იარაღით ვაჭრობაში, კეზერაშვილთან ერთად, გივი თარგამაძე და ნიკა რურუაც იყვნენ ჩართულები?

იარაღით ვაჭრობაში, კეზერაშვილთან ერთად, გივი თარგამაძე და ნიკა რურუაც იყვნენ ჩართულები?

მას შემდეგ, რაც თავდაცვის ექსმინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმე კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური და მიხეილ სააკაშვილმანაცმოძრაობისფინანსური მენეჯერი ღიად უწოდა, ექსპერტ ვახტანგ მაისაიას ამერიკელმა მეგობრებმა შეატყობინეს, რომ სააკაშვილმა აშშ- მთავრობას დაცვის დანიშვნა სთხოვა. როგორც მაისაიაქართულ სიტყვასთანსაუბრისას აცხადებს, ეს ინფორმაცია, ჯერჯერობით, გადაუმოწმებელია, მაგრამ თუ დადასტურდა, კიდევ ერთხელ გამყარდება მისი ეჭვი, რომ სააკაშვილი და კეზერაშვილი იარაღით ვაჭრობის ბიზნესში იყვნენ ჩართულნი.

 

ვახტანგ მაისაია: - ამერიკელმა მეგობრებმა შემატყობინეს, რომ მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ს მთავრობას დაცვის გამოყოფა სთხოვა. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია გადაუმოწმებელია, მაგრამ თუ მართლაც ასეა, მაშინ კეზერაშვილთან მიმართებაში ბევრი რამ იცვლება.

- მაინც, რა?

- გამოდის, რომ სააკაშვილმა საფრთხის მოახლოება იგრძნო. ჩემი ვარაუდი, რომ კეზერაშვილი “ნაცმოძრაობის” შავი მოლარე იყო, გამართლდა და ამისთვის პოლიტპატიმარ ვახტანგ მაისაიასგან დიდი მადლობა სააკაშვილს. სხვათა შორის, როცა ამას ვამბობდი, შესაბამისი დოკუმენტები მქონდა. ახლაც, როცა იარაღით ვაჭრობაზე ვსაუბრობ, შესაბამისი მტკიცებულებები მაქვს და იმედია, კეზერაშვილს იარაღით ვაჭრობა დაუმტკიცდება. პრემიერი ღარიბაშვილიც ადასტურებს, რომ კეზერაშვილის საქმიანობით რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურია დაინტერესებული და ის იარაღის უკანონო ვაჭრობაში მონაწილეობდა. როცა პრემიერი ამას ამბობს, მას, ალბათ, რაღაც საფუძველი აქვს.

- მაინც, საიდან გაგიჩნდათ ეჭვი, რომ კეზერაშვილი იარაღის უკანონო ვაჭრობაში იყო ჩართული?

- ამის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ, ანუ 2013 წლის მარტში ვამბობდი, როცა ყველა გაჩუმებული იყო. იმედი მაქვს, რომ საფრანგეთის სამართალდამცავები და სასამართლო ამას დაადასტურებს, თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ სასამართლომ ამ თემას გვერდი აუაროს იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ თემებზე ხშირად არ საუბრობენ, მით უმეტეს, მაშინ, როცა საქმეში სპეცსამსახურები არიან ჩართულნი. სასამართლო ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან სფეციფიკურია. გავიხსენოთ ბუტის მაგალითი, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში, ანუ მანამ არ ახმაურებდნენ, ვიდრე კონკრეტული მტკიცებულებები არ დაიდო. ახლაც არავინ  იცის, რას ედავებიან ბუტს, გარდა ერთი ეპიზოდისა და ეს კოლუმბიური არმიისთვის იარაღის მიწოდებაა.

მეეჭვება, მხოლოდ ამ ეპიზოდისთვის მიესაჯათ მისთვის 25-წლიანი პატიმრობა. ალბათ, სხვა ეპიზოდებიც იყო, რომელთაც გრიფით საიდუმლო ადევს და ეს ლოგიკურიცაა - ასეთ თემებზე ბევრს არ ლაპარაკობენ.

როგორც ჩანს, კეზერაშვილს დაკავებისას სოლიდური თანხა აღმოუჩინეს. ამის თქმის საფუძველს კი ის განცხადება მაძლევს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. “ნაცმოძრაობა” ჯერ ცდილობდა, ეს საკითხი საზოგადოებისთვის დაემალა, მაგრამ რახან გაჟღერდა, იძულებული გახდა, კომენტარი გაეკეთებინა.

მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში ამტკიცებს, რომ კეზერაშვილი პარტიის მოლარეა და მისიას ასრულებდა. როგორც ჩანს, ფრანგებმა დაიწყეს მოკვლევა, თუ საიდან მიიღო ასეთი დიდი რაოდენობის ფული კეზერაშვილმა. ამას დაემატა გამოძიების ერთი დოკუმენტის გახმაურებაც, რომლის მიხედვითაც, კეზერაშვილის ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულმა კომპანიამ, ერთი წლის განმავლობაში, მილიარდ დოლარამდე მოგება ნახა. დამერწმუნეთ, ასეთი დონის თანხის ასეთ მოკლე დროში მოძიება ძალიან ძნელია, თუ ბიზნესის ოთხ ძირითად მიმართულებაში არ ხარ ჩართული.

- ბიზნესის ეს ოთხი ძირითადი მიმართულება რომელია?

- ნარკოტიკები, იარაღით, ან ძვირფასი თვლებითა და ლითონებით ვაჭრობა, ნავთობი და გაზი. ნავთობი და გაზი თავიდანვე გამოირიცხა, რადგან საქართველოს ამ ბიზნესთან ურთიერთობა არ აქვს. იმედია, რომ არც ნარკოტიკების ბიზნესი იქნება, თუმცა ამას გამოძიება დაადგენს. სავარაუდოდ, კეზერაშვილი ბეგრაუნდიდან გამომდინარე, მივდივართ იარაღით ვაჭრობამდე. საიდან მოაგროვა “ნაცმოძრაობამ” ასეთი დიდი დოვლათი? - ეს არის საინტერესო. ერთი იმით, რომ ქვეყანაში სისტემურ დანაშაულს ჰქონდა ადგილი და მეორე - ელიტური კორუფცია ყვაოდა.

- რაც შეეხება იარაღით ვაჭრობას, ეს კეზერაშვილის ერთპიროვნული ბიზნესი იყო, რომელსაც არავინ აკონტროლებდა, თუ ამ საქმეში სახელმწიფო მანქანაც იყო ჩართული?

- “ვარდების რევოლუციამდეც” იარაღის ვაჭრობასთან რამდენიმე სკანდალი იყო დაკავშირებული, თუმცა მაშინ ამას სისტემური ხასიათი არ მიუღია.

რაც შეეხება “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ  განვითარებულ მოვლენებს, ხაზი უნდა გავუსვა ერთ გარემოებას: ზურაბ ჟვანიას მკვლელობის შემდეგ (ეს რომ მკვლელობა იყო, დარწმუნებული ვარ), სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

- იმის თქმა გინდათ, რომ ჟვანიას მკვლელობაც იარაღით ვაჭრობას უკავშირდება?

- უფრო მგონია, რომ ჟვანიას მკვლელობის მიზეზი ფოთის პორტის პრივატიზაციის გეგმა გახდა - ჟვანიას გარდაცვალებიდან ძალიან მალე ფოთის პორტის პრივატიზაცია მოხდა, რასაც ჟვანია ძალიან ეწინააღმდეგებოდა. შემოვიდა არაბული კომპანია “რაკეენი”, რომელიც ნაკლებად ცნობილი კომპანია იყო და ცალკე საუბრის თემაა, მის უკან თუ რა ძალები იდგა... მიხეილ სააკაშვილი ხშირად ჩადიოდა არაბულ ქვეყნებში და უკავშირდებოდა საეჭვო ბიზნესმენებს, რომლებიც ასეთ მიმზიდველ გარემოებებხ ხელიდან არ გაუშვებდნენ. ამ საკითხზე დეტალური საუბრისგან, ჯერჯერობით, ვიდრე გამოძიება თავის სათქმელს არ იტყვის, თავს შევიკავებ..

- ფოთის პორტის პრივატიზება იარაღის ბიზნესს რამით უკავშირდება?

- სწორედ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ დაიწყო ქვეყნის მილიტარიზაცია და შესაბამისი გეგმების შემუშავებაც. გვახსოვს მაშინდელი ხელისუფლების მიზანმიმართული პროპაგანდა ომის ქორების შესახებ, ამას დაემატა ოქრუაშვილის განცხადება, ახალ წელს ცხინვალში შევხვდებითო. ჟვანიას მკვლელობის შემდეგ, პრაქტიკულად, ჩაიშალა ის სამშვიდობო გეგმები, რომლებიც უკავშირდებოდა ცხინვალის რეგიონს. იმის მაგივრად, რომ ცხინვალი ყოველგვარი ომისა და ძალადობის გარეშე დაგვებრუნებინა, დაიწყო იარაღის მასობრივი შესყიდვა. უკრაინიდან დაიწყო იარაღის შემოტანა, თუმცა ამ პროცესს თან სდევდა ინფორმაცია, რომ შემოდიოდა უხარისხო იარაღი. მეორე საკითხია, თუ რამდენად უხარისხო იყო ეს იარაღი.

- იარაღით ვაჭრობა მხოლოდ კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდს არ უკავშირდება და ეს ოქრუაშვილმა დაიწყო, არა?

- გეთანხმებით...

მაქვს დოკუმენტი და ეს არის ბულგარეთის საბაჟოს მონაცემები, საიდანაც ვგებულობთ, რომ ამ ქვეყანამ 2004 წელს საქართველოს, დაახლოებით, 2500 კონტეინერი საარტილერიო ჭურვები მიაწოდა. მომდევნო წლებში გაორმაგდა იარაღის მიწოდება და ეს არსენალი საკმარისი იყო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებისთვისაც. არავინ იცის, სად გაქრა ეს იარაღი.

- ანუ, ეს იარაღი საქართველოში აღარ არის?

- ვერ ვატყობ, რომ ეს იარაღი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს კიდევ ჰქონდეს. თვით ომის პერიოდშიც კი, ამდენი შეიარაღება არ დაფიქსირებულა. იარაღი, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე იყო მიწერილი, ქრებოდა და სხვა მიმართულებით მიდიოდა.

- გამოდის, რომ იარაღი ლეგიტიმურად შემოდიოდა საქართველოში და შემდეგ, გაურკვეველი მიმართულებით ქრებოდა?

- დიახ და ისიც საეჭვოა, თუ რატომ ჩააბარეს სენაკის ბაზასა და კოდორში არსებული იარაღის საწყობები რუსებს. თქვეს, რომ იქ დიდი რაოდენობის იარაღი იყო. რუსული მხარე კი ამტკიცებს, რომ ის რაოდენობა, რასაც ქართული მხარე ასახელებდა, საწყობებში ნამდვილად არ იყო. გამოდის: ომით ჩამოწერეს იარაღი. ომი საუკეთესო საშუალება იყო იარაღით ვაჭრობის დასაფარად!

- ესე იგი, იარაღით ვაჭრობაში სახელმწიფო მანქანა ჩართული იყო?

- დიახ, სახელმწიფო უშუალოდ იღებდა მონაწილეობას იარაღით უკანონო ვაჭრობაში. ბაჩო ახალაიას პერიოდში დაფიქსირდა, რომ ჩვენი იარაღის ნაწილი ბურგასიდან უგანდის მიმართულებით მიდიოდა. ასევე, ქართული დროშით მცურავ გემზე აღმოჩნდა იარაღი, რომელიც ფილიპინების სამართალდამცავებმა დააკავეს. გემის კაპიტანს ბრალი დასდეს, რომ ეს იარაღი განკუთვნილი იყო ფილიპინებში მოქმედი ერთ-ერთი სეპარატისტული ისლამისტური დაჯგუფებისთვის.

კიდევ ერთი დეტალი: იარაღის შემოსვლის ყველა დოკუმენტს დადებული აქვს საიდუმლო გრიფი. იმ პერიოდში საერთოდ არ ფუნქციონირებდა ნდობის ჯგუფი და არ ვიცით, გამოყოფილი თანხები სად და როგორ მიდიოდა. ამიტომ ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ თარგამაძე, რურუა და სხვები, უნდა მოეთხოვოთ პასუხი. აქ მხოლოდ კეზერაშვილზე არ არის საუბარი. ისიც საინტერესოა, თუ რატომ დანიშნეს კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრად, როცა “ნაცმოძრაობის” პარტიული მოლარე, ანუ ჩრდილოვანი ფინანსთა მინისტრი იყო? რატომ და, - იარაღის გაყიდვით შემოსული ფული წავიდა “ნაცმოძრაობის” ანგარიშებზე. ამ ფულის “გათეთრებაზე” კეზერაშვილმა მას შემდეგ დაიწყო “ჩალიჩი”, რაც სააკაშვილმა გადააყენა - ოფშორში კომპანიები სწორედ იმიტომ დაარეგისტრირა, რომ ეს ფული “გაეთეთრებინა”.

- იმხანად რატომ ამბობდნენ, რომ საქართველოში უხარისხო იარაღი შემოდიოდა?

- უკრაინის ექსპრემიერმა ამ შეკითხვას პასუხი უკვე გასცა, ანუ თქვა, რომ შემოჰქონდათ კარგი ირაღი. საქართველო იყო იარაღის მთავარი იმპორტიორი უკრაინისთვის და ამ უკანასკნელს არ აწყობდა, ჩვენთვის უხარისხო იარაღი მოეყიდა. უკრაინა ერთ-ერთი წამყვანი იარაღის ექსპორტიორი ქვეყანაა. ეს ლუქსორული ტიპის ბიზნესია, ძალიან მაღალშემოსავლიანი, სადაც ისეთი სტანდარტებია დამკვიდრებული, რომ ნებისმიერი ასეთი ინფორმაციის გაჟონვა, ანუ ვინმესთვის უხარისხო იარაღის მიწოდება, პრაქტიკულად, გაკოტრებას ნიშნავს.

უკრაინამ რამდენიმე მილიონდოლარიანი იარაღი მიაწოდა აზიის ქვეყნებს, პაკისტანს და მათ არ გამოუთქვამთ პრეტენზია, ჩვენები კი, პრეტენზიას გამოთქვამდნენ. სად არის ლოგიკა? ამიტომ მექმნება შთაბეჭდილება, რომ ასეთი განცხადებებით სააკაშვილის მთავრობა შეგნებულად უგდებდა რეპუტაციას უკრაინას.

ამ დროს ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკრაინა რუსეთის კონკურენტია - ორივე ერთი და იგივე ტიპის იარაღს ყიდის,Aანუ გამოდის, რომ “ნაცმოძრაობის” ლიდერები, რომლებიც აცხადებდნენ, უკრაინიდან შემოდის უხარისხო იარაღიო, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთის სახელმწიფოებრივი ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდნენ და ამას მიაღწიეს კიდეც - უკრაინას რამდენიმე პროექტი ჩაუვარდა.