რაიონი სოფელი ღოღეთი ერთ-ერთი ბოლოა გამყოფ ხაზთან, სადაც მავთულხლართების გავლება რამდენიმე დღის წინ დასრულდა. მავთულხლართების მეორე მხარეს არაერთი მოსახლის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი მოექცა, რის გამოც იქ ევროკავშირისა დ გაეროს წარმომადგენლები ჩავიდნენ და ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს.
ტრისტან შათირიშვილი ერთ-ერთი იყო სოფლის მაცხოვრებელთაგან, ვინც ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლების დასახვედრად სოფლის ცენტრში დილიდან მივიდა. შათირიშვილმა დიმიტროვს ისტორიული რეალობები შეახსენა და განაცხადა, რომ ევროკავშირის დახმარება აუცილებელია.
"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, ქართველები ამაყი ხალხი ვართ. ბევრ ჭირ-ვარამს გავუძელით, უფრო გვეამაყებოდა ალბათ, ჩვენ რომ მყარად ვმდგარიყავით ფეხზე და ჩვენ თვითონ შეგვეძლებოდა ყველაფრის გადატანა. რამდენიც არ უნდა გავაკეთოთ, გინდა ხალხმა, გინდა სახელმწიფომ, ისეთ დიდ მეზობელთან როგორიც რუსეთია, ვერაფერს ვერ გავხდებით. ჩვენ უნდა გვქონდეს ევროპელი ხალხის თანადგომა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვითხოვთ. თქვენი დახმარებაა საჭირო, რომ დროზე ჩავდგეთ ევროპის რიგებში, თორემ უკვე 20 წელია ამ დღეში ვართ",-აღნიშნა შათირიშვილმა ელჩთან საუბრისას.
ადგილობრივი გლეხის მიმართვას ელჩმა ვრცლად უპასუხა. მისი თქმით, თუ ქართველები შეძლებენ ევროკავშირის გზაზე არსებული გამოწვევების გადალახვას, შედეგები კარგი იქნება.
"ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოგცეთ შანსი, იყოთ წევრი. მაგრამ ეს თქვენზეც იქნება დამოკიდებული, იმიტომ რომ, მოვა ხალხი, რომელიც შეეცდება რომ გაცდუნოთ და გადაგიბიროთ სხვა გზაზე, გადაგიბირონ ჩვენი საერთო ოჯახიდან. არ მოატყუებინოთ თავი, არ აცდუნებინოთ თავი თბილი სიტყვებით, რომ ყველაფერი იქნება კარგად, ისე, როგორც ოდესღაც წარსულში იყო. თუ გაუძელით ამ ცდუნებებს, დარწმუნებული ვარ, შედეგები კარგი იქნება. მაგრამ ვინაიდან ახლა არის კონკრეტული პრობლემები და საჭიროებები, შევეცადოთ ეს პრობლემები გადავჭრათ, იმიტომ რომ მეგობრები სწორედ ასე იქცევიან",-განაცხადა დიმიტროვმა.
ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა სიმონე ვოლკენმა ღოღეთში 77 ოჯახს პირველადი მოხმარების ნივთები, მათ შორის თბილი გადასაფარებლები და კარ-ფანჯრის საიზოლაციო მასალა – ჭიკარტები, მწებავი ლენტები და პოლიეთილენის პარკები ჩაუტანეს. გარდა ამისა, ღოღეთის მაცხოვრებლებმა წიგნები "მოდი გავიცნოთ ევროპა" და საკანცელარიო ნივთებიც მიიღეს.
2008 წლის ომის შედეგები და მავთულხლართები ღოღეთელების ერთადერთი პრობლემა არ არის. მათ ახალგაზრდების მიერ სოფლის მიტოვება ადარდებთ. ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ გაუსაძლისი პირობების გამო ახალგაზრდობა სოფელში თითქმის აღარ არის.
"ახალგაზრდები ყველანი წავიდნენ. მე 25 წლის ვარ და მოხუცებში რომ ჩავჯდები, ახალგაზრდა დაქალს მეძახიან. ბავშვებიც არ არიან, ჩემი შვილების გარდა. არც სკოლა არის, არც საბავშვო ბაღი. 6 კმ-ზე დავდივართ სკოლაში სოფელ ფცაში, ხან ფეხით, ხან "მარშუტკით". მარტო ჩემი შვილია ამ სოფლიდან პირველკლასელი. აქაც ყოფილა სკოლა. მაგრამ ომიანობის მერე დაიხურა",
-ამბობს ირმა კოჩია.
ახალგაზრდებისგან დაცლილ ღოღეთში გზის გაკეთებას დღემდე ელოდებიან. უგზოობის გამო მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია. სოფელში არ დადის ტრანსპორტიც.
"დიდი სახლი მქონდა ყველაფრით სავსე, მაგრამ ახლა შემძვრალი ვარ დანიელების აშენებულ კოტეჯში. ვცხოვრობ მეუღლის პენსიაზე. სოციალურ დახმარებაზე უარი გვითხრეს. ნაკვეთი მავთულხლართებს იქით მოყვა. სოფელს ყველაზე მეტად ხომ ხედავთ, რა სჭირდება, ხომ ნახეთ როგორ გზაზე მოხვედით - ჯიპების გარდა, პატარა მანქანით გადაადგილება შეუძლებელია. წელს გვპირდებიან რომ გზა გაკეთდება. გაზი შემოიყვანეს სოფელში, წყალი გაგვიკეთეს. დასალევად ვერ ვიყენებთ, მაგრამ გასარეცხად მაინც ხომ ვიყენებთ",- ყვება ადგილობრივი ლელა შათირიშვილი.
ომის შემდეგ სახლი დაზიანებული აქვს დღემდე გულნარა ღვალაძესაც - "ეკონომიურ გაჭირვებას განვიცდით თუ რამეს დაგვეხმარებიან, თუ რამეს გაგვიკეთებენ კარგი იქნება. ომის შედეგად ძალიან დაზარალებულები ვართ. ყოფილ მთავრობას ვუთხარით, ვთხოვეთ დახმარება, მთელი სახლი დაცხრილული მაქვს, რატომ არ დაგეწვა სახლიო -ასე მითხრეს. მართლია, ნეტავ დამწვოდა, წესიერად ავაშენებდი მაინც, ვაშენებ და არაფერი ეტყობა მაინც. წყალი ჩამომდის, კედელი გადაწოლილია".
ხელისუფლება სოფელს პრობელემების მოგვარებას პირდება. როგორც სოფლის რწმუნებული თამაზ ბერუაშვილი აცხადებს, გაზიფიცირება უკვე დაწყებულია და უახლოეს თვეებში ჩაირთვება. მისივე თქმით, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებს მრიცხველებს უფასოდ უყენებენ. რაც შეეხება გზას, ბერუაშვილის თქმით, გზა მიმდინარე წელს გაკეთდება.