„ომის გეგმაში გვეპატიჟებიან ფიჩხად რუსეთის წინააღმდეგ დანთებულ კოცონში - სულელი აქ არავინ არის“

„ომის გეგმაში გვეპატიჟებიან ფიჩხად რუსეთის წინააღმდეგ დანთებულ კოცონში - სულელი აქ არავინ არის“

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი გოგავა აცხადებს, რომ მეორე ფრონტის გახსნის საკითხი კვლავ აქტუალურია, რადგან დასავლეთის გეგმამ, რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების შესახებ, არ იმუშავა. გათვლები, რომელიც ჰქონდათ არ ეფუძნებოდა რეალურ მონაცემებს. სანქციებმა კი, მისი თქმით, უკუეფექტი გამოიწვია - რუსეთის ეკონომიკა გაძლიერდა და გაიზარდა. გოგავას შეფასებით, ასეთი ომის გეგმაში გვეპატიჟებიან ფიჩხად რუსეთის წინააღმდეგ დანთებულ კოცონში.

for.ge ირაკლი გოგავას ესაუბრა.

ბატონო ირაკლი, 26 ოქტომბერს არჩევნებია. როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო გარემოს?

ირაკლი გოგავა: ქვეყანა და ხალხი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, ბავშვები სკოლაში დადიან, დიდ ქალაქებში საცობებია, სოფლად მოსავალს აბინავებენ, სტუდენტები უნივერსიტეტებში დადიან, თეატრებსა და მუზეუმებში ხალხმრავლობაა, ტურისტები ჩამოდიან, ვაჭრობა და წარმოება იზრდება - ნორმალური აქტიური ცხოვრება მიდის. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნით და ჩვენი არაკომპეტენტურობით და ზოგ შემთხვევაში ქვეყნის ინტერესების ღალატით ეკონომიკა უკვე 30 წელია არასწორი მოდელით ვითარდება, ის მაინც იზრდება, ხალხი ეკონომიკას თავად ავითარებს - ქართველები კრეატიული და ნიჭიერი ხალხია.

ხელისუფლება ამას ხელს არ უშლის, არ რეკეტიორობს და ბიზნესს არ ატერორებს. რაც მთავარია, 2012 წლიდან მშვიდობაა და ამან მოიტანა დიდი შედეგი: ოფიციალურად ეკონომიკა წელს 90 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. თუ გავითვალისწინებთ მსოფლიო ბანკის მონაცემებს, რომლის კვლევის მიხედვით ქართული ეკონომიკის 45% „ჩრდილშია“, გამოდის, რომ რეალური ეკონომიკა 130 მილიარდი ლარი იქნება.

ეს კი ერთს სულ მოსახლეზე $12,900 გამოდის, ხოლო მსყიდველობითუნარიანობით მინიმუმ ორჯერ მეტი. ეს კარგი შედეგია, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2012 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ დაახლოებით $4500 იყო. ამ ზრდის ნაწილი ინფლაციაა ანუ ფასების მატება, მაგრამ უფრო დიდი ნაწილი ეკონომიკის რეალური ზრდაა. ასე თუ გაგრძლედა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ბულგარეთს და რუმინეთს ორ წელიწადში გადავასწრებთ, რომელთა მშპ ერთ სულ მოსახლეზე $16,000 და $18,000-ია შესაბამისად. 

დაძაბულობა და პოლარიზება მხოლოდ ციფრულ ტელეყუთშია, სადაც ეს ხელოვნურად ხდება, თანაც ორივე მხარის მიერ ხმების მაქსიმალური მობილიზებისთვის. ტელევიზორს უკვე 16 წელია არ ვუყურებ, ამდენად გონება არ მაქვს ამღვრეული მდარე ხარისხის პოლიტიკური შოუებით და იდეოლოგიური პროპაგანდით, მკითხველსაც იგივეს ვურჩევ. ქვეყნის შიგნით წინასაარჩევნო გარემო რეალურად მშვიდია, მაგრამ უცხოეთიდან გამწვავების დაკვეთა იქნება და აგენტურაც აბობოქრდება. აქ ხომ ე.წ. ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ის ხალხია, ვინც უცხო ქვეყნების სამსახურშია, იქიდან ფინანსდება. გვესმის, რომ ნებისმიერ ფულს ვალდებულება მოყვება.

დაახლოებით 20,000 ადამიანამდე უცხოეთის ჯამაგირზეა, დაფინანსებას რეგულარულად იღებენ. ამ ხალხის ფსიქოლოგია იმ ტვინნაღრძობმა გააჟღერა: „დასავლეთი თუ გვეტყვის, ცალ ფეხზე უნდა დავდგეთო“. ჰოდა დგანან და ელოდებიან დავალებებს! ეს მონური ფსიქოლოგიაა. არავის მსახურება და მონობა ჩვენ არ წაგვადგება: არც ბრიუსელის, არც ვაშიგნტონის, არც მოსკოვის და არც პეკინის. ჩვენ ჩვენი სუვერენული განვითარების გზით უნდა წავიდეთ. კმაყოფილი ვარ იმით, რომ ივანიშვილმა ანტიკოლონიალური ამბოხება გამოაცხადა და ქართული სახელმწიფოს სუვერენტიტეტის მოსაპოვებლად ბრძოლა წამოიწყო. 

დააკვირდით, ეს მან გააკეთა სწორედ მაშინ, როცა მსოფლიო გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა და ერთპოლუსიანმა სამყარომ რღვევა დაიწყო. უნდა ვაღიარო, რომ მანამდე ამის რეალური საშუალება არ იყო - გაგვსრესდნენ. პოლიტიკაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების და ნაბიჯების დროულობას. საკითხი უნდა მომწიფდეს და გარე ვითარება ხელს გიწყობდეს. დრო ზუსტად არის შერჩეული. ქართული პროექტი დაიწყო! ამ საქმეს აუცლებლად ბოლომდე მივიყვანთ. ეს არ არის პრორუსული ან პროჩინური პროცესი, უფრო მეტიც არც ანტიდასავლურია! ეს ქართული პროცესია და ის დიდხანს მწიფდებოდა.

თქვენ ახსენეთ, რომ ივანიშვილმა გამოაცხადა ანტიკოლონიალური ამბოხება და ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლა დაიწყო. ფიქრობთ, რომ საქართველო კოლონიაა?

დიახ, კოლონიაა და აგიხსნით რატომ? 2003 წლიდან საქართველო სრულ გარე მართვაზე იმყოფებოდა. საკადრო პოლიტიკას უცხოეთი უძღვება. ნებისმიერი თანამდებობის პირი მათთან თანხმდება. პოლიტიკურ ველზე თითქმის არ არის ფიგურა, რომელიც დასავლეთის გარეშეა იქ მოხვედრილი. ეს ამ ხელისუფლების პირობებშიც გრძელდებოდა ცნობილი „შარლ მიშელის შეთანხმების“ ჩაშლამდე. ანუ ქვეყანას არ ჰქონდა დამოუკიდებელი პოლიტიკური მართვის შესაძლებლობა - ეს კი კოლონიის პირველი ნიშანია.

ეკონომიკა მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის მიერ იმართება. ჩვენ აკრძალული გვაქვს მრეწველობის განვითარება და იაფი კრედიტების გაცემა. უცხოელი უფრო პრივილეგირებულია ჩვენთან, ვიდრე ადგილობრივი. ნახეთ საერთაშორისო ორგანიზაციები, კომპანიები: უცხოელს ყოველთვის მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე ადგილობრივს - თანაც რამდენჯერმე.

კოლონიის კიდევ ერთი მახასიათებელი ის არის, რომ ხდება ბუნებრივი რესურსების და შრომითი რესურსების ექსპლუატაცია. ჩვენგან გააქვთ: ოქრო, სპილენძი, რკინა, ფერადი ლითონები, ხე-ტყე, მარგანეცი, დიატომიტი, ხოლო ჩვენი ხალხი მიყავთ და მესამედ ფასში ამუშავებენ თავის ეკონომიკაში. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ერთი ადამიანი სიცოცხლის მანძილზე 1 მილიონი დოლარის ეკონომიკას ქმნის. ევროპაში 400,000 მეტი ქართველი მუშაობს დღეს. 

ექსპლუატაცია ხდება ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის, სადაც საერთაშორისო ტარიფებზე გაცილებით იაფად გადის თხევადი თუ მყარი ტვირთები ჩვენს ტერიტორიაზე. თურქეთმა 2021 წელს მოამატებინა ბაქო-ჯეიჰანის მილსადენზე ტრანზიტის საფასური ბრიტიშ პეტროლიუმს და კონსორციუმს. ჩვენთან ამ საკითხზე სიჩუმეა. გაგვიჩერეს მსოფლიო მნიშვნელობის დარგები: ჩაის მრეწველობა, მანქანათმშენებლობა, მეაბრეშუმეობა, გემთმშენებლობა, კვების მრეწველობა და ბევრი სხვა.

988 წელს საქართველო 970 მილიონ პირობით ქილა კონსერვს უშვებდა. კაპიკი არ მოგვცეს, რომ შეგვენარჩუნებინა ნაწილი მაინც, დაელოდნენ სანამ გაჩანაგდებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი კვების მრეწველობის სექტორი და ის დანადგარები ჯართში იაფად ჩაიბარეს, გადაადნეს და შემდეგ მზა სამრეწველო პროდუქტი ჩვენივე მეტალისგან დამზადებული მამასისხლად მოგვყიდეს. გვაიძულეს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების შემოღება, რაც ადგილობრივ მწარმოებელს სრულიად დაუცველს ტოვებს და მრეწველობა ვეღარ ვითარდება. 

თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მდიდარ და ღარიბ ქვეყანას შორის ღარიბი ქვეყნის კიდევ უფრო გაღარიბებას ემსახურება - ეს არის აქსიომა. საერთაშორისო ორგანიზაციებში ყოველთვის უფასოდ ჰქონდათ ჩვენი ხმა მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებზე თუ რეზოლუციებზე. ჩვენი ჯარისკაცები ორი ათეული წელი ჰყავდათ ავღანეთის, ერაყის, ცენტრალური აფრიკის და კოსოვოს ოპერაციებში. მხოლოდ ავღანეთში 17 წელი საშუალოდ 1200 ქართველო ჯარისკაცი იყო.

ამერიკული კვლევა არსებობს, რომლის მიხედვით ერთი ამერიკელი ჯარისკაცის შენახვა ავღანეთში წელიწადში $1,300,000 უჯდებოდათ. გამოდის, რომ ჩვენი ჯარისკაცების იქ ყოფნით მინიმუმ $20 მილიარდის ეკონომია გაააკეთეს. ეს მხოლოდ ავღანეთი, დანარჩენი ცალკე დასათვლელია.

2008 წლის ომი ცალკე აღნიშვნის ღირსია - მათ გარეშე ეგეც არ მოხდებოდა. რაც დღეს უკრაინაში ხდება, ეგ ჰქონდათ დაგეგმილი აქ, ჩვენთან. 100,000-იან რეზერვს მაგიტომ ამზადებდნენ, რომ პარტიზანული ომები გვეწარმოებინა თვეების და წლების მანძილზე.

ზოგი ჭირი მარგებელიაო და გაგვიმართლა, რომ სააკაშვილი მხდალი აღმოჩნდა. ახლა საქართველოსგან მხოლოდ ნანგრევები იქნებოდა, მოსახლეობა კი მაქსიმუმ 2 მილიონი და სახელმწიფოც არ გვექნებოდა. სააკაშვილის დროს ქვეყანა 100%-იან გარე მართვაზე იყო და ეს ომიც გარედან იგეგმებოდა. გამოაქვეყნოს ფინანსთა სამინისტრომ რამდენი გვაქვს საგარეო ვალი აღებული და რამდენია გადახდილი პროცენტებში. კატასტროფა ციფრებია, გარწმუნებთ.

უცხოური ფულით აშენებული ერთი საწარმო გინახავთ? ვერც ნახავთ, არ აწყობთ, კონკურენტს ხომ არ გაიჩენენ?! მსოფლიოში თითქმის ყველაფრის ჭარბწარმოებაა და არავის სჭირდება კონკურენტი. პრევენციულად მუშაობენ და ისე ალაგებენ ყველაფერს, რომ აქ წარმოებას აზრი არ ქონდეს. გაგიგიათ უცხოელებისგან, რომ დენის, წყლის, გაზის ტარიფი ბიზნესისთვის დააკელითო? პირიქით, გაზრდას ითხოვენ. ეს იმიტომ, რომ არ იყოს რენტაბელური წარმოების გამართვა. იგივეა სოფლის მეურნეობაში.

ევროკავშირში კი დენის ტარიფი ბიზნესისთვის უფრო იაფია ვიდრე მოსახლეობისთვის, რადგან ასეა მართებული. გაგიგიათ, რომ დღგ-ს ჩინური მოდელი შემოიღეთ წარმოებისთვისო?! ვერც გაიგებთ, არ აწყობთ და იმიტომ. ჩინეთში სამრეწველო საწარმოებისთვის დღგ-ს ძალიან ჭკვიანური მოდელი მოქმედებს: საბოლოო პროდუქტის შექმნამდე საწარმოები დღგ-ს ერთმანეთს არ უხდიან ან ტარიფი მიზერულია 1-3% მხოლოდ. ამიტომაც გამოსდით ჩინელებს საბოლოო პროდუქტის თვითღირებულება იაფი. კიდევ ბევრი ინდიკატორის მოყვანა შეიძლება, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველო კოლონიალური მართვის ქვეშ არის, მაგრამ ამ ფორმატში ეს შეუძლებელია. მოკლედ, ჩვენი სიკეთე არავის უნდა. პირიქით, ხომ ხედავთ, ომის „ღუმელში“ ჩვენი შეგდება აქვთ ჩაფიქრებული, მეორე ფრონტის გახსნას მოითხოვენ.

ფიქრობთ, რომ მეორე ფრონტის გახსნის საკითხი კვლავ აქტუალურია?

- დასავლეთის გეგმამ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების შესახებ არ იმუშავა. გათვლები, რომელიც ჰქონდათ არ ეფუძნებოდა რეალურ მონაცემებს. სანქციებმა კი უკუეფექტი გამოიწვია - რუსეთის ეკონომიკა გაძლიერდა და გაიზარდა. ასეთი ომის გეგმაში გვეპატიჟებიან ფიჩხად რუსეთის წინააღმდეგ დანთებულ კოცონში. სულელი აქ არავინ არის. 2022 წლის მარტიდან მთავარი, რასაც სთხოვენ ივანიშვლს, რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვაა. ეს მან ღიად განაცხადა და პრემიერმაც ამის შესახებ არაერთხელ ისაუბრა.

როცა ჩვენი მხარე მათ ეუბნება, რომ დაგვბომბავენ, ხალხი დაიღუპება, გაგვანადგურებენ, ეკონომიკას დააქცევენ, ისინი პასუხობენ: არაუშავს აღვადგენთო. ხალხი რომ დაიღუპება ეს მათთვის მხოლოდ სტატისტიკაა. მიაჩნიათ, რომ საქართველომ „საერთო საქმისთვის“ 200,000 კაცი მსხვერპლად რომ შეწიროს, პრობლემა არ არის. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, ამხელა მსხვერპლის გაღების არც სურვილი გავქვს და არც საშუალება! 2008 წელს როცა გვაომეს, მერე 2 მილიარდი მოგვცეს და კიდევ 2 მილიარდი სესხად.

ახლა გაეჭედათ უკრაინის ფრონტზე საქმე და ყველაფერზე წავლენ, რომ იქნებ მეორე ფრონტის გახსნით რუსეთს აქეთ გადმოასროლინონ თავისი ძალების ნაწილი. მათი გადმოსახედიდან შესაძლოა სწორი გათვლაა, მაგრამ აბა, ჩვენ გვკითხეთ ერთი! ახლა ისმის მუქარები: დახმარებას შეგიწყვიტავთო, ევროკავშირში არ მიგიღებთო, სანქციებს შემოვიღებთო, თქვენს ექსპორტს აღარ მივიღებთო, სვიფტიდან გაგთიშავთო, კრედიტებს აღარ მოგცემთო, ევროპაში უვიზოს გაგიუქმებთო. მოდით, გავყვეთ ახლა ამ მუქარებს.

რაც შეეხება უცხოურ დახმარებას, რა შემოდის?

- დახმარება რაც შემოდის, იმის მხოლოდ 5-10% ხმარდება ქვეყნისთვის სახეირო საქმეს, დანარჩენი „დახმარება“ საკუთარი მეხუთე კოლონის დაფინანსებაზე მიდის და ეს პროცესი სახელმწიფოს და საზოგადოების უსაფრთხოებას ძირს უთხრის, რადგან ძირითადად ნეოლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდას, შობადობის შემცირების ღონისძიებებს და უცხოური პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესების ლობირებას ხმარდება. რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროგრამები წამოიწყეს და თბილისის ცენტრში შენობა აღარ დატოვეს, სადაც უწმაწური წარწერა არ გაკეთებულიყო.

ახლა ვაშინგტონში რომ შენობის კედლებს იგივე დავაწეროთ, მოეწონებათ? კურიოზულ მაგალითს გეტყვით: კიკეთში ათეულობით ძეგლზე უკრიანის დროშაა დახატული, მხოლოდ ფერები ამოყირავებულია - პირიქით არის. ნათელია, ვიღაცას მისცეს ორი ფერის საღებავი, ფუნჯი, გადაუხადეს ფული და მისცეს დავალება, დაეხატა. აბა ადამიანი, რომელიც იმდენად უჭერს მხარს უკრაინას, რომ გარეთ გადის და ასეთ აქციას ატარებს, დროშის ორი ფერი როგორ არის განლაგებული არ უნდა იცოდეს?! ასე, ფულით, ხელოვნურად იქმნება იმის ილუზია, რომ აქ იმდენად დიდი მუხტია, რომ ხალხი კედლებზეც კი გამოხატავს პოზიციას.

ეს ცხადია, ხელოვნური პროცესია, მაგრამ გააუბედურეს შენობები, ქალაქი რას დაამსგავსეს?! გიგაურის, ჯანეზაშვილის, ხიდაშელის და სხვა აგენტურის დაფინანსება მე რატომ ჩავითვალო დახმარებაში?! ეს „დამხმარებები“ თუ შეწყდება, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, რადგან მოგვეცემა შანსი ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება განვავითაროთ ქართული ფულით. ახლა სამოქალაქო სექტორი მონოპოლიზირებულია და 600-მდე ასო-ს მეშვეობით ემსახურება უცხოეთის ინტერესებს.

პირდაპირი ტექსტით გვემუქრებიან, რომ ევროკავშირში არ მიგიღებთო...

- ვნახე კვლევა, სადაც ქართველებს ეკითხებიან: ხარ თუ არა მომხრე ევროკავშირში გაწევრიანდე, თუ ეს გულისხმობს ლგბტ დღის წესრიგის აუცილებლად მიღებას? მხოლოდ 12% პასუხობს „დიახ“. ის წარმოდგენა, რომ ხალხს სადღაც შესვლა ნებისმიერ ფასად სურს, სინამდვილეს არ შეესაბამება. ამის გარეშეც, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ ან გვაქვს წარმოების პოტენციალი, ევროკავშირში ამ პროდუქტების ჭარბწარმოებაა: ღვინო, ციტრუსი, ხილი, ბოსტნეული... წელს ბორდოს პროვინციაში 40,000 ჰექტარ ვაზს გაჩეხავენ მთავრობის დაფინანსებით. ერთი ჰექტარის გაჩეხვაში მთავრობა 6000 ევროს იხდის. რუმინეთს და ბულგარეთს რომ ვუყურებ, ნამდვილად არ აქვთ სახარბიელოდ საქმე - ორივე ქვეყანაში სიღარიბე ჩვენზე მეტია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, რუმინეთში და ბულგარეთში მოსახლეობის 22% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, საქართველოში კი 15%.

ორ წელიწადში ამ ორ ქვეყანას ეკონომიკური მაჩვენებლებით გადავუსწრებთ, რადგან ევროკავშირში რეცესია დაიწყო და იქ რეცესიის დაბალანსებას დასავალეთ ევროპა ახალი წევრების ანუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ხარჯზე შეეცდება. რა მოლოდინიც გვქონდა ევროპისგან, რომ გაგვიხსნიდნენ წვდომას მეცნიერულ მიღწევებზე, ტექნოლოგიებზე, იაფ კრედიტებზე და ევროპულ ბაზარზე - არ გამართლდა. 2023 წელს ევროპამ $3,6 მილიარდის საქონელი მოგვყიდა, ხოლო ჩვენ ევროპაში მხოლოდ $700 მილიონის პროდუქცია გავიტანეთ. ხუთმაგი განსხვავებაა ვაჭრობაში - ეს საოცრად არასამართლიანია.

ახლა სწავლას რაც შეეხება: ბევრი ქართველი სტუდენტი სწავლობს ევროპაში. ბევრს აფინანსებენ კიდეც, მხოლოდ ჰუმანიტარულ სპეციალობებზე, რადგან უცხოელებს მიაჩნია, რომ ჩვენ არ გვჭირდება ფუნდამენტური სპეციალობების ხალხი: ინჟინრები, ექიმები, ქიმიკოსები, ფიზიკოსები, ჰიდროლოგები, გეოლოგები და ასე შემდეგ, ეს მომსახურება ჩვენ მათგან უნდა ვიყიდოთ. ზოგადად, უცხოელი სტუდენტების დაფინანსება რბილი ძალის გამოყენების ცნობილი ტექნოლოგიაა. თუ უცხოელს შენთან ასწავლი, ბევრს შენი ქვეყნის მიმართ სიმპათიები უჩნდება.

ჯერ არ შემხვედრია უცხოეთში განათლებამიღებული, რომლის ერუდიცია და ინტელექტი რაიმეთი აღემატებოდეს 80-იან ან თუნდაც 90-იან წლებში თსუ-ს წარმატებულ კურსდამთავრებულს. უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირში წევრობა გულისხმობს, რომ ბრიუსელი განაგებს საქართველოს საბაჟო პოლიტიკას, აწესებს კონკურენციის წესებს ბაზარზე, სავაჭრო შეთანხმებებს დებს შენს ნაცვლად, მთლიანად აკონტროლებს თევზჭერის დარგს, კოორდინაციას უწევს მიგრაციის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, დასაქმების, სამართლებლივ, ჯანდაცვის და კიდევ მრავალი სფეროს პოლიტიკას.

ფაქტობრივად, სუვერენიტეტის დიდ ნაწილს გადასცემ ბრიუსელს ანუ ფონ დერ ლაიენი გადაგვიწყვეტს როგორ უნდა ვიცხოვროთ და შარლ მიშელი, ბორელთან ერთად. საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, უმჯობესია შევინარჩუნოთ სუბიექტურობა და ყველა ვექტორით ვიმუშავოთ - ასე გაცილებით მეტს მივაღწევთ. დღევანდელ ევროკავშირში წევრობა არ მგონია, რომ მომგებიანი იყოს რომელიმე კუთხით, მით უფრო, რომ ამას ახლავს ნეოლიბერალური სიგიჟეების მიღების ვალდებულება - ეს თეორიულადაც გამორიცხავს ჩვენს ინტერესს ამ ორგანიზაციის მიმართ. იმედია, ამ დასკვნამდე მმართველი ძალაც მალე მივა, რომელიც „ღირსებით ევროპისკენ“ მიდის.

სანქციების შემოღებაზე რას იტყვით, გარკვეული სანქციები უკვე გამოცხადდა, უნდა ველოდოთ თუ არა მეტ სანქციას?

- თუ ჭკუა აქვთ, თავისივე ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა გაამწვავონ პროცესები და საქართველოსთან ახალი ურთიერთობები დაიწყონ, რომელიც ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემაზე იქნება დაფუძნებული. როგორც იყო ისე აღარ იქნება. ისინი ასეთ ურთიერთობებს მიჩვეულნი არ არიან, მაგრამ არა უშავს, ჩვენ მათ ამას ვასწავლით. პრობლემა დღევანდელი დასავლური ელიტის კომპეტენციაშიცაა. საოცარ შეცდომებს უშვებენ გლობალურ პოლიტიკაში. აშკარაა, რომ დასავლეთში მმართველთა ხარისხი გაუარესებულია, იდეოლოგიზირებულია პოლიტიკის დიდი ნაწილი.

აქედან გამომდინარე, სანქციები, ალბათ, უფრო იქნება და ეს უნდა გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა. შეხედეთ რუსეთს, 3,8 %-იანი ეკონომიკის ზრდა დააფიქსირეს შარშან და ეს სწორედ სანქციების წყალობით, რადგან ბევრი პროდუქტის იმპორტჩანაცვლება მოხდა. დღეს უკვე მსოფლიოში მე-4 ეკონომიკაა. ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. მაგალითისთვის: ყოველწლიურად $160 მილიონის უცხოურ სიგარეტს რატომ უნდა ვყიდულობდეთ?! აჭარაში, სამეგრელოში და ლაგოდეხში ტრადიციულად თამბაქო მოყავდათ, ქარხნებიც არის, ხარისხიც მიღწევადია.

ტანზანიაში 1კგ თამბაქო $4 ღირს, ერთ სიგარეტში 19 გრამი თამბაქოა ანუ კილოგრამიდან 50 კოლოფი გამოდის, მოკლედ ერთი კოლოფი 1 ლარზე მეტი არ უჯდებათ და აქ ტყავს გვაძრობენ. აქციზი რომ გამოვაკლოთ, 5 ლარზე ნაკლები იმპორტული სიგარეტი არ ღირს. ტრანსნაციონალური კორპორაციების კარცეროგენული კონსერვანტებით გაჯერებული საკონდიტრო ნაწარმი ადგილობრივი წარმოებით უნდა ჩანაცვლდეს და ასე ყველა მიმართულებით. ბიზნესიც დაიქოქება, ხალხიც მაღალ ხელფასებზე დასაქმდება და სანქციებისთვის მადლობის თქმაც მოგვიწევს მომავალში. ინდივიდუალურ სანქციებზე ვერაფერს გავახერხებთ.

ანრი ოხანაშვილი პარიზში თუ ვიზა ან მასტერ კარდს ვერ გამოყენებს, როგორმე გადავიტანთ ამ ამბავს. ივანიშვილს ზევით-ქვევით სეირნობა ისედაც არ უყვარს, სტაბილური კაცია და ტრადიციულად, აბასთუმანი-ურეკი-ჭორვილა-თბილისის კვადრატში მოძრაობს. სანქციებში ეგზისტენციალურ რისკებს ვერ ვხედავ. უდავოდ უსიამოვნო ფაქტი იქნება, მაგრამ აბა სხვა რა გამოსავალია? ომში ჩართვას დავთანხმდეთ?! ლგბტ პროპგანდას დავთანხმდეთ ისედაც დაცოტავებული ერი?! სასამართლო უცხოეთს გადავცეთ?! კვლავ ეკონომიკურ კაბალაში და ვალის ორმოში ვიყოთ?! კვლავ ვაგზავნოთ ევროპაში ჩვენი ხალხი იაფ მუშახელად?!

სვიფტიდან გათიშვას აანონსებენ ოპოზიციის წარმომადგენლები და ელოდებით მსგავს გადაწყვეტილებას?

- შესაძლოა, გადადგან ეს ნაბიჯიც, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ჩვენთან ერთად თავს დაიზიანებენ. ქართულ საბანკო სექტორში $25 მილიარდი უცხოური ფულია, ხოლო მთავრობის და კერძო კომპანიების საგარეო ვალი დამატებით $23 მილიარდია. სვიფტიდან გათიშვის შემთხვევაში $48 მილიარდის უცხოური ფული აქ გაიჭედება, პროცენტს, ძირს და დივიდენდებს ვერ გადავიხდით, რაც შესაძლოა ცუდი სულაც არ იყოს. თუ სვიფტიდან გაგვთიშეს, მოგვიწევს ალტერნატივის ძებნა. ასეთი ალტერნატივა ბრიკსის პლატფორმაზე მზადდება. „Brics pay - ასე ქვია ანგარიშწორების ახალ ციფრულ პლატფორმას, რომელსაც 22-24 ოქტომბერს ყაზანში ბრიკს-ის სამიტზე მიიღებენ.

ამას გარდა, ევროპელი ბიზნესმენები თავად მოძებნიან გზებს, როგორ მიიღონ სვიფტგათიშული ქვეყნებიდან ფული პროდუქციისთვის და პირიქით. ასეთი პრაქტიკა არსებობს. რთული წარმოსადგენია შვეიცარელებმა უარი თქვან ქართული ოქროს და სპილენძის კონცენტრატის მიღებაზე. კაპიტალი ხარბია და გზას იპოვის. თუ ქვეყნის სავალუტო რეზერვებს ან ოქროს მარაგებს შეეხნენ, რომლის თბილისში ჩამოტანაზე წელს უარი გვითხრეს, თითქოს ეროვნული ბანკის ოქროს საცავი არ შეესაბამება სტანდარტებს, ამის კომპენსირება საქართველოში არსებული უცხოური ფულით უნდა მოხდეს. კრედიტებს რაც შეეხება, დიდი ხანია საქართველო აზიის ბანკებზეა გადასული, რადგან იქაურ კრედიტებს არ მოყვება იდეოლოგიური და სხვა ვალდებულებები, პროცენტიც და პირობებიც მეტად მისაღებია.

ყველაზე აქტიურად ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეზღუდვაზე საუბრობენ. ფიქრობთ, რომ გააუქმებენ უვიზო რეჟიმს და რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამას?

- უვიზო მიმოსვლა ევროპამ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე დაგვიწესა. პანდემიამდე მათ ჰქონდათ 30 მილიონზე მეტი ვაკანსია, რომელსაც ვერ ავსებდნენ, არ ჰყოფნიდათ შრომითი რესურსი. უვიზო მიმოსვლით კი საქართველოს მოქალაქეებს გზა გაუხსნეს და 300,000 ქართველი ჩააბეს საკუთარ ეკონომიკაში. ეს ხალხი იქ მესამედ ფასში მუშაობს, თანაც სოციალური გარანტიების გარეშე. მანამდეც იყო დაახლოებით 100,000 ადამიანი წასული, „უვიზოს“ შემოღებამდე. ეს ხალხი სიცოცხლის განმავლობაში ევროპას $400 მილიარდის ეკონომიკას აუშენებს და მხოლოდ $100 მილიარდს გამოიტანს ევროკავშირიდან ანუ გამოაგზავნის საქართველოში. თუმცა საქართველოში გამოგზავნილი ფულიდანაც დიდი ნაწილი კვლავ ევროპაში დაბრუნდება, რადგან ვაჭრობაში 5 ჯერ გვიგებენ.

საქართველო 3000 წელია არსებობს და ევროპასთან მხოლოდ 9 წელია უვიზო რეჟიმი გვაქვს. თუ გააუქმებენ, რა გაეწყობა?! ვივლით, როგორც ადრე ვიზებით ან საერთოდ არ ვივლით. ყველაფერს აქვს უარყოფითი და დადებითი მხარე. ამ საკითხსაც დადებითი ის აქვს, რომ ქვეყნის დემოგრაფიული დაცლა შენელდება.

ახლა რუსეთმა გამოაცხადა ქართველებს სამუშაოს უფლებას ვაძლევო. შესაძლოა ინდივიდუალურად ვიღაცისთვის კარგი იყოს, საქმეს აიწყობს, მაგრამ ზოგადად, ქვეყნისთვის ცუდია, როცა ხალხი გარეთ მიდის დიდი ხნით. ეს ეკონომიკას ვნებს, ბაზარი მცირდება, შრომითი რესურსი იკლებს. რუსეთს მუშახელის დეფიციტი აქვს და ცდილობს შეავსოს შრომითი ბაზარი, მაგრამ ეს არ არის ჩვენთვის კარგი. ადგილზე უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები ღირსეული ხელფასებით და ვინც წასულია, ისინიც ჩამოვიყვანოთ. ეს არის ეროვნული ამოცანა! ამის გაკეთება კი მხოლოდ მრეწველობის და სოფლის მეურნეობის განვითარებით შეიძლება. მომსახურეობის და ვაჭრობის სფერო საჭიროა, მაგრამ მხოლოდ ამ სფეროების განვითარება ქვეყნის გაღარიბების და ხალხის დეგრადაციის გზაა.

ისე კი უნდა ითქვას, რომ ევროკავშირს ფორმალური საფუძველი, რომლის მიხედვით შეიძლება უვიზო მიმოსვლა შეგვიჩეროს, არ აქვს, რადგან ოთხი კრიტერიუმიდან, რომელიც განაპირობებს უვიზო რეჟიმის არსებობას, ოთხივეს ვაკმაყოფილებთ: საქართველოდან თავშესაფარის მთხოვნელთა რაოდენობა შემცირდა და ასე შემდეგ. თუ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და დაგვჩაგრეს, ეს მათი არჩევანი იქნება.

არჩევნებზე რა შედეგებს ელოდებით?

- მმართველ პარტიას არ გაუჭირდება უმრავლესობის მიღება. ომის და მშვიდობის თემა იმდენად დამაჯერებელია, რომ ბევრი ხმას მისცემს. სავარაუდოდ, ნაცებმაც უნდა გადალახონ 5%-იანი ბარიერი, რადგან ამ სექტას თავისი სტაბილური მრევლი ყავს - ძირითადად, დაბალი მორალის ხალხი. მათი რეიტინგი 6-7%-ია. დანარჩენ ლიბერლურ პარტიებზე ვერაფერს ვიტყვი, არ მგონია, რომ ჰქონდეთ შანსი ბარიერის დაძლევის. ხალხი დარწმუნდა, რომ ეს ჯამაათი უცხო ქვეყნების სამსახურშია და ქართული საზოგადოების მარგინალურ ნაწილს შეადგენენ.

მთავარი ინტრიგა იმაში მდგომარეობს, აიღებს თუ არა „ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას. თუ მათ ეს მოახერხეს, ამ შემთხვევაში უნდა ველოდოთ სერიოზულ ცვლილებებს, რადგან არჩევნებიდან სულ მალე ნაციონალური მოძრაობა გასამართლდება, როგორც კრიმინალური რეჟიმი. ამ პროცესის შედეგი კი ის იქნება, რომ პარტიის რეგისტრაცია გაუქმდება, ხოლო დამნაშავე რეჟიმის საქმიანობაში მონაწილეობის მიმღებ პირებს აეკრძალებათ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობების დაკავება და საჯარო სივრცეში ანუ მედიაში გამოჩენა. ეს კი გულისხმობს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას. ამისთვის აუცილებელი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, რათა შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულიად მაჟორიტარული წესით და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის დასაწყებად აუცილებელი იქნება ორპალატიანი პარლამენტის დაწესება, რათა რეგიონებს ჰქონდეთ სერიოზული წარმოამდგენლობა ზედა პალატაში ანუ სენატში.

30 კაცი ზედა პალატაში და 50 კაცი ქვედა პალატაში მისაღები რაოდენობა იქნებოდა. ორპალატიან პარლამენტს აუცილებლად უნდა მოყვეს რეგიონალური თვითმმართველობის საკონსტიტუციო რეფორმა. საქართველოში მხარეები, როგორც სოციო-ეკონომიკური ერთობები ისტორიულად არის ჩამოყალიბებული და სწორედ ეს უნდა გახდეს საფუძველი ამ რეფორმის და არა საბჭოური რაიონების თუ თანამედროვე მუნიციპალიტეტების სტრუქტურა.

დღევანდელი მუნიციპალური ბიუჯეტები უნდა გაერთიანდეს სამხარეო ბიუჯეტებში და შეიქმნას მხარის განვითარების მოკლე, საშუალო და გრძლევადიანი გეგმები. ცენტრს კი მხოლოდ დამხარების და სამდონიანი კონტროლის ფუქნცია უნდა ჰქონდეს, გარდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებისა. რეგიონებისთვის საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის და დაგეგმვის გადაცემა, ძალიან დიდ ბიძგს მისცემს მხარეების, ქალაქების, თემების და სოფლების განვითარებას.

ოპოზიცია და დასავლეთი რევოლუციით იმუქრება, ველოდოთ თუ არა ქუჩის აქციებს, სიტუაციის გამწვავებას?

- ცხადია, უნდა ველოდოთ. შეეცდებიან ხელისუფლების დამხობას, რადგან არჩევნებში წარმატების თეორიული შანსიც კი არ აქვთ. არაფერი გამოუვათ, ხალხში ცვლილებების მოლოდინი და მოთხოვნა არ არის. პირიქით, ხალხის მოაზროვნე ნაწილი მადლობელია ივანიშვილის, რომ დაგვიფარა ომის უბედურებისგან. ბევრს კი ჯერ კიდევ არ ესმის, რას გადავრჩით. მე ასეთი განწყობა მაქვს, რაც არ უნდა მოხდეს სანქციები, ვიზები, სვიფტი და სხვა, ომზე უარესი არაფერია. ამიტომაც მყარად ვარ ჩემს პოზიციაზე. დასავლეთის კი მიკვირს, ხედავენ, რომ აქ რესურსი არ აქვთ საკმარისი, მაგრამ მაინც არ იშლიან და მონდომებით გვერეკებიან რუსეთისკენ.

გავაკეთოთ მოდელირება: ვთქვათ და მოახდინეს გადატრიალება, მოიყვანეს ყველაფერზე ხელის მომწერი მარიონეტები. როგორ ფიქრობთ, რუსეთი დაიწყებს იმის ლოდინს, თუ როდის მოამზადებენ საქართველოს საომრად? რა თქმა უნდა, არა. აუცილებლად შემოვლენ სამხედრო ძალით. აფხაზეთში, ცხინვალში, ჯავაში, ახალგორში, გიუმრიში სამხედრო ბაზები აქვთ. ახალგორიდან თბილისამდე 40 კმ-ია, გიუმრიდან 120 კმ. გადაკეტავენ მაგისტრალებს, დაბომბავენ პორტებს, აეროპორტებს, რკინიგზას, სამხედრო ბაზებს, ქარხნებს, სამხედრო საწყობებს. ან მეორე ვარიანტი: აფხაზეთიდან რომ შემოვიდნენ და ზღვის დესანტი გადმოსხან სანაპიროზე, ლიხის ქედს საერთოდ არ გადმოვლენ - გაყოფენ ქვეყანას. მერე რას ვაპირებთ? არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ ავანტურაში თავის გაყოფა და ამაზე ფიქრიც კი. დავკარგავთ სახელმწიფოს და დაგვშლიან.

ამ საფრთხეებიდან გამომდინარე, ხალხი ახლა ერთად უნდა დადგეს, ისე, როგორც არასდროს. ნებისმიერ დესტაბილიზაციას აქტიურად უნდა ვუპასუხოთ. არანხული აქტიურობაა საჭირო 26 ოქტომბრის დილიდან ვიდრე არ გავანეიტრალებთ აგენტურას, რომელიც დესტაბილიზაციას აუცილებლად შეეცდება. აქტიურობა ხილული უნდა იყოს სოციალურ ქსელებში, კომენტარებში სტატიების, ინტერვიუების ქვეშ. თუ საჭირო გახდა გარეთაც უნდა გავიდეთ.

ნებისმიერი საშუალებით და ნებისმიერ ფასად ეს აგენტურის ჰიდრა უნდა დავამარცხოთ. დუმილი და ჩრდილში დგომა ქვეყნის ღალატი იქნება! შევარდნაძის ძალოვნებს რომ აეჭრელებინათ რამდენიმე უკანალი, 2003 წელს რამდენ უბედურებას გადარჩებოდა ქვეყანა, მაგრამ არ ეყოთ შინაგანი ენერგია. კახა თარგამაძე მაგიტომაც მოაშორეს, ის არ გაწირავდა ქვეყანას, რადგან ესმოდა, თუ რას გვიპირებდნენ.

ხელისუფლება მყარად დგას, სამართალდამცავების იმედი მაქვს. ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე თავიდანვე ხისტი ქმდებები უნდა იყოს. რევოლუციის დატრენინგებული „პეხოტის“ ათმეთაურების, ასმეთაურების და სხვა ამრევების დაკავებები, ყველა იმ პირის იზოლირება და განეიტრალება, ვინც წესრიგს და კანონს დაარღვევს. ფუნდამენტურად უნდა გაიწმინდოს დანაგვიანებული პოლიტიკური ველი მეხუთე კოლონისგან. ახლა მიდის ბრძოლა ქართული სახელმწიფოს გადარჩენისთვის, სუვერენიტეტის მოპოვებისთვის. თუ გავალთ ფონს ახლა, საქართველოში დიდი რენესანსი დაიწყება! მსოფლიოში იცვლება ვითარება ჩვენს სასიკეთოდ.

რა ცვლილებებს გულისხმობთ მსოფლიოში და რატომ იქნება სასიკეთო ჩვენი ქვეყნისთვის?

- ისტორიას რომ გადავხედოთ, ქართული სამეფოები, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მყოფი სახანოები, ავად თუ კარგად, ახერხებდნენ თავის გატანას და გადარჩენას, რადგან აქ „დიდი აბრეშუმის გზის“ განშტოებები შემოდიოდა მე-17 საუკუნემდე. „აბრეშუმის გზა“ ევრაზიის ყველაზე მსხვილ სავაჭრო მაგისტრალს წარმოადგენდა და გარდა შემოსავლისა, ამ გზით შემოდიოდა, ინფორმაცია, ცოდნა, ახალი ტექნოლოგიები. მე-16 საუკუნიდან კი მსოფლიოს მთავარი სავაჭრო მაგისტრალები ზღვაზე და ოკეანეებზე გადადის, „აბრეშუმის გზა“ ნელ-ნელა კნინდება და სოლიდური შემოსავლების გარეშე დარჩენილ ქართველ მეფეებს უკვე უჭირთ თავდაცვის უზრუნველყოფა. შედეგად ქართული სახელმწიფო წარმონაქმნები სუსტდება და სხვადასხვა იმპერიების ქვეშ ექცევა. დროთა განმავლობაში კი მსოფლიო საზღვაო მარშრუტებზე კონტროლი ანგლოსაქებმა დაამყარეს. ახლა პროცესი წაღმა დატრიალდა. ჩინეთის მიერ გამოცხადებული მეგა-პროექტი „ერთი გზა - ერთი სარტყელი“ არაფერია სხვა, თუ არა „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინება და ევრაზიის კონტინენტის მთავარი სავაჭრო არტერიის კვლავ ზღვიდან ხმელეთზე გადმოტანა. სამხრეთ კავკასიაზე და საქართველოზე ამ ახალი მაგისტრალის განშტოებები აუცილებლად გაივლის და საცდელ რეჟიმში ეს უკვე დაიწყო.

ანაკლიის პორტი ამ მეგა კონცეფციის ნაწილია. გარდა ამისა, ინდოეთმა გამოაცხადა სურვილი სამხრეთ-ჩრდილოეთის სავაჭრო მაგისტრალის ორი შტო ააშენოს: ერთი ირან-აზერბაიჯანზე რუსეთისკენ, ხოლო მეორე ირან-სომხეთი-საქართველოზე. ინდოეთმა უკვე დაიწყო ირანში საკუთარი პორტის - ჩაბაჰარის მშენებლობა. ინდური და ჩინური გეგმები აუცილებლად გულისხმობს სამხრეთ კავკასიაში ყველა დაბლოკილი გზის გახსნას, მათ შორის აფხაზეთის გზის და როკის გვირაბის. დიდი ქვეყნები დაინტერესებულნი არიან კონფლიქტების მოგვარებით. ეს კი აფხაზებთან და ოსებთან ჩვენი მოლაპარაკებების აუცილებლობას და შერიგების შესაძლებლობას ხელს უწყობს.

საზღვაო სივრცეებიდან სავაჭრო ნაკადების ხმელეთზე გადმოტანა საქართველოს ისეთ პერსპექტივებს უხსნის, რაც ბოლო 500 წელი აღარ გვქონია. აფხაზების და ოსების მოაზროვნე ნაწილს ეს ესმით, პირადად გავუზიარე ანალიზი ზოგიერთ მათგანს ამის შესახებ. ეს ისეთი პროცესია, სადაც ყველა მოგებული დარჩება. მომავალი წლის დასაწყისიდან ეს თემები უფრო აქტიურად მოვა მოქმედებაში. ქართველები, აფხაზები და ოსები თუ სიბრძნეს გამოვიჩენთ, ამ დიდ ძალებს საკუთარი, ერთმანეთში შეთანხმებული შერიგების გეგმით წარვუდგებით. თუ ვერ მოვახერხებთ შეთანხმებას, მაინც გვაიძულებენ და თავად გვეტყვიან რა და როგორ იქნება. არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ჩინეთთან და ინდოეთთან ერთად ბრიკსის წევრია და „ახალი აბრეშუმის გზას“ მხარს უჭერს. ინდოეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალი მისთვის ეგზისტენციალური ხდება არსებული რეალობის გათვალისწინებით. ამიტომ 2025 წლის იანვრიდან საუკეთესო დროა, რომ მოვილაპარაკოთ, „ყარაბაღის სცენარისკენ“ რომ გვიბიძგონ, ამაზე არ უნდა წავიდეთ, რადგან აფხაზებიც და ოსებიც ჩვენი ნაწილია და ეს პრობლემები მომავალ თაობებს არ უნდა გადავულოცოთ.

 

მერაბ.g ქარული გონებრივი სიფუხჭირის შედეგია, რომ ეს კაცი პოლიტიკაში არაა და ოცნება გავსებულია გოდულაძე-ზარქუა-მაჭავარიანი-მაჭარაშვილებით; ოპოზიცია კი საერთოს სულელების თავშესაფარია - მხოლოდ ორი კაცია ჭკვიანი გახარია /ზნეკეთილი/ და უზნეო გვარამია
1 დღის უკან
ლაზი ჩვენზე ახლოდან რომ უყურებენ, რაც ხდება რუმინეთში და სხვა ახლად მიერთებულ ქვეყნებში, იმიტომ დადგა ის შედეგი მოლდავეთში.
არც მაგისთანა ევროკავშირი უნდა უმრავლესობას და არც მათი დასმული სანდუ.
1 დღის უკან