...

- პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სააკაშვილის მიერ აგებულ მდიდრულ  სასახლეზე უარი თქვა. ასევე, “უადგილო ფუფუნებადმიიჩნია საერო დღესასწაულების პომპეზურად აღნიშვნა. რა არის ეს - თავმდაბალი თუ ღატაკი ქვეყნის პრეზიდენტის პოზიცია?

- მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირებულმა ,,ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერმა გადაწყვიტეს, პომპეზურობა მოხსნილიყო, მით უმეტეს, იმ ცვლილებების ფონზე, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ. პრეზიდენტ მარგველაშვილის ავლაბრის სასახლეში ცხოვრება მიზანშეუწონელია, რადგან პრეზიდენტის შემცირებული აპარატი ამხელა სივრცეს ვერ აითვისებს, ადმინისტრაციაში კი, სხვა უწყებების განთავსება უხერხული იქნებოდა. პრეზიდენტის რეზიდენციის აშშ-ის ყოფილი საელჩოს შენობაში განთავსება პირადად მარგველაშვილის იდეა არ ყოფილა. ის მხოლოდ დაეთანხმა. ნამდვილად არ ვინატრებ, რომ ქართული საზოგადოება განხეთქილებების მოწმე გახდეს, მაგრამ პრინციპულად განსხვავებულ პოზიციებს არ გამოვრიცხავ, რაც დემოკრატიის მაჩვენებელი იქნება. დღევანდელი მდგომარეობა კი, იმას მაგონებს, როცა ,,ნაცმოძრაობის“ დეპუტაცია პარლამენტში თვალს არ აშორებდა მაია ნადირაძეს, რომელიც თუ ფეხზე წამოდგებოდა, ეს იმის ნიშანი იყო, რომ თანაპარტიელების ხმა ამა თუ იმ კანონპროექტისთვის უნდა მიეცათ, თუ არ წამოდგებოდა - არა. ასეთი ,,დირიჟორობა“ ახლაც შეინიშნება. არც ის მომეწონა, როცა კობა დავითაშვილი კოალიციას განსხვავებული აზრის გამო გაემიჯნა. ცურვას წყალში სწავლობენ, დემოკრატიას კი, - დემოკრატიულ პროცესებში...

- რა ამის პასუხია და, ამას წინათ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრები საჯაროდ გააკრიტიკა...

- პრემიერის უკმაყოფილება საგადასახადო კანონმდებლობაში საიდუმლოების დაცვასთან დაკავშირებულ გარკვეულ ცვლილებებს მოჰყვა - დევნილთა და განსახლების სამინისტრომ დაიჩემა, თუ იძულებით გადაადგილებულ პირს 1200 ლარზე მეტი შემოსავალი აქვს, 48-ლარიან დახმარებას ვერ მიიღებსო. რას მოგვცემს ეს ეკონომია? - ამის გამო კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროებას აზრი არ აქვს. ირაკლი ღარიბაშვილი სერიოზული და კეთილშობილი პიროვნებაა და ვერავინ დასწამებს, რომ იაფფასიან პოპულარობას ეძებს.

- ღარიბაშვილი იმითაც დაინტერესდა, ქურდების თემა ვინასწიაო...

- ვინ და, - რა თქმა უნდა, ,,ნაციონალებმა“, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქურდებთან დაკავშირებული კანონი და მიდგომა მათი დამსახურებაა. ისინი, პერიოდულად, პიარ-ტექნოლოგიების ოსტატურად გამოყენებით, ერთი და იგივე მესიჯებით, საზოგადოების ყურადღების მიქცევას ახერხებენ. თუნდაც ფარცხალაძის თემა ავიღოთ - მათ ინფორმაცია ჰქონდათ, ცდუნებას ვერ გაუძლეს და ,,ქართული ოცნება“ კადრების უსუსურობაში ამხილეს. საერთოდ, ის, რაც ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ახასიათებს, სისტემური ნაკლოვანებების ბრალია - მომიჯნავე უწყებებს შორის შეთანხმებული მოქმედების მექანიზმი აწყობილი არაა. სახელმწიფო კანცელარია, რომელიც ამავდროულად, პრემიერ-მინისტრის აპარატია, ცუდად მუშაობს და ვერ ახერხებს რთული და სერიოზული თემები დაარეგულიროს. დიახ, ,,ნაციონალებს” ახასიათებდათ პომპეზურობა და არასერიოზული მიდგომები, მაგრამ როცა ახალ ხელისუფლებას ამბიციები აქვს, რომ კლასიკურ სტრუქტურებს ქმნის, აქ სისტემამ უნდა იმუშაოს. სწორედ ამ სისტემის ჩავარდნას მოჰყვა ფარცხალაძის  სკანდალი, რითიც დამტკიცდა, რომ ხელისუფლებას კადრების შერჩევის კრიტერიუმები ჯერ არ აქვს. რა სავალდებულო იყო ასეთი ბიოგრაფიის კაცი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე, რა, სხვა თანამდებობა არ არსებობს?! რა ასეთი გენიოსია ფარცხალაძე? ბოლოს და ბოლოს, როდემდე ვუყუროთ თანამდებობებზე პიროვნებებს, რომელთაც ,,ხალხს არსაიდან“ დავარქმევდი? ამავე ტაქტიკით მოქმედებდნენ ,,ნაციონალებიც“... ეძებდნენ კომპრომატებიანი ბიოგრაფიის ადამიანებს, ისეთებს, რომელთაც საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა არ აქვთ.

ისე, ,,ნაციონალებს“ რევანშის დიდი იმედი აქვთ და ეს იმითაცაა განპირობებული, რომ ,,ქართული ოცნების“ იმედგაცრუებული ელექტორატი, რომელსაც ,,ქართული ოცნების“ ერთწლიანი მოღვაწეობა არ მოეწონა, პროტესტის ნიშნად, საპრეზიდენტო არჩევნებზე არ მივიდა და ამის შედეგად ოპოზიციამ 22% მიიღო.

- ბატონო ვაჟა, 2013 წლიდან, განსაკუთრებით, რომელი სკანდალი დაგამახსოვრდათ?

- საქართველოში სკანდალი ყოველდღიური მოვლენაა და, პრაქტიკულად, გაუფასურდა. ის საოცარი ფაქტები, რაც ჩვენთან ფიქსირდება, ნებისმიერ ქვეყანაში აურზაურით დამთავრდებოდა. აქ კი, თითქოს არაფერი მომხდარაო.

- ლარის კურსის რყევაც სკანდალად უნდა ჩავთვალოთ?

- ვფიქრობ, განგაში, ჯერჯერობით, საჭირო არაა...

სხვათა შორის, ბიზნესს წნეხი მოეხსნა, მაგრამ კვლავ არსებობს ოლოგოპოლიები და მონოპოლიები, რომელთა ძირითადი მიმართულება ნავთობპროდუქტებისა და ფარმაციის ბაზარია. აქ ისევ ძველი მოთამაშეები არიან და ფასს შეთანხმებულად არეგულირებენ. ეს რთული პროცესია და მიმაჩნია, რომ ივანიშვილის მთავრობა სწორად მოიქცა, როცა მონოპოლიები მყისიერად არ დაშალა, მით უმეტეს, ამ მხრივ კანონმდებლობა მოუწესრიგებელია.

- სპეციალისტები, ოპოზიციონერები და ექსპერტები ფინანსთა მინისტრს საყვედურობდნენ, 2013 წლის ბიუჯეტი ექსტრემალურად დაგეგმაო. ნოდარ ხადური კი აცხადებდა, ვალს იმიტომ ვიღებთ, რომნაცებისმიერ აღებული ვალი უნდა გავისტუმროთ... ბატონო ვაჟა, როგორი ბიუჯეტი გვაქვს?

- ბიუჯეტი ჩვენი გარდამავალი პერიოდის ეკონომიკის ადექვატურია. ,,ნაციონალები“ იღებდნენ სესხებს, აშენებდნენ შენობებს, ახორციელებდნენ  ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც, საბოლოო ჯამში, შიდა პროდუქტის მაღალ პროცენტს იძლეოდა, თუმცა ეს პროცენტი ხალხის ცხოვრების დონეზე ნაკლებად აისახებოდა. მოვიდა ახალი მთავრობა, რომელმაც მიზნად სოციალური პროგრამების განხორციელება დაისახა, რადგან მიაჩნია, რომ ხალხის მდგომარეობა გაუსაძლისია.

იმედი მაქვს, ქვეყნის მთელი რესურსი იქით მიიმართება, რომ                         მიგრაცია შეჩერდეს და სამეზობლოსთან სწორი პოლიტიკური შედეგების გამოყენებისა თუ დასავლური ინვესტიციების გზით ვითარებაც გამოცოცხლდება.... იმას, რომ კანონიერება და სამართლიანობა უნდა არსებობდეს, ალტერნატივა არ აქვს. ვფიქრობ, მთავრობამ უნდა გააგრძელოს სოფლის მეურნეობის პროგრამები, მაგრამ მოწეული მოსავალი, აჭარის ციტრუსების მსგავსად, არ უნდა დალპეს. წინა ხელისუფლებას არ ჰქონდა გრძელვადიანი კონცეპტუალური გეგმები და ამბობდა, ყველა პრობლემას დასავლეთი გადაგვიწყვეტსო. სამწუხაროდ, მოაზროვნეები არც დღევანდელ მთავრობაში ჩანან...