„ფოთის ყველა უპირატესობა უნდა აღვადგინოთ და ძველის გაცოცხლებით, ქალაქს ახალი სიცოცხლე უნდა შთავბეროთ“

„ფოთის ყველა უპირატესობა უნდა აღვადგინოთ და ძველის გაცოცხლებით, ქალაქს ახალი სიცოცხლე უნდა შთავბეროთ“

ნიკო ნიკოლაძის მიერ პარიზის ბულვარის სტილში დაგეგმარებული ეს პატარა ქალაქი, რომელიც კოლხეთის დაბლობზე, შავი ზღვის სანაპიროზეა გაშენებული, ბევრი სპეციალისტის აზრით, ბერძნების მიერ აშენებული ქალაქ ფაზისიდან იღებს ისტორიულ სათავეს. ფაზისი ცნობილი იყო „ფაზისის აკადემიით“, რომელიც, სხვათა შორის, ერთადერთი ადგილი იყო, სადაც რიტორიკული სკოლა არსებობდა. აქ ისწავლებოდა ფილოსოფია და მჭერმეტყველება, რომელსაც ეუფლებოდნენ ბერძნული ენის მცოდნენი და ბევრ, იმდროინდელ ბერძენ თუ რომაელ სწავლულებს მიაწერენ ფაზისის აკადემიაში განსწავლას. სწორედაც, ეს იყო მიზეზი, რის გამოც დღემდე ამბობენ, რომ საქართველოში ცივილიზაცია დასავლეთიდან (ფაზისიდან) შემოვიდა.

ისტორიულ წყაროებში ფაზისი უკვე ფოთის ტოპონიმით მოიხსენიება. 1858 წელს კი ქალაქმა ახალი მნიშვნელობა შეიძინა, როცა ნიკო ნიკოლაძემ იგი სანავსადგურო ქალაქად გამოაცხადა. ფოთს ამ კუთხით დღემდე არ დაუკარგავს ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანი როლი.

თუმცა, საბჭოთა დროში, ფოთმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოტენციალი გამოავლინა - ზღვის და მაგნიტური ქვიშის წყალობით, ფოთი გახდა შავი ზღვისპირა ტურისტული ქალაქი, რომელსაც ყოველ ზაფხულს, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან უამრავი ტურისტი სტუმრობდა.

90-ანი წლების დასაწყისში კი, როცა ომმა სრულად გაანადგურა მალთაყვაში მდებარე დასასვენებელი კოტეჯები და სასტუმროები, ფოთის ტურისტული პოტენციალი დავიწყებას მიეცა და მით უმეტეს, აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ, ტურიზმის განვითარებამ აჭარაში გადაინაცვლა. ფოთს კი არათუ უცხოელი დამსვენებელი, საქართველოს მოქალაქეებიც აღარ სტუმრობდნენ.

წელს, ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ გატეხა ნავსი და საინტერესო სარეკლამო აქტივობით გააცნო (გაახსენა) ქვეყნის მოსახლეობას ფოთის ტურისტული პოტენციალი. შედეგად, ფოთს იმდენი დამსვენებელი ჰყავდა, რაც ბოლო 35 წლის განმავლობაში არ ჰყოლია.

აპირებს თუ არა ხელისუფლება ფოთს დაუბრუნოს ტურისტული პოტენციალი? აქვთ თუ არა ჩოყალიბებული ხედვა ამ მიმართულებით და როგორ წარმოუდგენიათ ქალაქის განვითარება? - ეს არის კითხვები, რომელზეც პასუხებისთვის for.ge-მ ფოთის მერთან, ბექა ვაჭარაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

ფოთში ტურისტულ სეზონთან დაკავშირებული სარეკლამო აქტივობა ეფექტური აღმოჩნდა და ბოლო 35 წლის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, მალთაყვას ამ რაოდენობის ტურისტი არ ჰყოლია. იმედია, ეს არ იქნება პირველი და ბოლო მცდელობა, ფოთმა დაიბრუნოს ის ტურისტული პოტენციალი, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაკარგა. მალთაყვის ტერიტორიას უზარმაზარი პოტენციალი აქვს ტურისტების მოსაზიდად, რომ არაფერ ვთქვათ ქვიშიან სანაპიროზე, თუმცა, რატომღაც, მანამდე არც ერთი ხელისუფლება არ დაინტერესებულა ქალაქის ეს მიმართულება განვითარებულიყო. დიდი ხნის განმავლობაში მორატორიუმი იყო გამოცხადებული მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით, რაც თავისთავად აფერხებდა ამ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებას. რა შეიცვალა ამ მიმართულებით და გაქვთ თუ არა ახალი პროექტების გარკვეული მონახაზი?

- მალთაყვის სანაპირო მართლაც უნიკალურია და დიდი პოტენციალი აქვს. წელს საჩვენებელი პროექტი გავაკეთეთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაგვეინტერესებინა. შესაბამისი გამოხმაურებაც და მოწონებაც გამოიწვია სანაპიროს იმ მონაკვეთმა, რომელიც ახალი ხედვით მოვაწყვეთ. მომავალი წლისთვის არეალის გაფართოებას ვაპირებთ, რომ მსგავსი ტიპის პროექტი უფრო დიდ პერიმეტრზე განვახორციელოთ.

რა ტიპის პროექტებზეა საუბარი?

- ქვიშის სანაპიროზე, სადაც ბუნგალოები და საშხაპეები იყო მოწყობილი, ახალ კონცეფციას ვამუშავებთ, რომ ყველა ზონას თავისი დატვირთვა ჰქონდეს. შესაბამისად, კერძო ბიზნესსაც, თუ მოუნდება კომერციული ობიექტების მოწყობა, ერთ კონცეფციაში ჩაჯდება, რაც ტურისტებისთვის მიმზიდველი იქნება.

თუ მხოლოდ კაფე-ბარების და რესტორნების მოწყობას გულისხმობთ, ტურისტებისთვის ეს არ იქნება საკმარისი. არის თუ არა ინტერესი ზღვის სანაპირო ზოლთან სასტუმროების აშენებაზე?

- ჩვენ გვაქვს მოქმედი განაშენიანების გეგმა. ამ ეტაპზე არის რამდენიმე ბიზნეს-ინტერესი. მაგალითად, ყველაზე აქტუალური ადგილი არის „ოქროს ტბის“ მიმდებარე ტერიტორია, რომლის უკანა მხარე ტყე-პარკს უკავია. ამ ეტაპზე, ტყე-პარკის კონცეფციას ვამუშავებთ. ის 31 ჰექტარი, რაც ჩვენი აქტიურობით ქალაქს გადმოეცა, შეგვიძლია ჩვენი რესურსებით განვავითაროთ, ანუ ტყე-პარკიც მოვაწყოთ, რომელსაც ესაზღვრება ერთ მხარეს „ოქროს ტბა“ და მეორე მხარეს ზღვის სანაპირო ზოლი. ასევე, ამ ტერიტორიაზე დგას ავარიული შენობა, რომელიც ქონების მართვის სააგენტოს ბალანსზეა. ახლა მოგვმართეს დემონტაჟის პროექტით. დემონტაჟი მოხდება და ის ტერიტორია განიხილება საინვესტიციოდ, ყოველ შემთხვევაში, დაინტერესებული მხარეები არიან, რომლებსაც სურთ, რომ აუქციონში მიიღონ მონაწილეობა. იქ კერძო ტერიტორიაც ბევრია და შესაბამისად, მათთვისაც გვინდა ბიძგის მიცემა, იქნებ გადადგან ნაბიჯი, რომ თავიანთი ტერიტორია განავითარონ. ვფიქრობ, მომავალ წელს ამ კუთხითაც გვქნება სიახლე.

რამდენიმე წლის წინ კოლხეთის დაბლობის დაცული ტერიტორიების თემაზე ვმუშაობდი და აღმოჩნდა, ლამის ნახევარი ფოთი შესულია დაცული ტერიტორიების ნუსხაში. რამსარის კონვენციით ამ ტერიტორიებზე მშენებლობები და სხვა, მსგავსი ტიპის აქივობები იკრძალება. ხომ არ იქნება ეს პროექტების განვითარებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი?

- ამ ტერიტორიას ეს არ ეხება. დაცული ტერიტორიები ეკუთვნის ეროვნულ პარკს. თავისთავად, იქ არის შეზღუდვები, რადგან იუნესკოს ტერიტორიების ნუსხაში არის შესული. დაცულ ტერიტორიებში ქალაქის ის ნაწილიც მოიაზრება, სადაც ისტორიული ძეგლებია და არ ვფიქრობთ, რომ იქ მაღალსართულიანი პროექტები დავუშვათ, რადგან ქალაქის იერსახე დამახინჯდება.

ერთია ქალაქის ცენტრალური ნაწილი, პორტი და მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ლოჯისტიკურად ვითარდება, მაგრამ მეორე ნაწილია მალთაყვის სანაპირო ზოლი და მისი მიმდებარე ტეროტორია, რაც ამ ეტაპისთვის ხელუხლებელია.

მაშინ რა იყო ხელის შემშლელი ფაქტორი, რომ ფოთმა თავისი პოტენციალის მიუხედავად, ვერც ერთი წინა ხელისუფლება ვერ დააინტერესა, თუ არ ჩავთვლით პორტს. შეიძლება ითქვას, ყველა ქალაქში ან რეგიონში, მეტ-ნაკლებად, რაღაცა გაკეთდა, ფოთი კი წლების განმავლობაში სულ უკან-უკან მიდიოდა, კომუნისტების დროიდან შემორჩენილი ინფრასტრუქტურა ინგრეოდა, გზების ჩათვლით და ახალი არ კეთდებოდა. ბათუმთან შედარებით, ფოთს მეტი პოტენციალი ჰქონდა, რომელიც არ იქნა გამოყენებული და მაინტერესებს, რა იყო ამის მიზეზი?

- ამ ეტაპზე, ინვესტორებისთვის ბათუმში ადვილად გათვლადია ბიზნესის განვითარება, რადგან ქალაქი უკვე განვითარებულია. თავის დროზე, ბათუმშიც ასე მოხდა - ერთი ბრენდირებული სასტუმრო გაჩნდა და შემდეგ უკვე სქემამ კარგად იმუშავა. ახლა, ჩვენც ამ პროცესში ვართ, რომ ერთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდეს სასტუმროების მიმართულებით, ბრენდული სასტუმრო შემოვიდეს და შემდეგ, დარწმუნებულები ვართ, რომ სხვა პოტენციური ინვესტორებისთვის ეს იქნება ბიძგი და სწრაფი ტემპებით შევძლებთ განვითარებას.

არ ვიცი, სწრაფი განვითარების ბრალი იყო თუ სხვა რამ მიზეზი, მაგრამ ბათუმი ძალიან გადაიტვირთა. თბილისის მსგავსად, თითქოს ქაოტურად ხდება განვითარება. ფოთის განვითარებისთვის არსებობს თუ არა წინასწარი დაგეგმარება?

- ჩვენ გვინდა, რომ ეს განვითარება საერთო კონცეფციაში ჯდებოდეს, რათა სამომავლოდ სავალალო შედეგები არ მივიღოთ. არსებული რეგულაციებით, ამ ეტაპზე, სართულიანი შეზღუდვა გვაქვს. ყველაზე მაღალი რაც შეიძლება გაკეთდეს, ახალი განაშენიანების გეგმის მიხედვით, არის 9-სართულიანი შენობები. არის ტერიტორიები, სადაც 5-7 სართულია დაშვებული, არის ტერიტორიები, სადაც მშენებლობა საერთოდ არ შეიძლება. ამის გადახედვაც გვინდა ისე, რომ ქალაქის ინტერესიც იყოს გათვალისწინებული და თან ინვესტორის ინტერესიც დავაკმაყოფილოდ. მაგალითისთვის, ბრენდულ სასტუმროებს 9-სართულით ვერ დავაინტერესებთ და ამიტომ, ჩვენი მომავლის ხედვაა, რომ შეიძლება 9 სართული გაიზარდოს, მაგრამ აუცილებელი პირობა უნდა ჩაიდოს - პირობითად, 1 ჰა-ზე თუ შეიძლება ხუთი ხუთსართულიანის აშენება, ვფიქრობ, სანაპიროსთვისაც უფრო მიმზიდველი იქნება და ქალაქის და ინვესტორისთვისაც მისაღები იქნება, რომ გაერთიანდეს და ერთი შენობა 25 სართულიანი შენობა დაიდგას, დანარჩენი ტერიტორია გამწვანებული იყოს, საპარკინგე სივრცეები მოეწყოს, მომავალში რომ არ მოხდეს მის გვერდით კიდევ ანალოგიური შენობის დადგმა.

თავის დროზე, სააკაშვილმა ფოთის მოდელირებული პროექტი წარმოადგინა თავისი ცათამბჯენებით, მაგრამ ამ პრეზენტეციის შემდეგ ეს პროექტი უკვალოდ გაქრა. იმის თქმა მინდა, რომ ქალაქის განვითარების გეგმაზე მუშაობა დაწყებულია თუ ესეც, უბრალოდ, კეთილი სურვილებია?

- ამ ეტაპზე საპროექტო დავალებას ვამზადებთ. წელსვე გვინდოდა საერთაშორისო კომპანიების ჩართვა. აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს. ვფიქრობთ, მთელი ქალაქის მასშტაბით, წელსვე გამოვაცხადოთ ტენდერი ახალ გენგეგმაზე და განსაკუთრებული ყურადღება, რა თქმა უნდა, მალთაყვაზე გვექნება გაკეთებული, რომ ქალაქის განაშენიანების ახალი გეგმა დაიდოს. შესაბამისად, მერე უკვე გეგმას მიჰყვება ყველაფერი. იდეის დონეზე რაც გვქონდა და კონსულტაციები რაც გვაქვს გავლილი, საპროექტო დავალება ამის მიხედვით მზადდება და ტენდერიც გამოცხადდება იმისთვის, რომ ახალი გენგეგმა მივიღოთ. ეს ახალი გენგეგმა მოგვცემს საშუალებას, რომ ახალი შესაძლებლობები შევქმნათ. შესაბამისად, ბიზნესსაც შევთავაზებთ იმას, რაც სჭირდებათ, ოღონდ, პირველ რიგში, ჩვენი ქალაქის განვითარების ინტერესების გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, წელს რაც ვეცადეთ, რომ სხვადასხვა ღონისძიებები გაგვეკეთებინა, ეს იყო პირველ რიგში იმისთვის, რომ ის შესაძლებლებები დაენახათ, რომელიც აქამდე ხალხმა არ იცოდა. ბევრმა სხვა თვალით დაინახა, ბევრმა სულ არ იცოდა, რომ ფოთს ქვიშის სანაპირო ჰქონდა და რაიმის მოწყობა შეიძლებოდა. ამიტომ, პირველ რიგში, ვმუშაობთ იმაზე, რომ სწორი პოზიციონირება გავაკეთოთ და ვფიქრობ, კარგად გამოგვდის.

ვცდილობთ სხვადასხვა კონფერენციებში მივიღოთ მონაწილეობა და იქაც ვაჩვენოთ ეს ჩვენი გეგმები, ხედვები და შესაძლებლობები. ჩვენი სარეკლამო აქტივობის შედეგად, წელს ბევრი დამსვენებელი ჩამოვიდა ფოთში, მაგრამ სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია ფიზიკურად ვერ უძლებს და ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნას, რა მოთხოვნაც გაჩნდა. ეს უკვე ბიძგს აძლევს ბიზნესს, რომ მომავალი წლისთვს სხვანაირად მოემზადოს, თუნდაც კაფე-ბარების, რესტორნების თვალსაზრისით და პირველ რიგში, რაც უკვე ვახსენე, ახალი, საერთაშორისო ბრენდების სასტუმროები გაჩნდეს, რომლებიც უკვე ახალ ეტაპზე გადაიყვანს ფოთს.

ბათუმი უკვე ვეღარ იტევს ტურისტების ამხელა ნაკადს და ალბათ, ხელისუფლება დაინტერესებული უნდა იყოს შავი ზღვის სანაპიროს განვითარებით, მით უმეტეს ამას პოლიტიკური დატვირთვაც ექნება, თუნდაც აფხაზეთის მიმართულებითაც...

- დიახ, მაგრამ ბიზნესი იმ გამოცდილ ადგილას ამჯობინებს ინვესტიციის ჩადებას, ვიდრე ჯერ შესასწავლ ადგილას რისკის გაწევას.

თუ გყავთ კონკრეტული პოტენციური ინვესტორები, რომლებიც, ამ ეტაპზე, შესაძლოა შემოვიდნენ ფოთში?

- ტერიტორიების ძირითადი ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ქონების მართვის სააგენტოდან, რომ რამდენიმე საკადასტრო კოდზე არის დაინტერესება და მიმართვა. შესაბამისად, ჩვენი აზრიც აინტერესებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ კონცეფციის მიხედვით, რომლის მიხედვითაც უნდა განვავითაროთ ქალაქი, თანახმა ვართ, მოხდეს ამ ტერიტორიების აუქციონზე გატანა. შესაბამისად, ქონების სააგენტო ამ საკითხზე მუშაობს და ვფიქრობ, რომ მომავალი წლისთვის, ამ კუთხით სერიოზული ძვრები გვექნება და მშენებლობები აქტიურად დაიწყება.

პორტი ქალაქის ერთი მოცემულობაა და მეორეა ფოთის ტურისტული პოტენციალი. რა მასშტაბებზე და რა მიმართულებით უნდა წავიდეს ქალაქი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით? ანუ ანაკლიის განვითარების მიუხედავად, ფოთი დარჩება მნიშვნელოვან საპორტო ქალაქად თუ ტურიზმის განვითარება გადაუსწრებს?

- პორტი ახსენეთ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მაჟორიტარის ინიცირებით პარლამენტის მხარდაჭერით, პორტის ტვირთბრუნვა გაიზარდა, რაც პირდაპირ აისახება ქალაქზე - თითო კონტეინერზე 30 ლარი შემოდის ქალაქის ბიუჯეტში.

წლევანდელი გათვლით, ჩვენი ბიუჯეტი წინასწარი პროგნოზით, 12 მილიონით გავზარდეთ. მომავალში პორტი გაფართოვდება, 250 მილიონის ინვესტიციას აპირებენ. შესაბამისად, გაზრდილი ტვირთბრუნვაც ქალაქს უფრო მეტ ფინანსურ შესაძლებლობას გაუჩენს.

მაგრამ, მეორე მხარეა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც ქალაქის ეკონომიკაზეც მოქმედებს, მათ შორის გაზრდილ ბიუჯეტზეც. ეს ყველაფერი ერთმანეთთან ბმაშია. ჩვენი ხედვაა, ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან დაკავშირებითაც გავაჩინოთ ინტერესი. ამ ეტაპზე, ჩვენი ბუჯეტი და ცენტრალური ხელისუფლებიდან მიღებული თანხები რა საშუალებასაც გვაძლევს, ვცდილობთ, ქალაქში ახალი მიზიდულობის წერტილები გავაჩინოთ, რომ მხოლოდ მალთაყვაზე არ იყოს კონცეტრირება და ქალაქის ცენტრშიც გაჩნდეს შესაძლებლობები.

ნიკოლაძის სანაპიროზე უკვე დავასრულეთ პროექტი და სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც მალე გამოვაცხადებთ ტენდერს. ეს არის რიონის სანაპირო, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობების მქონე ტერიტორიაა სხვადასხვა სივრცეებისთვის და ვფიქრობთ, კარგი პროექტები მოეწყობა. პროექტზე მუშაობის პროცესში იმ ტერიტორიაზეც გაჩნდა დაინტერსება - იყო კერძო შენობა, რომელიც ახალმა ინვესტორმა იყიდა და იქ აპირებს ახლი რესტორნის მოწყობას. ასე რომ, ბიზნესის დასაინტერესებლად ჩვენ უნდა განვახორციელოთ გარკვეული პროექტები და შემდეგ, უკვე, ბიზნესი აქეთ დაგვეხმარება, რაც ქალაქის ეკონომიკაზე იმოქმედებს და ბიუჯეტს თანხები მოემატება. ამის გამოა, რომ ბათუმის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზარდება და ქალაქის განვითარებაც სწრაფი ტემპით ხდება. ამ ეტაპისთვის ბათუმის ბიუჯეტი რვაჯერ მეტია ჩვენს ბიუჯეტზე. თუმცა, ამ კუთხით ჩვენ ძალიან ბევრი რამის გაკეთებას შევძლებთ, თუნდაც მომავალი წლიდან. ცეტრალური ხელისუფლება მუშობს, რომ გაიზარდოს დაფინანსება და შემოსავლის წყაროც გაიზრდება.

არის კიდევ ქალაქისთვის ერთი მტკივნეული თემა - კანალიზაციის ქსელის მოწყობა. წლებია უკვე პროექტი ხორციელდება, მაგრამ, როგორც ჩანს, პრობლემებს აწყდებით, რადგან ამ პატარა ქალაქში ვერა და ვერ დასრულდა წყალ-სანიაღვრე და კანალიზაციის მოწყობა. ეს თავისთავად აფერხებს გზის საფარის დაგებას. თუ გზა არ არის, რა პროექტების განვითარებაზე შეიძლება საუბარი?

- პრობლემა მართლაც იყო, წლების განმავლობაში ორჯერ შეწყდა საერთაშორისო კომპანიებთან ხელშეკრულება. ჩვენს ქალაქში სპეცფიკური მოცემულობაა - ზღვის დონიდან დაბალზეა, ამიტომ შეფერხებები იყო. ახლა უკვე არის სამი სხვადასხვა კონტრაქტორი, სამ ნაწილად გაიყო სამუშაოები და ამ შემთხვევაში ტემპები გამოსწორებულია და გეგმაზომიერად მიდის სამუშაოები. ის სამუშაოები, რაც სხვა კომპანიებზე იყო გათვალისწინებული, ვფიქრობთ, რომ შემდეგი წლის დასაწყისში უკვე დასრულებული იქნება. სადაც სამუშაოები დასრულდა, იქ ინფრასტრუქტურას ვაწესრიგებთ. ქალაქისთვის მნიშვნელოვანია გზები და თუ გზები არ არის მოწესრიგებული, შეუძლებელია ბიზნესი დააინტერესო. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. ეს პრობლემაც რომ გვარდება და ეს ინფორმაციაც ყველას აქვს, ამიტომ ველოდებით მეტ დაინტერესებას. თუმცა არის რაღაც ნაწილი, ძველი ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული და პარალელულად, ისინიც მოწმდება. მომავალ წელს, იქ, სადაც ხარვეზი დაფიქსირდება, გაგრძელდება სამუშაოები.

რაც შეეხება ძველ კონტრაქტორებს, ამ ეტაპზე, სახელმწიფოს მათთან სასამართლო დავა აქვს. კომპანიამ მასზე დაკისრებული ვალდებულებები რომ ვერ შეასრულა, ამით ქალაქის განვითარებაც შეაფერხა და ჩვენც დიდი ზიანი მოგვაყენა. მათ მიერ გაკეთებული სამუშაოები გადამოწმებას საჭიროებს. შესაძლებელია იქ ახლიდან მოგვიწიოს სამუშაოების ჩატარება. თუმცა, ამ შემთხვევაში, ახალ კონტაქტორებს მადლობა მინდა ვუთხრა, რადგან გაასმაგებული ტემპებით მიდის სამუშაოები, ვიდრე წინა კონტრაქტორის შემთხვევაში.

დარწმუნებული ხართ, რომ სამუშაოები ახლა უხარვეზოდ მიმდინარეობს?

- სამუშაოებს, ძირითადად, თურქული კოპანიები ასრულებენ, რომელთა შესრულებულ სამუშაოებს ზედამხედველობას უწევს ფრანგული საერთაშორისო კომპანია. არსებობს შესაბამისი ტექნიკა, რომელიც სამუშაოების დასრულების შემდეგ იტესტება და თუ რამე ხარვეზია, იქვე სწორდება.

იმ ქუჩებზე, სადაც სამუშაოები არაა ჩატარებული, რა თქმა უნდა, იქ პრობლემაა. გვაქვს გეგმა-გრაფიკი და ვიცით, როდის დასრულდება ეს ყველაფერი.

სრულად როდის დასრულდება ქალაქში კანალიზაციის ქსელის მოწყობა?

- სადაც ახალი კონტრაქტორები მუშაობენ, 60% შესრულებულია. დასრულებული სამუშაოების ის 40%, რომელიც წინა კონტარქტორის მიერ იყო შესრულებული, გაიტესტება და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მის გამოსწორებას შეუდგებიან. შესაბამისად, ამას ახალი კონტრაქტი დასჭირდება. მომავალ წელს ამის ვადებიც გვეცოდინება ზუსტად. თუმცა, ძირითადი სამუშაოები შემდეგი წლის დასაწყისში დასრულებული იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სადაც სამუშაოები სრულდება, ჩვენი რესურსით გზების მაქსიმალურად მოწესრიგებას ვცდილობთ. წყალმომარაგების კომპანიაც დაგვეხმარა და დაახლოებით, 20 მილიონის ღირებულების გზებს თავადაც აგებს. გარდა ამისა, არის პრობლემები წყალმომარაგების ძველ ქსელთან დაკავშირებით, მილებიდან წყალი ჟონავს და წყალმომარაგების კომპანიას სამუშაოების ჩატარების მიზნით, გადათხრა ხშირად უწევს. ასე რომ, ეს არ უკავშირდბა კანალიზაციას, ეს არის ის წყლის მილები, რომლის ნაწილი 2007 წელს არის გაკეთებული. ახლა კი, ამ ხარჯს მუნიციპალიტეტი წევს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ახლა წყალმომარაგების კომპანიასთან გვაქვს საუბარი, რომ ძველი მილები გაუქმდეს ისე, რომ ქუჩის გადათხრა არ მოხდეს და ახალი ქსელი მოეწყოს ტროტუარებზე.

კიდევ ერთი პრობლემა აქვს ქალაქს რომელიც ყოველ ზამთარს იჩენს თავს. ზღვის სანაპირო ზოლზე ზღვა მთლიანად ანაგურებს ახლად გაკეთებულ ინფრასტრუქტურას. ფოთის ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, ზღვის შემოტევას და სტიქიას ვერ გაუმკლავდება, მაგრამ თუ არ მოხდა ჯებირების გამაგრება, ყოველ წელს ინფრასტრუქტურის განახლებაზე ხრჯების გაწევა რამდენად გონივრულია? ამ მიმართულებით თუ კეთდება რამე?

- კუნძულის სანაპიროზე სწორედ ამის გამო შევიკავეთ თავი პროექტების გაკეთებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი ტერიტორიაა და მოქალაქეები ხშირად სეირნობენ, ინფრასტრუქტურა არ გვაქვს მოწყობილი და ვფიქრობთ, რომ მომავალში მოვაწყოთ. ახლა, გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა ტენდერი. 10 მილიონამდე ჯდება ტალღების დამჭერების მოწყობა კუნძულის სანაპიროზე იმისთვის, რომ მომავალში თავიდან ავირიდოთ ზღვისგან მიყენებული ზარალი. ეს პროექტი როგორც კი დასრულდება, მომავალ წელს გავაკეთებთ ასევე კუნძულის სანაპიროს რეაბილიტაციას.

მალთაყვის უბანში არანაკლები პრობლემაა, ზღვა სულ უფრო მოიწევს ხმელეთისკენ, იქ რას აპირებთ?

- მალთაყვაზე, ამ ეტაპზე, საუბარი არაა. ჩვენ გვაქვს გარკვეულ სპეციალისტებთან შემუშავებული გეგმა, როგორ შეიძლება ბუნებრივად მოხდეს მოსილვა რიონის არხის დახმარებით, თუნდაც იგივე კუნძულის სანაპიროსიც. თუმცა, იქაც სამუშაოებია ჩასატარებელი, რადგან რიონის არხი გასაწმედია. ასე ვთქვათ, კომბინირებული პროექტია საჭირო - ჯებირები გასამაგრებელია, რათა უფრო მეტი ნაკადის შემოდინება გამოვიწვიოთ და შესაბამისად, იმ ნაკადის გადანაწილება მოხდეს უკვე სანაპიროზე ე.წ. მიწის ტომრების დახმარებით, რათა გადმოვტყორცნოთ ის ბუნებრივი ნატანი.

ფოთს კიდევ ერთი საინტერესო წერტილი აქვს: პალიასტომის ტბა, მდინარე კაპარჭინა, ფიჩორი და იქედან გზა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ხელთუქმნელ, ველურ ბუნებაში - კოლხეთის ეროვნულ პარკში.

- პალიასტომის ტმა ეროვნული პარკის დაქვემდებარებაშია. ეროვნული პარკის ტერიტორია ძალიან ახლოს არის მალთაყვის ტყე-პარკთან. ის ტურისტები, რომლებიც ეროვნული პარკის სანახავად მოდიან, მალთაყვის ტყე-პარკის გავლა უწევთ. ამიტომ, ჩვენი მიზანია, ეს ტურისტები მაქსიმალურად შევაკავოთ ქალაქში. ამიტომ ვმუშაობთ ტყე-პარკის კონცეფციაზე, რომ ადამიანებს ტყე-პარკში შემოსვლის სურვილი გავუჩინოთ, აქედან კი მალთაყვის სანაპიროზე გადასვლის და საბოლოო ჯამში, ტურისტების შემოსვლა ქალაქის ეკონომიკაზე აისახოს. ამ ეტაპზე უცხოელები შემოდიან, ეროვნულ პარკს ნახულობენ და ტოვებენ ქალაქს. 

საუბარია ასევე ძველი გრეიფრუტის მეურნეობის ტერიტორიაზე, კერძო ინვესტიციებით, დიდი სპორტული კომპლექსის მოწყობაზე. რა ეტაპზეა ახლა ეს ინიციატივა?

- ამ ეტაპზე, ინფორმაცია გვაქვს, რომ აქვთ სურვილი სპორტული აკადემიის გაკეთების. შესაბამისად, დაინტერესება არის მიწის შეძენაზე. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. ჩვენი მხრიდან რაც იქნება საჭირო, მაქსიმალრად ჩართულები ვიქნებით. თუმცა, ეს კერძო ინტერესია და ვნახოთ, რა გამოვა.

ფოთი არის ისეთი ქალაქი, რომელიც ბევრ შესაძლებლობას იძლევა, რომ ახალი პროექტები განხორციელდეს, თუმცა ყველაფერს დრო და თავისი რესურსი სჭირდება. ახლა, ამ ეტაპზე, მაგალითად, უშიშროების უწყების ძველი შენობის (რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია), რეაბილიტაციას ვასრულებთ, სადაც ახალგაზრდული სივრცის მოწყობას ვგეგმავთ, რომელიც იანვრიდან დაკომპლექტდება და გაიხსნება. ასევე, სანიჩბოსნო ბაზა მოეწყობა. ეს ტრადიციული სპორტის სახეობაა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყო მისი მშენებლობა, სადაც არა მარტო ჩვენი ადგილობრივი სპორტსმენებისთვის იქნება ახალი შესაძლებლობა, ეს იქნება ადგილი, სადაც საერთაშორისო შეჯიბრებები ჩატარდება. ეს თავისთავად დადებითად აისახება ქალაქის ეკონომიკაზე. ამიტომ, ჩვენი მიზანია კონკურენტული უპირატესობები, რაც სხვა ქალაქებთან გვაქვს, ყველაფერი აღვადგინოთ. ახლის მოგონება არაა საჭირო, უბრალოდ, ძველის კარგად გაცოცხლება გვინდა და ქალაქს ახალი სიცოცხლე შთავბეროთ.