ლარზე წნეხი საგრძნობლად გაიზარდა, ეროვნული ბანკი სიტუაციას ჯერჯეერობით აკონტროლებს

ლარზე წნეხი საგრძნობლად გაიზარდა, ეროვნული ბანკი სიტუაციას ჯერჯეერობით აკონტროლებს

როგორც მოსალდნელი იყო, უშუალოდ არჩევნების წინ, ლარზე წნეხი გაიზარდა. შესაბამისად, სულ მოკლე პერიოდში ეროვნულ ბანკს სამჯერ მოუწია დოლარის გაყიდვა, თანაც საკმაო დიდი მოცულობით. ჯამში კურსის დაჭერა 173 მლნ დოლარი დაჯდა.

ეროვნულმა ბანკმა ოთხშაბათს აუქციონზე 60 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიტანა და როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება წინასაარჩევნო პერიოდისთვის სავალუტო ბაზარზე დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციისთვის არის მიღებული.

სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით მიიღო. ეს თავის მხრივ, აგვარიდებს ფასებსა და ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფით გავლენას და ხელს შეუწყობს სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციას.

ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე არსებული მოჭარბებული გაურკვევლობა აძლიერებს ცალკეული მსხვილი ტრანზაქციების მხრიდან კურსზე მომდინარე ზეწოლას. ასეთ შემთხვევებში სებ- ხელმძღვანელობს საკუთარი მანდატით და მონეტარული ინსტრუმენტებით, რითაც ხელს უწყობს ბაზარზე ვალუტის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებას. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მოლოდინის მილევასთან ერთად, სავალუტო ბაზარი ჩვეულ დინამიკას დაუბრუნდება.

მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ქვეყანაში ჯანსაღია - ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, 2023 წლიდან მოყოლებული ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია. წინასწარი მონაცემებით, სექტემბერში საქონლის ექსპორტი 17%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.2%-ით შემცირდა, ამასთანავე, საგარეო სავალუტო შემოდინებები ძლიერია, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრად დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს, - წერია სებ-ის განცხადებაში.

გუშინ განხორციელებული 60 მილიონ დოლარიანი ინტერვენცია ოქტომბრის რიგით მესამე სავალუტო ინტერვენციაა, რომელთა ჯამური მოცულობაც 173.4 მილიონი დოლარია. ინტერვენციების ეს მასშტაბი რეკორდულია.

გალტ ენდ თაგარტის ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე სებ-ის მიერ ინტერვენციას დადებით ჭრილში აფასებს და აღნიშნავს, რომ ლარის სტაბილურობის ეფექტები გაცილებით მაღალია, ვიდრე ინტერვენციების გზით გაწეული ხარჯი.

ინტერვენციები მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ლარის სტაბილურობის პოზიტიური ეფექტები უფრო მაღალია, ვიდრე ის ხარჯი რაც ეროვნულ ვალუტაზე ერთჯერადი ტრანზაქციების გასანეიტრალებლად იყო გაწეული. ამიტომ, მთლიანობაში, ეს პოზიტიურ ჭრილში უნდა განვიხილოთ. ფუნდამენტური ფაქტორები მართლაც კარგი გვაქვს, რაც იმას განაპირობებს, რომ ლარის კურსის რყევები დიდი არ არის. სწორედ ამ ფუნდამენტური ფაქტორების სიძლიერე გადაწონის პოტენციური რისკებიდან მომდინარე უარყოფით მოლოდინებს, რომელიც მიმდინარედ არსებობს ბაზარზე, - განაცხადა ქავთარაძემ.

მის მოსაზრებას იზიარებს ფინანსისტი ლევან სურგულაძეც და ხაზს უსვამს, რომ ახლა ლარის გაუფასურების არავითარი ფუნდამენტური ფაქტორი არ არსებობს.

ეს ეროვნული ბანკის პირდაპირ მოვალეობაში შედის. მას იმიტომაც აქვს რეზერვები, რომ ბაზარზე თუკი არის რაღაც აჟიოტაჟური მოთხოვნა ჩნდება, დოლარი გაყიდოს. მათ შორის, ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული რამე დიდ ტრანზაქციასთან ან მოსახლეობის რაღაც მღელვარებასთან, აჟიოტაჟთან, მათ შორის არჩევნებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

არჩევნების წელს და მით უმეტეს იმ კონკრეტულ თვეს იზრდება ღელვა და ადამიანთა ნაწილმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ თავისი დანაზოგი შეინახონ მყარ ვალუტაში. ახლა, ეს ინტერვენცია არ არის გამოწვეული ფუნდამენტური ეკონომიკური პარამეტრებით. გამოწვეულია, როგორც ხშირად ხდება, მათ შორის სხვა ქვეყნის ეკონომიკურ ბაზრებზე აჟიოტაჟით.

რადგან გაიყიდა, იყო მოთხოვნა. ბაზარზე 60 მლნ-ის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა თუ არსებობს, უნდა ჩაერიოს ეროვნული ბანკი, რომ არ მოხდეს ლარზე უსაფუძვლო წნეხი, - განაცხადა ბიზნეს მედიასთან სურგულაძემ.

არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც. ეკონომისტი აკაკი ცომაიას აზრით, ეროვნულ ბანკს დავალება აქვს მიცემული, რომ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს სავალუტო კურსი. შესაბამისად, ის ყიდის დოლარებს.

ამას აკეთებს იმისთვის, რომ პირნათლად შეასრულოს დავალება. ზოგადად, არჩევნების წინ ყოველთვის დასაშვებია გარკვეული მერყეობები ეკონომიკაში, განსაკუთრებით სავალუტო კურსთან დაკავშირებით, მაგრამ ეს განსაკუთრებული არჩევნებია და ცხადია, მით უფრო მეტად იქნება გაურკვევლობის ფაქტორი. სწორედ ამ გაურკვევლობის ფაქტორს უკავშირდება ასეთი ტიპის მერყეობები“,- ამბობს აკაკი ცომაია.

საბანკო სფეროს ექსპერტის მიხეილ თოქმაზიშვილის შეფასებით, სებ- ლარის გაუფასურების ან ინფლაციის მაღალ რისკებს ხედავს, რისი შერბილების მიზნითაც რეზერვები გასაყიდად გამოაქვს.

როცა ეროვნული ბანკი ყიდის რეზერვებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ინფლაციის ან კიდევ ლარის გაუფასურების საფრთხე არსებობს და ეროვნული ბანკი ცდილობს, შეარბილოს ეს პროცესები. ბუნებრივია, დღეს დაძაბული სიტუაცია არის ქვეყანაში და ეს თავისებურ ზეგავლენას ახდენს ფინანსურ ბაზრებზე, გარკვეულწილად ხდება თავშეკავება აქტიური ოპერაციებისგან, რაც აისახება კიდეც ლარის კურსზეც. რამდენადაც მსგავსი რისკები არსებობს, ეროვნულმა ბანკმა ინტენსიურად დაიწყო ჩარევა.

ადამიანები გადიან ქვეყნიდან ასე თუ ისე გააქვთ თანხა უცხოურ ვალუტაში. ამას ემატება ინვესტორების მხრიდან შენელებული პროცესი, დააბანდონ ფული საქართველოში. ბუნებრივია, ყველა ეს პროცესი უარყოფითად მოქმედებს ლარის კურსის სიმყარეზე“, - აღნიშნა სებ-ის საბჭოს ყოფილმა წევრმა.