“ზონაზე”, მერაბიშვილის საცხოვრებელში აკრძალული ნივთი აღმოაჩინეს

“ზონაზე”, მერაბიშვილის საცხოვრებელში აკრძალული ნივთი აღმოაჩინეს

მაკა მოსიაშვილი ჟურნალისტია, რომელიც 2007 წლის 19 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დააპატიმრეს... მართალია, მაკას დანაშაული არ უღიარებია, მაგრამ საპყრობილეში ხუთი წელი გაატარა - “მატროსოვის ციხე”, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ვადამდე დატოვა... ისე, ჟურნალისტის დაპატიმრება შეიძლება, პოლიტიკურ ანგარიშსწორებადაც ჩაითვალოს - დაპატიმრებამდე მაკა მოსიაშვილი მაღალჩინოსანი კახელი “ნაციონალების” შავ-ბნელ საქმეებს იძიებდა... საგულისხმოა, რომ საქმეში სააკაშვილის “მარჯვენა ხელი”, ამჟამად ქვეყნიდან გაქცეული ზურაბ ადეიშვილი ფიგურირებს... “ქართული სიტყვა” აგრძელებს ამონარიდების გამოქვეყნებას მაკას ციხის დღიურიდან... სხვათა შორის, სამი შვილის დედის ციხეში დაწერილი დღიური მალე წიგნად გამოვა, რომელსაც ასე ერქმევა - “ამბები მიხეილის ციხიდან”...

“ზონას” თავისი წესები აქვს. აი, მაგალითად, იქ აზერი ვაჭრობს, სომეხი მევახშეობს, ქართველი კი, მათი კლიენტია... ამას რომ ვამბობ, შეიძლება, ცოტა ღიმილისმომგვრელია, მაგრამ “ზონაზეც” ისე ცხოვრობ, როგორც - გარეთ. უბრალოდ, გარეთ ვალუტა ლარია, იქ კი, - სიგარეტი “პირველი”.

20 კოლოფი სიგარეტით აზერისაგან წამლადქცეულ ნახევარ კილოგრამ თაფლს იყიდი. სიგარეტი არ გაქვს? - დაგაცდის, 10 დღე დაგელოდება....

გავა 10 დღე, თაფლი აღარ გაქვს, კისერზე კი ვალი გადევს...

აბა, რისი ქართველი ხარ, აზერს ხომ არ ააყვირებ, ვაიმე თაფლი შეჭამა და სიგარეტი არ მომცაო?

ჰოდა, წახვალ და სომეხს მოძებნი, ეტყვი, 20 “პაჩკა” “პირველი” უნდა მომცე პროცენტით, 10 დღითო.

სომეხი მოგცემს, ოღონდ სანაცვლოდ, 10 დღის მერე, 40 ლარის “მონო ბარათს” მოგთხოვს.

ქართველი, აზერთან რომ პირშერცხვენილი არ გამოვიდეს, აიღებს ვალს და ხვალინდელ პასუხისმგებლობაზე არ დაფიქრდება.

და როცა ის 10 დღეც გავა...

სომეხი აზერი არაა, რომ აყვირდეს, მივა მშვიდად ქართველთან და რომ ნახავს, “მონო ბარათებს” ვერ იღებს, ისე ტკბილად და ლამაზად გახდის ქართველს დედის მოქსოვილ ბაწრის წინდასა და თბილ “შუზებს”, ზედ ქურთუკს ან ციხისთვის რამე ღირებულსაც მიუყოლებს, რომ ქართველი აქეთ გადაუხდის მადლობას, რომ არ დაახრჩო, შეღავათი გაუწია...

გავაგრძელო?

ქსენოფობი არ გეგონოთ. უბრალოდ, რაც იყო, იმას ვყვები და ქართველ პატიმართა ბუნებასა და ხასიათზე ილიას “კაცია-ადამიანი?!” მახსენდება.

ვიღაცისთვის ეს, შეიძლება, წარმოუდგენელია, მიუღებელია, მაგრამ “ზონაზე”, თურმე, მუდამ ასეა:

აზერი ვაჭრობს...

სომეხი აპროცენტებს

ქართველი?

არაკორექტულია იმის თქმა, რასაც იქ ქართველზე ამბობენ.

ზემოხსენებული “წესი და კანონი”, არ ვიცი, როგორ, მაგრამ ერთმა პატიმარმა შეცვალა.

გვარებს და სახელებს არ დავასახელებ. უბრალოდ, იმას მოვყვები, რაც მოხდა:

მაშინ, როცა სომეხი ასეთი ტკბილი და მარიფათიანია, მისი ე.წ. დაშნირება წარმოუდგენელია.

სვანი იყო ჩვენთან...

და მხოლოდ ამ სვანმა შეძლო “დიდი პერესტროიკა” - სომეხი მსახურად გაიხადა:

წინდას სომეხი აცმევდა...

აბანოს კართან პირსახოცით ელოდა...

სადილს სომეხი უმზადებდა...

ტელეფონის რიგს სომეხი უკავებდა...

სარეცხს სომეხი ურეცხავდა...

გაგრძელებას რა აზრი აქვს?!

 

გაბრუებული ზონა

იმისთვის, რომ ამ ქვეყნიდან გაითიშო, იმისთვის, რომ დაივიწყო ავიც და კარგიც,

იმისთვის, რომ ვერავინ შეგამჩნიოს...

უნდა დალიო ბევრი “ფუროსემიდი”, “ბაკლოსანი”,  “ზორომაქსი”, “დიაზეპამი”, “ოპტიმალი”.

ციხიდან გამოსულს, გარეთ არანაკლები კოშმარი დამხვდა - ნახევარი თელავი “ბაკლოსანის” მომხმარებელია. ეს ის ნახევარია, ჩემთან ერთად რომ ციხეში იყო გამომწყვდეული და იქაურ მავნე ჩვევაზე უარს არც დღეს ამბობს.

რა ეშველება ერს, თუ ასე გაბრუებულმა იცხოვრა?

მათ შემყურეს, ტომა გამახსენდა.

ტომა მისი “ზონური” მეტსახელი იყო.

ციხეში 13 წელი ჰქონდა გატარებული, ავიც იცოდა და კარგიც.

ტომა იმ მედიკამენტებმა იმსხვერპლა, რომელიც ზევით ჩამოვთვალე, კერძოდ კი, “ბაკლოსანმა”...

 

 

ტომა

ტომას სიტყვა ყველასთვის კანონი იყო - ერთი შეხედვით, ასე ჩანდა. რეალურად კი, ტომას სიტყვას ძალა ადმინისტრაციისთვის ჰქონდა.

“ზონაზე” ყველას უყვარდა.

ციხის 13-წლიანი ცხოვრების მიუხედავად, “რაზბორკა” და ცემა-ტყეპა არ ხიბლავდა.

მიაჩნდა, რომ ყველა გაუგებრობა საუბრით უნდა მოგვარებულიყო.

ძალიან უყვარდა “ფსიქოტროპულები”

- მთიშავს და სხვაგან მაცხოვრებს, თქვენი დანახვაც აღარ მიწევს! - იცინოდა.

ტომას ერთ დაძახილზე “ზონა” ფეხზე დგებოდა...

ყველას “გრეხი” იცოდა, მაგრამ ამბობდა, რაც ჩემი საქმე არ არის, იქ რატომ უნდა ჩავერიო?

არ შეეძლო ცხოვრება “მობილურის” გარეშე.

ყველამ ვიცოდით, რომ “მობილურს” ადმინისტრაცია აძლევდა და...

ტომაც იყო მშვიდად.

ჩემს კოლეგას, ნანა სულავას, ერთხელ, გაკვირვებით უთხრა, რა დრო დადგა, ნანჯან, ადრე ხულიგნებთან “ვიჯექი”, ახლა კი სულ “პრაფესორების” და მასწავლებლების გარემოცვაში ვარ, აბა, აქ “რაზბორკა” არ ტეხავსო?!

ამიტომ იყო ტომა ავკარგიანი.

შუადღის პირზე, ციხის უფროსის მოადგილემ, პაატა ქუთათელაძემ “დიდი” ოფიცრების თანხლებით, ტომას ოთახის ჩხრეკვა გამოაცხადა.

- რას ეძებთ? - იკითხა მშვიდად პატიმარმა, - მოდით, ახლა ნუ ამირევთ ოთახს და აგერ, გაფუჭებული “კერენსკისდროინდელი” “ერიქსონი” მაქვს, წაიღეთ და თქვენც ჩაგეთვლებათ მუშაობაში, ოღონდ გაატარეთ, რომ ჩაგაბარეთ...

ჩაბარება არავის გაუტარებია.

გაატარეს, რომ აკრძალული ნივთი ჩხრეკვის დროს აღმოაჩინეს თამარ (ტომა) მერაბიშვილის კუთვნილ საცხოვრებელში.

ტომას კი, ოცნება ქარში გაუფრინდა...

მე-13 წლის დასასრულს, როცა „სვაბოდისთვის” ემზადებოდა, კვლავ სასამართლოში “გადაუბარგდა” საქმე.

განრისხდა ქალი.

დადიოდა და ამბობდა:

- გავდიოდი... უნდა დამეტოვებინა ეს ვერაგი ქვეყანა... ჩემი ადგილი საქართველოში აღარაა და, თურმე, ციხეც კი ვერა მთმობს...

“ზონაზე” ყველამ იცოდა, რომ სასამართლოზე ტომა ყველაფრის თქმას აპირებდა...

და ეს ყველაფერი ადმინისტრაციას უკავშირდებოდა.

და ამ ყველაფრის თქმა თუ ვინმეს არ აწყობდა, ეს სისტემა იყო.

სისტემა უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა, ვიდრე - ტომა.

ტომას სუსტ წერტილს დიდი ძებნა არ სჭირდებოდა:

ერთ “ნასედკას” “ბაკლოსანი” მისცეს... მან კი, ტომას “უგრევა”...

ტომა “გაითიშა”.

გაბრუვდა და...

სული საავადმყოფოში დალია...

სასამართლო შეწყდა...

13-წლიანი სასჯელი დასრულდა...

და ნაცვლად ამქვეყნიური „სვაბოდისა“, ტომას სულმა, ალბათ, ცათა სასუფეველი დაიმკვირდა.

ამიტომ, სულ ვთვლი, რომ თუ ადამიანი რამეს უნდა მალავდე, ეს შენი სუსტი წერტილია...