„პოლიტიკურ პიარზე აწყობილი 17 პოლიციელის საქმე, რომლის კურატორები იყვნენ თინა ხიდაშლი და გიგა ბოკერია“

„პოლიტიკურ პიარზე აწყობილი 17 პოლიციელის საქმე, რომლის კურატორები იყვნენ თინა ხიდაშლი და გიგა ბოკერია“

ისტორია, რომელაც ახლა გიამბობთ, 2001 წლის 14 ივლისს მოხდა. ფოთის შს სამმართველოს ოპერატიული ჯგუფის მიერ ქურდობის ფაქტზე დაკავებული იქნა 21 წლის თემურ მიქია, რომელიც პოლიციის სამმართველოში მიყვანიდან რამდენიმე საათში მეორე სართულიდან გადახტა და გარდაიცვალა. ეს საქმე კონტროლზე აიყვანა „თავისუფლების ინსტიტუტმა“ უშუალოდ გიგა ბოკერიამ და საიას ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა. ანუ, ეს იყო პოლიტიკურ პიარზე აწყობილი პოლიციელების საჩვენებელი საქმე, რომლის კურატორები იყვნენ თინა ხიდაშლი და გიგა ბოკერია. საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქმეში ჩაერთო ოპოზიცია და მედია. მაშინ მედია წერდა, რომ დაკავებული სასტიკად იყო ნაწამები და შემდეგ უკვე კვალის დაფარვის მიზნით, სამმართველოს შენობიდან გადმოაგდეს.

დამნაშავე პოლიციელების დასჯას ითხოვდა გარდაცვლილის დედა, ლამზირა მიქია, რომელმაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წლის ნოემბერში თხოვნით მიმართა ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს, დადგენილიყო სიმართლე მისი შვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და დამნაშავეებს პასუხი ეგოთ. რა თქმა უნდა, ამ საქმით დაინტერესდა პროკურატურა და პოლიციის 17 თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. მათ შორის იყო პოლიციის მაიორი პაატა ჯღამაძე, რომელიც დღემდე უშედეგოდ ითხოვს ამ საქმეში მისი უდანაშაულობის დამტკიცებას.

რა მოხდა რეალურად და ვინ იდგა ამ გახმაურებული საქმის უკან? - საკითხთან დაკავშირებით for.ge პოლიციის მაიროს პაატა ჯღამაძეს ესაუბრა.

კონკრეტული სისხლის სამართლის გამო საჩვენებელი დაკავებების სერიაში მოჰყევით. იმ წლებში თითქოს მოდაშიც იყო თარგამაძის პოლიციის თანამშრომლების დაკავება. კონკრეტულად, რა საქმეზე დაგაკავეს და რა შემხებლობა გქონდათ აღნიშნულ საქმესთან?

პაატა ჯღამაძე: აღნიშნული საქმე იყო ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეეძლო იმ დროინდელ ხელისუფლებას გაეწირა ნებისმიერი ადამიანი და არა მხოლოდ პოლიციელი. რაც შეეხება საქმეს - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს, როგორც ფაქტი, იყო უბედური შემთხვევა, რომელიც მოხდა 2001 წლის 14 ივლისს. იმ პერიოდში ოპოზიციაში მყოფი ნაცმოძრაობა ყველანაირად ცდილობდა ძალადობრივი მეთოდებით ნებისმიერ სტრუქტურაში ცხვირის ჩაყოფას, შეღწევას და სხვათა შორის ახერხებდნენ კიდეც თავიანთი ბინძური კვალის დატოვებას.

როგორც ცნობილია გიგი ბოკერია ნახევრად ფოთელია. იმ პერიოდში მოღვაწეობდა „თავისუფლების ინსტიტუტში“. მოგეხსენებათ, რომ „თავისუფლების ინსტიტუტი“ და ნაცმოძრაობა იყო ერთი. ფაქტობრივად, ეს საქმე იყო პოლიტიკური, რადგან „თავისუფლების ინსტიტუტი“ მოქმედებდა საიასთან ერთად. ხელჩასაჭიდ საქმეებს ეძებდნენ. როგორც ვიცი, გარდაცვლილის დედასთან მივიდნენ და შესთავაზეს, რომ თუ მოვიდოდნენ ხელისუფლებაში, სამაგალითოდ ვიქნებოდით დასჯილები ყველა ის თანამდებობის პირები, ვისაც ოდნავი შემხებლობაც კი ჰქონდა ამ საქმესთან.

როგორც თქვენ ახსენეთ, იმ დროინდელ პოლიციელებს შევარდნაძის და თარგამაძის პოლიციელებად თვლიდნენ. არავის არ აინტერესებდა ამ პოლიციელებს რამე გმირობა ჰქონდათ ჩადენილი თუ არა. მე რომ ომის ვეტერანი ვიყავი, ეს არც არავის აინტერესებდა. მთავარი რა იყო - ძველი პოლიციელი იყავი? - ე.ი. თარგამაძის და შევარდნაძის პოლიციელი იყავი. ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო რაც დაიწყო. დაიწყო უდანაშაულო პოლიციელების წინააღმდეგ ყველა ხერხით ბრძოლა.

რას გულისხმობთ?

- ყველაფერი აღნიშნული საქმის გაყალბებით დაიწყო. საქმეში იყო სხვადასხვა ფაქტები. ცხონებულს მარტო ერთი დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი, არამედ რამდენიმე და მაშინ ვლაპარაკობდით, ნახევარი ფოთი გაუქურდიაო. სხვათა შორის იმ კონკრეტულ ფაქტთან ერთად, კიდევ ოთხ ფაქტზე იყო ლაპარაკი. ამოღებული იყო სხვადასხვა მოპარული ნივთები და ამ საქმესთან იყო გაერთიანებული, მაგრამ ეს საქმე ამ პირის გარდაცვალებასთან ერთად წაიღო თბილისის პროკურატურამ, შემდეგ აფხაზეთის პროკურატურამ და რატომღაც ნივთები გაქრა საქმიდან.

კონკრეტულად რა მტკიცებულება გაქრა საქმიდან?

- ახლა შეიძლება სასაცილოდ მოეჩვენოთ, მაგრამ იქ იყო ე.წ. ვიდეოპრისტავკები, მანქანის ტელევიზორი და ა.შ. ეს ნივთიერი მტკიცებულება საქმიდან საერთოდ გაქრა და მერე ფაქტებიც ამოაცალეს ამ სისხლის სამართლის საქმეს. თითქოს ეს ფაქტები არც მომხდარა. გაყალბებით დაიწყეს ამ საქმის წარმოება. რაც მთავარია, ამ საქმიდან მოიპარეს დაკავების ოქმი.

დაკავების ოქმის მოპარვა რაში დასჭირდათ?

- თითქოს დაკავების ოქმი არ იყო, რათა შექმნილიყო საფუძველი იმისა, რომ გამართლებულიყო დამნაშავე პირი. ამიტომ გააქრეს დაკავების ოქმი და გააკეთეს ისე, თითქოსდა აწ გარდაცვლილი თემურ მიქიას უკანონო დაკავება მოხდა და თქვეს, რომ დაკავების ადგილზე არ იყო შედგენილი დაკავების ოქმი. დაკავების ადგილზე მართლაც არ შემდგარა დაკავების ოქმი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ შემდგარა დაკავების ოქმი.

დაკავების ადგილზე რატომ არ შედგა ოქმი?

- ამ პიროვნების დაკავება მოხდა რკინისგის ლიანაგებზე ორი რიგითი უწესიერესი ტრანსპორტის პოლიციის თანამშრომლის მიერ. დააკავეს ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად. კერძოდ, ხელში ეჭირა „ვიდეოპრისტავკა“ და ტელევიზორი. იცით, ჩვენ რას გვედავებოდნენ? - თქვენ ჩაუდეთ დაკავებულსო. გამიგონია, რომ დაკავების დროს ნარკოტიკი ან იარაღი ჩაუდიათ, მაგრამ ტელევიზორის და „ვიდეპროსტავკის“ ჩადება - ასეთი რაღაცა რეალობაში არ არსებობს.

ყველანაირი პირობა არსებობდა, რომ დაეკავებინათ, მაგრამ მერე უკვე ამ რიგითმა პოლიციელება დაკავებული გადასცეს ოპერატიულ ჯგუფს. მაშინ რიგით პოლიციელს ოქმის წერა არ შეეძლო, ეს არ იყო მათი მოვალეობა. ამ ორ პატიოსან ბიჭს - თეიმურაზ შურღულაიას და კახა ლატარიას ყველაფერი წყალში ჩაუყარეს და 7 წელი ციხე ახეხინეს. ეს იყო პოლიტიკურ პიარზე აწყობილი საქმე, დასაჯეს ეს პოლიციელები.

დააკავეს თემურ მიქია და გადაიყვანეს ფოთის მთავარ სამმართველოში, მერე რა ხდება?

- დილის 7 საათზე დამირეკა ფოთის სამძებროს უფროსმა. მაშინ ვიყავი ნაბადა-კუნძულის ქვეგანყოფილების უფროსი და მას ვექვემდებარებოდი. მითხრა, რომ ქურდობის ფაქტზე დაკავებული იყო პიროვნება და შენი დახმარება მჭირდებაო, აუცილებლად გადი შემთხვევის ადგილზეო. გავედი, მხვდება პიროვნება, იქვე არის ტელევიზორი და „ვიდეოპრისტავკა“. საგამოძიებო მოქმედება ტარდებოდა. ჩხრეკას ატარებდა სამძებროს უფროსის მოადგილე. პირადად საერთოდ მონაწილეობა არ მიმიღია ამ ჩხრეკაში, არც დოკუმენტზე არ მომიწერია ხელი.

გადავუღე ორი ფოტოსურათი, რომელიც საქმეში მოათავსა საქმის გამოძიებელმა. ეს საქმე გვეწერა ორ პიროვნებას - გიგინეიშვილს და მე. გარე საგამოძიებო მოქმედებებს მე ვატარებდი და შიგნით აღნიშნულ პიროვნებასთან მუშაობდა გიგინეიშვილი, რომელიც იყო სამძებროს უფროსის მოადგილე. როგორც გითხარით, გადავეცი ორი სურათი, რომელიც დაერთო საქმეს და შემდეგ გაქრა.

შემდეგ მოხდა ისე, რომ გიგინეიშვილი იყო ძებნაზე. 2004 წელს მისი მამა მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ იმ საქმიდან მოპარულია სურთები, რომელიც შენ გადაიღეო, რაზეც ვუთხარი, არ ენერვიულა. ფირი მქონდა, ამოვჭერი ეს ორი ფოტო, ნეტა სულ არ ამომეჭრა... და გავამჟღავნე. ქალაქ თბილისის პროკურატურაში იყო პროკურორი ბიბილეიშვილი, რომელსაც ეს ურათები თავის ფირიანად გავუგზავნე. ასევე, გავუგზავნე წერილი, სადაც ვწერ, რომ როგორც ვიცი, საქმეში არ დევს სურთები, არადა თავიდან ჩადებული იყო როგორც ვიცი-თქო, გამოგადგებათ საქმის წარმოებაში-თქო. დამირეკა და კინაღამ ტელეფონის ყურმილში გამოძვრა.

რატომ?

- რატომ გამომიგზავნე ეს სურთებიო. აი, მაშინ დავრწმუნდი, რომ შემთხვევით დაკარგული კი არ იყო, არამედ ამოღებული იყო. მასთან ერთად იყო შემთხვევის ადგილის დათვალიერების სურათები. მეჩხუბებოდა შენ ვინ გკითხავდა სურათების გამოგზავნასო, რაზეც უპასუხე - ბატონო პროკურორო გავიგე რომ საქმეში არ დევს და ამიტომ გამოგიგზანეთ-თქო. ყვიროდა, მაშინ დამალული გქონდა და ახლა გამომიგზავნეო. დამალული რომ მქონოდა, ვინ მავალდებულებდა რომ გამომეგზავნა, თან ოფიციალური წერილით-თქო. ამაზე სულ გაგიჟდა.

ეს ხდება 2004 წელს?

- დიახ. მერე საერთოდ საოცრება მოხდა, ორი სურათის გადაღებისთვის 369-ე მუხლით სამი წელი მომისაჯეს. ფალსიფიცირებული მტკიცებულება შექმენიო. ვეუბნებოდი - რა ფალსიფიცირებული მტიცებულება შევქმენი, მე სურათი გამოვაგზავნე, ხომ არ დამიმალია და ამის გულისთვის მიჭერ-თქო? -არა, ეს ერთ-ერთიაო, თორემ ამას მოჰყვება სხვა რაღაცები, არ ინერვიულო, დიდი ხნით მოგიწევს ციხეში ჯდომაო.

ჩემს მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები ფოთის სასამართლომ სცნო კანონიერად და დღესაც კანონიერ ძალაშია, დღემდე არავის არ გაუუქმებია. საქმის პროკურორი იყო ვინმე ჯანგველაძე, ბიძაშვილი ჰყოლია ქურდი. ეს ჯანგველაძე ფოთის მოსამართლეს, შენგელიას ეუბნება, რომ სასამართლო გადაწყვეტილება გავაუქმოთო, მაგრამ მოსამართლემ ამდენი მამაძაღლობა არ გააკეთა და თქვა, რომ ვერ გავაუქმებ, არ ვარ უფლებამოსილიო. წარმოიდგინეთ, განაჩენი კანონიერ ძალაშია და ამის მიუხედავად გამასამართლეს.

როგორ მოხდა თავად უბედური შემთხვევა? რამდენადაც ვიცი, იმ დროს ოჯახის წევრებიც ადგილზე იყვნენ...

- რაც შეეხება ტრაგედიას. იმ ოთახში, საიდანაც გადმოხტა ის ცხონებული, იყო სამი პიროვნება. ეს უფრო მორალური პასუხისმგებლობა იყო, ვიდრე სამართლებრივი. ფაქტობრივად, იმ ბიჭებს ჩააბარეს დაკავებული. მაგრამ მოხდა ისე, რომ ერთი ძებნის ოთახში შესულა, მეორე კარებთან იდგა და მარტო დარჩა კაპანაძე, რომელიც არის უწიერესი ადამიანი. მან თქვა, რომ გადასახტომად რომ ახტა ფანჯარაზე, სხვა ვერაფერი ვერ მოვახერხე და ტანსაცმელზე ჩამოვეკიდეო. რომ უნდა გადამხდარიყო ფეხით, გადავარდა თავით. ასე მოხდა ეს ტრაგედია.

თქვენ სად იყავით იმ მომენტში?

- ერთობის ქუჩაზე ვიყავი ჩხრეკა-ამოღებას ვაწარმოებდი. დამირეკა ჩემმა მოადგილემ და მითხრა, რომ მიქია ფანჯრიდან გადახტაო. გაიქცა-თქო და არაო, რაღაცა შერჭობილი აქვს მხარში, სისხლი მოსდის საავადმყოფოში წაიყვანესო. არავის ეგონა, რომ გარადაიცვლებოდა. რომ ჩამოხტა, პოლიციელებს ელაპარაკა, თავის მამასაც ელაპარაკა და ამის მერე გადაიყვანეს. მაგრამ სისხლისგან დაიცალა და მოხდა ეს შემთხვევა. როგორც მერე აღმოჩდა შუშის ნაჭერი ჰქონდა არტერიაში შერჭობილი, რაც გახდა გარდაცვალების მიზეზი.

ეს სამი პიროვნება ყველა დაკითხვაში ამბობენ, რომ პაატა ჯღამაძე თვალად არ უნახიათ. სრულიად შემთხვევით იმ ოთახში შევიდა ინსპექტორი თენგო ლატარეიშვილი, რომელიც აღწერს დაკავებული როგორ იჯდა სკამზე, როგორ ეწეოდა სიგარეტს, რომ მას არაფერი არ სჭირდა და აქვე ამბობს, რომ იქ პაატა ჯღამაძე არ ყოფილა, მაგრამ ვინ დაიჯერა. ჩათქმული ჰქონდათ, რომ ასე მომხდარიყო. პროკურორი მეუბნება, ოთახში ვინც იყვნენ შენ მათი ხელმძღვანელი ხომ იყავიო, ე.ი. შენც ხელმძღვანელობდიო. გინდა თუ არა, ბატონ მარლენზეც უნდა მიმეცა ჩვენება, რომ ისიც ჩართული იყო და ხელმძღვანელობდა ამ ღონისძიებას.

მერე მოხდა ისე, რომ ეს საქმე კონტროლზე აიყვანა „თავისუფლების ინსტიტუტმა“ გიგა ბოკერიას ხელძღვანელობით და საიას თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა, მათ კომუნიკაცია ჰქონდათ ოჯახთან, რომ ეს საქმე გამოყენებულიყო პოლიტიკურად, თითქოს დაკავებულმა წამებას ვერ გაუძლო და პოლიციის შენობიდან გადახტა - ასე შეიფუთა ეს საქმე...

- კი ბატონო, ასე იყო და ამ სახით უნდა ყოფილიყო წარმოებაში ეს საქმე ბოლომდე. წარმოიდგინეთ ოთხი მუხლით მიმცეს პასუხისმგებაში და 13 წელი მომისაჯეს. რა დაზიანებაც იმ ცხონებულს ჰქონდა მიღებული, ეს იყო ვარდნის შედეგად მიღებული. მეორე სართულიდან გადახტა. დაეცა მავთულბადეზე, რომელიც ალუმინის მავთულით იყო შეკრული და გაიხსნა.

დაკავებული გარდაიცვალა და ამის შემდეგ დედა ითხოვს სამართლიანობის აღდგენას, ამ საქმეზე მიდის გამოძიება, მაშინდელი გამოძიებით არავის არ აკავებენ, მაგრამ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ იწყება გამოძიება და მერე როგორ ვითარდებოდა მოვლენები?

- სწორედ ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო ჩვენი უბედურება. დაიწყო საშინელი ზეწოლა. თვითონ პოლიციის უფროსი თენგიზ მიქაძე მეუბნებოდა, არ ვიცი რა გავაკეთო, მაწუხებენო.

გითხართ, ვისგან მოდიოდა ზეწოლა?

- ხელისუფლებისგან მოდიოდა. პირდაპირ ვერავინ ვერ გვეუბნებოდა, მაგრამ იძულებეული ვიყავით, რომ პოლიციისთვის თავი დაგვენებებინა უდანაშაულო ხალხს, ვინც კი ამ საქმესთან შემხებლობაში ვიყავით. მაგრამ მე სამსახური არ მქონდა და რა უნდა გამეკეთებინა. ზეწოლის მიუხედავად ვმუშაობდი დაკავების დღემდე.

როდის დაგაკავეს?

- სამტრედიაში ვიყავი გადასული. სამმართველოს უფროსმა დამიძახა და მითრხა, რომ გენერალური ინსპექცია გიბარებს, თითქოსდა გამოძიება ტენდენციურად მიგყავდაო და არ ვიცი რა გამოძიებაზე არის საუბარიო. ჩავედი თბილისში, მივედი გენერალურ ინსპექციაში, ვუთხარი, მე ვარ პაატა ჯღამაძე-თქო და კარგი, წამობრძანდით ჩვენთან ერთადო და ჩამსვევს მანქანაში.

როდესაც ორთაჭალისკენ აიღო მანქანამ გეზი, ვკითხე სად მიგყავართ-თქო, მიგიყვანთ ბატონო და გაიგებთო. ისევ ვკითხე სად მიგყავართ, ან ციხეში, ან გენერალურ პროკურატურაში-თქო? - კი, გენერალურ პროკურატურაში მიგვყავხართო და მეექსვე სართულზე ამიყვანეს. 2 გამომძიებელი და 5 პროკურორი მკითხავდა. არ ვიცი, ვერ გადმოგცემთ რა ზეწოლის ქვეშ ვიყავი. რამდენი ვინმე დამიკავებია, არ ვიცი ასეთი ზეწოლა დაკავებულის მიმართ როგორ შეიძლება?!

რა სახის ზეწოლა იყო და ვინ იყვნენ გამომძიებლები და პროკურორები?

- გამომძიებლელი იყვნენ მალხაზ ქინქაძე და ნოდარ შაყულაშვილი. პროკურორი იყო პაატა ჯაველიძე, არ ვიცი მეტი სისასტიკე რა... პროკურორი კაცი მეუბნება, რომ „რამკიან“ ქურდებთან მქონდა შეხება და იმათთან მეტი იოლი იყო მუშაობა, ვიდრე შენთანო. რაზეც ვუპასუხე - პოლიციის მაიორი ვარ, ვის მადარებ, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება მაგ „რამკიან“ ქურდებთან ბრძოლას მოვანდომე-თქო. ამ საქმეში მაშინდელი ფოთის სამძებროს უფროსის მოადგლეს მურთაზ გიგინეიშვილს ზეწოლის ქვეშ ალაპარაკეს სისულელეები. მაგრამ არც ამის ჩვენება იყო სრულყოფილი, რომ მომხდარიყო ჩვენი დაკავება. დღესაც, ამ საქმეში ვინმემ რომ რეალურად ჩაიხედოს, ნახავს რა ხდებოდა.

სართო ჯამში, რამდენი პოლიციელი დაგაკავეს?

- 2006 წელს სულ 17 პოლიციელი მიგვცეს სისხლის სამართლის პასუხისმგებაში. ისეთი რა უნდა მომხდარიყო, რომ 17 ადამიანს ერთი დანაშაული ჩაედინა? ამაზე მეტი პიარი რა უნდა ყოფილიყო და მტკიცება იმისა, რომ შევარდნაძის პოლიციელები, რომელებიც ქვეყნის დამაქცევრები იყვნენ, დავაკავეთო?! თვითონ იყვნენ კაცის მწამებლები, რაც მე ციხეში ვნახე, ამის გადმოცემაც ძნელია.

ვის ინტერესში იყო თქვენი დაკავება?

- კონკრეტულად გიგა ბოკერიასი. საქმის გამოძიებელი მეუბნება ასეთ რაღაცას - „შვილო, შენ დაღუპული ხარ. ადეიშვილთან ან ბოკერიასთან გამოძებნე კაცი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაღუპული ხარ“. დაკითხვის ოთახში პაატა ჯაველიძემ მაგიდაზე დამიგდო გიგინეიშვილის ჩვენება და მითხრა, რომ წაიკითხე და ეს ჩვენება მიეციო, რაზეც უარი განვაცხადე. ვიცი, მაგ ჩვენებაში რაც წერია და მაგას ვერ ვიზამ-თქო, რაზეც გაბრაზდა და მიყვირა - მარლენ სმაგინზე არ გინდა ჩვენება მისცეო. მთელ ფოთს სძულს და შენ რამ შეგაყვარაო.

არ ვიცი რა ჩაიდინა ამ კაცმა და მაგის წინააღმდეგ რა ჩვენება უნდა მივცე-თქო? მე, ბატონო ორი პატარა შვილი მყავს სახლში დატოვებული და ამ მოხუცებული კაცის ცოდვა სად წავიღო-თქო? დაიწყო ყვირილი, არ ღირს ამასთან მუშაობა, ჩასვით და მორჩაო. არასოდეს არ დამავიწყდება ეს სიტყვები. ოთხაში შემოვიდა ქალაქის პროკურორი გიორგი ღვინიაშვილი და ნაგლად მეკითხება - შვილები გყავსო? კი ბატონო, ორი პატარა მყავს-თქო და რას იზამ, ჩვენი ბრალი არ არის, შენი ბრალიაო.

სასამართლო მიდიოდა ისე, როგორც მაშინდელ ხელისუფლებას სურდა და დადგა გამამტყუნებელი განაჩენი...

- განაჩენის გამოცხადებამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ გამიშვებდნენ, რადგან წარმოდგენილი არ მქონდა, ნაცმოძრაობის სახით რა ბოროტებასთან მქონდა საქმე. სასამართლო როგორც მათ უნდოდათ, ისე მიდიოდა. ცხრათვიანი საგამოძიებო ვადა გაგვივიდა და წესით, უნდა გავეშვით. მეორე დღეს ციხის უფროსი ჩავაყენეთ საქმის კურსში და ვუთხარით, რომ ვალდებულები ხართ გაგვანთავისუფლოთ-თქო. მაშინვე დაფაცურდნენ და საღამოს 6 საათზე მოგვიტანეს გადაწყვეტილება, თითქოსდა წინა დღით საოლქო სასამართლომ გაგვიგრძელა პატიმრობა.

ასეთი რაღაცები ხდებოდა მაშინ, კანონზე და სამართალზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. 17-ვე დაკავებულს ჩამოგვირიგეს წლები. მე 13 წელი მომისაჯეს და გამოვაცხადეთ შიმშილობა. 8 დღე ვიშმშილეთ, მაგრამ შედეგი არაფერი. 15 კილო დავიკელი, კინაღამ მოვკვდით. ახლა მიშამ თურმე 60 დღე იშიმშილა და კარგად არის, ეს ხომ სასაცილოც აღარ არის.

ჩვენი საქმის მოსამართლე იყო ავთო შენგელია. ციხიდან გამოსვლის შემდეგ სრულიად შემთხვევით მხვდება ქულობანში, ბენზინგასამართ სადგური ქონია. დამინახა ადამიანმა და მოკვდა, ხელებს იქნევს და ყვირის - „ჩემი ბრალი არ არის პაატა“. დავამშვიდე, არ ვარ ამ საქმეზე მოსული, სხვა საქმეზე ვიყავი და შენ შემეჩეხე-თქო. არაფერს არ გერჩი, ოღონდ გამაგებინე ვის ბრალია-თქო და ყვირილით მითხრა -„გიგა ბოკერია“! რატომ ბოკერია-თქო და შენ ეს არ იციო, ამ საქმის კურატორი ბოკერია იყოო. კარგი, მაგრამ შენ რატომ გამოიტანე ეს განაჩენი, ხომ იცოდი, რომ უდანაშაულო ვიყავი-თქო, რაზეც მიპასუხა - მე რომ ეს განაჩენი არ გამომეტანა, მომხსნიდნენ და სხვა მაინც გამოგიტანდათ ამ განაჩენსო. ჩვეულებრივი ნაძირალაა, შემსრულებელი.

17 პირი ვიყავით პასუხისგებაში მიცემული, მაგრამ სტრასბურგამდე მარტო მე მივედი. ინსტანცია არ დატოვებულა, სადაც საჩივარი არ დამიწერია და კიდევაც მატარეს. ჯერ მოდულში, მერე ორთაჭალაში, მერე ზუგდიდის ციხეში, იქიდან ქუთაისში გადამიყვანეს, იქიდან რუსთავის მე-6 დაწესებულებაში გადამიყავნეს და სამუდამო მისჯელების გვერდით დამსვევს. ახლობელი დანიშნეს ციხის უფროსად, რომელმაც მითრა - ვიცი უდანაშაულოდ ზიხარ, მაგრამ მე რითი შემიძლია მოგეხმაროო? ვუთხარი, რომ მე სახლში მინდა წასვლა და შენ ვერ გამიშვებ, ამიტომ გამარკვიე ზონაში რატომ არ გადავყავარ-თქო, რაზეც მითხრა, რომ ჩვენში დარჩეს, მაგრამ შენზე მითხრეს, რომ საჩივრებს წერსო. რისთვის ვზივარ ციხეში არ ვიცი და შენ არ დაწერდი-თქო? წერე რაც გინდაო, ყველაფერს გავაგზავნით, მაგრამ ზონაზე გადაყვანა მე არ შემიძლიაო.

ადვოკატებზეც წნეხი იყო. კუკური მღებრიშვილი იყო ჩემი ადვოკატი, უწესიერი კაცი იყო. გავაგზავნეთ საქმე სტრასბურგში და მაშინვე მიიღო წარმოებაში, მაგრამ ითხოვდნენ დამატებით მტკიცებულებებს. საქმეს პრიორიტეტი ჰქონდა მინიჭებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ მაქსიმუმ ერთ წელში საქმე უნდა განეხილათ. შემოვიდა ცხონებული კუკური და მითხრა, რომ ამას ყველაფერს გავაგზავნიო. ამის შემდეგ თვეც არ გასულა და ვიგებ, რომ კუკური მოკლეს.

ვინ მოკლა?

- სახლში დავრეკე და მეუღლეს ვთხოვე კუკური შემოვიდეს-თქო და მეუბნება, რომ გუშინ კუკურის გასვენებაში ვიყავით ქარელშიო. დაურეკეს, გამოვიდა ბინიდან, მანქანაში ჯდებდა და გაუარა მანქანამ, დაარტყა და მოკლა. ასე მოხდა ეს ამბავი. ამის მერე ადვოკატად დამინიშნეს ვახტანგ გაგნიძე, არ ვიცოდი, რომ მისი ძმა პროკურორი ყოფილა. დამპირდა, რომ ყველაფერს გავაკეთებ, შენ ამ საქმეში გამართლდებიო. მაგრამ ამ ნაძირალა კაცმა იცით რა ქნა? საერთოდ არ გააგზავნა ჩემი საქმის მასალები სტრასბურგში.

შეიცვალა ხელისუფლება და შეიცვალა რეალობა, 2013 წელს გამოვედით ციხიდან. მე, მგონია, რომ ოდესღაც მაინც დადგება გამამართლებელი განაჩენი, ვარ ამის მოლოდინში და 2019 წელს სტრატსბურგში გავაგზავნე წერილი, რომ გამერკვია რა ხდებოდა ჩემს საქმესთან დაკავშირებით. მომივიდა პასუხი, რომ 2011 წელს შეწყდა თქვენი საქმე, რადგან მტკიცებულებების გამოგზავნა არ მოხდაო და ვახტანგ გაგნიძეს ამის შესახებ ეცნობაო. წარმოიდგინეთ, რა დამემართა. ამის შემდეგ, ჩემი მოადგილე, რომელსაც ამ საქმეზე 11 წელი ჰქონდა მისჯილი, გაამართლეს, ისევე როგორც გაამართლეს ახალაია. ამათი გამართლების საფუძველზე შევიტანე სარჩელი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლა მეც.

ეს უკვე ამ ხელისუფლების პერიოდში?

- დიახ, მაგრამ რატომღაც გენერალურმა პროკურატურამ გაასაჩივრა ჩემი საქმე. ნახეთ, ზეწოლა გრძელდება დღემდე. ეს ნაცპროკურორები, რომლებიც დღემდე დარჩენილი არიან გენპროკურატურაში, ისევ იგივეს აგრძელებენ. ვიღაცა ლია დარჯანია დამინიშნეს პროკურორად, თურმე ეს ყოფილა პირწავარდნილი ნაციონალი. დღესაც მისი დედ-მამა ნაცმოძრაობის აქტივისტები არიან. წარმოდიგინეთ, ეს ქალბატონი მიჯდება და მეუბნება - თქვენ რა გგონიათ, პოლიციაში კაცი მოკვდა და პასუხს არ გაგებინებდნენო. მე ვუთხარი, ქალბატონო, ამ წუთას უზენაეს სასამართლოში ვზივართ და გარეთ რომ ვიღაცა მოკლან, ამაზე თქვენ რომ დაგაკავონ, კარგი საქმე იქნება-თქო და ეს საერთოდ რა შედარება არისო. აბა მე რა შუაში ვარ, ნაბადის პოლიციის განყოფილებასა და ფოთის სამმართველოს შორის 25 კილომეტრია და მე რა შუაში ვარ-თქო. ხმა გაკმინდა. ისევ გამასამართლეს. მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა.

ანუ, თქვენი რეაბილიტაცია არ მომხდარა?

- არა ბატონო. რისი მწამებელი ვიყავი მე. იმ ცხონებულს ყველა დაზიანება მიღებული ჰქონდა ვარდნის შედეგად, რაც შემდეგ ჩვენ დაგვაბრალეს.

ასე ამბობდა გარდაცვლილის დედა, რომელიც არის ნაცმოძრაობის აქტივისტი...

- რამდენიმე თვის უკან ჯოხით ხელში იდგა რიონის ხიდთან და „არა რუსულ კანონსო“ ყვიროდა. თუ რაიმე უკანონობა იყო, ყველაფერი გამოვცადა და დღესაც იგივე გრძელდება. სამართალი მინდა აღდგეს, მაგრამ ამას ვერ მივაღწიე.

რა ხდებოდა მაშინ ციხეში?

- ხაინდრავას ფილმი ნანახი თუ გაქვთ?

არა...

- თვალით ნუ განახათ და ნურც გაგაგონათ, რა ხდებოდა ციხეში. ხაინდრავას ფილმი არის ჟურნალი იმასთან შედარებით, რაც ციხეში ვნახე 7 წლის განმავლობაში. ადამიანს ჩალის ფასიც არ ჰქონდა. კატასტროფა ხდებოდა, ვერც გავიმეორებ იმას, რაც იქ ხდებოდა. ღმერთმა დაგვიფაროს ეს რეჟიმი ისევ მობრუნდეს ხელისუფლებაში, თორემ მართლა დაიღუპება ეს ქვეყანა.