შს მინისტრმა დიდი ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის ეროვნულ სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა

შს მინისტრმა დიდი ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის ეროვნულ სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა

დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ტიმ სიმინგტონს ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს, რომელიც სხვადასხვა სფეროებში (ნარკოდანაშაული, ტრეფიკინგი, კიბერდანაშაული) ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობას და ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს. ალექსანდრე ჭიკაიძემ და ტიმ სიმინგტონმა ამ კუთხით ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ლონდონის საქალაქო პოლიციის სამსახურის შტაბ-ბინა Scotland Yard-ში გამართა. ალექსანდრე ჭიკაიძემ ლონდონის პოლიციის ოპერატიული მართვის ცენტრიც დაათვალიერა და პოლიციის მიერ ინციდენტების რეაგირებისა და მართვის შესახებ მიიღო ინფორმაცია. ასევე, მინისტრი დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჯუდით გოფთს სამუშაო სადილზე ეწვია.